№50 როგორ ჩააყენა დაზვერვის სამსახურში ლავრენტი ბერიამ მართლმადიდებელი მღვდელმსახურები
ბერიას თავბრუდამხვევი კარიერის განმავლობაში, მას არცერთი მინდობილი პროექტი არ ჩაუგდია და არც მის მიერ მოფიქრებულ და განხორციელებულ აქციას განუცდია კრახი. ნიშანდობლივია ისიც, რომ ბერიას მიერ დანერგილი ინოვაციები საბჭოთა უშიშროებაში დღემდე ეფექტურად მუშაობს და რუსეთის ფედერაციის ინტერესებს ემსახურება. ლავრენტი ბერიას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინოვაციაა, ეგრეთ წოდებული, „რელიგიური დაზვერვის“ ქვედანაყოფის ჩამოყალიბება საბჭოთა უშიშროების სტრუქტურაში. გენერალი პავლე სუდოპლატოვი იხსენებდა: „როგორც კი „ცივი ომი“ დაიწყო, დღის წესრიგში დადგა საბჭოთა დაზვერვის უფრო მეტად გააქტიურება ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთში. ტრადიციული სადაზვერვო ქვედანაყოფები, მართალია, შესანიშნავად ასრულებდნენ თავიანთ მოვალეობებს და გამართულად ფუნქციონირებდნენ, მაგრამ ახალ რეალობაში ეს საკმარისი აღარ იყო. ჩვენმა ამერიკელმა და ბრიტანელმა კოლეგებმა იმ პერიოდისთვის მნიშვნელოვნად გააძლიერეს თავიანთი კონტრდაზვერვითი საქმიანობა. უსაფრთხოების თანამედროვე სისტემები შექმნეს და მათი საიდუმლოებების მოპოვება საგრძნობლად გართულდა. ამ სიტუაციაში ბერიას სადაზვერვეო გენიამ კიდევ ერთხელ იჩინა თავი და მან ახალი სტრუქტურის, ეგრეთ წოდებული „რელიგიური დაზვერვის“ ქვედანაყოფის ჩამოყალიბების იდეა წამოაყენა. ამ ქვედანაყოფის მოქმედების სქემა მარტივი, მაგრამ ძალიან ეფექტური იყო. ბრწყინვალედ მომზადებული საბჭოთა მზვერავი, რომელსაც ღვთისმსახურის მანტია ჰქონდა მორგებული, „უღმერთო საბჭოეთზე“ განაწყენებული „ახერხებდა“ სამშობლოდან „გაქცევას“. ადგილზე ჩასული კი იწყებდა ანტისაბჭოთა პროპაგანდას. საბჭოთა ემიგრანტებისგან აყალიბებდა მორწმუნე, პატრიოტ, მაგრამ საბჭოეთთან დაპირისპირებულ მრევლს და ქმნიდა ფართო სადაზვერვო ქსელს, რომელიც სტრატეგიულ ინფორმაციას მოიპოვებდა და ეს ინფორმაცია საბჭოეთში იგზავნებოდა. საგულისხმო ფაქტია, რომ 1946-1953 წლებში „რელიგიურმა დაზვერვამ“ ცენტრში ოცი ათასზე მეტი ძვირფასი ინფორმაცია მოიპოვა და გადმოგვიგზავნა, რომლის რეალიზაციაც ჩვენ დიდი წარმატებით განვახორციელეთ“.
ბერიას ძალისხმევით, „რელიგიურ ქვედანაყოფს“ ციმბირის სოფელ ტროიცაში (სამება), ძველ მამათა მონასტერში სასწავლო ცენტრი გაუხსნეს. მზვერავებს არჩევდნენ 35-60 წლის მამაკაცებისგან. მათ საფუძვლიანად ასწავლიდნენ ღვთისმეტყველების ყველა დისციპლინას. ათვისებინებდნენ რელიგიურ რიტუალებს. უგონებდნენ ლეგენდას და უშვებდნენ სამუშაოდ. აგენტთა შეგზავნა საჭირო ქვეყნებში, ძირითადად, მესამე ქვეყნების გზით ხორციელდებოდა. იყო შემთხვევები, როცა მაღალი სასულიერო იერარქიის პიროვნებები პირდაპირ საბჭოთა კავშირიდან „გარბოდნენ“ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთში. ამგვარად „გაიქცა“ შეერთებულ შტატებში 51 წლის მეუფე ვარლამი. მან ნიუ-იორკში რუსული მართლმადიდებლური ეკლესია ააშენა ამერიკის მთავრობის დახმარებითა და მრევლის შემოწირულობით. წელიწად-ნახევრის შემდეგ კი, მასთან დადიოდა მთელი რუსული საბჭოთა ემიგრაცია და მან უმძლავრესი სადაზვერვო ქსელი შექმნა შეერთებულ შტატებში. მეუფე ვარლამი, რომელსაც ცენტრში „მოციქულის“ ფსევდონიმი ჰქონდა მინიჭებული, ბერიას საგანგებო ნომენკლატურაში იყო აღრიცხული და არაერთი მნიშვნელოვანი დავალება მიუღია პირადად ბერიასგან. „მოციქული“ უნივერსალური პიროვნება გახლდათ. მას, შესანიშნავ ერუდიციასთან ერთად, ჰიპნოზის უნარიც ჰქონდა და თავისი მრევლი მონუსხული ჰყავდა. უშიშროების ეს პოლკოვნიკი, 1952 წელს საბჭოთა კავშირის გმირობით დააჯილდოვეს და სტალინთან პირადად ბერიამ იშუამდგომლა. პავლე სუდოპლატოვი ყვებოდა: „ჩვენი კოლეგა „მოციქული“ ამერიკის შეერთებული შტატების მაღალ საზოგადოებაში იყო მიღებული და „თეთრ სახლშიც“ შეესვლებოდა. ფართო ნაცნობობის წყალობით, მან რამდენიმე სტრატეგიული, უაღრესად მნივშნელოვანი ინფორმაცია მოგვაწოდა. მათ შორის, ამერიკული ატომური პროექტის რამდენიმე საიდუმლოც, რაც თავისი მრევლის მეშვეობით მოიპოვა და საბჭოეთს ამით დიდი სამსახური გაუწია. კარგად მახსოვს, მაშინ ბერია ძალიან გახარებული იყო და მე და ფიტინს დიდებული წითელი ქართული ღვინითაც კი, გაგვიმასპინძლდა თავის კაბინეტში“.
„რელიგიური დაზვერვის“ ქვედანაყოფი, ბერიასვე ინიციატივით, 1947 წელს გაფართოვდა და ყაზანში მუსლიმანი ღვთისმსახური აგენტების მომზადების ცენტრი გაიხსნა. ისევე, როგორც ტროიცაში, ყაზანშიც უმაღლესი კვალიფიკაციის კონტინგენტს ამზადებდნენ. ორივე მომზადების ცენტრში კი, მაღალი დონის პედაგოგები იყვნენ თავმოყრილები. მათი 95 პროცენტი ნამდვილი ღვთისმსახურები, ზოგიერთი მათგანი მაღალი სასულიერო იერარქიც კი იყო წარსულში. მრავალი მათგანი პატიმრობაში იმყოფებოდა და ბერიას განკარგულებით იყვნენ გათავისუფლებულები და ქვეყნის უშიშროების სამსახურში ჩადგნენ. საინტერესო და ნიშანდობლივია, რომ არაერთი მათგანი დაუბრუნდა თავის საქმიანობას. მათ აღუდგათ საეკლესიო წოდებები და პედაგოგიურ საქმიანობასთან ერთად, სასულიერო მოღვაწეობასაც ეწეოდნენ. „რელიგიური ქვედანაყოფის“ განვითარების მესამე ეტაპი იყო ამ საქმეში ქალების შემოყვანა. 1948 წელს, სვერდლოვსკის მახლობლად აღადგინეს წმიდა პარასკევას დედათა მონასტერი და როგორც ტროიცასა და ყაზანში, იქაც მზვერავ რელიგიის მსახურებად მხოლოდ ქალებს ამზადებდნენ. იქ შეკრებილ კონტინგენტს, მონაზვნობის პარალელურად, მოწყალების დის კვალიფიკაციასაც ათვისებინებდნენ, რადგან დასავლეთში ის ძალიან პოპულარული იყო. ამის მეშვეობით, საბჭოთა მზვერავი ქალები სწრაფად ახერხებდნენ ფართო სადაზვერვო საქმიანობის გაშლას. 1949 წელს, ბერიასვე ინიციატივით, საბჭოთა აგენტმა ქალმა, რომლის ფსევდონიმიც გახლდათ „ჟენევიევა“, პარიზში „გულმოწყალე დების ორდენი“ ჩამოაყალიბა. მათ ძალიან მალე გაითქვეს სახელი მთელ ევროპაში თავიანთი ალტრუისტული და საქველმოქმედო საქმიანობით. პარალელურად კი, ძალიან ფართო და სასარგებლო სადაზვერვო საქმიანობას ეწეოდნენ და საბჭოთა დაზვერვისთვის დიდი სარგებლობა მოჰქონდათ. ლეგენდის მიხედვით, „ჟენევიევა“ უდედმამოდ გაზრდილი და ფაშისტურ ტყვეობაში ნამყოფი გოგონა იყო. მისი ბიოგრაფია ევროპის მოწინავე ჟურნალ-გაზეთებში იბეჭდებოდა. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ის საფრანგეთის პრეზიდენტმა, შარლ დე გოლმა ელისეს სასახლეში მიიწვია და საპატიო ლეგიონის ორდენით დააჯილდოვა – ჰუმანურობისა და ქველმოქმედებისთვის. აბა, რა იცოდა გმირმა ფრანგმა გენერალმა, რომ საფრანგეთის რესპუბლიკის უმაღლეს ჯილდოს ლავრენტი ბერიას ერთ-ერთ საუკეთესო მზვერავს აბნევდა მკერდზე. გენერალი სერგო გოგლიძე იხსენებდა: „ცნობა ჟენევიევას საპატიო ლეგიონის ორდენით დაჯილდოების შესახებ ლავრენტი პავლოვიჩს მე მივუტანე. მახსოვს, რომ წაიკითხა, სახე გაუნათდა, გამიღიმა და მითხრა:
– ყოჩაღ ჩვენ! აქედან ჩანს, რომ სწორი გზით მივდივართ და ფინანსები და ენერგია ტყუილად არ დაგვიხარჯავსო.
– დიახ, ასეა, ლავრენტი პავლოვიჩ, – დავეთანხმე ბერიას, – დიდი წარმატებაა, როცა შენი საუკეთესო აგენტი საფრანგეთის რესპუბლიკის უმაღლეს ჯილდოს იღებს.
ჩემს სიტყვებზე ბერიას თითქოს რაღაც გაახსენდა. თავი გააქნია და მითხრა:
– ჩვენი გოგონას გარჯა სათანადოდ უნდა დავაფასოთ ჩვენც. რით ვართ ფრანგებზე ნაკლებნი? დღესვე ვუშუამდგომლებ სტალინთან, რომ გმირობაზე წარადგინოს.
მართლაც, მეორე დღეს, ამხანაგ სტალინის საიდუმლო განკარგულებით, „ჟენევიევას“ საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა. ეს ცნობა არცერთ გაზეთში არ დაბეჭდილა, რადგან მზვერავების პროფესიიდან გამომდინარე, ასეთი რამ დაუშვებელია. ვფიქრობ, ეს უმაღლესი ჯილდო, ჩვენს კოლეგასთან ერთად, ბერიასაც თანაბარწილად ეკუთვნოდა, რადგან ჩვენი დაზვერვის ეს ხაზი თავიდან ბოლომდე ბერიას მიერ იყო გაჭრილი, აწყობილი და ამოქმედებული“.
რელიგიის მსახურთა სპეცსამსახურების რიგებში ჩაყენება სხვა ქვეყნებშიც ხორციელდებოდა, მაგრამ ეს იყო ცალკეული შემთხვევა. ლავრენტი ბერიამ კი, ეს საქმე სისტემაში მოიყვანა და ისეთი ქმედითი ბიძგი მისცა, რომ საბჭოთა სტრატეგიული დაზვერვის ნაწილად აქცია. ამასთანავე, როგორც ლავრენტი ბერიას ვაჟი, სერგო ბერია ირწმუნება, „რკინის კომისარს“ (ბერიას) მიზნად არ დაუსახავს მართლმადიდებლური ეკლესიის დაქვემდებარება და ამისი მცდელობაც არ ჰქონია. სერგო ბერია წერს: „მამაზე ვერ ვიტყვი, რომ მორწმუნე ფანატიკოსი იყო, მაგრამ ღმერთის ნამდვილად სწამდა. უბრალოდ, თავისი თანამდებობიდან გამომდინარე, მამა არასდროს ცდილობდა ამის აფიშირებას. მიუხედავად იმისა, რომ მამას თავისი მდგომარეობიდან გამომდინარე, ყველა სფეროში არსებული სიტუაციის ცოდნა ევალებოდა და იცოდა კიდეც, ოდნავი მცდელობაც არ ჰქონია, რომ ეკლესია აგენტებით აევსო და მორჩილებაში ჰყოლოდა“. ცოტა ძნელია, დაიჯერო სერგო ბერიას ეს სიტყვები მამაზე, თუმცა ფაქტია, რომ მართლმადიდებლურ ეკლესიას მარშალი ბერია არასდროს შეხებია. არ შეუვიწროებია და ყოველთვის ლოიალური დამოკიდებულება ჰქონდა ამ ინსტიტუციის მიმართ.