№50 ჭეშმარიტი რწმენა
ქრისტეს საშინელი სამსჯავრო
საშინელი სამსჯავრო! საშინელი მეორედ მოსვლა ქრისტესი! ეს სიტყვები განგმირავს სმენას, აძრწუნებს წარმოსახვას, აღელვებს სულს! ჩვენ ვცხოვრობთ მიწაზე, ვეძიებთ სიხარულს, ვიმშვიდებთ თავს. გვინდა, რომ დიდხანს ვცხოვრობდეთ, მარად ცოცხალი ვიყოთ და უცებ – როგორც ქუხილს, ვისმენთ სახარებისეულ სიტყვებს: სიცოცხლე დასრულდება, დადგება სიკვდილის დრო, ხოლო მის შემდეგ – სამსჯავრო. თავდაპირველად – პიროვნული, შემდგომ კი, სამყაროს აღსასრულის ჟამს, საზოგადო სამსჯავრო – მკაცრი, უსიამოვნო. ამ სამსჯავროს შემდეგ მხოლოდ ერთია შესაძლო ორისგან: მარადიული ნეტარება, ან მარადიული ტანჯვა. მაგრამ, უფალს არავის დაღუპვა არ სურს. ის სიყვარულია და ნებავს, რომ ყველა გადარჩეს, ყველა მოვიდეს სინანულად და დაიმსახურონ მოწყალება და არა – გასამართლება. ყოვლად ნეტარმა ღმერთმა ადამიანიც ნეტარებისთვის შექმნა. ადამიანი რომ ნეტარი ყოფილიყო, უფალი განკაცდა, იტანჯა და მოკვდა კაცთათვის. ცად ამაღლებულმა დაგვიტოვა სახარება, რომლითაც გვიხმობს სწორედ ნეტარებისკენ: „მოდით ჩემთან ყოველი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი. და მე მოგიფონებთ თქვენ“ (მთ. 11. 28).
ნუთუ არ შევისმენთ ამ მშვიდსა და მოსიყვარულე ხმას? ნუთუ ვიცხოვრებთ საკუთარი თავის მტრად, ჩვენი ხელებით ჩვენივე საფლავის მთხრელნი? ნუ იყოფინ! შევიწყალოთ საკუთარი სული, გვეშინოდეს მარადიული სიკვდილის და ვეძიებდეთ სიცოცხლეს, რომელიც მარადიულ ნეტარებას განგვიპირობებს. განვაგდოთ უდებობა, უგრძნობელობა. გავიხსენოთ, ვინა ვართ, რისთვისა ვართ შექმნილნი, რისთვის ვცხოვრობთ, რა გველის!
დროა, დავფიქრდეთ, დროა, გონს მოვეგოთ!
უფალო! შეეხე ჩვენს გულებს, აღგვადგინე ძილისგან, მოგვაქციე სინანულად და ვითარცა გნებავს, გვაცხოვნე ჩვენ! ამინ!
ყოფა-ცხოვრებითი საზრუნავი არ აბრკოლებს ჩვენს ხსნას
ვინც წყვეტს საკუთარი თავის ხსნაზე ზრუნვას, ეზარება ღვთის ეკლესიაში სიარული და სახლშიც არ ლოცულობს, ასეთი ადამიანი დაუდევრობას თავის სამუშაოს აბრალებს: „ცოდვილი ვარ”, – ჩვეულებრივ ასე ამბობს ამგვარი ადამიანი, – „ვერაფერს გააწყობ. დიდად მოხარული ვიქნებოდი, მელოცა, მაგრამ სამუშაომ დამძალა. ერთ საქმეს მოამთავრებ, ხედავ, მეორე კარზეა მომდგარი, მეორეს მოილევ, – მესამე წამოგეწევა“. ასე ამბობს თავის გასამართლებლად მსგავსი ადამიანი. ისეა თითქოს, რომ მხოლოდ ისინი გადარჩებიან, ვისაც გულ-ხელი აქვს დაკრეფილი. თითქოს ღმერთს რომ ასიამოვნო, თავისუფალი უნდა იყო ყოველგვარი საზრუნავისგან. ვნახოთ, მართლაც ასეა თუ არა?
წმიდა ადამიანთა მაგალითები გვიჩვენებენ, როგორი უმართებულოა ასეთი წარმოდგენები. ამბა დოროთე მთელი დღე და ღამემუშაობდა. დღისით გამოდიოდა გამოქვაბულიდან, აგროვებდა ქვებს და აშენებდა სენაკებს ბერებისთვის. ღამით კი, ფინიკის ტოტებისაგან კალათებს წნავდა. ჭამდა მხოლოდ გამომხმარ პურს, ძილით კი, თითქმის არ ეძინა.
ცნობილია, რომ ღირსი ზაქარია მეუნაგირე იყო, წმიდა ევქარისტი – მწყემსი, ღირსი ევლოგი – ქვისმთლელი, კომანის ეპისკოპოსი ალექსანდრე, მღვდელმთავრობამდე – მენახშირე. ერთ-ერთი ბერძენი პატრიარქი ჯორებს მწყემსავდა. ათონის მთაზე განმარტოებით მცხოვრები საკუთარი მხრებით ეზიდებოდა ხორბალს ზღვიდან საშინელ ციცაბო კლდეზე, სადაც მისი სენაკი იყო. წმიდა მოციქულები, თვითონვე მოგვითხრობენ თავიანთ თავზე, რომ სახარების ქადაგებისას, ისინი შრომობდნენ დღე და ღამე, რათა მოეპოვებინათ არსებობის პური.
ახლა რაღას იტყვით თქვენ, ვისაც გგონიათ, რომ მუშაობა ხელს უშლის სულის ხსნისთვის ღვწას? ხომ ხედავთ, იყვნენ და არიან ადამიანები, რომლებიც მძიმე ჯაფის დროსაც კი, სულზე ზრუნავენ. ზოგი მათგანი არც ამას სჯერდება და სხვათა სულებზეც ზრუნავს.
მოტანილი მაგალითები ისეა, როგორც ზღვაში წვეთი. იკითხეთ წმიდათა ცხოვრება და დაინახავთ, რომ ბევრი მათგანი შრომობდა ისე, რომ მათთან შედარებით, თქვენი შრომა სალაპარაკოდაც არ ღირს. ასე რომ, სამუშაო კი არ უშლის ხელს სულის ხსნისთვის ღვწას, არამედ – მხოლოდ ჩვენი დაუდევრობა და უდებობა.
მაშ, ვიხსნათ ჩვენი უკვდავი სულები და ვიცხოვროთ ღვთისა და მარადიული სიცოცხლისთვის. ვიყოთ იმ წმიდანთა მიმბაძველნი, რომლებიც პოულობდნენ დროს ყოფა-ცხოვრებით საქმიანობისთვისაც და უფრო აღმატებული საქმისთვისაც. ამინ!