№50 მოძღვარი გვირჩევს
კითხვა: არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც პატარა ბავშვის ნათლიად მცირე ასაკის ბავშვს ირჩევენ. რამდენად სწორია ასეთი საქციელი?
პასუხი: ასეთი შემთხვევები მართლაც ხდება. მცირე ასაკის ბავშვს ნათლიად ირჩევენ ძირითადად მაშინ, როდესაც უნდათ, რომ მათ მშობლებს ასიამოვნონ, დაუახლოვდნენ, ანუ ბავშვის ნათლიად არჩევა ისევ და ისევ მის მშობლებთან არის დაკავშირებული. ასეთი საქციელი, რა თქმა უნდა, არასწორია, რადგან ნათლიის მოვალეობაა, იზრუნოს ნათლულის სულიერ ცხოვრებაზე და დაეხმაროს მას ჭეშმარიტ გზაზე დაყენებაში. ამას როგორ მოახერხებს მცირე ასაკის ბავშვი, როდესაც მის სულიერებაზეც სხვამ უნდა იზრუნოს. შესაბამისად, ასეთ ნათლობას აქვს ფორმალური სახე.
კითხვა: ორსული ქალის მონათვლის შემთხვევაში, მარტო დედა ინათლება თუ ნაყოფზეც გადადის ნათლობა?
პასუხი: მამათა კანონებში ამის თაობაზე ნათქვამია: „ფეხმძიმე უნდა მოინათლოს, როცა მოისურვებს, ინათლება მხოლოდ დედა და არა მისი ნაყოფი“.
კითხვა: როდის არ შეისმენს უფალი ჩვენს ლოცვას?
პასუხი: ლოცვას ფასი არ აქვს, როდესაც ის გულწრფელად არ მიემართება უფლისკენ და უგულისყუროდ არის წარმოთქმული. თავად უფალი ბრძანგებს ასეთ მლოცველთა შესახებ: „ეს ხალხი პატივს მცემს ბაგეებით, მათი გული კი შორს არის ჩემგან“.
კითხვა: ბოლო დროს ვამჩნევ, რომ სულ მაქვს ლოცვის სურვილი – ხატის წინ, ტრანსპორტში, სამსახურში, სტუმრად ყოფნისას. ხომ არ არის ეს უფლის სახელის „ამაოსა ზედა“ მოღების ტოლფასი და ხომ არ ვცოდავ ამით?
პასუხი: ლოცვის მოთხოვნილება ადამიანს რაიმე განსაკუთრებული საბაბის გარეშეც იოლად შეიძლება გაუჩნდეს. რა სახისთაც და დოზითაც არ უნდა გამოვლინდეს ეს მოთხოვნილება, არასდროს დატოვოთ ის უყურადღებოდ. მაშინვე დაიწყეთ ლოცვა – საქმის დროს, აკეთეთ საქმე ლოცვასთან ერთად, სიარულის დროს – სიარულთან ერთად და ასე შემდეგ. სწორედ ეს არის გულიდან წამოსული ლოცვა, რომელიც უფალს ესათნოება.
კითხვა: ყველაზე უკეთ როგორ შეეწევა მიცვალებულის სულს მისი ახლობელი?
პასუხი: საუკეთესო მაგალითი გარდაცვლილთა მოხსენიებისა დაგვიტოვა ღირსმა დედამ იულიანამ. როდესაც გარდაიცვალნენ, ბასილი და ევდოკია, მათი სულების მოსახსენებლად მან გასცა უხვი მოწყალება. ეკლესიებს შეუკვეთა ორმოცდღიანი მოსახსენებლები, ორმოცი დღის განმავლობაში აწყობდა მოსახსენებელ სუფრებს ბერებისთვის, მღვდელმსახურებისთვის, ქვრივებისთვის, ობლებისა და უპოვართათვის, აგრეთვე, დიდ მოსაკითხებს აგზავნიდა საპატიმროში (არსებობს, ასევე, სულიერი მოწყალებაც – გარდაცვლილთა სახელზე სასულიერო წიგნების დარიგება).
კითხვა: იმდენად მომრავლდნენ ჩვენს ქუჩებში მათხოვრები, ყველას დახმარება შეუძლებელია. არსებობს მოწყალების გაცემის რაიმე წესი?
პასუხი: შემოსავალს ადამიანს ღმერთი აძლევს და გაცემულ სიკეთესაც სიკეთით დაუბრუნებს. ასე რომ, თუ მოწყალების გასაღებად თანხა ყოველთვის მზად გექნებათ, ამით არაფერი დაგაკლდებათ, პირიქით, მოგემატებათ. ადამიანს ყოველთვის აქვს შესაძლებლობა, მოწყალება გაიღოს – ზოგმა თანხით, ზოგმა სხვა სიკეთით, თუნდაც ტკბილი, კეთილი სიტყვით. თუ არ გაქვთ არანაირი საშუალება, შეგიძლიათ, მშვიდად ჩაუაროთ მათხოვარს და დალოცოთ ის.