№49 არის თუ არა ნინი ქარსელაძე შეყვარებული უცხოელ მამაკაცზე და გახდება თუ არა ის ბიზნესლედი რუსეთში
მომღერალი ნინი ქარსელაძე, ახლახან დაბრუნდა მოსკოვიდან და როგორც თავად ამბობს, ეს ის ქალაქია, სადაც თავს მშვიდად გრძნობს. სულ მალე, დიდ რუსეთში ისევ დაბრუნდება და იქ საკუთარი ძალების მოსინჯვას გეგმავს. არის თუ არა ის შეყვარებული უცხოელ მამაკაცზე, ვინ უდგას გვერდით ყველაზე რთულ პერიოდებში და გახდება თუ არა რუსეთში ის ბიზნესლედი, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.
ნინი ქარსელაძე: ბევრი მიზანი და გეგმა მაქვს, ღმერთის წყალობით, ყველაფერი გამომივა. ვცდილობ, ამ ყველაფერს საფუძველი ჩავუყარო და განვახორციელო, თან ძალიან მალე. ის, რომ სცენაზე დგომა და სიმღერა მინდა, ზუსტად ვიცი (იცინის). ეს, ყოველთვის არის და იქნება ჩემს ცხოვრებაში. ამას დაემატება, ის, რაც ჩემში აღმოვაჩინე და რისი ინტერესიც მაქვს.
– მივხვდი, ჯერ არ გინდა თქმა, მაგრამ გავიგე, რუსეთში კერძო ბიზნესის წამოწყებას გეგმავ და ეს დიზაინს, მოდას უკავშირდება. ამაზე რას მეტყვი?
– არა, დიზაინს და მოდას ნამდვილად, არ უკავშირდება ჩემი მომავალი მიზნები. ამ ეტაპზე, ბოლომდე არ ვარ ჩამოყალიბებული, ბევრი ვიფიქრე და ახლო მომავალში, აუცილებლად, ზუსტად მეცოდინება, რას ვაპირებ და როგორ. ეს ის ძიება იყო, რომელსაც წლები მოვანდომე და იმედია, ყველაფერი გამოვა. გპირდებით, როგორც კი ავეწყობი, აუცილებლად თქვენ გაგიმხელთ პირველად. ახლა კი ამაზე საუბარი არ მინდა.
– ანუ, რუსეთში აპირებ გადასვლას საცხოვრებლად და იქ კარიერის აწყობას. ეს ხომ ზუსტად იცი და მიდასტურებ?
– კი, ამას ნამდვილად გიდასტურებთ, მაგრამ ვერ გიკონკრეტებთ (იცინის).
– ნინი, რაღაც პერიოდი ევროპაში ცხოვრობდი და სწავლობდი. თუმცა, დაბრუნდი საქართველოში და ახლა რუსეთში გადაწყვიტე ძალების მოსინჯვა, მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყანაში საკმაოდ დიდია კონკურენცია და ბაზარიც. არ გაგიჭირდება იქ დამოუკიდებლად, ოჯახის წევრების გარეშე და ვისთან ერთად აპირებ მოსკოვში ცხოვრებას?
– ბავშვობიდან დამოუკიდებელი ვარ. თუმცა, ევროპაში ცხოვრება ძალიან გამიჭირდა. ვფიქრობ, ეს ადამიანები ტრადიციულად, მენტალურად არ არიან ქართველებთან ახლოს. ალბათ, ძალიან ადრეულ ასაკში უნდა წახვიდე იქ რომ, ევროპას აუწყო ფეხი, მოერგო და შეეწყო. ყველაზე კარგად თავს მოსკოვში ვგრძნობ, სადაც დედაჩემის ბავშვობის მეგობართან, მაია ყიფიანთან და მის არაჩვეულებრიც მეუღლესთან ერთად ვცხოვრობდი. ძალიან კომფოტული და საყვარელი ადამიანები არიან და მათ გვერდით ნამდვილად არ გამიჭირდება. ძალიან ბევრი ახლობელი და მეგობარი მყავს რუსეთში, მათ შორის გავლენიანი, ვისაც შეუძლია, გზაზე დამაყენოს და შემოთავაზებებიც მაქვს. იანვრამდე თბილისში ვარ, მერე, აუცილებლად წავალ და იქ ავაწყობ ჩემს კარიერას.
– იმისთვის თუ ხარ მზად, რომ გაიგებენ რუსეთში წახვედი, რა რეაქცია მოჰყვება ქართველი საზოგადოების მხრიდან – უამრავი სალანძღავი სიტყვა, ნეგატიური დამოკიდებულება წამოვა შენკენ და სამშობლოს მოღალატის სტატუსს მოგანიჭებენ?
– რომ გითხრათ, ამ რეაქციებს ყურადღებას ვაქცევ-მეთქი, მოგატყუებთ. მართალია, დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება არ მაქვს, მაგრამ ვისწავლე, რომ ყოველთვის უნდა აკეთო ის, რაც ბედნიერს გაგხდის, უპირველესად, სადაც არ უნდა ვიყო, რომელ ქვეყანაშიც და რა საქმესაც არ უნდა მოვკიდო ხელი, ეს ჩემს ქართველობას არ მართმევს. სულაც არ ვფიქრობ, რომ მოსკოვი არის ის ქალაქი, სადაც წასვლა ცუდთან და ბინძურთან არის დაკავშირებული. მე ბებია მყავდა რუსი და გენეტიკაშიც მაქვს ეს გენი. სულაც არ მინდა ჩემმა დამ რუსული ლიტერატურა ორიგინალში არ წაიკითხოს. რუსული ენა საერთაშორისოა და ყველგან მადგება მისი ცოდნა, რაც ჩემს თავზე გამოვცადე. ბაქოში მყავს ახლო მეგობარი, რომელსაც რუსულად ვეკონტაქტები და ეს ენა რომ არ მცოდნოდა, არც ეს მეგობარი მეყოლებოდა და არც ის მეგობრების ამალა, რუსეთში რომ მყავს. ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. თუ შეიძენ ბევრ მეგობარს – რუსია ის თუ ებრაელი, ამას რა მნიშვნელობა აქვს? მთავარია, მათთან ურთიერთობა გაბედნიერებდეს. ამიტომ, სულაც არ მიმაჩნია, რომ რუსეთში წასვლა ღალატს ნიშნავს და ვერც იმ ადამიანთა აზრს გავითვალისწინებ, ვინც მიიჩნევს, რომ ამით, რამეს ვუშავებ ჩემს ქვეყანას. მე მყავს გვერდით ადამიანები, ვისი აზრიც ჩემთვის მნიშვნელოვანია და მათთვის მისაღებია ჩემი რუსეთში გადასვლა.
– დედასთან საკმაოდ მეგობრული და ახლო დამოკიდებულება გაქვს. ის და ოჯახის სხვა წევრები როგორ შეგელევიან და გიშვებენ დიდ რუსეთში, პატარა გოგოს?
– პირიქით, ყველა მომხრეა, რომ წავიდე, ჩემი კარიერა ავიწყო და დავლაგდე. რუსეთი ის ქვეყანაა, სადაც მეტი შესაძლებლობა გაქვს, შენი თავი იპოვო. დედა სულ გვერდში მიდგას და დიდად არც ის ნერვიულობს (იცინის).
– პირად ცხოვრებაში რა ხდება? გავიგე, შეყვარებული ხარ, თუმცა ამასაც ასაიდუმლოებ და შენი რჩეული არ არის ქართველი. ამაზე რას მეტყვი?
– სამწუხაროდ, შეყვარებული ნამდვილად არ ვარ, მაგრამ, რომც ვიყო, ამას არ ვიტყოდი. ამის ძალიან ცუდი გამოცდილება მაქვს. მომხრე ვარ, პირადი დაფარული იყოს იქამდე, სადამდეც მის დამალვას შეძლებ. იმიტომ ჰქვია პირადი, რომ პირადია, ინტიმური და სხვა ადამიანების ჩარევით, მხოლოდ ფუჭდება ურთიერთობა. ურთიერთობა რომ იწყება, ისედაც ბევრი ერევა მასში და კიდევ გარეშეთა ჩარევა, ზედმეტია. ეს, ჩემს თავზე გამოვცადე. რომ მეყვარება, ამას სადამდეც შევძლებ, დავმალავ!
– ანუ, ეს დამალვა შენს წარსულ, ცუდ გამოცდილებას უკავშირდება?
– რასაკვირველია. საკუთარმა ცხოვრებისეულმა და მეგობრების გამოცდილებამ, ესეც მასწავლა. როცა გახმოვანდა სასიყვარულო ურთიერთობა, გაფუჭდა დამოკიდებულება. ამიტომ, როცა დავლაგდები, სერიოზულად იქნება საქმე, მაშინ გავახმოვანებ. ასე რომ, ჩემს სასიყვარულო ურთიერთობას იქამდე გავწელავ და დავმალავ, სადამდეც შევძლებ, მერე, ისედაც ყველა გაიგებს (იცინის).
– პირად ცხოვრებაში შეცდომები ხშირად დაგიშვია და რას ნანობ ყველაზე მეტად?
– ბევრი შეცდომა დამიშვია პირად ცხოვრებაში, მაგრამ ჩემს არცერთ ნაბიჯს არ ვნანობ. დედაჩემმა მასწავლა, არასდროს დაიწყო ფიქრი და სინანული წარსულზე, იფიქრე პოზიტიურად და ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლებაო. ვცდილობ, ჩემი ყველა ნაბიჯისგან რაღაც ვისწავლო და გამოცდილება მივიღო. სხვანაირად, ვერ გაიზრდება ადამიანი. შეცდომები გასწავლის, როგორ იმოქმედო მომავალში.
– ნინი, როდის იყო შენს ცხოვრებაში ყველაზე რთული პერიოდი და ვინ დაგიდგა ამ დროს გვერდში?
– ყველაზე ცუდი და რთული პერიოდი, გარდატეხის ასაკში მქონდა, როცა მამა დაიჭირეს და ბევრი კითხვა პასუხგაუცემელი იყო ჩემთვის. ეს განსაცდელიც გავიარე და დარწმუნებული ვარ, ღმერთმა გამომიგზავნა, რომ უფრო გავძლიერებულიყავი. როცა წინაღობებს ვაწყდები და რთული პერიოდები დგას, ყოფილა მომენტი, ხელი ჩამიქნევია, მაგრამ დედაჩემი ამ მხრივ ძლიერია, სულ გვერდში მიდგას და ცდილობს, დამეხმაროს. ხათუნა, ჩემი ადამიანი-სტიმულია. სულ ვცდილობ ცუდი არ გავიხსენო, მაგრამ გამახსენდა – რომ მკითხეთ, ევროპაში რატომ არ სცადე კარიერის აწყობა და დარჩენაო, ერთი ფაქტი გამახენდა და გეტყვით. მოკლედ, ლონდონში რომ ვსწავლობდი, მამა მაშინ დაჭერილი იყო და დამირეკეს, ცუდად არისო. სამი დღით, ყველა ვარიანტში უნდა გადმოვფრენილიყავი საქართველოში. ლექტორს რომ ვუთხარი, წასვლა მინდა-მეთქი და მიზეზიც მოვახსენე, ისეთი პასუხი მივიღე მისგან, გაოგნებული დავრჩი. ისედაც არ მომწონდა იქ ცხოვრება და ამ პასუხის მერე, საერთოდ, გული ამიცრუვდა იქაურობაზე. მითხრა, გუშინწინ დედა გარდამეცვალა, მაგრამ პანაშვიდზე კი არა, აქ ვარ და ჩემს საქმეს ვაკეთებო. ამის მერე მივხვდი, ევროპა ჩემი არ არის, მათ ტრადიციებზე ვერ გადავეწყობი. იქ ცხოვრება არ მდომებია და ვერც მენდომება. რუსეთი კი მენტალურად, ტრადიციულად, ტერიტორიულად – ყველანაირად ახლოსაა ჩვენთან. იმდენად კომფორტულად ვგრძნობ იქ თავს, ასე არსად მიგრძნია, საქართველოს გარდა. მოსკოვი ის ქალაქია, სადაც როგორც სახლში, ისე ვგრძნობ თავს და ზუსტად ვიცი, იქ ჩემს კარიერას კარგად ავაწყობ.