კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№50 როგორ იმეორებენ მოზარდები ზრდასრულების ქცევის მოდელს და რატომ მიაღწია ქართველ საზოგადოებაში სისასტიკემ კულმინაციას

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

კარგა ხანია, ჩვენს საზოგადოებაში ღირებულებები და ქცევის წესები ისე აირია, რომ ერთმანეთის შეურაცხყოფა ლამის ნორმად იქცა, ხოლო უცენზურო ლექსიკა, ერთგვარ მოდად. ანუ ჭრის ძალა და სიმართლეც მორევასა და კადრებაზეა. ამდენად, არ იყო, ალბათ, გასაკვირი, რომ სკოლის მოსწავლეებმა სასაკლაო მოაწყვეს, რამაც საზოგადოება შეაძრწუნა. თუმცა ის, რაც მოხდა, სავარაუდოდ, სწორედ საზოგადოებაში არსებული ძალადობისა და აგრესიის ადეკვატური ანარეკლია. მოზარდი თაობა იმეორებს ქცევის იმ მოდელებს, რასაც უფროსები იყენებენ. ფსიქოლოგ დიმიტრი ნადირაშვილთან ერთად განვიხილავთ, ამ ტრაგედიის მიზეზებსა და გამოსავალს, თუ გამოსავლის ძიება საბედისწეროდ დაგვიანებული არ არის.
– თქვენთვის მოსალოდნელი იყო ასეთი სისასტიკე მოზარდების მხრიდან? ასეთ მძიმე ვითარებამდე რომ მივიდოდით და ის, არც ხდება საზოგადოებაში, როგორც სარკეში, აისახებოდა მოზარდ თაობაზე?
ძალიან მოსალოდნელი იყო, რაც მოხდა. ადრეც გვილაპარაკია, რომ დაინგრა ჩვენი საზოგადოებისთვის შეჩვეული გარემო, რომელიც საბჭოთა კავშირში ჩამოყალიბდა ათწლეულების განმავლობაში და ამის დანგრევის შემდეგ, მოსალოდნელი იყო ამგვარი სისასტიკე. სოციალურ სფეროში ტრადიციების, ნორმების გაქრობამ, ოჯახის სოციალურმა მდგომარეობამ და ოჯახში მიმდინარე მტკივნეულმა პროცესებმა ძალიან დიდი გავლენა იქონია ამაზე; ასევე, ქუჩის, გარემოს მოუწესრიგებლობამ, სკოლის ფუნქციის ნიველირებამ.
– ძველი ღირებულებები დაიკარგა, ახალი ვერ შევქმენით.
– ჩამოყალიბებული სახელმწიფო ძალიან ზრუნავს სოციალურ ტრადიციებსა და ნორმებზე, ოჯახზე, გარემოს რეგულირებაზე, რომელიც სადარბაზოდან იწყება და ქუჩით მთავრდება. აი, ეს პრობლემები იმდენად დაგროვდა, რომ ისეთი სახის სისასტიკე, რაც მოხდა, სავსებით მოსალოდნელი იყო და თითქოსდა ასეც უნდა მომხდარიყო. ტრადიციების, მათ შორის, მისაღებისა თუ მიუღებლის, გაქრობამ მეტად დაამძიმა ვითარება. მიუღებელში ვგულისხმობ საბჭოთა კავშირისდროინდელ ძველბიჭობასა და ქურდულ მენტალიტეტს, რომელიც არეგულირებდა ქუჩას, სკოლას. ისინი არ მოგვწონდა, მაგრამ ნუ გაგვიკვირდება და ასეთი სისტემები არეგულირებს კონფლიქტებს.
– ანუ გამოსავალია ერთგვარი?
– ასეთი სისტემა, თუნდაც, ჩვენთვის მიუღებელი, შექმნილია იმისთვის, რომ არეგულიროს ვითარება და ჩვენი დღევანდელობა დარჩენილია ამგვარი მარეგულირებელი სისტემების გარეშე. ქართული ოჯახიც ძალიან შეიცვალა. ჩვენი დღევანდელი ოჯახი ასეთია: დედები უცხოეთში არიან...
– სამი მოზარდია დაკავებული და ორი მათგანის დედა უცხოეთში იყო სამუშაოდ წასული.
– ქართულ ოჯახში დედა, ფაქტობრივად, საშოვარზეა, მამა ნარკომანია, ლოთი, ან უმუშევარი. ბებიებიც წაჰყვნენ თავიანთ ქალიშვილებს და სავსეა ქართველი ბებიებით ამერიკა, საბერძნეთი და თურქეთი. ბაბუები ან ავად არიან ასაკის გამო, ან გარდაცვლილები. ასე ტრაგიკულად გამოიყურება დღეს ქართული ოჯახი. ასევე, სრულიად მოუწესრიგებელია გარემოც, ანუ ბავშვს, არც მოზარდს და არც ზრდასრულს, წარმოდგენა არ აქვს, თუ როგორ შეიძლება პრობლემების მოგვარება სოციალურ სივრცეში, რა განმუხტავს, რა არეგულირებს ვითარებას. რა როლი აქვს ავტორიტეტს, რა როლი აქვს მოქალაქეს, მძღოლს; რა არის სწორი და არასწორი. როგორ უნდა მოიქცეს კონფლიქტის დროს, რომ ის განიმუხტოს; ვინ არის პოლიცია: მტერი თუ მოყვარე. ანუ მთლიანად გაუგებარია ის სოციალური გარემო, რომელშიც ვცხოვრობთ.
– მაგალითად, უნდა დარეკო თუ არა მაშინვე 112-ში, როდესაც ხედავ, რომ ქუჩაში იწყება ჩხუბი? მე პირადად ყოველთვის ვრეკავ.
– არ ვიცით, როგორ უნდა მოიქცეს ნებისმიერი გამვლელი. რა არის ის ზღვარი, რომლის იქითაც უკვე ტრაგედია მოხდება?! ასეთი ინსტრუქცია დიდად განაპირობებს ვითარების განმუხტვასა და მოგვარებას. მნიშვნელოვანია ამის გარკვევა და შემდეგ ამის სწავლება. ეს სოციალური ნორმები უნდა ისწავლებოდეს ოჯახებში, ეკლესიაში, სკოლებში, საბავშვო ბაღებში. ბავშვი პირდაღებული მოგვჩერებია და ელის კარნახს უფროსისგან. არადა უფროსი თაობა თავად იმდენადაა დაბნეული, რომ ვერ უხსნის. რასაც მშობლები ვითომ ასწავლიან, ბავშვებიც შესაბამისად იქცევიან.
– ანუ მოზარდები იმ ტრაგედიისას მოიქცნენ იმ მოდელის შესაბამისად, რასაც უყურებდნენ?
დიახ. მოიქცნენ ისე, რასაც ფორმალურად თუ არაფორმალურად ასწავლიან და სწორედ მოზარდები არიან ყველაზე მოწყვლადი ფენა. ისინი ძალიან ადვილად სჩადიან სისასტიკეს და ეს ცნობილია ფსიქოლოგიაშიც, მხატვრულ ლიტერატურაშიც.
– რა არის ამ მოჭარბებული სისასტიკის მიზეზი: უპასუხისმგებლობა, რაც ასაკობრივია?
– მოზარდი ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული ადამიანი თავისი ფასეულობებითა და ნორმებით, ტრადიციებითა და ზნეობით, პიროვნული მეთი. ამიტომ, სტიქიურად იქცევა, როგორც აბობოქრებული ზღვა, როგორც აღელვებული მდინარე. ბუნებრივ სტიქიას ჰგავს მოზარდი, ამიტომაც მოზარდისგან ხშირია არარეგულირებული ქცევები, ჩვენი ტიპის საზოგადოებაში კი, მოზარდებით მანიპულირება კვადრატშია აყვანილი, ვიდრე მოწესრიგებულ საზოგადოებაში. ამდენად, ასეთ ტრაგედიებს, ფაქტობრივად, შობს ჩვენი ყოფა, ჩვენი სახელმწიფოსა და სოციუმის ასეთი მდგომარეობა. ეს შობს ისეთ აგრესიას, რომელიც არ რეგულირდება, დაურეგულირებელი აგრესია კი არის მკვლელობა. მკვლელობა არის ჯუნგლების კანონი, სადაც არ რეგულირდება ქცევები, როდესაც სისასტიკე აღწევს კულმინაციას და ყოველგვარ ზღვარს აჭარბებს.
– ოპონენტების შეურაცხყოფა იქცა მოდად, ხშირია ფიზიკური დაპირისპირებაც პოლიტიკოსებს შორისაც. უხამსობა გახდა ნორმა, არადა დაბინძურებული მეტყველება აბინძურებს აზროვნებას, რაც განაპირობებს ბინძურ ქცევებს. მომავალი თაობა ამას უყურებს და უსმენს, მედიაც ხელს უწყობს ტირაჟირებას. ეს განამტკიცებს მოზარდში გაწყობას, რომ, თუ მინდა, ვიყო პოპულარული და წარმატებული, უნდა მოვიქცე სწორედ ასე?
–   უდაოდ. ჩვენი დღევანდელი რეალობა მართლაცდა სავსეა სასტიკი, აუტანელი, შეურაცხმყოფელი ლექსიკითა და ქცევით. არანაირ ნორმებს არ ემოჩილება ქუჩაში მძღოლისა თუ ქვეითის ქცევა. კულტურის არანაირი ნორმები არ ტრიალებს ჩვენს გარემოში და თითქოს ჩვენც ვეგუებით ამას. ზრდილობა, თავაზიანობა, ტრადიციული ურთიერთპატივისცემა, კულტურული ღირებულებები გაქრა სოციალური სფეროდან, ქუჩიდან. ეს ტრაგედიაა და ეს უნდა შეიცვალოს. ამას სჭირდება მუშაობა. სოციალური რეკლამა, რომელიც მიზანში ამოიღებს ქუჩის ცხოვრებას. ერთი მხრივ, სოციალური რეკლამა მასმედიიდან და, მეორე მხრივ, აღზრდა სხვადასხვა დაწესებულებაში: ოჯახი, ეკლესია, სკოლა, საბავშვო ბაღი. ასეთი ცხოვრების სტილი აუცილებლად უნდა გახდეს სწავლის ობიექტი. ჩვენთან, ფაქტობრივად, გასააზრებელია, როგორი მიმართებები უნდა დამყარდეს ახალ საქართველოში; გასააზრებელია, როგორი ფუნქცია უნდა ჰქონდეს ოჯახს. ესეც პრობლემაა დღეს. ანუ როგორი ნორმები უნდა იყოს ოჯახში, ქუჩაში, სოფელში, ქალაქში. ეს ისეთი თემაა, რომელიც აუცილებლად უნდა გახდეს საყოველთაო საზოგადოებრივი დისკუსიის საგანი. უნდა გაჩნდეს სალაპარაკო სივრცე, სადაც ვიმსჯელებთ, როგორ უნდა ვიცხოვროთ. ეს მოსაფიქრებელი და შესათანხმებელია. ასეთი ცხოვრების წესები თავისთავად არ გაჩნდება, თუ ადამიანები არ დააყენებენ ამ პრობლემას და არ მივალთ კონსენსუსამდე.
– მხოლოდ კანონს შეუძლია, ამ ურთიერთობების დარეგულირება? ძალიან მოდურია დღეს სამოქალაქო საზოგადოება და მუდმივად ხელის  გაშვერა სახელმწიფოსკენ; პირადად მე მიუღებლად მიმაჩნია მანდატურების მეშვეობით პრობლემების მოგვარება, რადგან ეს ნიშნავს, რომ ვერ აგვარებ პრობლემას და ძალადობ, აშინებ მანდატურით. არის გამოსავალი სკოლებში მანდატურების გამრავლება?
– მანდატურს პრობლემამოუგვარებელ საზოგადოებაში აჰკიდეს ფუნქცია, რაც ძალიან კარიკატურულად გამოიყურებოდა. კარგად რეგულირებულ სახელმწიფოში ეს ფუნქციები გადანაწილებული აქვს ათ ინსტიტუტსა და პიროვნებას. ანუ მნიშვნელოვანია ამის რეგულაცია, მაგრამ არა ერთი ადამიანისა და ერთი ინსტიტუტის მიერ.
– საზოგადოებისა და სახელმწიფო სისტემის უმწეობის გამოხატულება იყო, როდესაც მანდატური მოიხმეს სკოლაში?
– აღზრდის პროცეში პასიური იყო ოჯახი; სოციალურ სფეროში არანაირი რეგულირება არ არსებობდა, სკოლის აღმზრდელობითი სისტემა მოშლილი იყო და ნაცვლად იმისა, რომ ეს საკითხები მოგვარებულიყო, ეს ფუნქციები აჰკიდეს მანდატურს და ეს იყო ყველაზე ცუდი გამოსავალი იმ ვითარებიდან.
– ისევ ამ გზით მიდიან: უფრო გამკაცრდება პოლიცია სკოლებშიო. სიმკაცრე არის პრევენცია თუ პირიქით?
– სიმკაცრე ცუდი ხერხია, რადგან ისეთი რეგულაცია უნდა იყოს, რომ სიმკაცრის აუცილებლობა არ დადგეს. ეს არის იდეალი. ამისკენ უნდა მივდიოდეთ: თუკი ოჯახი იქნება თავის ადგილას, თუკი სოციალური ნორმები და ქუჩა იქნება მოქცეული კალაპოტში და სწორ ეთიკურ, მორალურ ნორმებში მოექცევა. მაგალითად: მაპატიეთ, ბოდიში –  განმუხტავს 99 პროცენტს კონფლიქტური სიტუაციის. ანუ თავაზიანობა განმუხტავს კონფლიქტს, რაც არ ხდება.
– ოღონდ თავაზიანობა უნდა იყოს წახალისებული. ჩვენთან კი უფლებადამცველებს რომ უწოდებენ თავს, ისინიც კი ყოვლად უხამსი და აგრესიული ლექსიკით ლანძღავენ ოპონენტებს.
– ბევრი რამ კარიკატურას დაემსგავსა ჩვენს საზოგადოებაში, იმის ნაცვლად, რომ დავინახოთ და გავიაზროთ პრობლემები. იდეალში საზოგადოება იღებს პასუხისმგებლობას ასეთი ვითარების მოგვარებაზე, იმართება მსჯელობა და ამ მსჯელობაში გამოცდილი, დარბაისელი, ზნეობრივი ადამიანები ისეთ სიბრძნეებს გამოხატავენ, რაც ყველასთვის მისაღები ხდება და მკვიდრდება. ჩვენთან კი ასე არ ხდება.
– მთავარი პრობლემა ის მგონია, რომ არც ავტორიტეტები გვყავს.
– ავტორიტეტები არ ჩანან. განიდევნენ, იმიტომ რომ, ისტერიკული გადაცემები მომრავლდა, სადაც შუქდება ისტერიული თემები და გამოიკვეთნენ ყველაზე ნევროტული ტიპაჟები, რომლებზეც მოთხოვნაა. ისინი იპყრობენ საზოგადოების ყურადღებას. ასეთი ექსცენტრიკული ტიპაჟები იზიდავენ მაყურებელს და იწვევენ საზოგადოების ნევროტიზაციის. აი, ასეთ ადამიანებს ეძებენ, პოულობენ და მათ პოპულარიზაციას ეწევიან. მათ ყველა იცნობს.
– დიახ, მათ, რომლებიც ყველაფერს იკადრებენ და ეთიკის ყველანაირ ნორმას დაარღვევენ.
– ამაზეა მოთხოვნა და მათაც იპოვეს თავიანთი ადგილი ჩვენს სოციალურ ცხოვრებაში. ისინი ჩანან ეკრანებზე, მათი აზრებია კულტივირებული და ამიტომაც შედეგი საშინელია.
– ამდენად, ნორმად აღიქმება ასეთი ქცევა-მეტყველება და გაწონასწორებული თუ ხარ და არ ილანძღები, ნორმიდან გადახრილი გამოდიხარ. პირადად მე, შემზარა საზოგადოების ნაწილის დამოკიდებულებამ, რომლებიც დამნაშავე მოზარდების სასტიკ დასჯას მოითხოვენ: ლინჩირებით დაწყებული და მშობლების გასახლებით დამთავრებული. ბუნებრივია, დამნაშავეები უნდა დაისაჯონ კანონის მთელი სიმკაცრით, ოღონდ დანაშაულის სამართლებრივ მხარეს არავინ აქცევს ყურადღებას. სისასტიკით აღშფოთებული ვართ და სისასტიკე რის ბრალია?
– ესეც იმის ნაწილია, რაზეც ვისაუბრეთ; იმის მაგივრად, რომ ასეთი ტრაგედიის შემდეგ, როდესაც ადამიანებმა დაანთეს სანთლები, რასაც თითქოს უნდა მოჰყოლოდა დუმილი, დაფიქრება, იმის მცდელობა, რომ აიხსნას, რაც მოხდა, რომ გადავჭრათ პრობლემა, თურმე, ყველაფერი მოგვარდება, თუ სასტიკად მოვიქცევით. არადა ეს არის ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება, მოხდეს. საზოგადოებამ უნდა დაინახოს ოჯახის, ქუჩის, სახელმწიფოს, სკოლის, ეკლესიის როლი და მხოლოდ ამ ინსტიტუტებში სიტუაციის შეცვლითაა შესაძლებელი, შეიცვალოს არსებული ვითარება. თუ ასე არ დადგა საკითხი და არ შეიცვალა მენტალიტეტი ჩვენი ნებით, ჩვენი გემოვნებით, მომავლის ჩვენეული ხედვით. თუ ეს ინსტიტუტები ისევ სტიქიურად განვითარედა, რეგულირების გარეშე, ამით არსებული ინერცია გაგრძელდება. იმ ზღვარზე ვართ, როდესაც უნდა დავსვათ კითხვები, რა უნდა შევცვალოთ, იმავეს გაგრძელება ტრაგედიაა. ეს ნიშნავს, რომ ვეწერებით იმ ჩამორჩენილი ერების სიაში, სადაც ერთი და იგივე პრობლემები საუკუნეებია, ტრიალებს; არაფერი ეშველათ და ვერ ჩამოყალიბდნენ ცივილიზებულ სახელმწიფოდ და ერად.

скачать dle 11.3