№49 აჩიკო სოლოღაშვილი: „ჩვენ ოჯახში უსქესოდ ვაკეთებთ ყველაფერს“
ცოტა ხნის წინ, აჩიკო სოლოღაშვილმა სტილი შეიცვალა და მაყურებლის წინაშე ახალი იმიჯით წარდგა. თავიდან უჭირდა საკუთარ თავთან შეგუება, მაგრამ ახლა ძალიან მოსწონს. რას უკავშირდება მისი ახალი იმიჯი, განიხილება თუ არა მისი „რუსთავი 2-იდან“ „იმედზე“ გადასვლა და რა ოცნება აისრულეს მან და მისმა მეუღლემ ზაფხულში, ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე პასუხებს მისგან შეიტყობთ.
აჩიკო სოლოღაშვილი: „მარაოზე“ ახალი გადაცემა „ხუთი ვარსკვლავის“ წამყვანობა შემომთავაზეს. მინდოდა, აქ ახალი იმიჯით ვყოფილიყავი და ამიტომ გადავწყვიტე, სტილი შემეცვალა. თუმცა, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ერთი იმიჯით, არც არასდროს ვყოფილვარ. ამ შემთხვევაში, თმაც მომისუსტდა და ამ ამბავსაც მივხედე. იმედი მაქვს, ახლა უფრო მეტი და ხარისხიანი ამოვა. პროფესიიდან გამომდინარე, იმიჯის შეცვლა ხშირად მიწევს. ამას მიჩვეული ვარ, მაგრამ ახლა მინდოდა, კიდევ უფრო სხვანაირი ვყოფილიყავი. თუმცა, თავი არასდროს გადამიპარსავს და ძალიან მეშინოდა, სარკეში მოულოდნელად რომ ვიხედებოდი – თითქოს, სხვა ადამიანი მიყურებდა (იცინის). ვიღაცებს მოსწონთ, ვიღაცებს, პირიქით, ძალიან არ მოსწონთ. რაც მთავარია, მე და ჩემს მეუღლეს ძალიან მოგვწონს. თავიდან ცოტა სკეპტიკურად ვუყურებდი ამ ყველაფერს, მაგრამ გადაპარსულ თმას უკან ვეღარ ამოვიყვანდი. ნუცას რეაქცია სტიმული იყო ჩემთვის, ახლა მეხვეწება, კიდევ გადაიპარსეო (იცინის).
– თავიდან როგორი რეაქცია ჰქონდა, როცა უთხარი, რომ იმიჯის შეცვლას აპირებდი?
– ნუცამ ასეთი გიჟი გამიცნო და შევუყვარდი. ის, რომ ყოველთვის სიახლეების ძიებაში ვარ, მისთვის ახალი ამბავი არაა. გადახოტრილი თავი პირველივე დანახვისას ძალიან მოეწონა. იმ პერიოდში მე ჯერ კიდევ სარკეში ვერ ვიხედებოდი, ძალიან დიდ ხანს ვერ ვეგუებოდი თავს. ქუდებისა და ბევრი აქსესუარის შეძენა დამჭირდა ახალი იმიჯის მოსარგებად. თუმცა, ახლა ძალიან კმაყოფილი ვარ.
– ბოლო პერიოდში, აქტიურად განიხილებოდა „რუსთავი 2-იდან“ „იმედზე“ ტელეწამყვანების გადასვლის ამბავი. ბევრს ლაპარაკობენ შენს გადასვლაზეც. მით უმეტეს, რომ ნუცა „იმედზე“ მუშაობს.
– მიხარია ყველა იმ ადამიანის კარგად ყოფნა, ვინც მიიჩნევს, რომ „იმედზე“ კარგად არის. ისინი, უპირველესად, ჩემი მეგობრები არიან. ყველაზე მეტად დიმა ობოლაძე მაკლია. ძალიან მიყვარს და სადაც უნდა იყოს, მისი უკმარისობის შეგრძნება სულ მექნება. მასავით პოზიტიური და კარგი ადამიანი ბევრი არაა. თან, ამდენი წელი ვიყავით ერთად ეთერში და შევეჩვიე. ამ ადამიანებმა მიიღეს შეთავაზება და მათი გადასაწყვეტი იყო. მე ჩემს თავს ვერ მივცემ უფლებას, რომ ვინმეს გადაწყვეტილება განვიკითხო. ასეთ ცვლილებას ისე ვუყურებ, როგორც ახალ როლს. მთავარია, როგორ მიიღებ მას, რამდენად მოერგები და გაამართლებ. ყველას წარმატებას ვუსურვებ, დამრჩენსაც და წამსვლელსაც.
– შენ არ გქონია „იმედზე“ გადასვლის სურვილი ან შემოთავაზება?
– ჯერჯერობით ასეთი რაღაც არ ყოფილა. მე ყველგან სტაბილურობას ვეძებ. საქართველოში ამის მოპოვება ძალიან რთულია. ვცდილობ, იქამდე ვიყო, სადაც ვარ, სანამ მაყურებელსა და პროდუსერებს ვჭირდები. თუ არადა, მერე, გადავწყვეტ ისეთი ადგილის მონახვას, სადაც საჭირო ვიქნები. ჩემი მხრიდან, ყოველთვის ვეცდები, მოთხოვნადი ვიყო.
– ნუცას არ უთქვამს, გადმოდი „იმედზეო“? ერთად ყოფნას მაინც სხვა ხიბლი აქვს, ალბათ.
– არა. როცა ორივე „რუსთავი 2-ში“ ვმუშაობდით, მივხვდით, რომ ცოლ-ქმრის ერთად მუშაობა, არც ისე კარგია. თან, ერთად ვიყავით, თან არა. ასე, რომ, ნუცას მსგავსი არაფერი უთქვამს. ამ ეტაპზე ასეა და მერე რა იქნება, ვნახოთ.
– ნუცას ცხოვრებაშიც ახალი ეტაპი დაიწყო, კარიერული თვალსაზრისით.
– კი ბატონო, ახალი ფორმატია. მიხარია და ეს სიახლე ძალიან მომწონს. „ქრონიკაში“ პიროვნულად არ ჩანდა ის ნუცა, რომელიც მე მიყვარს და რომელზეც ყველა მისი ნაცნობი გიჟდება. ახლა მრავალი კუთხითაა მისი დანახვა შესაძლებელი და მე, როგორც ერთ, რიგით მაყურებელს, ძალიან მომწონს.
– თუმცა, ახლა, ალბათ, კიდევ მეტ დროს ატარებს სამსახურში.
– ახლა კიდევ უფრო მეტი მოვალეობა აკისრია. პირად ურთიერთობაში ეს დროს გვართმევს, მაგრამ მაინც ვცდილობთ, როგორღაც გამოვნახოთ ის ორი-სამი საათი, როცა ერთმანეთის ნახვა შეგვიძლია. სახლში რომ მივდივართ, სამსახურს უკან ვტოვებთ. დილას რომ ვიღვიძებ, ნუცა არ არის, მაგრამ საღამოს ვახერხებთ ერთად ყოფნას და ძალიან გვიყვარს ერთად ვახშმობა.
– ერთად ყოფნიდან რამდენიმე წლის შემდეგ, წყვილები წუწუნებენ, რომ ურთიერთობას რაღაც დააკლდა. თქვენს შემთხვევაში როგორაა?
– საწუწუნო არაფერი გვაქვს. იმდენად იშვიათად ვხედავთ ერთმანეთს, იმდენად ცოტა დრო გვაქვს ერთმანეთისთვის, რომ სულ შეყვერებულები ვართ. თითქოს, ახლა დაიწყო ჩვენი ურთიერთობა. ამას თავის ძალიან დიდი პლუსი აქვს. მოწყენისა და ურთიერთობით დაღლის დრო არ გვაქვს.
– დღესაც ისევ უწყობთ ერთმანეთს სიურპრიზებს, როგორც ადრე?
– ძალიან არ მიყვარს სიურპრიზები, მაგრამ ნუცა მაინც მიწყობს ხოლმე. ახლაც, დაბადების დღეზე ჩემი მეგობრები მომაყენა, ღამის 12 საათზე. ვიჯუჯღუნე, მაგრამ ეს წამიერად გაგრძელდა. ის მეგობრები იყვნენ, ვისთანაც მთელი ბავშვობა გავატარე და ახლა, სამწუხაროდ, ხშირად ვერ ვხედავ. თვალზე ცრემლი მომადგა ემოციებისგან. თუმცა, ზოგადად, არ ვიცი, რატომ, მაგრამ ბავშვობიდან არ მიყვარს სიურპრიზები. მირჩევნია, სიტუაციას ვაკონტროლებდე და მოულოდნელობებს გავურბივარ. სამსახურის მსგავსად, პირად ცხოვრებაშიც ძალიან სტაბილური ვარ. ამაში ვერ ვთანხმდებით მე და ნუცა, ის გიჟდება სიურპრიზებზე. მისთვის სიურპრიზების გაკეთება მეც მიყვარს. ვცდილობ, მაშინ გავუკეთო საჩუქარი, როცა არ ელოდება. მაგალითად, გუშინ საყურე ვაჩუქე, იმიტომ რომ, სულ კარგავს და ძალიან გაუხარდა. 21 იანვარს ჩვენი ერთად ყოფნიდან ექვსი წელი სრულდება. ამ დღეს ყოველთვის მეგობრებთან ერთად აღვნიშნავთ. ხუთი წლის იუბილეც მეგობრების წრეში აღვნიშნეთ და ახლაც იგივე გეგმა გვაქვს.
– არდადეგები სად გაატარეთ?
– ზაფხულში როგორღაც დავამთხვიეთ ჩვენი შვებულებები და ევროპაში, მეგობართან წავედით. ბრიუსელში ჩავედით და იქიდან სხვადასხვა ქვეყანაში გადავდიოდით. ორივეს მშვიდი და წყნარი დასვენება გვიყვარს, რომ მთელი წლისთვის საკმარისი ენერგია მოვიკრიბოთ. პარიზშიც ჩავედით. აქამდე არც მე და არც ნუცა არ ვიყავით იქ ნამყოფი. ერთ-ერთი ჩემი საოცნებო ქალაქია და ამ ზაფხულს მოვახერხეთ მე და ნუცამ ამ ოცნების ასრულება. უბედნიერესი დღეები იყო. ვიქტორ ჰიუგოს ქუჩაზე ვცხოვრობდით პარიზულ სასტუმროში და ყოველი დილა კრუასანითა და ყავით იწყებოდა. პირველი, რასაც საფრანგეთში გავექეცით, კაფე „ლა ფრანსი“ იყო, რომელიც ქართველებს აქვთ ამოჩემებული. რომ გავიარეთ, ულამაზესი ქართველი გოგონა იჯდა ამ კაფეში და ტელეფონზე ლაპარაკობდა: „შენა, მოვედი უკვე, შენ სადა ხარ?” და სასწრაფოდ ჩავიარეთ (იცინის). ევროპიდან დაბრუნების შემდეგ, მე მეგობრებთან ერთად წავედი ზღვაზე. ნუცა მუშაობდა და სამწუხაროდ, ვერ მოახერხა წამოსვლა.
– ეჭვიანები თუ ხართ?
– ცოტა ეჭვიანი ვარ. მაგრამ, ჩემი ეჭვიანობა არაფერში გამოიხატება. ზოდიაქოთი „მორიელი“ ვარ და მინდა-არ მინდა, რაღაცები ზემოდან იმართება (იცინის). თუმცა, უმიზეზოდ არასდროს მიეჭვიანია. რა ვქნათ, ძალიან კარგი გოგოა ეს ნუცა და ვერაფერს ვიზამთ. პირიქით, მიხარია და ძალიან მსიამოვნებს, რომ ასეთი გოგო ჩემია. თუ ვინმე მისთვის თავის მოწონებას ცდილობს ან კომპლიმენტს ეუბნება, ამას ჩემს კომპლიმენტად ვიღებ.
– ოჯახურ ამბებს როგორ ინაწილებთ?
– რომელსაც რისი დრო გვაქვს, იმას ვაკეთებთ. რადგან ნუცა ქალია, აუცილებლად მან უნდა იტრიალოს სამზარეულოში – ეს წესი არ გვაქვს. სარეცხიც გამირეცხავს და ჭურჭელიც. სხვათა შორის, უფრო ხშირად მე ვრეცხავ, ვიდრე ნუცა. მაგრამ, დღეს ჭურჭლის სარეცხი მანქანაც გვაქვს და ტანსაცმლისაც. მე კაცი ვარ და ფეხებს ავყრი, შენ საქმე გამიკეთე-მეთქი, ჩვენთან წარმოუდგენელია. ერთად თუ მივდივართ სახლში და დასალაგებელი გვაქვს, საქმეებს ვინაწილებთ. ჩვენს ოჯახში სახლის მოსაწესრიგებლად სქესს მნიშვნელობა არ აქვს. უსქესოდ ვაკეთებთ ყველაფერს.