№50 რისი პრობლემა აქვს ქალს, რომელსაც ქმარი ღალატობს
ღალატზე ბევრი დაწერილა და კიდევ მეტი თქმულა. მუდმივად დაობენ, უნდა ვაპატიოთ თუ არა ღალატი საყვარელ ადამიანს. ამ არჩევნის წინაშე, ძირითადად, ქალები დგებიან, რადგან ქალის ღალატის შედეგები გაცილებით მძიმეა. უმრავლესობა ჩვენი საზოგადოებისა თანხმდება, რომ ქალის ღალატი უპატიებელია, კაცს კი ერთი შანსი უნდა მივცეთ. თუმცა, მამაკაცების უმრავლესობა ერთ შანსზე არ კმაყოფილდება. როცა ღალატს აპატიებენ და დაუსჯელი რჩები, „აკრძალული ხილით“ ტკბობის სურვილი კიდევ უჩნდება.
ტასო (39 წლის): განსაკუთრებულს არაფერს მოვყვები. ჩემი ამბავი ბევრი ქალისთვის იქნება ნაცნობი. მე ადრე მიფიქრია ამ ქალებზე და მიცდია, რაღაცნაირად გამეგო მათთვის. უფრო სწორად, კი არ გამეგო, მივმხვდარიყავი, რას განიცდიდნენ, რას ფიქრობდნენ, როგორ ახერხებდნენ, გადაელახათ შეურაცხყოფა, ტკივილი.
– გეცოდებოდათ ისინი?
– რა თქმა უნდა. გარკვეულწილად, რაღაც დოზით მქონდა ეს გრძნობა მათ მიმართ. თანაგრძნობის განცდაც მქონდა და არა მხოლოდ – სიბრალულის. სულ ვამბობდი: ნეტავი, როგორ ახერხებენ, აპატიონ, დაივიწყონ და ცხოვრება ჩვეულებრივად გააგრძელონ-მეთქი. უცებ მთელი ცხოვრება ამოტრიალდა და ამოყირავდა... მეც მიღალატეს. ღმერთო, თურმე, საერთოდ არაფერი მცოდნია. ხომ გეუბნებით, ვისაც ეს არ გამოუცდია, ვერაფრით მიხვდება, რა არის ღალატი. ფეხქვეშ მიწა გეცლება, გარშემო ყველაფერი ინგრევა და აღარაფერი გინდა. გგონია, მოკვდი, მაგრამ ცოცხალი ხარ. არაფერი გაწუხებს – სულიერად ჯანმრთელი ხარ, მაგრამ გტკივა ყველაფერი. გინდა, იჯდე სიბნელეში, იტირო, იყვირო ხმის ჩახლეჩვამდე. რაღაც დალეწო, დაამტვრიო. მოკლედ, სიგიჟის ზღვარზე დავდექი.
– ქმარმა გიღალატათ და მაშინ პირველი ემოცია იყო, რომ გაშორდებოდით.
– რა თქმა უნდა. პირველი, რაც ვუთხარი საკუთარ თავს, ეს ნაძირალა ჩემ გვერდით აღარ იქნება-მეთქი. თან, ისეთი ფორმით გავიგე, რომ მღალატობდა... სულ ერთად ვიყავით, ერთად ვმუშაობდით და პრინციპში, ვერანაირად წარმოვიდგენდი, თუ ჩვენს ცხოვრებაში ეს მოხდებოდა. ქმრის ღალატმა შოკში ჩამაგდო. ყველას იდეალური წყვილი ვეგონეთ და უცებ აღმოჩნდა, რომ ექვსი თვის განმავლობაში სხვა ქალი ჰყავდა.
– ენდობოდით ქმარს?
– ვენდობოდი და დარწმუნებულიც ვიყავი, რომ ჩემ იქით არაფერი უნდოდა, ისე შემომციცინებდა...
– იმ პერიოდშიც კი, როცა იმ ქალს ხვდებოდა?
– თქვენ წარმოიდგინეთ, იმ პერიოდში უფრო. ერთი წუთით არ მომკლებია მისი მხრიდან ყურადღება, სითბო, საჩუქრები, სიურპრიზები, ვახშამი კაფეში, უიქენდი ევროპაში.
– და პლუს საყვარელიც ჰყავდა?
– ჰყავდა. სამწუხაროდ, ნახევარი წელი ვერაფერი შევამჩნიე. მერე, რომ ვაანალიზებდი მის თითოეულ ქმედებას, უფრო რომ ჩავუღრმავდი და ჩავეძიე, აღმოვაჩინე, რომ იმ პერიოდში უფრო ფეთქებადი და იმპულსური გახდა. ადვილად ღიზიანდებოდა და ყურადღების კონცენტრაციაც უჭირდა საქმეზე. ოღონდ, მაშინ ამ ყველაფერს ვერ ვამჩნევდი.
– ნდობა გიშლიდათ ხელს თუ სიყვარული?
– ორივე. თექვსმეტი წელი რომ ცხოვრობ ადამიანის გვერდით, ის იმდენად შენიანია, მის გარეშე ყოფნას ვერც კი უშვებ. ხალხო, კიდურის მოკვეთას ჰგავს საყვარელი ადამიანის მოკვეთა და მოშორება. მე ეს საკუთარ თავზე გამოვცადე და გეუბნებით, თითქმის შეუძლებელია. დარწმუნებული ვარ, უამრავ ქალს, რომელსაც ქმარმა უღალატა, ჩემსავით უნდა დაშორება მოღალატესთან, მაგრამ არ გამოდის.
– რატომ?
– იმიტომ, რომ არ გეთმობა, არ გემეტება... როგორ აგიხსნათ. ამაგი გაქვს ქმარზე. ერთმანეთთან იმდენი რაღაც გაკავშირებთ, იმდენი ძაფია თქვენ შორის გაბმული, ხელს ვერ აიქნევ და ვერ გაწყვეტ. იცით, როგორი რადიკალური ვიყავი? მორჩა, ვშორდები-მეთქი. მართლა ვეღარ წარმოვიდგენდი მის გვერდით ცხოვრებას. სახლიდანაც წავედი. ბუნებრივია, საშინელი სკანდალიც მოჰყვა ამ ამბავს და უცებ აღმოვაჩინე, რომ ჩემი ქმარი ყველამ გარიყა. მარტო დარჩა. თავის მშობლებსაც აღარ უნდოდათ.
– და შეგეცოდათ? შეეშინდა და ბოდიში მოგიხადათ?
– ბოდიშში არ არის საქმე. მე ვერ შევძელი მისი გულიდან ამოგლეჯა. დიახ, ძალიან გაბრაზებული და შეურაცხყოფილი ვიყავი. რაღაც ეტაპზე მეგონა, მძულდა, მაგრამ ბოლოს მაინც შევურიგდი.
– ამბობენ, ქალს, რომელიც ქმარს ღალატს აპატიებს, საკუთარი თავის რწმენა აკლია და თვითშეფასებაც დაბალი აქვსო. სიმართლეა?
– არ ვიცი. საკუთარი თავის რწმენა მაქვს. არც თვითშეფასება მღალატობს. წარმატებული ვარ ჩემს საქმეში. ფეხზე მყარად ვდგავარ. ანუ, მე იმის პრობლემა არ მქონია, ქმარს რომ გავეყარო, სად წავიდე, რით ვიცხოვრო-მეთქი. შეგნებულად მივიღე ქმრისთვის ერთი შანსის მიცემის გადაწყვეტილება და ეს შანსი საკუთარ თავისაც მივეცი. არ ვნანობ. ერთი თვეა, შევრიგდით, ვნახოთ, რა მოხდება. ყოველ შემთხვევაში, არ ვნანობ.
– რატომ ფიქრობთ, რომ სწორი გადაწყვეტილება იყო?
– არაფერში ვარ დარწმუნებული. ამაზე არ ვფიქრობ. ძალიან ბევრი ვიფიქრე და მარტო იმას მივხვდი, რომ ვერ შეველეოდი ჩემს ქმარს.
– ისევ რომ გიღალატოთ? გსმენიათ რამე „დაუსჯელობის სინდრომზე“?
– ანუ, იმის თქმა გინდათ, რომ ჩემი ქმარი არ დასჯილა? მე გეტყვით, რომ დაისაჯა. თანაც, ძალიან მკაცრად – მან გაიგო, როგორია ცხოვრება უჩემოდ, იმ ადამიანის გარეშე, რომელიც მისი ერთადერთი გულშემატკივარია. მგონი, ეს კარგად გააცნობიერა. თუ კიდევ მიღალატებს, უკვე შეუძლებელი იქნება ჩატეხილი ხიდის გამთელება. მის ცხოვრებაში კარგი არაფერი მოხდება და საერთოდ დამკარგავს. სამი თვე ვიყავით დაშორებულები და განადგურდა. სამი საათი არ ყოფილა კარგად და მშვიდად. მეხვეწებოდა და მემუდარებოდა, შემირიგდიო. უნდა შევრიგებოდი. დამენანა ის წლები, რაც ერთად გავატარეთ. ის სიყვარულიც დამენანა, რომელიც დავახარჯე. აი, ამიტომ ვაპატიე.