კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№49 როგორ ჰქონდა ბოლო წუთამდე კონტაქტი ლევან ცისკარიშვილის დედას გამტაცებლებთან და როგორ ცდილობდნენ მისი შვილისთვის წამებით, 26 მილიონის გამოძალვას

თათია ფარესაშვილი ქეთი კაპანაძე

36 წლის ლევან ცისკარიშვილი ყაზახეთში განსაკუთრებული სისასტიკით მოკლეს. დაკავებულია 6 პირი. საქმეს ყაზახეთის პოლიცია იძიებს. მოკლულის დედის, ლეილა ისმაილოვას თქმით, მას შვილი იმ 26 მილიონის გამო მოუკლეს, რომელიც ჰონკონგში ანგარიშზე ჰქონდა. დედამ უკვე გაიგო დნმ-ის ანალიზის პასუხიც და მათ შორის, გენეტიკურ კავშირში ეჭვი აღარ არსებობს. ახლა მხოლოდ პროცედურებია დარჩენილი მის საქართველოში გადმოსვენებამდე, რასაც საკმაოდ დიდი დრო სჭირდება. დედა ყველას დახმარებას სთხოვს, რომ როგორღაც, ეს პროცედურები დაჩქარდეს და ხანგრძლივი ტანჯვის შემდეგ, საკუთარი შვილის გადმოსვენება შეძლოს.
ლეილა ისმაილოვა
: შვილი წვალებით გავზარდე. 4 წლამდე ლაპარაკი და სიარული არ შეეძლო. ვიბრძოლე და ყველაფერი შევძელი. ბაღში ერთად დავდიოდით – სკოლაში, უნივერსიტეტში – სულ ჩემთან იყო. მისთვის მარტო დედა და სწავლა არსებობდა. მე საბერძნეთში ვცხოვრობ და ვმუშაობ. 2017 წლის მარტში ერთი თვით ჩამოვედი და საღამოს ლევანმა მითხრა, რომ ყაზახეთში მიდიოდა. მატერიალური პრობლემები გვაქვს. ამიტომ, დავინტერესდი, სად მიდიოდა და საიდან ჰქონდა ფული გასამგზავრებლად. ამ კითხვაზე განმიმარტა, რომ სამუშაოდ მიიწვიეს. ერთკვირიანი სამუშაო უნდა შეესრულებინა და უკან მალევე დაბრუნდებოდა, ხარჯებს კი მასპინძელი მხარე აუნაზღაურებდა. ბილეთის ფულსაც გამომიგზავნიან და ბინა, კვება ყველაფერი, მათი იქნებაო. მე არ დავუჯერე და  13 მარტს, 10 საათზე, საღამოს აეროპორტში წავიყვანე. მინდოდა, თვითონ მენახა და დავრწმუნებულიყავი, ვინ გზავნიდა ბილეთს. დავინახე, რომ ბილეთი დაჯავშნილი იყო, თან, ორივე მიმართულებით. დამპირდა, რომ ჩასვლისთანავე დამირეკავდა. 14 მარტს დამირეკა „სკაიპით“, დამელაპარაკა და მითხრა, რომ ჩავიდა, დახვდნენ და დაბინავდა.  ჩემს შვილს ყაზახეთში კომპიუტერთან დაკავშირებული სამუშაო უნდა შეესრულებინა. განათლებული ბიჭი იყო, სწავლა უყვარდა. ორი უნივერსიტეტი დაამთავრა და შემდეგ უკრაინაში წავიდა. იქ ისწავლა. ცოლი არ მოჰყავდა: დედა, შენ ამდენ ხალხს ინახავ და კიდევ მე და ჩემი ცოლი ვერ დაგემატებით. თან, ახლანდელ გოგონებს მარტო ფული უნდათო. განსაკუთრებული ურთიერთობა გვქონდა. აბსოლუტურად ყველაფერი ვიცოდი, რაც მის თავს ხდებოდა. ძალიან მენდობოდა და ყველაფერს მიჯერებდა. საბერძნეთში წავიყვანე, მაგრამ ფიზიკური მუშაობა არ შეეძლო. მითხრა, აქ დავიღალე და უკრაინაში წავალ სამუშაოდო. ეს ცხრა წლის წინ გახლდათ. მას შემდეგ გამორიცხული იყო, ყოველდღე „სკაიპის“ მეშვეობით არ დამკავშირებოდა.
– უკრაინაში რაზე მუშაობდა?
– სამხედრო პირებთან მუშაობდა კომპიუტერებზე და ძალიან მაღალ დონეზე ისწავლა ჰაკერობა. პოლკოვნიკებთან და მაღალი თანამდებობის სამხედროებთან იყო. მე აბსოლუტურად ყველას ვიცნობდი. უნდა მცოდნოდა, ჩემი შვილი ვისთან ურთიერთობდა. მისი საქმე არ მომეწონა. უკრაინის სამხედრო პირი რუსეთისა და ამერიკის სამხედროებისგან ინფორმაციებს იპარავდა კომპიუტერის დახმარებით. ვფიქრობდი, რომ ჩემი შვილი შეიძლებოდა, საფრთხეში აღმოჩენილიყო. ამიტომ, იმდენი გავაკეთე, რომ ვაიძულე, საქართველოში დაბრუნებულიყო. აქ ჩამოსვლის შემდეგაც სულ კომპიუტერში იყო. მეუბნებოდა: დედა, მე შენ მოგარჩენ. შენ საბერძნეთში არ უნდა იყო. ჩვენ ერთად უნდა ვიცხოვროთ. მე ბევრი ფული მაქვს, მაგრამ აქ აღება არ შეიძლებაო. მეუბნებოდა, რომ 26 მილიონი ჰქონდა. დამიჯერე, დედა, ეს ფული ჩემი შრომით მაქვს ნაშოვნი, უკრაინაში სამწლიანი მუშაობითო. ხან პოლიციაში მიდიოდა, ხან ბანკებში, რომ თანხა გაენაღდებინა. შემეშინდა, ამას რომ ამბობდა და საერთოდ ავუკრძალე ამ თემაზე ლაპარაკი.
მერე, მითხრა ყაზახეთის შესახებ და მე თვითონ ჩავულაგე ჩემოდანი წასვლის წინ. ყაზახეთში ჩასვლის დღიდან 20 აპრილამდე, „სკაიპში“ ველაპარაკებოდი, 15 აპრილიდან კი, საეჭვო გარემოებებიც შევამჩნიე. გამიკვირდა, რატომ არ ბრუნდებოდა ლევანი, როცა სამუშაო ერთ კვირას მოითხოვდა. მითხრა, რომ ერთი კვირით მიდიოდა, თუმცა, ერთი თვე გავიდა. ამ ერთი თვის განმავლობაში სულ ერთ ადგილზე იჯდა და მის უკან ვიღაც დადიოდა. ვკითხე, ვინ იყო მასთან ერთად... ლევანი ეძახდა მათ: „მოდით, დედაჩემს თქვენი გაცნობა უნდა...“ ყოველდღე სხვადასხვა პიროვნებას მიმართავდა სხვადასხვა სახელით. როდესაც ვკითხე, როდის ჩამოხვალ-მეთქი, დავინახე, როგორ მოიკიდა ყელზე ხელი, შემეხვეწა და თქვა: ქართულად საუბრის უფლებას არ მაძლევენო. ქართულად საუბარი აუკრძალეს, რომ  გაეგოთ, რას ლაპარაკობდა. ასევე, უთხრეს, რომ ჩემთან ისე ელაპარაკა, ეჭვი არ ამეღო... არ ველოდი, რომ ასე ღრმად წავიდოდა საქმე. მოუხერხებელი არ ვარ. მოვიფიქრე, რომ რუსულად დავლაპარაკებოდი და ქართულად მიმეწერა: „ლევან დამიწერე შენი მისამართი, სად იმყოფები“. ლევანი წაიკითხავდა, წაშლიდა და წერდა: „არ ვიცი“. მივხვდი, რომ მას საფრთხე ემუქრებოდა. ამიტომ, ყველა იმ ნომრის ამოწერა დავიწყე, საიდანაც მირეკავდა და ყველა იმ პირის სახელს ვიმახსოვრებდი, ვისაც მიმართავდა. ვცდილობდი, მათი აგრესია არ გამომეწვია და დედაშვილურად ველაპარაკებოდი, რომ, რაც შეიძლება, მეტი ინფორმაცია მიმეღო.
20 აპრილიდან 28 მაისამდე ლევანთან კონტაქტი გაწყდა. ოცდაოთხი საათი ველოდი, რომ დამირეკავდა, მაგრამ 28 მაისამდე არ გამოჩენილა. მარტო მწერდა: „საღამოს ვილაპარაკოთ“. საბერძნეთში დავბრუნდი და ერთ დღეს, როცა სამსახურიდან სახლში მოვედი, დავინახე, რომ ჩემს ტელეფონზე ყაზახეთიდან ძალიან ბევრი ზარია შემოსული. ყველა ეს ტელეფონი ამოვიწერე. გადავრეკე და ჩემი შვილი ვერ ვიცანი – მოკლემკლავიანი მაისური ეცვა და შევამჩნიე, რომ ხელი გასიებული ჰქონდა: „მაიკა” დაჭრილი და ხელიდან ახალი სისხლი მოსდიოდა. ყვირილი დავიწყე, შეშინებული ვიყავი და ვკითხე, რა მოგივიდა-მეთქი. მითხრა, პურს ვჭრიდი და ხელი გავიჭერიო... მე მას ვუყურებდი, ის კი გვერდით იყურებოდა. ვყვიროდი, ვინმესთვის დაეძახა. რუსულად უთხრა ვიღაცას, დედაჩემი გეძახის, პახან, მოდიო. ვიღაც კაცი მოვიდა და დაჯდა. იმ კაცმა  მითხრა: „ლევანს ჩვენი ვალი 2 300 ევრო აქვს. აქ იმყოფება 2 თვე-ნახევარია. მისი ხარჯები და სასტუმრო დასაფარიაო. ფული არ მქონდა, მაგრამ შვილი რომ ასეთ მდგომარეობაში დავინახე, რას არ ვიზამდი. ვუთხარი, არ ეცემათ ჩემი შვილი და ნახევარ საათში გადავურეკავდი. შოკში ვიყავი, მეგობარს დავუძახე და კიდევ გადავრეკე. ჩემს შვილს ჟაკეტი ეცვა, კანკალებდა. მითხრა, რომ სციოდა.  ვკითხე, რა მისამართზე გამეგზავნა ფული, რომ იქნებ, ის მაინც გამეგო, სად იმყოფებოდნენ. სახელი და გვარი ვკითხე. თქვა, რომ  გიოქან ალიევი იყო. მოგვიანებით, კიდევ გადავრეკე. ლევანი ისევ ახალი ნაცემი იყო.  მაინტერესებდა, ტანზე როგორ გამოიყურებოდა. ვთხოვე, ამდგარიყო და მაიკა აეწია. დავინახე უთოს კვალი სხეულზე – იმ ნახევარ საათში უთოთი დამიწვეს შვილი. ის კაცი ისევ მის გვერდით იჯდა და მითხრა, რომ ლევანს 26 მილიონი ჰქონდა. გამტაცებლებმა ლევანი აიძულეს, რომ მათი ახლობლის სახელზე  მინდობილობა დაეწერა და ლევანს ხელი მოაწერინეს, რომ თანხა მათ გამოეტანათ. ის ახლობელი წავიდა ჰონკონგში და მილიონ-ნახევარი გამოიტანა პირველ ჯერზე.  დაურეკა მათ, რომ ლევანს ფული ბანკში მართლა ჰქონდა, მაგრამ ერთბაშად ამდენ ფულს ვერ გამოიტანდა. ამიტომ დანარჩენის გამოსატანად მეორედ მივიდა ბანკში, მაგრამ  ჩინეთის პოლიციამ დაიჭირა ეს ადამიანი. უკითხავთ, ვისი ფულია, ვისი მინდობილობაა და მის მაგივრად, რატომ იღებდა ფულს. საქმეში ინტერპოლი ჩაერთო და დაიწყეს ლევანის ძებნა, რომლის სახელზეც ჩინეთის ბანკში 26 მილიონი იყო. როცა ლევანი ამ ფულის შესახებ სახლში ყვებოდა, არავინ უჯერებდა. თავად კი ამბობდა, რომ თანხის ანგარიშიდან გამოტანა უნდოდა. თუმცა, საქართველოს ბანკები დიდ პროცენტს სთხოვდნენ, ამ პირობებს კი ლევანი არ თანხმდებოდა.
– ყაზახებმა როგორ გაიგეს ამ ფულის შესახებ?
– მოგვიანებით გავიგე, რომ ლევანმა ყაზახებს 26 მილიონი დოლარის შესახებ უთხრა. ალბათ, თავი გამოიჩინა. აქაც, საქართველოშიც ბევრჯერ ამბობდა. მე ამ თემაზე ლაპარაკი ავუკრძალე. დედა, თუ გინდა, მე ყველა საბუთს გაჩვენებ, რომ ჩემი შრომით ვიშოვე ფულიო, – ამბობდა. ამ ხალხს არ ეყო ის, რაც ლევანმა გააკეთა და უნდოდათ, მისი ფული თავის სახელზე გადაეტანათ.  28 მაისის შემდეგ, ჩემი შვილი ისევ გაუჩინარდა. იყო ისევ უპასუხო ზარები. ვწერდი ყველას, ვისი ნომრიდანაც ერთხელ მაინც დამირეკა ჩემმა შვილმა. თავდაპირველად, მოთხოვნილი 2 300 ევროდან 100 გადავრიცხე  და პასუხიც მივიღე: „მადლობა, დედა“. თუმცა, მივხვდი, რომ ეს ჩემი შვილი არ იყო. იმ ნომრებზე ვრეკავდი, საიდანაც ლევანი მირეკავდა – სად არის ჩემი შვილი-მეთქი, განუწყვეტლივ ვწერდი. ეტყობა, შეწუხდა და მომწერა: ლეილა ხანუმ, თქვენი შვილი ჩვენგან წავიდაო. მე მივხვდი, რომ მხეცებთან მქონდა საქმე, მაგრამ ვიცოდი, ტკბილი სიტყვა უფრო გაჭრიდა. ვთხოვე, პოლიციაში წასულიყო და განეცხადებინა მისი დაკარგვის შესახებ. შემდეგ მივწერე, რომ მე ჩავიდოდი. ამდენი ხნის დუმილის შემდეგ მომწერა: ჩამოდი, დაგხვდებიო. ჩემი ეჭვები გამძაფრდა...
ლევან ცისკარიშვილის ოჯახმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განცხადება შეიტანა, რომ საქართველოს მოქალაქე ყაზახეთში დაიკარგა და ყველა ის ინფორმაცია, მისამართი და ტელეფონის ნომერი მიაწოდა, რომელიც ჰქონდა. სამინისტრომ, თავის მხრივ, განცხადება ყაზახეთს გადაუგზავნა, რომელმაც გამოძიება დაიწყო. სანამ  შვილის მკვლელობის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას მიიღებდა, 18 ოქტომბერს, ყაზახეთიდან შეტყობინება მიიღო.
ლეილა ისმაილოვა: 18 ოქტომბერს, საღამოს, „ვაიბერში“ მომივიდა წერილი: „გამარჯობა, მე ლეოს შესახებ ვრეკავ“. დავიწყე ამ ტელეფონზე დარეკვა, ყურმილს არ იღებდნენ და მივწერე. მითხრა, რომ გამომძიებელი იყო ყაზახეთიდან და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაგზავნილი წერილი გამომიგზავნა. მითხრა, რომ  ყაზახეთის უდაბნოში იყო და ჩემი შვილის კვალს მიაგნო. იმედი მომეცა. დამამშვიდა, რომ ვიპოვითო. 26 ოქტომბერს დამირეკა და მაცნობა, რომ გვამი იპოვეს და ვარაუდობენ, რომ ჩემი შვილია. რადგან ჩემს შვილს პასპორტი და პირადობა არ ჰქონდა, ეჭვი შემეპარა. მითხრეს, რომ უნდა წავსულიყავი ამოსაცნობად. თავდაპირველად თქვეს, რომ ჩემი შვილის გვამი ქუჩაში იპოვეს, მაგრამ იქ რომ ჩავედი, სიმართლე გამიმხილეს. როგორც ჩანს, ჩემი შვილი 21 ივლისს,  წამების დროს შემოაკვდათ. ცხედარი კი 2 თვის შემდეგ იპოვეს. თავდაპირველად, უდაბნოში დამალეს და როცა მე ვწერდი და ვაწუხებდი, კვალის არევა უნდოდათ – 300 კილომეტრის მოშორებით, ყარაგანდაში წაიყვანეს. ვიღაც ბიჭებისთვის ფული მიუციათ, მიწა გაუთხრიათ და იქ ჩაყარეს ყველა მისი ნივთი. 5 ლიტრი ბენზინი ჩაასხეს და დაწვეს. მინდოდა, ჩემს შვილს მაინც მოვფერებოდი, მაგრამ ფოტოები მაჩვენეს: ძვლები ვნახე მხოლოდ... კომპიუტერით ფოტორობოტი აღადგინეს და მე ამოვიცანი ჩემი შვილი. ერთ-ერთ მანიაკს ვიდეო ჰქონდა გადაღებული, სადაც ჩანდა, როგორ აწამებდნენ. უთოთი დამწვარი და დაჩირქებული იყო ვიდეოში... ვუთხარი, ჩემი შვილის ფეხის ზომას გეტყვით-მეთქი და მიპასუხეს, რომ ფეხები დამწვარი ჰქონდა. საშინლად მიწამეს შვილი. ახლა მხოლოდ ის მინდა, რომ მისი ცხედარი ჩამომისვენონ.  ყველა დააპატიმრეს, ვინც ამ საქმეში იყო და ჩემი შვილის მკვლელობა ყველამ აღიარა. ისიც გავიგე, რომ ერთხელ ლევან ცისკარიშვილმა გაქცევა მოახერხა და საავადმყოფოშიც მივიდა. იქ ორი დღე იყო, თუმცა ბრალდებულებმა მალევე იპოვეს... დაკავებულები არიან ექიმები, რომლებსაც ვალდებულება ჰქონდათ, განეცხადებინათ იმ პირის შესახებ, სამედიცინო დაწესებულებაში ნაცემი რომ მივიდა... უკვე დნმ-ის ანალიზის პასუხიც ცნობილია. ის ნამდვილად ჩემი შვილია და მხოლოდ ის მინდა, ამდენთვიანი ძებნის შემდეგ, ჩემი შვილის გადმოსვენება შევძლო. იქნებ როგორმე დამეხმარონ და პროცედურები დაჩქარდეს. დავიღალე მეც და დაიღალა ჩემი შვილის სულიც. ქრიასტიანები არ ხართ, ხალხო. დამეხმარეთ, რომ შვილი სწრაფად გადმოვასვენო და თავის მიწაზე დავკრძალო.
скачать dle 11.3