№49 როგორ შეხვდა ლალი თავართქილაძე ვანგას, რა უწინასწარმეტყველა მან და როგორ ესახებოდა მონასტრის კედელზე მუშაობისას ეშმაკები
ლალი თავართქილაძე, გარდა იმისა, რომ საკუთარი წამლებით უამრავი დაავადების მკურნალობა შეუძლია, ხელოვნების ულამაზეს ნიმუშებსაც ქმნის, რაც ხშირ შემთხვევაში, წინასწარმეტყველურია. შესაბამისი ცოდნა გენეტიკურად ერგო და წინაპრების დაწყებულ გზას წარმატებულად აგრძელებს.
ლალი თავართქილაძე: ექიმისა და ფარმაცევტის ოჯახში დავიბადე. მამაჩემი, გარდა იმისა, რომ ექიმი იყო, ხატავდა კიდეც და კერამიკაზეც მუშაობდა. დედის მხრიდან ჩემი წინაპრები სამონასტრო მედიცინას ფლობდნენ. არ ვიცი, რა დამსახურების გამო, მაგრამ დედას ერთმა პოლონელმა ქალმა მედიცინის სფეროში საგვარეულო ცოდნა და უძველესი რეცეპტები გაანდო. ეს არის ტიბეტური რეცეპტურა, რომელსაც დღესაც წარმატებით ვიყენებ. მეც მშობლების პროფესია ავირჩიე – ექიმიც ვარ და ფარმაცევტიც. სხვათა შორის, ფარმაცევტული წითელ დიპლომზე მაქვს დამთავრებული. არაჩვეულებრივად ვიცი ტიბეტური მედიცინა. მედიცინის სფეროში ჩემი დაც ძალიან წარმატებულია. დისშვილი ცნობილი ემბრიოლოგია. ჩემი პროფესია აირჩია ჩემმა უფროსმა ქალიშვილმაც. ფიტოთერაპიით დაინტერესება გენეტიკურია. ჩემი ბებიებიც საუკეთესო დასტაქრები იყვნენ. მათგან მაქვს გადმოცემული უნიკალური, უძველესი რეცეპტები, რასაც დღითი დღე ვამდიდრებ ჩემი ცოდნითა და აღმოჩენებით. ჩემი რძალი ინგლისურის ძალიან ცნობილი სპეციალისტია, მაგრამ პარალელურად, ფარმაცეპტიულიც დავამთავრებინე. სულ მე არ ვიქნები ცოცხალი და აფთიაქი ხომ უნდა დავუტოვო?! მანაც იცის ამ წამლების დამზადება.
– რა დაავადებებს კურნავთ?
– მე, ძირითადად, კანის დაავადებებზე ვმუშაობ. ძალიან ეფექტურად ვმკურნალობ ფსორიაზს. ონკოლოგიური ავადმყოფები, რომლებსაც ქიმიოთერაპიის შემდეგ დამწვრობები აქვთ, ჩემთან ძალიან ხშირად მოდიან დამწვრობის საწინააღმდეგო მალამოებისთვის. ჩემი დამწვრობისა და სტაფილოკოკის საწინააღმდეგო მალამოები ძალიან შედეგიანია. ვმკურნალობ სოკოვან დაავადებებს, პაპილომებს, კოჟრებს. თუმცა, კანის დაავადებებს შორის, ყველაზე მოთხოვნადი ფსორიაზია. ჩემ მიერ მომზადებულ ფსორიაზის წამალში არცერთი ჰორმონი არ შედის. ჰორმონული მკურნალობა საშინელებაა. სწრაფი შედეგი აქვს, მაგრამ მერე უარესად ხდები. საერთოდ, მე სამკურნალოდ, ძირითადად, მცენარეებს ვიყენებ. თუმცა, სააფთიაქო წამლებსაც ვიყენებ. ძალიან კარგი შედეგები მაქვს აკნეს მკურნალობაში. გარდა ამისა, სახსრების წამლებსაც ვამზადებ. ტიბეტური მედიცინის დამსახურებით, ნებისმიერი ტკივილის მოხსნა შემიძლია. მთავარი ტკივილის ცენტრის პოვნაა. ასეთი პაციენტიც ძალიან ბევრი მყავს. მე თვითონაც შაკიკი მაქვს და იმ წერტილებს ხან შვილი მიმუშავებს, ხან სასწრაფოს ვიძახებ. ყველას არ შეუძლია საჭირო წერტილების პოვნა. ეს არის „ტკივილით ტკივილის მოხსნა“. ვისაც შაკიკი აწუხებს, იცის, ეს რამდენად არანორმალური ტკივილია. თუმცა, მისი მოხსნის პროცესიც ისე მტკივნეულია, შეიძლება, იღრიალო, მაგრამ შედეგი მომენტალურად დგება. კბილის, ყელისა და საერთოდ, ნებისმიერი სახის ტკივილი უცებ ქრება.
– ქალბატონო ლალი, როგორც ვიცი, მომავლის შესახებ ვანგამ გიწინასწარმეტყველათ. როგორ შეხვდით მას?
– მამაჩემი ოფიციალურად იყო აღიარებული მილიონერად და შეეძლო ჩემი პატარ-პატარა სურვილების შესრულება. ვთხოვე, ბულგარელ ნათელმხილველ ვანგასთან შეხვედრაში დამხმარებოდა. 17 წუთი გავატარე ვანგას სამუშაო ოთახში, რომელმაც ქრონოლოგიური სიზუსტით აღწერა მომავალში ჩემი გასავლელლი გზა და მოსალოდნელ საფრთხეებზე მიმითითა. მისგან გავიგე, რომ ჩემი გენეტიკური ხაზი, რომელიც დედის მხრიდან მომდინარეობს, მკურნალ-მეწამლეობას უნდა შევალიო. ვანგამ მიწინასწარმეტყველა, რომ მომავალში ბიოკომფორტულ ზონაში შევიძენდი მიწას, სადაც სამკურნალო ცენტრს ავაშენებდი. მითხრა: მთელი მსოფლიო ჩამოვა იმ მიწაზე, სადაც შენ 18 წლის შემდეგ დასახლდებიო. ეს ჩემთვის ძალიან უცნაური იყო, რადგან ოზურგეთელი ვარ და იქვე გავთხოვდი. თუმცა, წლების შემდეგ, მამაჩემმა ურეკში მაჩუქა მიწის ნაკვეთი, სადაც ზღვის სეზონზე, მართლაც მთელი მსოფლიოდან ჩამოდის ხალხი. შესაბამისად, უამრავ ქვეყანაში გადის ჩემი მშობლებისგან დანატოვარი რეცეპტებით დამზადებული პრეპარატები. როცა აფხაზეთს ვკარგავდით და ზღვისპირა ქალაქები ცეცხლის ალში ეხვეოდა, ვანგამ მითხრა: ურეკი არ დატოვო, აქ ჯარი შემოვა, მაგრამ თმის ღერი არავის ჩამოუვარდებაო. თუმცა, ჩემ გარდა, თითქმის ყველა ახლობელმა დატოვა აქაურობა. ჯარი მართლა შემოვიდა, მაგრამ არავისთვის არაფერი დაუშავებია.
– თქვენი ცოდნა ეკლესიასაც დაუკავშირეთ, არა?
– როცა პატრიარქმა მოუწოდა სახალხო მკურნალებს, თავიანთი ცოდნა და გამოცდილება ეკლესია-მონასტრებისთვისაც გაეზიარებინათ, რატომღაც, საკუთარ გაფრთხილებად ჩავთვალე და გადავწყვიტე, ქართული ეკლესია-მონასტრებისთვის მიმეწოდებინა ჩემი რეცეპტები, მათ შორის, საავტორო მიგნებებიც. პირველად წავედი რუის-ურბნისის ეპარქიაში და ურბნისში მოღვაწე იღუმენიას, დედა ნინოს გავანდე ჩემი გადაწყვეტილება. დედა ნინო მადლიერებითა და სიხარულით შეხვდა ჩემს შეთავაზებას და უმოკლეს დროში შექმნა უამრავი სამკურნალო საშუალება, რომლებიც რთულად განსაკურნავ დაავადებებსაც სწრაფად და ეფექტურად კურნავს. მიუხედავად იმისა, რომ ხატვაც არ ვიცი, მამის მსგავსად, კერამიკაზე მუშაობა დავიწყე. საკუთარი სახლი ისე მაქვს, რომ ვუყურებ, მართლა არ მჯერა, ამის გაკეთება ადამიანის ხელმა რომ შეძლო. რუისში ყოფნის დროს სატრაპეზო გავაკეთე. ამ ნამუშევარში უამრავი წინასწარმეტყველებაა. ამას თვითონ მეუფე იობი ამბობს. სანამ მუშაობას დავიწყებდი, კედელი ჩამოვფხიკე და წარმოიდგინეთ, ტაძრის კედლის ჩამოფხეკისას, ზედ თავისით ისახებოდა ეშმაკის გამოსახულებები. იმ პერიოდში ძალიან დიდი ბრძოლები მქონდა საკუთარ თავთან და კინაღამ გამოვიქეცი იქიდან. დედა ნინო მეუბნებოდა, შენ ისეთი რამე გახსენი, ბრძოლები, რა თქმა უნდა, გექნებაო. საკუთარი თვალით უნდა ნახოთ, როგორ დალაგდა ამ ნამუშევარში ქვები. გვერდიდან რომ გახედოთ, დავით აღმაშენებლის გამოსახულებას დაინახავთ. მე ხატვაც არ ვიცი, ეს რომ განზრახ გამეკეთებინა. ეს ფორმა გამოსახულებამ თავისით მიიღო. მეუფე იობიც გაოცებული უყურებდა ამ ნამუშევარს.
– ქალბატონო ლალი, თქვენს წინასწარმეტყველურ შესაძლებლობებზეც გვსმენია...
– კედელზე ჩემს ნამუშევარში საქართველოს სურათი აისახა. ამის კეთება ფასადის დასაფარად დავიწყე, მაგრამ უცებ, ჩემდაუნებურად, ჯერ საქართველოს რუკა გამომესახა, მერე ევროკავშირის დროშა. ბევრისთვის მითქვამს, სრულიად მოულოდნელად, წინასწარმეტყველური რაღაც, მაგრამ ეს სპონტანურად ხდება. სპეციალურად ვერ მოვინდომებ. არაერთხელ უკითხავთ: აი, ახლა რას ხედავო, მაგრამ თუ თავისით არ მოვიდა აზრი, მე არაფერი შემიძლია.
– ბოლოს, იქნებ რამდენიმე რეცეპტი გაუმხილოთ ჩვენს მკითხველს ბებიების არქივიდან.
– ძვალსახსროვანი დაავადებით შეწუხებულებს შვებას მოჰგვრის შემდეგი ფიტორეცეპტი: ოროვანდას ფოთლები გარეცხეთ, გააშრეთ, დაჭერით წვრილად ან გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში და წვენი გამოწურეთ. ეს წვენი შეურიეთ არაყს ან სპირტს 1:1 პროპორციით. წამალი მზადაა, შეინახეთ მინის ქილაში ოთახის ტემპერატურაზე. გამოყენების წინ შეანჯღრიეთ და ძილის წინ მტკივან ადგილებში შეიზილეთ. თუ ცივი ამინდია, თბილად შეიზილეთ აღნიშნული ფიტოხსნარი. არ ჩამოუვარდება ძვირად ღირებულ მალამოებს, რასაც ძვალსახსროვან დაავადებათა მკურნალობისას იყენებენ.
შარდვასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაში, შარდის ბუშტის ანთების დროს, მოცხარის ფოთოლი დაგეხმარებათ. აიღეთ 5-6 კოვზი შავი მოცხარის წვრილად დაჭრილი ფოთოლი და დაასხით 1 ლიტრი მდუღარე წყალი. დადგით სითბოში არანაკლებ 1 საათის განმავლობაში. მიიღეთ 1 ჩაის ჭიქა დღეში 5-6-ჯერ. შეგიძლიათ, დაუმატოთ 1 კოვზი თაფლი ან შაქარი.