№50 როდის არ იწირავს ღმერთი ადამიანისგან არაფერს და როდის განისჯებიან მღვდლები უფლისგან, როგორც მკვლელები
ბიბლია ყოველი ჩვენგანის მისამართით ამბობს: არ არსებობს ადამიანი, თუნდაც ერთი დღე ეცოცხლოს და არ შესცოდოს. აბსოლუტურად სუფთაა ყოველგვარი ცოდვისგან მხოლოდ უფალი იესო ქრისტე. წმიდანებსაც კი ჰქონდათ ცოდვები, თუმცა ღვთის შეწევნით, ებრძოდნენ მათ, მაგრამ მორჩილად მაინც უწოდებდნენ საკუთარ თავს ცოდვილებს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ცოდვა სულისმიერი კეთრია, ავადმყოფობა, წყლული, რომელმაც დააზიანა სულის სამივე უნარი: ძალა, გონება, გრძნობა (გული) და ნებისყოფა. როგორ ვებრძოლოთ ცოდვას, რატომ არ უნდა ვთქვათ ზირებაზე უარი – ამ ყველაფრის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი):
– არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველაზე დიდი ცოდვა შიშია, ყველაზე დიდი შეცდომა – უიმედობა, ყველაზე დიდი სისუსტე – სიძულვილი, ყველაზე დიდი სიმდიდრე – ჯანმრთელობა, ყველაზე დიდი ჯილდო – სიყვარული, ყველაზე საშიში კაცი კი – მატყუარა. ღირსი მამა სერაფიმე ამბობს: „თუკი გსურს, სიმშვიდე დაკარგო, სხვაგარი წყობის ადამიანს ესაუბრე“. არ არის სასურველი გამოუცდელ ადამიანებთან გულახდილი საუბარი. მათ მათი შეგნებიდან გამომდინარე უნდა ესაუბროთ. რაც მთავარია, არის შემთხვევები, როდესაც დუმილი უნდა შეგეძლოს. ეს ვნებებთან ბრძოლაში, ადამიანებთან ურთიერთობაში დაგეხმარებათ. ამ დროსაც უნდა იფიქროთ უფალზე. სიკვდილის ხსოვნა დიდ სათნოებას ანიჭებს ადამიანს, რადგან „გახსოვდეს უკანასკნელი წამი და არასდროს შესცოდავ“. ჯობია, ყოველთვის უსმინო სხვებს, ვიდრე ილაპარაკო – ამ შემთხვევაში, მრავალსიტყვაობისას, ცოდვას ვერ გადაურჩებით. უფლისგან ყოველდღე უნდა გამოითხოვოთ მადლი კეთილგონივრული დუმილისა და საუბრისა და ნუ იქნებით ცნობისმოყვარეები ახალი ამბების მიმართ, რაც დღეს განსაკუთრებულად იგრძნობა. ადამიანს სიტყვაზე მეტად პატიოსანი და გასაფრთხილებელი არაფერი აქვს, რადგან ენით გამოთქმული, გონების მსახურია. რაც სურს ადამიანს, სწორედ იმას გამოხატავს სიტყვით. ამიტომ, ყოველი ადამიანის ბუნება, მისი პირიდან ამომავალი სიტყვებით შეიცნობა. უნდა ეცადოთ, რომ ყველას სიკეთე გაუკეთოთ, მაგრამ არასდროს იფიქროთ იმაზე, დააფასებს ამას სხვა თუ არა.
– როგორ უნდა შეძლოს ადამიანმა, საკუთარი ვნებები, ქცევები აკონტროლოს?
– შენში თუ ღვთისმოსავი აზრი იქნება, რაც ვნებების მბრძანებელია, შენში დათესილი აზრიდან დათესავ კეთილ საქციელს. თუ შენი საქციელი კეთილია, მაშინ მოიმკი კეთილ ჩვევას. კეთილი ჩვევა, რომელიც ჩვენში, სამწუხაროდ, ნაკლებად არის, მოიღებს ნაყოფს – კეთილ ხასიათს. დააკვირდით ხასიათს – ის ჩვენი ჩვევებიდან და ქცევებიდან არ მომდინარეობს? ამიტომაც, თუ გინდა, რომ დათესილი იყოს კარგი ხასიათი, შენში უნდა იყოს გაწმენდილი ხასიათი, რომლითაც მერე მოიმკი შესანიშნავ ხვედრს. შესანიშნავი ხვედრი კი არის: განღვთობა, უფალთან დაბრუნება, სიყვარული, სიხარული, ბედნიერება, გახარება და გამრავლება. ასე რომ, დათესეთ ღვთისმოსავი აზრი და მიიღებთ ღვთისმოსავ საქციელს, რომელიც მოგცემთ ღვთისმოსავ ჩვევას. ღვთისმოსავი ჩვევა კი მოგცემთ ღვთისმოსავ ხასიათს. ის კი მოგცემთ ღვთისმოსავ და კეთილ ხვედრს, რაც არის გაბრწყინება, ბედნიერება, ცხონება და ყოველივე კარგი.
– ადამიანების გარკვეული ნაწილი მხოლოდ მარხვის დროს მონაწილეობს ზიარების საიდუმლოში. სხვა დროს კი უარს აცხადებენ ევქარისტიაში მონაწილეობაზე.
– ეს უდიდესი საიდუმლო ქრისტემ მანამდე აღუთქვა ადამიანებს, სანამ პირველად აღასრულდებოდა მას საიდუმლო სერობაზე. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მას, ვინც გულწრფელად, სათნოებით, უფლის მცნებების დაცვით ეზიარება ქრისტეს სისხლსა და ხორცს, ექნება საუკუნო ცხოვრება და ბოლო ჟამს აღდგება დიდების სასუფევლისთვის. ადამიანი მხოლოდ ზიარებით ხდება ზიარების ღირსი, რადგანაც ქრისტეს სისხლისა და ხორცის მიღების გარეშე, არ ძალგვიძს ვძლიოთ ჩვენსავე ვნებებს და სული განვიწმიდოთ მისგან. ამგვარად, ის, ვინც გამუდმებით არ ეზიარება, კარგავს ყოველივე ზეციურ და საღმრთო სიკეთეს. მოციქულთა მერვე და მეცხრე კანონები, რომლებიც მეექვსე მსოფლიო კრებამ დაადასტურა, გვაუწყებს და ამტკიცებს ხშირი ზიარების აუცილებლობას. წმიდა მამათა ერთსულოვანი სწავლებით, კარგია, რაც შეიძლება, ხშირი ზიარება. ხშირად ადამიანები ამტკიცებენ, რომ ხშირი ზიარება მხოლოდ მღვდლებს შეუძლიათ. მაგრამ წმიდა ნიკოდიმოს მთაწმინდელი მათ ასე პასუხობს: „სამღვდელო წესი იმაში მდგომარეობს, რომ ის იმ საღმრთო საიდუმლოთა შეწირვისა და აღსრულების იარაღი უნდა იყოს. მაგრამ, ზიარებისას მღვდელს ერისკაცთაგან და მონაზონთაგან სხვა არაფერი განასხვავებს, გარდა იმისა, რომ მღვდელი აზიარებს, ერისკაცი კი – ეზიარება. მღვდელი, რომელიც არ აზიარებს საღმრთო ზიარებას შიშითა და სარწმუნოებით მიახლებულ ქრისტიანებს, განისჯება ღმრთისგან, როგორც მკვლელი“.
– პირდაპირ წერია ახალ აღთქმაში: იყავით მოწყალენი, რამეთუ თქვენი ზეციერი მამა არის მოწყალე. ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნესო. თუ ვინმე რამე მოწყალებას გასცემს, ამას ის საკუთარი ცხონებისთვის აკეთებს და ეს მისი მოვალეობაა?
– დიდი მამა იოანე ოქროპირი ბრძანებს: შენ თუ მოუსმენ გლახაკს, შენც მოგისმენენ სამსჯავროს დღეს. იაკობ მოციქული კი ბრძანებს: უწყალო სასამართლო – წყალობის არამქმნელს, წყალობა აღმატებულია სამსჯავროზე. ანუ, როდესაც დადგება ჩვენი განკითხვის ჟამი, მობრძანდება მაცხოვარი, არავის შეგაქებთ იმის გამო, რომ აღსარებას ამბობდით, ეზიარებოდით, ეკლესიას აშენებდით. არა, ის გეტყვით: მშიოდა და არ მაჭმევდით, მწყუროდა და არ მასვით, შიშველი ვიყავი და არ შემმოსეთ, პატიმრობაში ვიყავი და არ მინახულეთ. ანუ, უპირველეს ყოვლისა, ღმერთი ჩვენს მოწყალებას გადახედავს. ძველ აღთქმაში კარგად არის მოთხრობილი, როგორ შესწირეს აბელმა და კაენმა ღმერთს შესაწირი, მაგრამ ერთის შეიწირა და მეორესი – არა. ამის გაგება ძალიან მარტივია: ერთმა შესწირა გულით, მეორემ –უგულოდ. როცა კაენმა დაინახა, რომ ღმერთმა არ შეიწირა მისი მსხვერპლი, დანაღვლიანდა, გაბოროტდა და შეშურდა თავისი ძმის. როცა შენ დანაღვლიანდები, გაბოროტდები, იტყვი, რომ დავდივარ ეკლესიაში, შესაწირს ვაკეთებ, მაგრამ ღმერთი მაინც არ იწირავს ჩემგანო, ამ დროს შენ კაენის მდგომარეობაში ვარდები: შურში, მწუხარებაში და განიკითხავ სხვას, რომელიც შენზე კეთილია. ამიტომ, უნდა შევეცადოთ, კაენივით არ გავბოროტდეთ. როდესაც ადამიანი რამეს სწირავს ღმერთს, უფალი მისი შეწირულობის რაოდენობას კი არ უყურებს, არამედ გულს: როგორი გულით გაიღებს ამ შესაწირავს. თუ შენზე გარკვეული წყალობაა და უფალს სწირავ მოვალეობის მიზნით, ის ამას არ შეიწირავს. რადგან აქ მნიშვნელოვანია ადამიანის გული, სული, როგორ სწირავს ის ღმერთს შესაწირს. რაც შენი არ არის და ის უფლისაა, თუ არ გასცემ, მაშინ რაც შენია, იმას ხომ საერთოდ არ გასცემ. ასე რომ, ღმერთმა ადამიანებს მოგცათ გონება, ჯანმრთელობა, აზროვნება, გარკვეული ნიჭი და თუ თქვენ ამ ნიჭს, იმას, რაც უფალმა მოგცათ და თქვენ არ გეკუთვნით, არ გასცემთ გულითა და სულით, სხვას არ დაეხმარებით, მაშინ საერთოდ არ გასცემთ იმას, რაც თქვენია, თქვენით გაქვთ ნაშოვნი. ამიტომაც იყავით უდარდელად, უყვედრელად ხელგაშლილი და ღმერთი ამ ყველაფერს შეიწყნარებს, გარკვეულ წყალობას მოგცემთ.