№50 რჩევებით დახუნძლული
მეცამეტე გოჭობა
მართალია, ხალხის რჩეულ (უმრავლესობიდან) შოთა შალელაშვილის (რომელიც, სხვათა შორის, ფრიად ოფიციალურადაა მილიონერი და საკმაოდ შთამბეჭდავ უძრავ ქონებას ფლობს საქართველოშიც და ისარელშიც – შეარგოს!) ხმა არჩევის დღიდან არ გაგვიგონია (ერთი ის ვიცით, რომ პარლამენტის სხდომებს აცდენს ხშირად) და არც მიკროფონთან მისული შეგვინიშნავს, მაგრამ, სამაგიეროდ, მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა, საზოგადოებრივი აქტივობის იშტაზე მოდგა და ამ ჩვენს პრემიერ-მინისტრს სოციალური ქსელიდან ღია წერილით მიმართა.
წერილში კი ურჩია (როგორც ჩანს, გასულ კვირას ლონდონის მერი და აი, ჩვენი კანონმდებელიც რჩევებით დაიხუნძლნენ), მხარი დაუჭიროს აშშ-ს პრეზიდენტს და იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად ოფიციალურად აღიაროს.
მოვიხმობ ციტატას ღია წერილიდან (ანუ უფასო რჩევიდან): „მოგმართავთ ინიციატივით, რაც შეიძლება, მოკლე დროში, საქართველოს მთავრობამ ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ერთად, საქართველოს აღნიშნულ პროცესში მონაწილეობის საკითხის შესახებ იმსჯელოს.“
რატომ? იმიტომ რომ (კვლავ ციტატას მოვიშველიებ ღია წერილიდან): „დღეს საქართველოს აქვს ისტორიული შანსი, აშშ-ის შემდეგ გახდეს პირველი სახელმწიფო, რომელიც მხარს დაუჭერს ამ მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენას, რაც დაადასტურებს ჩვენს მტკიცე ერთგულებას როგორც სტრატეგიული პარტნიორის გადაწყვეტილების, ასევე ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს მიმართ. ეს იქნება გადაწყვეტილება, რომელიც მყისიერად მოუტანს დივიდენდებს ჩვენს ქვეყანას.“
როგორც ილარიონი იტყოდა, აქ ცოტა მეტი მოუვიდა ამ ჩვენს კანონმდებელს (ზედაც – უმაღლესს), რადგან დივიდენდებს ნაკლებად, მაგრამ აი, თავსატეხს კი – ოხრად (ან კი რატომ უნდა ავიტკიოთ ისედაც ატკიებული თავი?!).
მით უფრო, რომ, მაგალითად, ევროკავშირი უკვე გაემიჯნა დონალდ ტრამპის ამ გადაწყვეტილებას. მეორე მხრივ, ჩვენ, ცხადია, გვიხარია, როცა ებრაელ ხალხს უხარია, ოღონდ პოლიტგადაწყვეტილებები მხოლოდ პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე მიიღება (იმიტომ რომ, უანგარო მხოლოდ დედაშვილობაა).
ასეა თუ ისე, ჩნდება ეჭვი, რომ ბ-ნი შალელაშვილი, თუმცა საქართველოს პარლამენტის წევრია, მთლად ბოლომდეც ვერ უნდა აცნობიერებდეს, რომ სწორედ ქართველი კანონმდებელია (და მერე რა, თუ ორმაგი მოქალაქეა?!). ამდენად, არც თუ გაუგებარია, რად გვაქეზებს მეცამეტე გოჭობისკენ ქათამივით წასაკლავად. –