№50 სად შეუძინა ბინა შვილს 500 000 ევროდ „ეროვნული ბანკის” ვიცე-პრეზიდენტმა მურთაზ კიკორიამ და რატომ გაცვალა „საქართველოს ბანკი“ ეროვნულ ბანკზე
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი, ვიცე-პრეზიდენტი მურთაზ კიკორია 1973 წელსაა დაბადებული. 1997 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი – ფინანსებისა და კრედიტის სპეციალობით. მისი შრომითი ბიოგრაფია 1992 წელს დაიწყო საქართველოს ექსპორტ-იმპორტ ბანკში, უცხოური ვალუტისა და აქტივების მართვის ოპერაციების დეპარტამენტის დილერად, საბოლოოდ კი, სავალუტო ანგარიშებისა და საერთაშორისო ოპერაციების დეპარტამენტის უფროსიც გახდა. 1995 წელს, რამდენიმე თვეში გაერთიანებული ქართული ბანკის კორპორატიული სავალუტო ოპერაციების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედაც მოასწო მუშაობა და საერთაშორისო ანგარიშსწორების დეპარტამენტის უფროსადაც. 1995 წლის ოქტომბრიდან 2000 წლის ივნისამდე კომერციულ ბანკ „სილქროუდის“ მმართველი დირექტორი იყო; 2001 წლის განმავლობაში გაერთიანებული ქართული ბანკის ფილიალების მართვისა და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსადაც მოასწრო, ემუშავა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანაშემწედაც. 2001 წლის დეკემბერში კი, საერთოდაც, ეროვნული ბანკის საბანკო ზედამხედველობისა და რეგულირების დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა. 2005 წლის აგვისტოში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მთავარი ბანკირი გახდა. 2007-2008 წლებში „ზარაფხანის“ გენერალური დირექტორი გახლდათ; 2008-2009 წლებში – „საქართველოს ბანკის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე: 2009 წლიდან უკრაინული „ბიჯი ბანკის“ გენერალური დირექტორის მოვალეობას ასრულებდა. 2011-ში კვლავ „საქართველოს ბანკს“ დაუბრუნდა – გენდირექტორის მოადგილედ. 2012 წელს „ალდაგში“ გადაინაცვლა – აღმასრულებელ დირექტორად. 2014–2015 წლებში კვლავ „საქართველოს ბანკის” ფინანსური დირექტორი გახდა, 2015-2016 წლებში – უკვე აღმასრულებელი დირექტორი. 2016 წლის დეკემბრიდან კი, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი და ვიცე-პრეზიდენტია.
მურთაზ კიკორიას მიერ პირველად და ამ ეტაპზე ბოლოჯერ შევსებული დეკლარაცია 2017 წლით თარიღდება, რომელიც მან, ცხადია, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის ამპლუაში შეავსო და ოჯახის წევრებად მიუთითა: 1981 წელს დაბადებული მეუღლე ნინო კოღუაშვილი, ორი შვილი – 1995 წელს დაბადებული თამარი და 1998 წელს დაბადებული გიორგი და ორი გერი: 2000 წელს დაბადებული ნიკოლოზი და 2006 წელს დაბადებული გიორგი.
მურთაზ კიკორიას საკუთრებაა საცხოვრებელი სახლი თბილისში, დიღმის სასწავლო საცდელ მეურნეობაში (523 კვ. მ), ბინა ჭავჭავაძის გამზირზე (145 კვ. მ.), არასაცხოვრებელი ფართი, ასევე, ჭავჭავაძის გამზირზე (129 კვ. მ.), მიწის ნაკვეთი მცხეთის რაიონში (4 500 კვ. მ.), მიწის ნაკვეთი დიღმის სასწავლო საცდელ-მეურნეობაში (1 000 კვ. მ.), საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი მცხეთის რაიონში (250 და 2 500 კვ. მ.). ნინო კოღუაშვილს კი ეკუთვნის ბინა თბილისში, რჩეულიშვილის მეორე ჩიხში (178 კვ. მ.), საცხოვრებელი სახლი (150 კვ.მ.) კიკეთში და მიწის ნაკვეთი კოჯორში (857 კვ. მ.). მურთაზ კიკორიას ორი ავტომანქანა ჰყავს – 2013 წლის BMW M6 და 2010 წლის BMW 550.
დეკლარაციის შევსების მომენტში მურთაზ კიკორიას „თი ბი სი ბანკის“ დეპოზიტზე 2 100 000 ლარს ინახავს, „საქართველოს ბანკის“ მიმდინარე ანგარიშზე – 1 588 500 ლარს, სახელფასო ანგარიშზე – 140 439 ლარს, „თი ბი სი ბანკის“ მიმდინარე ანგარიშზე – 57 600 ლარს. ნინო კოღუაშვილს კი „საქართველოს ბანკის“ დეპოზიტზე მილიონი ლარი ერიცხებოდა, მიმდინარეზე კი – 90 000 ლარი.
ნინო კოღუაშვილი 2016 წლიდან არის სს „დოთგრინის” აქციონერი და შპს „ქართული აგროპროდუქტის“ პარტნიორი.
რაც შეეხება შემოსავლებს: 2016 წელს მურთაზ კიკორიამ, როგორც „საქართველოს ბანკის“ გენდირექტორმა, 313 3280 ლარი აიღო, ნინო კოღუაშვილმა კი, როგორც სადაზღვევო კომპანია „იმედი ელის“ გენდირექტორმა, 236 931 ლარი.
მურთაზ კიკორიამ შვილს მადრიდში 500 000 ევროდ შეუძინა ბინა, რომლის რემონტიც 182 785 ევრო დაუჯდა. ამას გარდა, შვილების სწავლაში 12 000 და 7 000 ევრო გადაიხადა, ქველმოქმედებისთვის კი, 55 000 ლარი გაიღო.