№49 რატომ ეჭვიანობს ხშირად თამუნა ლეკვეიშვილი ქმარზე და რა საჩუქრები გადასცეს მას და თათია სულუაშვილს ისრაელში
თამუნა ლეკვეიშვილმა ამ ბოლო დროს იმიჯი საგრძნობლად შეიცვალა, წონაშიც დაიკლო და არაჩვეულებრივ ფორმაშია. ის და თათია სულუაშვილი ახლახან ისრაელში იმყოფებოდნენ, სადაც დაუვიწყარი დრო გაატარეს. ისრაელში მოგზაურობაზე, თავის მოვლასა და პირად ცხოვრებაზე, თამუნა გულახდილად გვესაუბრა.
თამუნა ლეკვეიშვილი: ისრაელში ვიყავით მე და თათია. მე პირველად ვიყავი. ძალიან თბილად მიგვიღეს ქართველმა ებრაელებმა. დიდი პატივი გვცეს, თან გადაგვყვნენ. ოთხი დღე ვიყავით და თუკი რამ შეიძლებოდა გვენახა, გაგვესინჯა, არაფერი მოგვაკლეს. საჩუქრები, უამრავი კოსმეტიკა გამოგვიგზავნეს. ყველგან ვიყავით, იერუსალიმშიც და ჩემთვის დიდი ემოცია იყო გოლგოთა. ცეცხლი საიდანაც გადმოდის, ხომ უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა. ყველა მართლმადიდებელი ერთხელ მაინც უნდა მოხვდეს იერუსალიმში. მე და თათია ხშირად ვართ ერთად. ზაფხულში, ბორჯომის ხეობაში დავისვენე ბავშვებთან ერთად, სოფელ მზეთამზეში, სადაც ერთადერთი სასტუმროა. ფანტასტიკური ადგილია. თათიაც იქ იყო. მეგობრები ერთად მივდივართ ხოლმე. ბავშვებს რომ დავაძინებთ ღამე, მერე ჩვენ ძალიან კარგად ვერთობით. მე პოკერი ვითამაშე ბიჭებთან ერთად, თათია მგულშემატკივრობდა. „ფიშკებით“ ვითამაშე ფულზე – ვიჯექი ერთი ბოკალი ღვინით, სიგარეტით და ყველას მოვუგე. მერე მე და ჩემმა ქმარმა დავტოვეთ ბავშვები დედაჩემთან და წავედით ზღვაზე. ჯერ შეკვეთილში წყნარად, პენსიონერულად ვისვენებდით და მერე – ბათუმში.
– გამოდის, ცხოვრებაშიც მარინა და ზოიასავით შეხმატკბილებულები ხართ...
– ცხოვრებაში ვართ მარინა და ზოია. ყველაზე ძალიან მიყვარს ეს როლი. მაინც ყველაზე გამართლებული მარინა და ზოიაა. ეს ძუძუებიანი ქალები ძალიან მომწონს, იმიტომ რომ, ყველა პერსონაჟში რაღაც არსებობს მსახიობის. ამ მამალ ქალებს მეც ვგავარ ჭამით და თათიასაც უყვარს გემრიელად ჭამა, ჩემსავით.
– ამ ბოლო დროს საგრძნობლად შეიცვალე. ჭამა თუ გიყვარს, წონაში დაკლება არ გაგიჭირდა?
– დიეტითა და ვარჯიშით დავიკელი. ვაკეთებ მოკლევადიან ერთკვირიან, ათდღიან ცილოვან დიეტებს და მერე უკვე, საღამოობით არ ვჭამ, რომ ისევ არ ავკრიფო წონა. დიეტაზე რამდენ ხანს შეიძლება, იყო? სულ ხომ ვერ იქნები? შეუძლებელია, მით უმეტეს, თუ გემრიელად ჭამა ძალიან გიყვარს. ბოლო პერიოდში დავიწყე ვარჯიში და ამან დიდი შედეგი მომცა. სიმართლე გითხრა, აქამდე არასდროს მივარჯიშია და აღმოვაჩინე, თურმე, მართლა კარგი ყოფილა. მივხვდი, რომ მთავარია, მონდომება. ბევრი წელია, მინდა ვარჯიში და ვერ დავიწყე, მაგრამ რადგან დავიწყე, უკვე ვახერხებ. თან, სამსახურთან ახლოს ვვარჯიშობ. პერიოდულად, ვიკლებდი – ვიმატებდი, თუმცა, ელენეზე მშობიარობის შემდეგ, 85 კილო ვიყავი, ახლა კი – 63 ვარ. ჩემი მიზანია, 60-ს ჩამოვცდე, ვიყო თუნდაც, 59. იყო პერიოდი, სულ ორსული ვიჯექი ეთერში. მეტი შვილის გაჩენას არ ვაპირებ. როცა დასახულ მიზანს მიაღწევ, მერე სულ გინდა, ფორმა არ დაკარგო, აწეულ თამასას დაბლა აღარ სწევ და სულ ცდილობ, მოწესრიგებული იყო. ჩვენს ეპოქაში, სადაც „ფეისბუქი“ ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია, ასეთი დეტალები შეუმჩნეველი არ რჩება და შენც გსიამოვნებს. რაც შეეხება ლინზებს, ეგ დაუგეგმავად მოხდა. „კომედი შოუს“ ჩაწერისთვის ვიყიდე ლინზები, შემდეგი მოხმარებისთვის არ მქონდა განსაზღვრული. მაგრამ, ძალიან მომეწონა და მას შემდეგ ვატარებ. წარბის ფორმაც შევიცვალე, საერთოდ, ძალიან კარგი წარბის ფორმა მქონდა, მაგრამ ბავშვების გაჩენის შემდეგ დამცვივდა, დამითხელდა და გადავწყვიტე, ტატუ გამეკეთებინა. მერე ვიფიქრე, ბარემ ფორმასაც შევაცვლევინებ-მეთქი, ცოტა ავაწევინე. თურმე ძალიან ცვლის წარბი ადამიანს. ძალიან პრანჭია ვარ და მიყვარს ფოტოების გადაღება. ძალიან მიყვარს სელფი, მაგრამ ვერასდროს ვიღებ. ძირითადად, ფოტოებს ვდებ და ვიღებ ოთხშაბათს და პარასკევს – გადაღების დღეებში, იმიტომ რომ, კარგი მაკიაჟი მაქვს.
– გადატვირთული რეჟიმიდან გამომდინარე, როგორ ახერხებ ოჯახზე ზრუნვასაც?
– მინდა, უფრო კარგი დედა ვიყო და უფრო მეტი დრო გავატარო ბავშვებთან. ეს პრობლემა, მგონი, ყველა დედას აქვს, ვინც დასაქმებულია. ვერავინ იტყვის, რომ იდეალური დედაა, თუ პარალელურად, თავის საქმეს აკეთებს. მაგრამ, ჩემი გადმოსახედიდან, მიმაჩნია, რომ მაინც კარგი დედა ვარ. არ ვარ მკაცრი, არ მიყვარს ხმამაღალი ლაპარაკი ბავშვებთან, იმიტომ რომ, თვითონაც ეჩვევიან და მერე, პატარებს იგივენაირად, ყვირილით მიმართავენ. ეს არ უნდა გაუღვივო ბავშვებს. ამიტომ, შენიშვნებსაც მსუბუქად ვაძლევ მათ. უფროსს ესმის და შუათანასა და პატარას, რა ინტონაციითაც არ უნდა აუხსნა, აზრი არ აქვს, მაინც არ ესმით. ამიტომ, ჯობია, თვითონაც არ აიშალო ნერვები.
– სახლშიც ისეთივე მხიარული ხარ, როგორც ეკრანზე?
– მხიარული ვარ, მაგრამ ოჯახში მეუბნებიან, გარეთ უფრო მხიარული ხარ, ვიდრე სახლშიო. ეტყობა, შინაგანად ისეთი, არამხიარული ვარ და სახლში, რადგან ყველაფრისგან ვისვენებ, ამასაც ვამჟღავნებ. მიმაჩნია, რომ ძლიერი ქალი ვარ. არასდროს მქონია დეპრესია და ვფიქრობ, არც მექნება. ათი წელია, მამამთილთან ერთად ვცხოვრობ და ამ ხნის განმავლობაში, ხმამაღალი სიტყვაც არ გვითქვამს, ჩხუბზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. სულ უყურებს ჩემს სკეტჩებს და განსაკუთრებით მოსწონს, სადაც ვმღერი, იმიტომ რომ, თვითონაც მუსიკოსია და გიჟდება, როცა ვმღერი. მეუბნება: შენ როგორ არ იმღერე, როგორი მეცოსოპრანო ხარო. გული სწყდება, რომ არ ვარ ცნობილი, როგორც მომღერალი. ბავშვებიც, სამივე მღერის. ჩემი მეუღლეც მუსიკოსია.
– შენ და შენი მეუღლე დიდი ხანია, ცოლქმარი ხართ. რა არის საჭირო იმისთვის, რომ ურთიერთობა არ გახუნდეს?
– მე და გიგის 26 იანვარს, ქორწინებიდან ათი წელი გვისრულდება. ქორწილი არ გვქონია, გიგის დედა ჰყავდა ახალი გარდაცვლილი. სანამ შეყვარებულები ვიყავით, ვიცნობდი, არაჩვეულებრივი ქალი იყო და ძალიან გული დამწყდა, რომ არ შევხვდით ერთმანეთს, როგორც რძალი და დედამთილი. დარწმუნებული ვარ, რძალდედამთილობაზე მითს აუცილებლად დავანგრევდი. საქორწილო კაბა არ მცმია და ისე მინდა, ათი წლის თავზე ისეთი რამ გავაკეთოთ, თეთრი კაბა ჩავიცვა. ფინანსებთან არის დაკავშირებული და თუ არ გამოგვივიდა, მაშინ მე და გიგი აუცილებლად წავალთ სადმე. რომეოს და ჯულიტას გვეძახიან – ჩვენს სიყვარულს კი აცოცხლებს და ახალ-ახალ ბიძგს აძლევს ის, რომ მთლად ჰარმონიული ურთიერთობა არ გვაქვს. ცოტა კამათი და გაბუტვებიც მოსულა, რაც აუცილებლად სჭირდება ორი ადამიანის ურთიერთობას. რაღაცნაირად ახანგრძლივებს მას. კამათი საჭიროა, რომ ძალიან ერთფეროვანი და მოსაწყენი არ იყოს ცხოვრება.
– რაზე კამათობთ ხოლმე?
– მე ვარ ეჭვიანი, თან ამას გამოვხატავ და ეს არის კამათის ერთ-ერთი მიზეზი. რაღაც შეიძლება, არასწორად ჩავთვალო, სინამდვილეში კი, აღმოჩნდება, რომ არაფერიც არ არის და მომეჩვენა. ჩემი მეუღლე საერთოდ არ არის ეჭვიანი. არ არის ეჭვიანობა კარგი, თვითონ ვზარალდები. ვიგონებ არარსებულ პრობლემებს და მერე ვნერვიულობ. მაგრამ, ჩხუბის მერე შერიგება შეყვარებულობაში გვაბრუნებს და ეგ არის, რაც ერთად გვაჩერებს და კიდევ, მთელი ცხოვრება ერთად ვიქნებით. სხვა მხრივ, არაფერზე ვჩხუბობთ. ჩვენს ოჯახში გენდერული თანასწორობაა და ამაზე ორივე შეთანხმებულები ვართ. ვისაც რა და როგორ შეუძლია, ყველა ყველაფერს აკეთებთ. რაღაც გიგის არ გამოსდის, რაღაც მე და ასე, ვავსებთ ერთმანეთს.