№50 როდის იქმნება სახლში ენერგეტიკული „ორპირი ქარი“ და როგორ დავბლოკოთ კოსმოსიდან წამოსული ნეგატიური ძალები
ყველაზე დიდი და განსაკუთრებული ყურადღება ადამიანმა სახლში შემოსასვლელს უნდა მიაქციოს. შემოსასვლელი კარი სარკეში არ უნდა ჩანდეს. შემოსასვლელმა, რომელიც ენერგიის „გზაა“, არ უნდა იჭრიალოს, ასევე, გამართული უნდა იყოს საკეტები, რომ ნეგატიური ენერგია არ მოიზიდოთ შინ. თუ ფანჯარა კარის მოპირდაპირე მხარესაა და მათ შორის წინაღობა არ არის, იქმნება ენერგეტიკული „ორპირი ქარი“. ენერგია, რომელიც ამ დროს სახლში შემოდის, ფანჯრიდან გადის, რაც ნორმალურ ცირკულაციას უშლის ხელს. აუცილებელია, რომ ამ ნაკადს ხელი შეუშალოთ, თუნდაც იმით, რომ კარი მუდმივად დაკეტილი იყოს. ხშირად გაანიავეთ შემოსასვლელი. აუცილებელია, შესასვლელში დაკიდოთ ზარები, რადგან, მათი ჟღარუნი ნეგატიურ ენერგიას ანეიტრალებს და წმენდს დაბინძურებულ აურას, რაც სახლში სწორედ ამ ადგილას გროვდება.
თუ გსურთ, საქმეში წარმატებული იყოთ და სახლშიც სიმშვიდე სუფევდეს, ეცადეთ, შესამჩნევად გააფერმკრთალოთ ზღვარი კედელსა და ჭერს შორის – ან ერთი ფერის იყოს, ან შესაბამისად გაანათეთ. მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ ვერტიკალური ტორშერები, რომელთა სინათლეც იატაკისკენ კი არ იქნება მიმართული, ჭერს გაანათებს. თუ მატერიალური დოვლათის მოზიდვა გსურთ, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ სამზარეულოს კეთილმოწყობას. ანუ, იმ ადგილს, სადაც სამსახურიდან დაბრუნებული, ენერგიაგამოცლილი ჯდებით და საკვებს მიირთმევთ – დახარჯული ენერგიის აღსაღდგენად და სიმხნევის დასაბრუნებლად. კარგია თუ სამზარეულოში, მაგიდაზე სულ იქნება ვაზა ცოცხალი ყვავილებით. აგრეთვე, დადგით ისეთი ჭურჭელი, რომელშიც მუდამ იქნება ხურდა ფული და ასევე, ჩინური მონეტები. ეს სიმდიდრის შემოდინებას უწყობს ხელს. სამზარეულოს კედლები კი უმჯობესია, ოქროსფრად, კრემისფრად, ან სალათისფერად შეღებოთ ანდა, ამ ფერის ფარდები დაკიდოთ.
ასევე, არსებობს სახლის ავი თვალისგან დამცავი თილისმები. მაგალითად: ცისფერი ქვა, რომელსაც შუაგულში გიშრის თვალი აქვს ჩასმული, ან ნალი. ეს ნივთები, თავისებურად გვიცავს ავი თვალისა და ნეგატიური ენერგიის შემოდინებისგან ბინაში. თუმცა, ყოველ ახალ წელს უნდა გამოცვალოთ. ასეთი თილისმები შემოსასვლელ კარზე მაგრდება და უცხო თვალისა და გარშემო მყოფთა ავი ზრახვებისგან იცავს სახლს. ზოგადად, კრისტალი ყველაზე ძლიერი თილისმაა, რომელიც ნებისმიერ ზონას ააქტიურებს და უარყოფით ენერგიას ანეიტრალებს. მზის სხივის მოხვედრისთანავე, ის დადებით ენერგიას ასხივებს; ასევე, ებრძვის კოსმოსიდან წამოსულ ნეგატიურ ძალებს. კარგია, თუ სამუშაო მაგიდაზე კრისტალის ბურთს დადებთ – ის გონების კონცენტრაციაში დაგეხმარებათ. თუ ოთახში მზე არ შემოდის, მაშინ კრისტალი ცოტა ხნით მზეზე გაიტანეთ, რომ კოსმოსიდან წამოსული პოზიტიური ენერგიით „დაიტენოს.“ შემდეგ შეიტანეთ სახლში და ამით ოჯახში მზის, კოსმოსის პოზიტიურ ენერგიებს შეიტანთ.
იმ ოჯახში, სადაც სულ ჩხუბი და კამათია, საკმაოდ მძიმე ენერგია გროვდება, რაც ადამიანშიც აღწევს, იბუდებს და შემდეგ, ჯანმთელობაზეც უარყოფითად აისახება. ბევრმა არ იცის, რომ საკუთარი ძალებითაც შეუძლია, დაეხმაროს თავსაც და გარშემო მყოფებსაც, შექმნას ირგვლივ პოზიტიური აურა და ჰარმონიული გარემო. თუ გსურთ, თქვენი ბინა ყველასთვის თბილი და მშვიდი იყოს, ახლობლებს სიამოვნებდეთ თქვენთან მოსვლა, ეს გარემო თავად უნდა შექმნათ. გეოპათოგენურ ზონას მშვენივრად ანეიტრალებს ჩვეულებრივი ქარვის ქვა, რომელსაც ძლიერი ენერგეტიკა აქვს. კარგ განწყობას, სიმშვიდესა და ჰარმონიას ქმნის ოჯახში თეთრი, ვარდისფერი, ცისფერი და, ზოგადად, ღია ფერის ქვები. ეს ეხება სახლის მოწყობასაც. მაგალითად, სამზარეულოში მეტლახი ან კაფელი შავი ფერის არ უნდა იყოს. ეს უარყოფითი ენერგიის დაგროვებას იწვევს და შედეგად, ადამიანის განწყობაზე, ბედსა და, ზოგადად, ცხოვრებაზე უარყოფითად აისახება. ასევე, გარკვეული ხეების ტოტებსა და ქერქს შეუძლია, ადამიანი ნეგატიური აზრებისა და შეგრძნებებისგან „განკურნოს“, საცხოვრებლის ნეგატიური ზონებიდან უარყოფითი ენერგიები განდევნოს და გაანეიტრალოს. გირჩევთ, სახლის კუთხეებში, ანუ იმ ადგილებში, სადაც ნეგატიური ენერგიები გროვდება, დადოთ მუხის ან ვერხვის ხის პატარა ტოტები ან ქერქის ანათალი.