№49 როგორ მოხიბლა ჰონკონგში ყატარისა და გაერთიანებული საემიროს პრინცები მარკუს მეტრეველმა და როგორ შესთავაზა მას ჯეკი ჩანის პროდიუსერმა ფილმში თამაში
მარკუს მეტრეველი ცოტა ხნის წინ ჰონკონგში იმყოფებოდა და ახალი სიმღერით გახსნა სილამაზის საერთაშორისო კონკურსი – Miss Model of the World-2017. მისმა გამოსვლამ დიდი მოწონება დაიმსახურა და რაც მთავარია, არაერთი საინტერესო შემოთავაზებაც მიიღო.
მარკუს მეტრეველი: ჰონკონგში პირველად ვიყავი და ამ დღისთვის დიდი ხნის განმავლობაში ვემზადებოდი. მიმიწვიეს სილამაზის კონკურსზე Miss Model of the World-2017, სადაც 70 ქვეყნიდან მოწვეული ტოპ-მოდელები იღებდნენ მონაწილეობას. ძალიან მასშტაბური და მაღალი დონის კონკურსი გახლდათ, საუკეთესოდ ორგანიზებული – ასეთს ნამდვილად არ ველოდი. მე მიწვეული ვიყავი საქართველოდან როგორც პოპ-ვარსკვლავი, საღამო უნდა გამეხსნა.
– რატომ შეგარჩიეს შენ?
– ეკა მგალობლიშვილმა რამდენიმე მომღერლის ფოტო და ვიდეომასალა გადააგზავნა, რის მიხედვითაც უნდა აერჩიათ მომღერალი, ვინ გახსნიდა კონკურსს. ჩემ გარდა, სხვა ძალიან კარგი მომღერლის მასალებიც იყო გადაგზავნილი, მაგრამ საბოლოოდ, არჩევანი ჩემზე შეაჩერეს – ეს ბიჭი გვინდაო. ეკამ რომ დამირეკა: მარკუს, ზიხარ სკამზე, შენ აგირჩიესო, ძალიან გამიხარდა. სპეციალურად ამ საღამოსთვის ჩავწერე ახალი სიმღერა, ხოლო ჩემს ჩაცმულობაზე „გიზიმ“ იზრუნა.
– თავად რატომ არ იზრუნე?
– ვერ მოვასწარი, თორემ საკუთარ თავს თავად ჩავაცმევდი. საოცარი დახვედრა მოგვიწყვეს და თამამად შემიძლია ვთქვა, ქართველებზე არანაკლები სტუმართმოყვარეები არიან. უნდა გენახათ, როგორ გვიმასპინძლდებოდნენ ყოველდღიურად. შევხვდით საერთაშორისო ჟიურის ყველა წევრს. ერთი კვირის განმავლობაში ძალიან საინტერესო შეხვედრები გვქონდა: ინტერვიუები ტელევიზიებთან, საუბრები, მნიშვნელოვანი ადგილების ნახვა. მე შოკირებული ვარ ამ ქვეყნით – როგორ შექმნა ამ ხალხმა ასეთი საოცარი ქვეყანა. ეს არის ხალხი, რომელიც არასდროს იღლება და 24 საათის განმავლობაში მუშაობს. დილა იწყებოდა კარზე კაკუნით და ყველაფერი იყო გაწერილი. გვიფრთხილდებოდნენ და თბილად გვექცეოდნენ.
– როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ შენ მიმართ?
– ფანტასტიკური. ასეთ ქვეყნებში რომ მიდიხარ, საქართველოსგან განსხვავებით, გრძნობ, რომ ვარსკვლავი ხარ. გრძნობ, რომ ხელოვანი ხარ და შენს შემოქმედებას პატივს სცემენ. ეს ყველა ხელოვანისთვის ძალიან დიდი ბედნიერებაა. ამას ყოველთვის ვგრძნობდი, როდესაც ევროპაში ვცხოვრობდი, მაგრამ, რაც საქართველოში ჩამოვედი, ეს 8 წელი საერთოდ ამოვვარდი კალაპოტიდან.
– როგორ ჩაიარა საფინალო საღამომ?
– ყველაფერი მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული. შოუ დიდ ამფითეატრში ჩატარდა, რომელსაც ესწრებოდნენ: ყატარის პრინცი, გაერთიანებული საემიროს პრინცი, ჰონკონგის პრემიერ-მინისტრი და ასევე, ბევრი, ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი. შოუს 20 ათასმდე მაყურებელი ესწრებოდა. იყო უზარმაზარი სცენა და ბოლოს და ბოლოს, მოვხვდი ჩემს სტიქიაში – თავს რომ დაფასებულად გრძნობ და ხარ იქ, სადაც უნდა იყო. შეიძლება, ქართველებმა არ იციან, მაგრამ ჩინეთს ძალიან მაგარი შოუ-ბიზნესი აქვს – რამდენიმე „ემტივი“, პოპულარული მომღერლები. სიმღერა რომ დავასრულე და კულისებში გავედი, გამაოცა მათმა ჩემდამი დამოკიდებულებამ: დიდი ემოციები გამოხატეს არა მხოლოდ მაყურებელმა, არამედ ჟიურის წევრებმა და პირველმა პირებმა. ინგლისურენოვანი სიმღერა შევასრულე, რომელიც ბორიკო შხიანმა დამიწერა. „ბრავო რექორდსში“ ჩაიწერა, რისთვისაც მას დიდ მადლობას ვუხდი. ასევე, დიდი მადლობა დიზაინერ მარი შაშვიაშვილს, რომელმაც ეს სიმღერა დაასპონსორა და ეკა მგალობლიშვილს, „ნინო ქარდავას სტომატოლოგიურ კლინიკას“ – ჩემმა ღიმილმა და თეთრმა კბილებმა ჰონკონგში ბევრს მოსჭრა თვალი. რაც შეეხება შოუს, როგორც „ვიქტორია სეკრეტის“ ჩვენებისას მღერის მომღერალი და პარალელურად, მოდელები გამოდიან, ასე იყო იმ შოუზეც. ორივე სიმღერაზე გამოდიოდნენ 70 ქვეყნის ლამაზმანები. თან, ვმღეროდი და თან, აქეთ-იქით გამირბოდა თვალები, საოცარი სილამაზე ტრიალებდა ჩემ ირგვლივ. უკრაინამ გაიმარჯვა და საქართველო ტოპ-ოცეულში შევიდა. ჟიური, კონკურსის პრეზიდენტიც იმდენად აღფრთოვანებული დარჩა ამ ყველაფრით, რომ იმავე დღეს გაგვიკეთეს საჩუქარი: დუბაიში დასვენება. ყველანი წავიდნენ, მხოლოდ მე და ეკა დავბრუნდით საქართველოში.
– რატომ არ წახვედით?
– იმიტომ რომ, ამერიკაში მივდივართ. ახალ კოლექციასა და ახალ სიმღერაზე ვმუშაობ. ამერიკაში დაგეგმილი გვაქვს ჩემი ჩვენების მოწყობა. „პრაიმ მოდელ მენეჯმენტის“ მოდელებთან ერთად მივდივართ მე და ქალბატონი ია.
– როგორც ვიცი, ჰონკონგში ძალიან საინტერესო შემოთავაზებები მიიღე?
– კი. სიმღერა რომ დავასრულე, შევედი ოთახში და გაისმა კარზე კაკუნი. გავაღე და კართან იდგნენ: „მის საფრანგეთის“ ნაციონალური დირექტორი და ჯეკი ჩანის პროდიუსერი. ისეთი ემოციებით მესაუბრებოდნენ, ისე ჩამეხუტნენ, რომ ცოტა არ იყოს გამიკვირდა. თან, მითხრეს: მარკუს, შენ უნდა გაგიცნოს ევროპამ. მე ვარ საფრანგეთში ძალიან დიდი სილამაზის კონკურსის ხელმძღვანელი. მთელი ევროპა გნახავს და 12 იანვარს ხარ მოწვეულიო. რა თქმა უნდა, დავთანხმდი, იმავდროულად, ჯეკი ჩანის პროდიუსერმა მითხრა: რაღაც ფილმზე მინდა დაგელაპარაკოო. დამატებით შევხვდით და ვისაუბრეთ ყველაფერზე. ჰონკონგში იღებენ ფილმს, უნდათ ევროპული ტიპაჟი, რომელიც თან მღერის. უნდა გავიარო რამდენიმე ქასთინგი, რომ გაიგონ, როგორ ვლაპარაკობ ინგლისურად, რამდენად გავართმევ თავს. ეს არის ჩემთვის დიდი გამოწვევა, ვითამაშო უცხოენოვან ფილმში, თან, სხვა ქვეყანაში. რთულია, მაგრამ გადავლახავ. ეს ქალი სწორედ ისაა, ვინც ჯეკი ჩანი შექმნა.
– შენგანაც ხომ არ აპირებს ჯეკი ჩანის შექმნას?
– არა. მეც ვკითხე: მე რა მაკავშირებს ჯეკი ჩანთან-მეთქი. მე მხოლოდ ჯეკი ჩანის პროდიუსერი კი არ ვარ, ბევრ ცნობილ მსახიობთან ვმუშაობ, შემიძლია, შენგან ძალიან კარგი პროდუქტი შევქმნაო. სად, ჩინეთში-მეთქი? კი, ჩინეთს მილიარდნახევრიანი აუდიტორია ჰყავს და შენთვისაც კარგი იქნებაო. თავიდან იუმორით მივუდექი, მაგრამ ის ქალბატონი იმდენად სერიოზულად მოეკიდა ამ საქმეს, რომ ჩამოსვლისთანავე მეილები გამოაგზავნა: თქვენი ფოტოები, ვიდეოები, ბიოგრაფია გამოაგზავნეთ, ძალიან გვაინტერესებსო. ვიცი, რომ იქნება დრამა, სხვა, ჯერჯერობით არაფერი ვიცი. არ ვიცი, რა აიტანს 12-საათიან ფრენას. იანვარში ვაპირებ გამგზავრებას და ვნახოთ, რა გამოვა.