№50 იმკურნალეთ ფეიხოათი
იოდის დეფიციტი ძალზე უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე – სრულიად ფრჩხილიდან თმამდე. იოდის დეფიციტის დროს ბავშვები სიმაღლეში ნელა იზრდებიან, ჩამორჩენილები არიან ინტელექტუალურადაც.
ფეიხოა ერთადერთი მცენარეა, რომელიც იოდის შემცველობით ზღვის პროდუქტებსაც კი უსწრებს. იოდი წყალშიხსნადია, ამიტომ ორგანიზმი მას ადვილად ითვისებს. ფეიხოას სულ მცირე ზომის ნაყოფი ზრდასრული ადამიანის იოდის მოხმარების დღიურ ნორმას აკმაყოფილებს. იოდის მაღალი შემცველობის გამო ფეიხოას მოხმარება სასურველია მათთვის, ვისაც ფარისებრი ჯირკვლის დარღვევები აღენიშნება ან იოდის დეფიციტი აწუხებს. ფეიხოას გამოყენება კარგია ასევე მათთვის, ვისაც გონებრივი სამუშაო აქვს, აწუხებს გასტრიტი, ათეროსკლეროზი, ავიტამინოზი, ჰიპოვიტამინოზი, პიელონეფრიტი, პოდაგრა და სხვა.
ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების სამკურნალოდ, 2-3 კვირის განმავლობაში აუცილებელია, ყოველდღიურად 2-3-ჯერ მიირთვათ 250-300 გრამი ფეიხოას ნაყოფი. ზამთარში მიიღეთ ჩირის ნაყენი (2-4 სადილის კოვზ ფეიხოას დაასხით 2 ჭიქა ადუღებული წყალი, დააყენეთ თერმოსში 1 დღე-ღამის განმავლობაში). დალიეთ მეორე დღეს 3-ჯერ, ნახევარი ჭიქა ჭამამდე 30 წუთით ადრე. აიღეთ თანაბარი პროპორციით 1:1 ფეიხოა და თაფლი. ფეიხოა გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში და შემდეგ დაამატეთ თაფლი, კარგად აურიეთ ერთმანეთში და მოათავსეთ შუშის ჭურჭელში. თავდახურული შედგით მაცივარში. მიიღეთ 1 ჩაის კოვზი დღეში 3-ჯერ.
გახსოვდეთ: ფეიხოა ზომიერად მიიღეთ, რადგან დიდი რაოდენობით იოდს შეიცავს. ეს განსაკუთრებით უნდა გაითვალისწინონ მათ, ვისაც ჰიპერთირეოზი აქვს – ფარისებრი ჯირკვლის მომატებული ფუნქცია. ჯობია, ამ დროს მასზე საერთოდ უარი თქვათ.
თუ გადააჭარბეთ ფეიხოას დოზას, ესე იგი ორგანიზმში ზედმეტი იოდი მოხვდა. ამ დროს ადამიანს ახასიათებს შემდეგი სიმპტომები: ნერვული აღგზნებულობა, შფოთვა, გახშირებული გულისცემა და „ციმციმა“ ტემპერატურა, ასევე შრომისუნარიანობის დაქვეითება, მეხსიერების გაუარესება.
ფეიხოა დიდი რაოდენობით შეიცავს ვიტამინებს, უწინარესად – ასკორბინის მჟავას (C ვიტამინს), ასევე, ორგანულ მჟავებს, პექტინს და სხვა. მის შემადგენლობაში შედის კატეხინები და ლეიკოანტოციანები – ძლიერი ანტიოქსიდანტები, რაც ხელს უწყობს ონკოლოგიური დაავადებების პრევენციას. ფეიხოა თავისუფალი რადიკალებისგან განკურნებისთვის უმნიშვნელოვანესი ანტიოქსიდანტია. ამ თვისების საშუალებით, წმენდს სისხლს და ორგანიზმიდან დევნის მავნე ნივთიერებებს.
ფეიხოა სიმსივნისგან თავის დასაცავად ეფექტური საშუალებაა. ის შეიცავს უხვი რაოდენობით A, B, C ვიტამინებს, იოდსა და კალიუმს. შეიცავს დიეტურ ბოჭკოებს, ანუ თუ ვინმეს გსურთ დიეტური საკვების მიღება, ფეიხოა აუცილებლად გაითვალისწინეთ.
ფეიხოა კარგად იცავს ლორწოვან გარსს.
კუჭ-ნაწლავის, გაციების, დიაბეტისა და გულის იშემიური დაავადებების მკურნალობა
ქაცვის ნაყოფი მდიდარია პოლივიტამინებით. დიდი რაოდენობითაა მასში შაქარი (თითქმის 4 პროცენტი), ორგანული მჟავები (2,6 პროცენტი), ვიტამინები B1, B2, C, A, E, P, კაროტინი, თიამინი, რიბოფლავინი, ასევე, მდიდარია ვიტამინებით ქაცვის თესლიც.
ქაცვის ქერქში ნაპოვნია სეროტონინი, რომელზეც წარმოებს ცდები, როგორც სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალებაზე.
ხალხურ მედიცინაში ქაცვი გამოიყენება სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ. ნაყოფს ნახარშის სახით იყენებდნენ კუჭის დაავადების დროს; ტოტებისა და ფოთლების ნახარშს – კუჭის აშლილობის საწინააღმდეგოდ, ხოლო თესლის ნახარშს – როგორც საღაფარათო საშუალებას. კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის მკურნალობის დროს სვამენ ქაცვის ზეთს (1 ჩაის კოვზი 3-ჯერ დღეში ჭამის წინ, 3-4 კვირის განმავლობაში). მკურნალობის პირველი 3-4 დღე ძლიერდება გულძმარვა, მჟავე ბოყინი. ამ მოვლენების თავიდან ასაცილებლად ქაცვის ზეთში, მიღებამდე, გაურიეთ 2 პროცენტი სოდის ხსნარი 1/4 ჭიქაზე, კარგად შეანჯღრიეთ და ისე მიიღეთ. სისტემატური გამოყენებით მცირედ ან სრულად ქრება ტკივილი, ძმარვა, ბოყინი. კუჭის მჟავიანობაზე ქაცვის ზეთი
მნიშვნელოვნად არ მოქმედებს.
გაციებისა და ყელის ტკივილის დროს მინის სუფთა ქილაში ჩაყარეთ გარეცხილი და გამშრალი კენკრა, დაასხით ნატურალური თაფლი და შეინახეთ კარადაში. რამდენიმე დღეში შეამჩნევთ, თაფლი გათხელდება, ქაცვიც ოდნავ მომჟავო არომატს შეიძენს. დალიეთ დილაობით, უზმოზე 1-2 ჩაის კოვზი. ასეთი ნარევი შესანიშნავი იმუნოსტიმულატორია. შეგიძლიათ, ჩაიშიც ჩაუმატოთ.
ოტიტის დროს: ზეთში დასველებული ბამბის ტამპონი ჩაიდეთ ყურში და შეიხვიეთ თბილად. გაიჩერეთ მთელი ღამით. გაიმეორეთ გამოჯანმრთელებამდე.
სურდოს დროს: ცხვირის ნესტოებში წაისვით ქაცვის ზეთი. 2 სადილის კოვზი ქაცვის წვენი დაამატეთ ფინჯან ჩაის და სვით. ასევე, კარგია ქაცვის, ჟოლოს, შავი მოცხარისა და მოცვის ფოთლების ჩაი.
ათეროსკლეროზის, გულის იშემიური დაავადების, ჰიპერტონიის, პლევრიტის, პნევმონიის, დერმატიტისა და შაქრიანი დიაბეტის დროს: მიიღეთ 1 სადილის კოვზი ქაცვის ფოთლების ნაყენი 3-ჯერ დღეში, ჭამამდე.
სტომატიტისა და გინგივიტის დროს: 5-6 სადილის კოვზ ქაცვის ფოთოლს დაასხით 1 ლიტრი წყალი, 10-15 წუთი ადუღეთ, გააგრილეთ და გამოივლეთ პირის ღრუში.
საშვილოსნოს ყელის ეროზიის დროს სასარგებლოა ზეთში დასველებული ბამბის ტამპონების გამოყენება დღეში 2-ჯერ, დილას და საღამოს. მკურნალობის კურსია 10-15 პროცედურა.
ქაცვის ზეთი შეიძლება, შეურიოთ სხვა კომპონენტებს, მაგალითად, მცენარეულ ზეთს, ღორის ან ქათმის ქონს, ხილისა და ბოსტნეულის ფაფებს (ოხრახუში, მსხალი), ბოსტნეულის წვენებს (კიტრი, სტაფილო, ჭარხალი).
კანის დაავადებებისას ქაცვის ზეთს შეურიეთ ღორის მუცლის ქონი (1:10) და წაისვით.
ქაცვის ზეთი შედის ბევრ ანთებსაწინააღმდეგო და ანტიბაქტერიულ პრეპარატებში, რაც გამოიყენება: რბილი ქსოვილების აღსადგენად, გასტროენტეროლოგიაში, გინეკოლოგიაში, პროქტოლოგიასა და კანის დაავადებების სამკურნალოდ.
გაუმკლავდით ნევრალგიას სახლის პირობებში
ნევრალგია ძლიერი, მწიწკნავი, მწვავე ან ყრუ შეტევითი ხასიათის ტკივილია, რომელიც წარმოიშობა ნერვის გაყოლებაზე. ნევრალგიის მიზეზი შეიძლება, იყოს თვითონ ნერვის, ნერვული წნულისა და ხერხემლის დაავადებები ან პათოლოგიური პროცესები.
ის ვითარდება ნერვის ახლოს მდებარე ქსოვილებსა და ორგანოებში ტრავმის, ინფექციის (გრიპი და სხვა) დროს, მკვეთრი გადაციებით და ასე შემდეგ. ყველაზე ხშირად გვხვდება სამწვერა, კეფისა და ნეკნთაშუა ნერვების ნევრალგიები.
რადგან ნერვების დაბოლოება ადამიანის მთელ სხეულზეა განლაგებული, შეტევითი ტკივილები შეიძლება, განვითარდეს ნებისმიერ ადგილზე: კეფაზე, სახეზე, ზურგში, წელში, ნეკნთაშუა, სამწვერა ნერვის და სხვა. ნევრალგიის დროს ნერვში ვითარდება სტრუქტურული ცვლილებები, სუსტდება ან სულ ქრება მგრძნობელობა. შეტევით ტკივილს დაერთვის ვეგეტაციურ-სისხლძარღვოვანი დარღვევები, კანის გაწითლება ან გაფითრება, ოფლიანობა, ცრემლდენა, კუნთების ადგილას ტკივილი და სხვა. ყველაზე მტკივნეულია სამწვერა ნერვის ნევრალგია.
ნევრალგიის მთავარი სიმპტომია გაუსაძლისი ტკივილი, რომელიც შეიძლება, გაგრძელდეს რამდენიმე წამიდან რამდენიმე წუთიც კი. ნევრალგიის მიზეზი შეიძლება, იყოს ტრავმა, ტოქსიკური მოწამვლა (მათ შორის, ალკოჰოლითაც), ინფექციური და ონკოლოგიური დაავადებები, ხერხემლის მალთაშორის თიაქარი, შაქრიანი დიაბეტი, დაქვეითებული იმუნიტეტი.
ნევრალგია ძალიან „მატყუარაა“, შეიძლება შეინიღბოს სხვა დაავადებებით, მაგალითად, თირკმლის ჭვალით, ზოგჯერ წააგავს ინფარქტსაც კი ან კბილის ტკივილს. არადა, შეიძლება, იყოს სამწვერა ნერვის ნევრალგია.
შეტევითი ტკივილის დროს უნდა შეარჩიოთ ისეთი მდებარეობა (მაგალითად, წელის), რომელიც შეგიმსუბუქებთ ტკივილს. დააფიქსირეთ ხერხემლის მტკივნეული ადგილი წოლით მდგომარეობაში, შეიხვიეთ შალით (მაგრამ არა ტრავმით გამოწვეული ნევრალგიის დროს); დაიდეთ პირშუშხას ფოთლები – ჯერ ცხელ წყალში ჩააწყვეთ და შემდეგ სწრაფად დაიფინეთ მტკივნეულ ადგილზე; 10 წუთით დაიკარით წიწაკის სალბუნი.
შეურიეთ თანაბარი რაოდენობის თაფლი და დარიჩინი. მიღებული მალამო წაისვით მტკივნეულ ადგილას. 10 გრამ დაქუცმაცებულ ტირიფის ქერქს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, ადუღეთ 20 წუთი, გააცივეთ და გაწურეთ. ნევრალგიური ტკივილის დროს მიიღეთ ნახევარი ჩაის კოვზი 3-4-ჯერ დღეში, ჭამამდე. გარდა ამისა, დაიდეთ მტკივნეულ ადგილას წვრილად დაჭრილი კარტოფილი. ტკივილის დროს ეფექტურია ცივი და ცხელი კომპრესები. დაიდეთ ცხელი წყლის კომპრესი 15 წუთის განმავლობაში მტკივნეულ ადგილას. შემდეგი 15 წუთი კი ყინულის კუბიკები გედოთ. თუ ტკივილი კისრის არეში გაქვთ, ნელა გადაწიეთ თავი ერთი მხრიდან მეორე მხარეს და პირიქით. მაგრამ, თუ მხრების არეში გაწუხებთ ტკივილი, დაწექით იატაკზე და ნელი მოძრაობით, მუხლები მიიტანაეთ გულმკერდთან. ძალიან ეფექტურია ამ დროს კურკუმას ჩაი. დალიეთ ის ყოველ საღამოს.
შეეცადეთ, არ გაცივდეთ, არ ინერვიულოთ, თავი აარიდეთ სტრესებს, არ მოსწიოთ, უარი თქვით სპირტიან სასმელებზე და ხშირად ისეირნეთ ფეხით.
ალოე – ჯადოსნური მცენარის რამდენიმე სამკურნალო რეცეპტი
ალოეს წვენი ხელს უწყობს უჯრედების განახლებას, სპობს ბაქტერიებს, აქვს ანთების საწინააღმდეგო თვისება. ალოეს კოსმეტიკაში იყენებენ ანთებითი მოვლენების, კანის გაღიზიანებისა და ფერისმჭამელების სამკურნალოდ. საკმარისია, დაღეჭოთ ალოეს პატარა ნაჭერი, რომ კუჭის მოქმედება მოწესრიგებულია. ბრონქიტისა და ხანგრძლივი ხველებისას, ალოეს წვენის, თაფლის, ბატის ქონის ან კარაქის ნაზავზე ცხელი რძის დაყოლებაა სასურველი.
ალოეს ფოთოლი შეგვიძლია, გამოვიყენოთ კბილის ტკივილისას – ალოეს ფოთლის ნატეხი კბილის ღრუში მოათავსეთ. ის ტკივილს მალე გაუმკლავდება.
ცნობილია ალოეს წვენის გამოყენების პრაქტიკა ჰერპესის დროს. გამონაყარი რომ მალე აილაგმოს, დღეში ხუთჯერ, შესაბამის ადგილზე ალოეს წვენი უნდა წაისვათ. მეტი ეფექტურობისთვის რეკომენდებულია ახალი გამოწურული წვენი.
სამკურნალო ეფექტი აქვს ალოეს წვენისგან დამზადებულ მალამოს. ამისთვის: თანაბარი რაოდენობის ალოეს წვენი შეურიეთ თაფლს. ერთი ჭიქის ოდენობის ნაზავს დაუმატეთ ერთი სადილის კოვზი სუფთა სპირტი. ეს ყველაფერი კარგად აურიეთ. სასურველია, მალამო მაცივარში შეინახოთ. მალამო გამოიყენება ჭრილობის გახსნის, წყლულების, ფისტულების დროს.
დაქუცმაცებულ ფოთლებს დაასხით მდუღარე წყალი და 30 წუთით შეფუთეთ. ამის შემდეგ გადაწურეთ და სიგრილეში შეინახეთ. ალოეს წამოდუღება არ
შეიძლება – მასში არსებული სასარგებლო ნივთიერებები დაიშლება.
ალოეს ფოთლები წვრილად დაჭერით, დაასხით სუფთა სპირტი ან არაყი, 1:2 თანაფარდობით. გააჩერეთ სითბოში 10 დღე. პერიოდულად ანჯღრიეთ. შეინახეთ ბნელ ადგილას.
ჩვეულებრივი წვენის მისაღებად ალოეს ქვედა ფოთლები უნდა მოაჭრათ, გარეცხოთ ცივ წყალში და წვენსაწურში გაწუროთ. ბიოლოგიურად სტიმულირებული წვენის მისაღებად კი მოჭრილი ქვედა ფოთლები გაახვიეთ გაუმჭვირვალე ქაღალდში და 2 კვირით გააჩერეთ მაცივარში. შემდეგ გარეცხეთ, წვრილად დაჭერით, დაასხით მდუღარე წყალი და 3 საათი გააჩერეთ სითბოში. ამის შემდეგ გაფილტრეთ რამდენიმეკეც დოლბანდში.
აურიეთ ერთმანეთში 40 მილილიტრი ნუშის ზეთი, 2 გრამი თაფლი, 1 გრამი სუფთა ლანოლინი, 20 მილილიტრი ალოეს წვენი. მიღებული ნარევი გრილ, ბნელ ადგილას შეინახეთ. გამოიყენეთ არა მხოლოდ, როგორც სახის კრემი ნებისმიერი ტიპის კანისთვის, არამედ როგორც სამკურნალო საცხი სახის კანის აქერცლის, მუწუკებისა და სხვა პრობლემების საწინააღმდეგოდ.
ალოე ვერასგან დამზადებული პრეპარატების გამოყენება არ შეიძლება ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებების დროს, ცისტიტისას, ჰემოროის დროს, ორსულობის საწყის სტადიაზე, მენსტრუალური ციკლისას. გასათვალისწინებელია, რომ უძილობის თავიდან ასაცილებლად ალოეს წვენი დაძინებამდე 2–4 საათით ადრე მიიღოთ. ასევე, პრეპარატების დიდი ხნის განმავლობაში მიღებისას ის ორგანიზმიდან კალიუმს გამოდევნის.