№49 რატომ ჰგონია ყველას კატო ზაუტაშვილი ოლიკო ბაბლუანის შვილი და რა არ მოსწონს მას თავისი ასაკის ბავშვებში
კატო ზაუტაშვილი ფართო საზოგადოებამ გაიცნო გადაცემიდან „რა დროს ძილია,” რომელიც ყოველ შაბათს „იმედის” ეთერში, 23.30-ზე გადის. გადაცემის წამყვანი ოლიკო ბაბლუანია და მის საინტერესო სტუმრებს კატოც მასპინძლობს ხოლმე.
– კატო, მიამბე შენს შესახებ: რომელ სკოლაში, კლასში სწავლობ, ვინ არიან შენი მშობლები?
კატო ზაუტაშვილი: ვსწავლობ სკოლა „21-ე საუკუნეში.” მეხუთე კლასში ვარ. მამა – ნიკა ზაუტაშვილია, დედა – ლელა კობიაშვილი. არცერთს არ აქვს ტელევიზიასთან შეხება. დედა სტომატოლოგია, მამა – ბიზნესმენი.
– როგორ გზრდიან მშობლები, როგორი ურთიერთობა გაქვს მათთან?
– ჩემი მშობლები საერთოდ არ არიან მკაცრები და არც დავუსჯივარ. ცელქიც არასდროს ვყოფილვარ, ყოველთვის ასეთი წყნარი, ბუნჩულა ბავშვი ვიყავი. მათი აზრი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ორივესთან ახლო და კარგი ურთიერთობა მაქვს, თუმცა იმავდროულად, დისტანციური.
– როგორც ვიცი, და-ძმაც გყავს.
– მყავს ერთი წლის ძმა, რომელიც ძალიან საყვარელი და ბუთქუჩაა. ისე მიხაროდა მისი დაბადება, თუმცა თავიდან ვერ აღვიქვამდი, რომ ძმა მყავდა. მავიწყდებოდა ხოლმე და რომ ეძინა, სულ ხმამაღლა ვლაპარაკობდი. მეუბნებოდნენ: კატო, გაჩუმდი, გაჩუმდიო. ჩემი და ჩემზე 7 წლის უფროსია. ხანდახან კი ვჩხუბობთ, მაგრამ საიდუმლოებს ვანდობთ ერთმანეთს.
– როგორ მოხვდი გადაცემაში „რა დროს ძილია” და თუ გიფიქრია როდესმე ტელევიზიაში მუშაობაზე?
– არასდროს მიფიქრია და ვერც წარმოვიდგენდი, თუ ასეთ მაგარ გადაცემაში ვიმუშავებდი. ხშირად ვუყურებდი ხოლმე და ოლიკო მეუბნებოდა: წაგიყვან ჩაწერაზე, ყველაფერს გაჩვენებო.
– საიდან იცნობ ოლიკოს?
– მამაჩემი და გელა, ოლიკოს ძმა, ბავშვობიდან განუყრელი მეგობრები არიან. ოლიკოს შორიდან ვიცნობდი და ისე ვეკონტაქტებოდი, რომ პირადად არ მქონდა ურთიერთობა. რაღაცებს ვწერდი ხოლმე: როგორ ხარ და ასე შემდეგ. მერე ზაფხულში სულ მათთან ერთად ვიყავი. ოლიკო, თურმე, სულ მაკვრიდებოდა და ერთხელ მითხრა: კატო, შენ ჩემს გადაცემაში უნდა წაგიყვანოო. ძალიან გამიხარდა, გავწითლდი, დავიწყე სიარული. ცოტა შემეშინდა და მერე დავმშვიდდი. მითხრა, იმ თემებზე, რაზეც ისაუბრებდნენ, მეც მკითხავდნენ აზრს და თან, მზარეულს დავეხმარებოდი.
– პირველი გადაცემის ჩაწერა რომ გაიხსენო, ნერვიულობდი? კამერების შიში ხომ არ გქონდა?
– მანამდე კამერებთან მუშაობის გამოცდილება არ მქონია. ეს პირველი იყო. ძალიან არ მეშინოდა და არც ვნერვიულობდი, მაგრამ ცოტა შებოჭილი ვიყავი.
ალბათ, ჩემი პლუსია, რომ კომპლექსიანი არ ვარ, არ მაწუხებს და ამიტომ თავისუფლად ვიყავი. ძალიან კომუნიკაბელური ვარ და ეს ბევრ რამეში მეხმარება.
– რა თვისება არ მოგწონს შენში, ან მშობლები თუ გეუბნებიან: კატო, ეს უნდა გამოასწოროო?
– ჩემი მშობლები ვერ იტანენ, თუ ვინმეს რამეს ვეტყვი ცუდად, უზრდელურად. მეც არ მიყვარს, ჩემი ლაპარაკით ვინმეს ვატკინო გული.
– რა არის შენი ინტერესის სფერო, როგორ ერთობი თავისუფალ დროს?
– მიყვარს ფილმების ყურება, ჰარი პოტერია ჩემი საყვარელი ფილმი. მეგობრები რომ შევიკრიბებით და ყველანი ერთად ვუყურებთ – ეს ძალიან მიყვარს; კიდევ – ჩემი და და მეგობრები რომ შევიკრიბებით და სადმე მივდივართ. ძალიან მიყვარს წიგნების კითხვა, მუსიკის მოსმენა და მეც გამომდის სიმღერა. ძალიან კარგად ვერ ვმღერი, მაგრამ სმენა მაქვს. იოგაზეც დავდივარ, ცურვაზეც. ჰიპ-ჰოპზე დავდიოდი და ახლა „ბოქსზე” სიარულს ვიწყებ.
– გადაცემას დავუბრუნდეთ. გიწევს ხოლმე მზარეულისთვის დახმარება და ზოგადად, გიყვარს კერძების მომზადება?
– ძალიან მიყვარს საჭმელების კეთება. მე და ჩემს დას, როგორც კი თავისუფალი დრო გვექნება, მაშინვე ვამზადებთ, ექსპერიმენტებს ვატარებთ: ხან გამოგვდის, ხან – არა.
– მოგწონს შენი როლი გადაცემაში?
– სხვადასხვა თემაზე, რაზეც საუბრობენ, მეკითხებიან ხოლმე აზრს, რაც ჩემთვის ძალიან საინტერესოა. გადაცემაში ვარ როგორც საკუთარ სახლში – თავისუფლად, მშვიდად, წყნარად. მსიამოვნებს დიდებთან რომ მაქვს კონტაქტი და თან, ეს ჩემი პირველი სამსახურია.
– რაში ხარჯავ ხელფასს?
– საჩუქრებს ვყიდულობ ჩემი ძმისთვის. ძალიან კარგია სამსახური, თან ხელფასი.
– როგორი ურთიერთობა გაქვს ოლიკოსთან?
– ძალიან ახლოს ვარ. ახლა მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. თავიდან მკაცრი მეგონა, მაგრამ არ არის ასეთი. ძალიან მიყვარს, დედობილს ვეძახი, რადგან ყველაფერში მეხმარება. პირველ გადაცემაში დამამშვიდა, მარიგებდა: ეს ასე უნდა გააკეთო და არაფერზე ინერვიულოო. რაღაც თუ მაწუხებს, ვუყვები და გამოსავალს მეუბნება. მისი აზრი ჩემთვის მნიშვნელოვანია.
– მითხარი, ოლიკოს შვილი ვგონივარ ბევრსო...
– კი. მეუბნებიან: როგორი ლამაზი შვილი ჰყავს ოლიკოს – თვითონაც ლამაზია და შვილიც ლამაზი ეყოლებოდაო. ზოგი ამბობს: ვის ჰგავხარ, მამასო. მერე მე ვუხსნი, რომ არ ვარ ოლიკოს შვილი, მისი შვილობილი ვარ.
– უკვე არჩეული გაქვს პროფესია?
– მინდა, გავხდე პედიატრი და უცხოეთში მივიღო განათლება. მერე დავბრუნდე საქართველოში და გავხსნა ჩემი კლინიკა. 4 წლიდან რომ მეკითხებოდნენ: რა უნდა გამოხვიდეო. ყველას ეგონა ვიტყოდი
მომღერალს, ან მოდელს, მე კი ვამბობდი: პედიატრი და ჩემი კლინიკა უნდა გავხსნა-მეთქი. დედას უხაროდა და ბევრს უკვირდა.
– რატომ პედიატრი?
– ბავშვები მიყვარს ძალიან. როცა ჩემი ძმა დაიბადა, უმნიშვნელო პრობლემა ჰქონდა, მაგრამ საქართველოში ვერ გაიგეს და ამან ცუდი რაღაც გამოიწვია. მერე უცხოეთში უმკურნალეს მას და ამიტომ, მინდა, საქართველოში გავხსნა კლინიკა. მაშინ მთელი ოჯახი ვნერვიულობდით, განსაკუთრებით, როცა უცხოეთში წაიყვანეს სამკურნალოდ, ძალიან შეშინებულები ვიყავით. მაგრამ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. არის დიდი, ბუთქუჩა ბავშვი.
– რა არის კატოს ოცნება?
– ძალიან ბანალურია, მაგრამ ჩემი ოცნებაა, ჩემი ოჯახის კარგად ყოფნა ჩემთან ერთად.
– როდის არის კატო ყველაზე ბედნიერი?
– ყოველდღე რომ მხვდება ხალხი და მეუბნება კომპლიმენტებს, ძალიან მოგვწონხარ, გვსიამოვნებს შენი ყურებაო, ვბედნიერდები და მიხარია.
– რა მოგწონს ან არ მოგწონს შენი ასაკის ბავშვებში?
– ძალიან არ მომწონს 10 წლის ბავშვები რომ დიდობენ, ინტერესდებიან იმ თემებით, რითაც 10 წლის ბავშვი არ უნდა დაინტერესდეს.
– რა არ მოგწონს შენ ირგვლივ, ჩვენს ქვეყანაში და რომ შეგეძლოს, რას შეცვლიდი?
– არ მომწონს ის, რომ თბილისში არ არის ადგილი, სადაც კარგ განათლებას მიიღებ. ამიტომაც, ჩემი და უცხოეთში მიდის სწავლის გასაგრძელებლად. არ მომწონს, რომ ბავშვებს არ გვაქვს გასასეირნებელი ადგილი. ვითომ საქართველოში ბავშვები უყვართ, მაგრამ ყველგან ყრია სიგარეტის ნამწვავები, ნაგავი. მე რომ შემეძლოს, დავასუფთავებდი, გავაკეთებდი ბევრ ატრაქციონს.