კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№49 როგორ აბარებდა მისი უწმიდესობა სქემარქიმანდრიტ ვიტალის აღსარებას და როგორ ეხმარება ის სიკვდილის შემდეგ ადამიანებს

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი


1928 წელს კრასნოდარის მხარის სოფელ ეკატერინოვკაში, შეღებილ, თიხისიატაკიან პატარა სუფთა სახლში დაიბადა ჩვილი, რომელსაც ვიტალი უწოდეს. 8 დღის ჩვილი ნათლობისას იღიმებოდა და ემბაზში ფეხზე იდგა. ქრისტიანული წესის თანახმად, ალექსანდრამ ვაჟიშვილი მეორმოცე დღეს ეკლესიაში მიიყვანა. მღვდელმა ჩვილი საკურთხეველში შეიყვანა, მაშინვე იგრძნო მისგან მომავალი მადლი და ის ამაღლებულ დასაჯდომზე დააწვინა. შემდეგ მან ბავშვი საკურთხევლიდან გამოიყვანა და დედას გადასცა შემდეგი სიტყვებით: „ეს ბავშვი დიდი ადამიანი იქნება”. სახლში დედას ბიჭის აკვანთან ხშირად ესმოდა ანგელოზთა საოცარი გალობა. 5 წლის ასაკიდან ვიტალიმ მარხვა დაიწყო: ხორცს საერთოდ არ ჭამდა, ოთხშაბათსა და პარასკევს კი, რძის ნაწარმზეც უარს ამბობდა. როგორც კი გამართული კითხვა ისწავლა, მისი საყვარელი წიგნი სახარება გახდა.
1969 წელს მამა ვიტალი (ბერობაში ბენედიქტე, მან 1960-იანი წლების შუა ხანებში იდუმალ მიიღო სქემა ვიტალის სახელით) თბილისში ჩამოვიდა ისევე, როგორც იყო ძველ სამოსში. პირდაპირ წმიდა და კეთილმორწმუნე მეფის – ალექსანდრე ნეველის სახელობის რუსულ მართლმადიდებლურ ტაძარში მივიდა, სადაც მაშინ მიტროპოლიტი ზინობი ცხოვრობდა. მამა ვიტალის საფლავი (გარდაიცვალა 1992 წლის 1 დეკემბერს) დღეს სწორედ ამ ეკლესიის ეზოშია, სადაც ხშირად ნახავთ ადამიანებს, რომლებიც სქემარქიმანდრიტ ვიტალის დახმარებასა და შეწევნას სთხოვენ. ხათუნა რაქვიაშვილი მამა ვიტალიზე დაწერილი 6 წიგნის ავტორია და უკვე მეშვიდეზე მუშაობს.

– ხათუნა, შენ მამა ვიტალის შესახებ ყველაფერი იცი. შენი წიგნების დახმარებით გაიცნო საზოგადოებამ ეს საოცარი მამა. როგორ გამოგარჩია მან ამ საქმისთვის?
ხათუნა რაქვიაშვილი: ეს იმიტომ არ მომხდარა, რომ მე ყველაზე უკეთესი ვიყავი და ყველაზე კარგად გავაკეთებდი ამას. გასაგებია, რომ წიგნები კარგია, მაგრამ წარმოუდგენელი და დაუჯერებელია, რომ საქართველოში არ ყოფილიყო ადამიანი, რომელიც არანაკლებ კარგად გააკეთებდა ამ წიგნებს. მიმაჩნია, რომ მამა ვიტალიმ მე ამირჩია იმიტომ, რომ ეს ყველაზე მეტად მჭირდებოდა. თავიდან ვერც კი მივხვდი, რას შევეჭიდე. წიგნის გამოცემა და ჩემს ცხოვრებაში იმხელა განსაცდელები დაიწყო... როდესაც პირველი წიგნი დაიბეჭდა და მივუტანე მის უწმიდესობას, იმ დროს პარიზში საღვთისმეტყველო სასწავლებელში ჩავირიცხე. ძალიან მინდოდა სწავლა. მის უწმიდესობას მოვუყევი ამის შესახებ და მითხრა: არ წახვიდე, აღარ გჭირდება, ნახე, როგორ წიგნებს წერ (მამა ვიტალის წიგნის გარდა, სხვა წიგნებიც მქონდა დაწერილი), გააგრძელეო. თავიდან ვერ მივხვდი, რას ნიშნავდა გააგრძელე – მამა ვიტალიზე წიგნის წერას გულისხმობდა თუ სხვა რამეს. შემეშინდა მისი ურჩობის, უარი ვთქვი სწავლაზე, მაგრამ სამი დღე ვტიროდი საპატრიარქოში. იმ სამი დღის განმავლობაში მისი უწმიდესობა, სადაც წავიდა, მეც თან წამიყვანა. სასაუზმოდ არ ჯდებოდა ჩემ გარეშე. შეეცადა, გადამეტანა. სხვათა შორის, მეუფე ზინობის გარდაცვალების შემდეგ, უწმიდესი მამა ვიტალისთან ამბობდა აღსარებას. მოკლედ, პირველ წიგნს მოჰყვა დანარჩენი 6 წიგნი და ამ ყველაფერს, თან ახლდა უმძიმესი განსაცდელები. გვიან მივხვდი, რომ მისი ღვაწლის წინ წამოწევის გამო შემოვისიე ბოროტი ძალები. დედები, რომლებიც მამა ვიტალის გარდაცვალების წუთებს შეესწრნენ, ყვებოდნენ: იატაკი ირყეოდა. ცდილობდნენ, დიდი ტკივილების, ბრძოლის გამო, როგორმე ჩაეგდოთ სასოწარკვეთილებაში, დაეწუწუნა მაინცო, მაგრამ, რა თქმა უნდა, მსგავსი არაფერი მომხდარა. დედა სერაფიმამ ისიც გაიხსენა: გარდაცვალების წინ ფანჯარაზე ფარდის გადაწევა მთხოვა, თან, პირჯვარს ისახავდაო. მივაყურადე და მივხვდი, ღვთისმშობელს ახსენებდა. ვკითხე: მოვიდა ღვთისმშობელი-მეთქი. კი, მოვიდა, იქით არის, ფანჯარასთანო.
– როგორ დაიწყო თქვენი და მამა ვიტალის ურთიერთობა, რომელიც გარდაცვალების შემდეგაც ცოცხალია?
– მამა ვიტალის შესახებ მეუფე ანდრიასგან (გვაზავა) შევიტყვე, რომელმაც მასზე დაწერილი რუსული სტატია გადმომცა: წაიკითხე, დაგაინტერესებსო. წავიკითხე და ვთხოვე: სად მოვიძიო დანარჩენი ინფორმაცია-მეთქი. მოიცადე ცოტა ხანი, რამე გამოჩნდებაო. ამასობაში, მუშაობა დავიწყე საპატრიარქოში. ვერ ვიტყვი, რომ იქ მამა ვიტალის შესახებ რაიმე ინფორმაცია მივიღე. უბრალოდ, ვიცოდი, რომ მამა ვიტალის მესენაკე, დედა სერაფიმა, ცოცხალი იყო და როგორც მიყვებოდნენ, მამა ვიტალის ტვირთი, სიმძიმე სწორედ ამ ადამიანზე გადავიდა. იმ პერიოდში ინტენსიურად დავდიოდი მამა ვიტალის საფლავზე და ვთხოვდი: მინდა, შევხვდე დედა სერაფიმას, ჩემთვის საჭირო ინფორმაცია მივიღო-მეთქი. ერთ დღეს მეუფე ანდრიამ მოულოდნელად მითხრა: მარინას, დედა სერაფიმას მორჩილს დაურეკე და უთხარი, მასთან წაგიყვანოსო. ეს არის მარინა ქართველიშვილი, რომელიც დღეს რომ ცოცხალია, სწორედ მამა ვიტალის დამსახურებაა. წამიყვანა დედა სერაფიმასთან დიდუბის მონასტერში. უცნაური განცდა მქონდა, ისეთი, როგორიც მამა გაბრიელთან პირველი შეხვედრისას. როდესაც უწმიდესს ვუთხარი, დედა სერაფიმასთან ვიყავი-მეთქი, მითხრა: ყურადღებით მოუსმინე, მამა ვიტალიზეც გეტყვის და ზოგადად, როცა რამეს ამბობს, აუცილებლად არის იქ რაღაც შენთვის, უბრალოდ, ამას უნდა მიხვდეო. დედა სერაფიმა მამა ვიტალის მესენაკე იყო, გლინის უდაბნოში მოღვაწეობდა, სადაც მამათა მონასტერთან ერთად, დედათა მონასტერიც გახლდათ. სწორედ იქ გაიცნო მამა ვიტალი. როდესაც მამა ვიტალი საქართველოში ჩამოვიდა, დედა სერაფიმა უკვე თბილისში იმყოფებოდა. არქიმანდრიტი ვიტალი თბილისში, სოხუმში ათწლიანი ცხოვრების შემდეგ ჩამოვიდა. ის ბარგანის მთებში წარმოუდგენელ პირობებში ცხოვრობდა. შემდეგ ვიღაცამ დაასმინა: იქ ბერები ცხოვრობენო, დაარბიეს, ბერ-დიაკონი ისააკი მოკლეს. ბერები სოხუმამდე ფეხით, 33 მდინარეს გადადიოდნენ, რომ პროდუქტები აეტანათ მონასტერში. მამა ვიტალი ამის გამო იმ დროს მონასტერში  არ იმყოფებოდა და ასე გადაურჩა სიკვდილს. ბერ-დიაკონ ისააკს რომ ჰკლავდნენ – პირსახოცს უჭერდნენ ყელზე, ახრჩობდნენ: თქვი, სად გაქვთ ოქრო-ვერცხლიო. მამა ვიტალი ამ ყველაფერს ბარში ტბასთან ხედავდა და ხმამაღლა ყვებოდა. ამის მერე ჩამოვიდა მამა ვიტალი თბილისში, სადაც 20 წელი გაატარა. დახეული, ძველი სამოსითა და სამი ზომით პატარა ჩექმებით ჩამოვიდა მამა ვიტალი თბილისში და ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესიაში მივიდა. მეუფე ზინობმა აკურთხა, ყველაფერი დაუწვა, რაც ეცვა და სუფთა ჩააცვა. მამა ვიტალი მეუფეს ფეხებში ჩაუვარდა: „მეუფე, ის ჩექმები ჩემი ჟღარუნები იყო, ლოცვას მაიძულებდნენ“. როდესაც დაკონკილ კაბას ხდიდნენ, აღმოაჩინეს, რომ თითქმის სხეულზე შეზრდილ ჯაჭვს ატარებდა. დიდხანს არ იხსნიდა, სანამ უზიარებლობის სასჯელის შიშმა არ აიძულა ამის გაკეთება.

– მისი პიროვნული თვისებებიც გასაოცარი იყო.
– საოცარი მამა გახლდათ და უდიდესი სიმდაბლე, სიყვარული, მიმტევებლობა ჰქონდა. ეს იყო ადამიანი, რომელსაც სიცოცხლეში არავინ განუკითხავს, ყველას მიტევება შეეძლო და ყველაში კარგის დანახვა. მას მუდმივად დევნიდნენ, „ჩაუწერელ ბერს“ ეძახდნენ, რადგან პასპორტი არ ჰქონდა. პასპორტი რომ აეღო, ჯარში უნდა ემსახურა. მწირივით მოღვაწეობდა მთელი ცხოვრება. თბილისში მეუფე ზინობი სულ ცდილობდა, დაეცვა, დაეფარა, მაგრამ მაინც ვერ ასცდა დევნას. მილიცია დაიჭერდა, სცემდა და გამოუშვებდა. ერთხელ ვიღაცამ დაასმინა და ისე სცემეს, თეძოს ძვალი გაუტეხეს, რომელიც, მთელი ცხოვრება სტკიოდა. თირკემლებიც აწუხებდა ამდენი ცემისგან. ამის გამო ხშირად იატაკზე ხალიჩას უფენდნენ ხოლმე, მაგრამ მაშინვე  ტირილს იწყებდა: მეფესავით ვცხოვრობო. იმდენს იტირებდა, სანამ ვინმეს არ აჩუქებდა ხალიჩას. როდესაც მამა ვიტალი და დედა სერაფიმა მოსკოვის პროსპექტზე ცხოვრობდნენ, გიგინეიშვილების სახლში, მამა ვიტალის დედა სერაფიმა გარედან კეტავდა, რომ გარეთ არ გამოსულიყო და პოლიციას არ დაეჭირა. ერთხელაც, რომ დაბრუნდა, ნახა, როგორ რეცხავდა მამა ვიტალი ტალახიან ჩექმებს. როგორ გავიდა დაკეტილი კარიდან და როგორ დაბრუნდა უკან, არავინ იცის. ყველას ეხმარებოდა, მუდმივად მოწყალებას გასცემდა და გარდა ამისა, ყველას პრობლემას თავის თავზე იღებდა. დადგებოდა და ლოცულობდა: ღმერთო, მაგას მოურჩეს და მე ამტკივდესო – მართლა მას ემართებოდა შემდეგ ყველაფერი. სამი უდიდესი მოსახსენებელი ჰქონდა, სადაც საქართველოს ყველა მეფეს, ერისთავს, მთავარს იხსენიებდა. საკუთარი ხელით ჰქონდა ჩამოწერილი. საიდან  უნდა ჰქონოდა ადამიანს ეს ინფორმაცია, რომელმაც ქართულად კითხვა არ იცოდა. ამას ვერავინ ხსნის.  წირვის წინ, ღამის 2 საათზე მიდიოდა ნეველში, რომ კვეთაზე ყველა მოეხსენებინა. ერთხელ დარაჯმა იფიქრა, ტაძარში ხანძარიაო. აღმოჩნდა, რომ მამა ვიტალი სანთლებს ანთებდა და ყველა, ვისაც იხსენიებდა – ცოცხალიც და გარდაცვლილიც,  ტაძარში იდგა. ამას ადამიანი საკუთარი თვალით ხედავდა.
– მამა ვიტალის გარდაცვალების შემდეგაც გრძელდება მასთან ცოცხალი ურთიერთობა, კავშირი – ის ბევრ ადამიანს შეეწევა, ეხმარება, კურნებას აძლევს.
– ეს ურთიერთობა იმდენად ცოცხალია, როგორც კი მჭირდება, საფლავთან ხმამაღლა ვესაუბრო, მაშინვე მარტო ვრჩები. თვითონ აგვარებს ყველაფერს: ყველა წიგნს, ყველა პრობლემას. წიგნში დასაბეჭდ მასალებს, რა რის მერე უნდა დამელაგებინა, ამასაც თავად აგვარებდა. გარდა ამისა, მე ის ორჯერ ვნახე თავის საფლავზე, როდესაც პირველ წიგნზე ვმუშაობდი. იჯდა საფლავის ჯვართან და სამღვდელო წესით მსახავდა ჯვარს. ცხადად ვხედავდი, როგორ მლოცავდა. მაშინვე მეუფე ანდრიას დავურეკე: თქვენ ხომ იცით, მე არ ვარ სასწაულების მოყვარული,  მასზე დამოკიდებული, მაგრამ ფაქტია, ასე მოხდა-მეთქი. მკითხა: გითხრა რამეო. არა, არაფერი-მეთქი. როგორი გრძნობა გქონდაო. სიმშვიდისა და დიდი სიხარულის-მეთქი. საპატრიარქოში რომ დაბრუნდები, პატრიარქსაც მოუყევიო. იგივე მკითხა მისმა უწმიდესობამ და შემდეგ მომეფერა, შოკოლადები მაჩუქა. როდესაც წიგნს ვწერდი, დედა სერაფიმა მიყვებოდა. შემდეგ დაწერილი ტექსტი მიმქონდა მასთან, ის დალოცავდა. მერე მამა ვიტალის საფლავზე მივდიოდი, შემდეგ – უწმინდესთან და ასე იწერებოდა წიგნი. ძალიან ბევრი ისტორია მაქვს მამა ვიტალიზე მოსმენილი. მიყვებოდნენ, როგორ ადგებოდა ხოლმე უცებ მამა ვიტალი, იწყებდა წერილის წერას: ტაგანროგი, ნინას... ოღონდ მისამართს არ აწერდა და ის ნინა აუცილებლად მიიღებდა იმ წერილს.  ამანათებს უგზავნიდა ხალხს, თან, ზუსტად იმ პროდუქტს, რაც სჭირდებოდათ. ერთხელ, ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში ქალი მოვიდა, რომელსაც ძალიან უჭირდა: 20 მანეთი სჭირდებოდა და შვილისთვის – სამოსი. ღვთისმშობლის ხატთან იგრძნო, ვიღაც ქაჩავდა ხელზე, მიიხედა: მამა ვიტალი იდგა, რომელმაც რაღაც შეხვეული მისცა და წავიდა. ზუსტად ის იდო, რასაც ითხოვდა. ყველას ყველაფერს ისე უგვარებს, როგორც მათ სჭირდებათ, ოღონდ, რა თქმა უნდა, რწმენის შემთხვევაში. გოგონას გაზეთში განცხადების გაკეთება უნდოდა, რომელიც 50 თეთრი ღირდა, მას კი მხოლოდ 45 თეთრი ჰქონდა. მივიდა მამა ვიტალისთან: რა ვქნა, მამა ვიტალიო. დაიხედა საფლავზე და 5 თეთრი იდო. ზუსტად იმას მოგცემს, რაც აუცილებელია და რაც გჭირდება. ხომ დაგვიბარა: ნუ იდარდებთ, მოდით საფლავთან, მე საფლავიდან გამოვიწვდი ხელს და დაგეხმარებითო. არიან ონკოლოგიური პაციენტები, რომლებიც ყვებიან, როგორი განიკურნენ მამა ვიტალისთვის დახმარების თხოვნის შემდეგ. ერთ-ერთ მათგანს ძალიან რთული სიტუაცია ჰქონდა, ოპერაციისთვის ამზადებდნენ. მივიდა მამა ვიტალის საფლავთან, ილოცა, დახმარება სთხოვა და მეორე დღეს ექიმთან რომ მივიდა, თავიდან ჩაუტარეს გამოკვლევები. აღმოჩნდა, რომ დაავადების არანაირი კვალი აღარ იყო. ატენის დედათა მონასტრის მორჩილი მარინა ქართველიშვილი დღეს, 15 წლის შემდეგაც რომ ცოცხალია, ეს გასოცარი ამბავია. მას ჰქონდა უმძიმესი სისტემური დაავადება: წითელი მგლურა, რომელმაც ბევრი ორგანო ჩაითრია, ასევე სიმსივნეც ჰქონდა. დედა სერაფიმამ აჩუქა მამა ვიტალის ჯოხი – მამა ვიტალი დაგეხმარებაო. მამა ვიტალისა და დედა სერაფიმას ლოცვის წყალობით, დღემდე ცოცხალია, სიმსივნის კვალიც აღარ არის.
– როგორც ვიცი, მამა ვიტალი და მამა გაბრიელი – ეს ორი უდიდესი მამა ერთმანეთს იცნობდა.
– ისინი ერთმანეთს სამთავროს მონასტერში შეხვდნენ. მამა ვიტალი ჩავიდა მასთან, ხურდები და ხატი ჩაუტანა, რომელიც დღესაც აქვთ მონასტერში. ამ ხატით ყოველ საღამოს ასრულებენ ლიტანიობას. ბევრი ისაუბრეს, დიდი სიყვარულით შეხვდნენ ერთმანეთს. მამა გაბრიელს მასზე უთქვამს: ეს უკვე ცაშიაო, მამა ვიტალის კი – ეს ნახევრად კაცია, ნახევრად ანგელოზიო. გამომშვიდობებისას გადაეხვივნენ ერთმანეთს და ჯვრები გაცვალეს. მერე შევიტყვე, რომ მამა ვიტალი მამა გაბრიელთან სახლშიც მიდოდა. წავედი მის დასთან, ქალბატონ ემასთან და ყველა რუსი ბერის ფოტო წავუღე, რომ ცდომილება გამორიცხულიყო. ქალბატონმა ემამ მამა ვიტალის ფოტოს დაადო ხელი: ეს დადიოდა ჩვენთან და საათობით საუბრობდნენო. ვასიკოც (ასე ეძახდნენ მამა გაბრიელს სახლში) მიდიოდა მასთან კირიჩნიზეო. როგორც ჩანს, მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის ამ ორ, უდიდეს ბერს სულიერო სიახლოვე და ახლო ურთიერთობა ჰქონდა ერთმანეთთან.
скачать dle 11.3