კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№49 როგორ სწავლობდა კომპიუტერით საოპერო არიებს კახაბერ ჭუმბურიძე და რა ჯოჯოხეთის გამოვლა მოუწია მას თვეების განმავლობაში

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი

 კახაბერ ჭუმბურიძე საზოგადოებამ „ნიჭიერში“ გაიცნო. მან თავისი საოცარი ნამღერით როგორც მაყურებელი, ასევე ჟიურიც მოხიბლა და საბოლოოდ, გიორგი ბახუტაშვილმა ოქროს ღილაკით ის ფინალში გადაიყვანა. კახაბერს საკმაოდ რთული ცხოვრება აქვს გამოვლილი, მან წლების წინ უმძიმესი დაავადება დაამარცხა და დღეს ის ჯანმრთელია, ჰყავს ოჯახი, ორი შვილი და სამომავლოდ მუსიკალური კარიერის გაგრძელებას აპირებს. პროფესიით მხატვარია, ხეზე მხატვრული კვეთის ოსტატი, რომელიც უკვე მის ჰობად გადაიქცა.
კახაბერ ჭუმბურიძე:
ლაგოდეხის რაიონიდან ვარ, სოფელ ლელიალიდან, სადაც დავიბადე, ფეხი ავიდგი და ძალიან მიყვარს. მას შემდეგ, რაც სტუდენტი გავხდი, დაახლოებით 10 წელია, თბილისში ვცხოვრობ. ცელქი კი ვიყავი, მაგრამ იმავდროულად, დაჩაგრული იმით, რომ მუდმივად ექიმებში მიწევდა ყოფნა. ჩემი ცხოვრება საკმაოდ რთული იყო, კარგი ბავშვობა ნამდვილად არ მქონია.
– რას გულისხმობთ?
– ჩემს ჯანმრთელობის მდგომარეობას. პატარაობაში ღვიძლზე პრობლემები მქონდა, ინფექციურში ვმკურნალობდი. როგორც კი გამოვჯანმრთელდი, დავამთავრე მკურნალობის კურსი, დამემართა ეს საშინელება – ლეიკემია. 15-16 წლამდე ვიტანჯებოდი და შემდეგ გამოვჯანმრთელდი. როგორც მეუბნებიან, ლეიკემია შიშის გამოც ემართებათ ადამიანებს. შიშით ნამდვილად შემეშინდა.
– რა დაგემართა?
– ღამე მომინდა გარეთ გასვლა და ეზოში რაღაც საშინელება დავინახე. ძალიან შემეშინდა, ხმამაღლა ვყვიროდი, მაგრამ ჩემი ხმა არავის ესმოდა. პატარა ვიყავი, არ ვიცი, მომელანდა თუ არა, მაგრამ უშველებელი მწვანე თვალები მანათებდა: არც კატა იყო, არც ძაღლი. ვკიოდი, ვყვიროდი, მაგრამ არავის ესმოდა ჩემი ხმა. ბოლოს გაშეშებული, გათეთრებული მიმიყვანეს სახლში. მეორე დღეს, მოხუცებმა რომ იციან, შემილოცეს. ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ ერთი წლის მერე დამემართა ლეიკემია. როგორც მითხრეს, ეს შიშის ბრალი გახლდათ. მახსოვს, 16 წელი საავადმყოფოში შემისრულდა და ჩემი ძმაკაცები მოვიდნენ. ისე გამიხარდა, ვთქვი: როგორ ვყვარებივარ-მეთქი.
– რა დაგემართათ ერთი წლის შემდეგ, როგორ გაიგეთ, რომ ლეიკემია გქონდათ?
–  ერთ დილას რომ გავიღვიძე, მუცელი მქონდა შებერილი და ძალა მომემატა მოულოდნელად, ყველაფერს ვამტვრევდი. მახსოვს, ერთი მანქანა შეშა მოიტანეს და 15 წლის ბავშვმა მარტო დავჩეხე – დაღლას ვერ ვგრძნობდი. ექიმმა გამსინჯა და მაშინვე თბილისში გამომიშვა. აქ ექიმმა, როგორც კი შემომხედა, გამომიკვლია და მაშინვე გვითხრა: ამ ბავშვს ლეიკემია აქვსო. არც ვიცოდი, რა დაავადება იყო. დედას ვეუბნებოდი: სახლში ხომ მალე წავალთ-მეთქი. მეგონა, რამდენიმე დღეში გამოგვწერდნენ, მაგრამ ეს რამდენიმე დღე, 8 თვე გაგრძელდა. სამი კურსი ჩამიტარეს. იაშვილის კლინიკაში ვიწექი. ამას წინათ ერთმა მეგობარმა მომწერა, რომელიც მაშინ ჩემთან ერთად იწვა. ის 6 წლის იყო, მე –16-ის, დედამისმა მიცნო „ნიჭიერში“ და დამიმესიჯეს. ძალიან ბედნიერი ვიყავი, გამიხარდა, რომ კარგად არის.
– ეს 8 თვე, ალბათ, ყველაზე რთული გადასალახი იყო.
– პირველი ქიმია რომ გამიკეთეს, ძალიან ცუდად ვიყავი, სრულიად გამოვიფიტე, სიარულიც კი მიჭირდა. მახსოვს, მამამ დამირეკა მობილურზე და ერთი ნაბიჯი რომ გადავდგი, წავიქეცი. დედა და და სულ ჩემ გვერდით იყვნენ პალატაში. ასევე, ნათესავები. მეორე ქიმია, რომელსაც მე ვიკეთებდი, ორგანიზმს შიგნიდან წვავს. პირში სავლები თუ არ გამოივლე, მთელი პირი დაგეწვება. მე დიდი ვიყავი და ვუჯერებდი ექიმებს, მაგრამ იყვნენ ბავშვები, რომლებიც არ უჯერებდნენ და მთელი პირი, ტუჩები დამწვარი ჰქონდათ. მესამე გადასხმისას სულ ჭამა მინდოდა. 8 თვის შემდეგ გერმანიაში გამაგზავნეს, სადაც დასხივება გამიკეთეს. ეს არის ბოლო ეტაპი და ღმერთს მადლობა, რომ გაგვიშვეს, ვიმკურნალე.
– გქონდათ დეპრესიული მომენტები?
– კი, საშინელი, სულ დათრგუნული ვიყავი, არსად წასვლა არ მინდოდა. ხალხი სანახავად რომ მოდიოდა, ტიროდნენ. თურმე, ერთი ფეხი სამარეში მქონდა, მე ვერ ვხვდებოდი, რომ შეიძლება, მოვმკვდარიყავი. ვინც არ უნდა შემოსულიყო, ტირილს იწყებდნენ და ვფიქრობდი: რა ატირებთ-მეთქი. საბრძოლო სულისკვეთება მქონდა, არ ვნებდებოდი, ბოლომდე ვიბრძოდი. ვიცოდი, რომ დაავადებას დავამარცხებდით. ასეთ დროს ყველაზე მთავარია, გწამდეს ღმერთის, გჯეროდეს საკუთარი თავის და უნდა შეუტიო ამ დაავადებას, დაუჯერო მშობლებს, ექიმებს. ბევრი ბავშვი ვნახე,  ამ ჯოჯოხეთიდან რომ გააღწევდნენ, მერე, თურმე, სვამდნენ, ეწეოდნენ, არ იცავდნენ დიეტას, რეციდივი ვითარდებოდა და უკან ბრუნდებოდნენ. სულ ვფიქრობდი: ამ ჯოჯოხეთიდან გამიყვანა და აქ რა დამაბრუნებს-მეთქი. ვგიჟდებოდი: რატომ, რატომ, აქედან გადიხარ და ისევ აქ ბრუნდები?!
– საბოლოოდ დაამარცხეთ დაავადება?
– კი და ექიმმა მითხრა: ბოლო „ფლაკონის“ გადასხმას რომ დაამთავრებ, ისე გადააგდე, უკან არ გაიხედოო. მართლაც, ისე მოვისროლე, შორს, სადღაც. ბედნიერება იყო, ოღონდ 5 წლის განმავლობაში მკაცრ დიეტას ვიცავდი. კონტროლზე ვიყავი და 5 წლის შემდეგ მითხრეს: სრულიად ჯანმრთელი ხარო. ჯანსაღი ცხოვრების წესს დღემდე ვიცავ. არასდროს მყვარებია დალევა, სიგარეტის მოწევა და ეს ყველაფერიც მეხმარება. რაც მთავარია, ეს საშინელება დამთავრდა. ახლა „ფეისბუქზე“ რომ ვნახულობ პოსტებს, სულ მიკვირს: პატარა ბავშვები როგორ უძლებენ ამას. ჯერჯერობით უმუშევარი ვარ და მეც და ჩემს მეუღლესაც, რაც შეგვიძლია, ვეხმარებით ასეთ ბავშვებს. როდესაც მითხრეს, ჯანმრთელად ხარო, უფალს დავპირდი: თუ მე ცხოვრებაში რამე წარმატებას მივაღწევ, დაავადებულ ბავშვებს გვერდში დავუდგები როგორც სულიერად, ისე ფინანსურად-მეთქი. ერთხელ, ერთმა მშობელმა მითხრა: ჩემი შვილი ლეიკემიით არის დაავადებულიო. რომ ვუთხარი: მეც ვიყავი ადრე, წლების წინ და ახლა სრულიად ჯანმრთელი ვარ-მეთქი. მის თვალებში უდიდესი ბედნიერება და სტიმული დავინახე. „ნიჭიერშიც“ ამიტომ გამოვედი. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რომ მათ დავეხმარო.
– ასეთი საოცარი ხმა საიდან გაქვთ?
– მამაც და დედაც მღერიან ხალხურ სიმღერებს. როცა სტუმრები მოდიოდნენ, მამა სულ მღეროდა და მეც ვისწავლე ხალხური სიმღერები. ძალიან მიყვარს, დღემდე ვმღერი. რაც შეეხება ოპერას, 5-6 წლის წინ დავუთმე დიდი ყურადღება. დედა ოპერაზე აფანატებს და სულ მეუბნებოდა: უყურე, მოუსმინეო და მეც ვუსმენდი. ინტერნეტში არის ვიდეოები, სადაც მაესტრო მომღერლებს გამებს ამღერებს. ვუსმენდი დიდ მომღერლებს და ნელ-ნელა, ვსწავლობდი სმენით. ისიც დამეხმარა, რომ მუსიკალური სასწავლებელი მაქვს  დამთავრებული ფორტეპიანოს განხრით. ნოტების ცოდნა დამეხმარა,  ნოტებითაც ვსწავლობდი. ახლა ძალიან მინდა, ვინმემ შემამჩნიოს, მომისმინოს, სამუშაო მომცეს. კონსერვატორიაშიც კი მინდა ჩაბარება, მაგრამ ცოლ-შვილი მყავს, იმათ რჩენა უნდათ და სწავლა რომ განვაგრძო, მერე როგორ, რით ვარჩინო, ვერ შევძლებ შეთავსებას.
– როგორ შეაყვარეთ მეუღლეს თავი?
– ნათესავის, მეგობრის ოჯახში გავიცანი. ძალიან მომეწონა და თვალი დავადგი. ერთი წლის განმავლობაში დარეკვებით, მესიჯებით, შეხვედრებით გაგრძელდა ჩვენი ურთიერთობა. მერე სიყვარული ავუხსენი, სერენადაც ვუმღერე და ოჯახიც შევქმენით. ახლა ორი გოგონა მყავს – 2 წლისა და 8 თვის და – 5 თვის.
– „ოქროს ღილაკი“ მოულოდნელი იყო თქვენთვის?
– ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი. ვფიქრობდი, შეიძლება, ორი „კი“ მითხრან-მეთქი. ბახუტამ რომ დააჭირა ხელი, რაღაც აფეთქდა და ისეთი ხმა ჰქონდა, შემეშინდა. მერე მივხვდი, რაშიც იყო საქმე და ძალიან გამიხარდა. ფინალში იქნება ბომბი, საოცრება, თუმცა ჯერ არ ვიტყვი, რას ვმღერი.

скачать dle 11.3