№49 რა იწვევს ყურის მუდმივ ყრუ ტკივილსა და ყურებში ხმაურს, ყურის დაავადებების არარსებობის შემთხვევაში, ასევე, ხშირ თავბრუხვევასა და თავის ტკივილს და როგორ ვუმკურნალოთ კბილების კრაჭუნს
დამტკიცებულია, რომ პლანეტის მოსახლეობის 15 პროცენტი აკრაჭუნებს კბილებს ძილის დროს. მეცნიერების აზრით, ეს პრობლემა აწუხებს ყოველ მესამე სკოლამდელ ბავშვს და დაბალი კლასების ყოველ მეორე მოსწავლეს. რა იწვევს ბრუქსიზმს, როგორ უნდა ვუმკურნალოთ მას, ამ ყველაფრის შესახებ გვესაუბრება „ნინო ქარდავას სტომატოლოგიური კლინიკის” ექიმი-ორთოდონტი, მარიამ სიჭინავა:
– ბრუქსიზმი, ანუ კბილების კრაჭუნი, ვითარდება როგორც მოზრდილებში, ასევე, ბავშვებში, თანაც, ორჯერ უფრო მეტად. კონკრეტულად გამომწვევი მიზეზი უცნობია და მას განიხილავენ, როგორც მრავალმიზეზიან დაავადებას. მიზეზი შეიძლება იყოს: სტრესი, არასწორი თანკბილვა, ძილის რეგულაციის დარღვევა. ბრუქსიზმი ხშირ შემთხვევაში უვითარდებათ მათ, ვინც განიცდის გამუდმებულ სტრესს, რასაც მოსდევს შინაგანი აშლილობა, დაძაბულობა, სიბრაზე, ძილისწინა აღგზნებულობა.
– კბილების კრაჭუნის მიზეზი შეიძლება, იყოს ორგანიზმში ჭიების არსებობა?
– ბოლოდროინდელი მონაცემებით და მეცნიერების აზრით, გამორიცხულია, უშუალო კავშირი კბილების კრაჭუნსა და ჰელმინთიების (ჭიების) ორგანიზმში არსებობას შორის. თუმცა, ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე, როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში, მქონია შემთხვევები, როცა ბრუქსიზმის პირდაპირი გამომწვევი ყოფილა ასკარიდა. სწორი დიაგნოსტირებისა და მკურნალობის შემდეგ, ორ წელზე მეტია, პაციენტს კბილების კრაჭუნი აღარ ჰქონია. ამიტომ, ბრუქსიზმის დროს ყველას ვურჩევდი, თავის დაზღვევის მიზნით, გამორიცხონ ორგანიზმში ჰელმინთიების (ჭიების) არსებობა.
– რა გართულებებს იწვევს კბილების კრაჭუნი და რა პრობლემები შეიძლება, შეუქმნას მან ორგანიზმს?
– კბილების კრაჭუნის დროს ხდება კუნთების რიტმული, უნებლიე შეკუმშვა. კუნთები არის დაძაბული. ხშირად დიაგნოსტირებაში ოჯახის წევრებიც გვეხმარებიან, როცა მიუთითებენ პაციენტის ძილის დროს შემაწუხებელ კბილების კრაჭუნზე. პაციენტები კი ჩივიან, რომ აწუხებთ თავის, სახის, ყურების, კისრის, მხრების, საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის არეში ტკივილი ან დისკომფორტი. იცვითება, როგორც ზედა, ასევე ქვედა ყბის ფრონტალური კბილები და ეშვები. პაციენტის უყურადღებობის შემთხვევაში კი, კბილების ეტაპობრივი ცვეთა შეიძლება, ღრძილის დონემდე დავიდეს. ასევე, ირღვევა კბეჩის, ღეჭვის ფუნქციები, რაც კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე ცუდად აისახება. განსაკუთრებით საყურადღებოა ბრუქსიზმის დროს საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის დისფუნქცია. ბრუქსიზმის დროს კუნთების შეტევითი ხასიათის, რიტმული შეკუმშვა ხდება. მთელი დღის გადაღლილ სახსარს არ ეძლევა მოდუნების საშუალება. ძილის დროს კიდევ უფრო მეტად იტვირთება და ხშირ შემთხვევაში, სასახსრე ხრტილოვანი ზედაპირიც იცვითება. ზედაპირის ცვეთას კიდევ სხვა საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის მრავალ პათოლოგიამდე მივყავართ. ამერიკის შეერთებულ შტატებში ამით 75 მილიონამდე ადამიანია დაავადებული. ამერიკის სტომატოლოგთა ასოციაცია გამოყოფს საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის დისფუნქციის რიგ სიმპტომებს: ხშირი თავის ტკივილი, განსაკუთრებით დილაობით; კბილების კბილებზე დაჭერა, კბილების კრაჭუნი; კბილების მწვერვალების ცვეთა, განსაკუთრებით ზედა ყბის ეშვებისა და ქვედა ყბის ფრონტალურ კბილთა; ყბის კუნთების ტკივილი; პირის გაღებისას ან ღეჭვისას სახსრების ტკაცუნი; პირის გაღების გაძნელება, სახსრის მოძრაობის შეზღუდვა; სახის, ყბის, კისრის ან მხრის კუნთების ტკივილი; ყურის არეში ტკივილი; ყურებში დაგუბებისა და ქავილის შეგრძნება; ყურის მუდმივი ყრუ ტკივილი, ყურის დაავადებების არარსებობის მიუხედავად; ყურებში ხმაური; ხშირი თავბრუხვევა. საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა საკმაოდ რთულია, რადგანაც ის მოითხოვს კომპლექსურად, სხვადასხვა სამედიცინო დარგის სპეციალისტთა ჩარევას.
– როგორ დავამარცხოთ ბრუქსიზმი?
– სწორი დიაგნოსტირებისთვის უნდა ჩაერთონ სხვადასხვა სამედიცინო დარგის სპეციალისტები: ორთოდონტი, ნევროლოგი, ყბა-სახის ქირურგი. მთავარია, მოხდეს საღეჭი კუნთების რელაქსაცია, მოდუნება. ამისთვის კი აუცილებელია მიმართოთ ორთოდონტს ან ორთოპედს, რათა დამზადდეს სპეციალური პირშიგნითა, ნახევრად რბილი პლასტიკატისგან დამზადებული აპარატი, რომელიც ეკვრის კბილებს, იცავს ცვეთისგან, მოდუნების საშუალებას აძლევს როგორც სახსარს, ასევე საღეჭ კუნთებს. კარგია თბილი კომპრესიები ძილის წინ საღეჭ კუნთებზე.
– შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთა რიცხვი მსოფლიოში დღითი დღე იზრდება. ხშირად სწორედ სტომატოლოგები სვამთ ხოლმე დიაბეტის დიაგნოზს.
– პრაქტიკაში ხშირია შემთხვევა, როდესაც ავადმყოფს შაქრიანი დიაბეტის შესახებ პირველად სტომატოლოგი ამცნობს. დიაბეტიან პაციენტებს აქვთ შემდგომი დარღვევები: არაკონტროლირებადი დიაბეტისას ნერწყვის გამოყოფა შემცირებულია. შედეგად ვითარდება პირის ღრუს სიმშრალე. რომელიც თავის მხრივ, იწვევს ტკივილს, წყლულებს, ინფექციასა და კარიესს. დიაბეტიან პაციენტებში პაროდონტიტით დაავადების სიხშირე 90 პროცენტს აღწევს. პაროდონტიტი კბილების დაკარგვისა და ყბა-კბილთა სისტემის მოშლის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზია. ამას გარდა, პაროდონტის დაავადება ყველაზე დამანგრევლად მოქმედებს მთელ ორგანიზმზე, რადგან მუდამ ხდება ინფიცირებული ნერწყვის გადაყლაპვა. უკონტროლო დიაბეტის მქონე პაციენტებში ქირურგიული ოპერაციების ან სხვა სტომატოლოგიური მანიპულაციების ჩატარების შემდგომ, შეხორცების პროცესი მიმდინარეობს ნელა.
– შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტისთვის ყველა ტიპის სტომატოლოგიური მომსახურების მიღებაა შესაძლებელი თუ რაიმე შეზღუდვა არსებობს?
– როდესაც პაციენტს აქვს შაქრიანი დიაბეტის დეკომპენსირებული სტადია, ორთოპედიული მკურნალობის გადადება ან უარის თქმა არ შეიძლება. ასეთ შემთხვევებში ორთოპედიული მკურნალობა უნდა განისაზღვროს პროთეზის დამზადებით, რომელიც აკმაყოფილებს კბილების იმობილიზაციისა (მორყეული კბილის გამაგრება) და დატვირთვის სწორად გადანაწილების მოთხოვნებს. დიდი სიფრთხილით უკეთდებათ დიაბეტიან პაციენტებს იმპლანტაცია. თუმცა, შაქრიანი დიაბეტი არ გახლავთ იმპლანტაციის აბსოლუტური უკუჩვენება. აქ მნიშვნელოვანია, თუ რამდენად კონტროლირებადია პაციენტის სისხლში შაქრის შემცველობა. ხშირად მრავალი სტომატოლოგიური კლინიკა დიაბეტიანი ავადმყოფების პროთეზირებაზე უარს ამბობს. კბილის პროთეზების კონსტრუქციის შერჩევა ასეთი „სპეციფიკური” პაციენტებისთვის განსაკუთრებულ ცოდნას საჭიროებს. კბილების პროთეზირებისთვის სტომატოლოგები ზოგჯერ იყენებენ ლითონის სხვადასხვა შენადნობს, რომელსაც შეუძლია, უარყოფითად იმოქმედონ ნერწყვის რაოდენობასა და ხარისხზე, მის ფერმენტულ აქტიურობაზე. ასევე, გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები. ამიტომ, შაქრიანი დიაბეტის მქონე ავადმყოფების პროთეზირებისას სასურველი არ არის არაკეთილშობილი ლითონების (განსაკუთრებით ნიკელ-ქრომის შენადნობის) გამოყენება. სასურველია, მხოლოდ ოქრო-პლატინის შენადნობისგან შექმნილი კონსტრუქციები, ხოლო მოსახსნელი პროთეზები უნდა იყოს მხოლოდ ტიტანის ბაზისზე დამზადებული. დამტკიცებულია, რომ ის ხელს უშლის პირის ღრუში „კანდიდას“ გვარის სოკოს გაჩენასა და გამრავლებას. რაც შეეხება კბილის ამოღებას, შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტისათვის სასურველია, მოხდეს დილის საათებში, ინსულინის გაკეთებისა და საუზმის შემდგომ.
– შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ბავშვთა რიცხვიც საკმაოდ მაღალია. თუ არსებობს რაიმე შეზღუდვა მათთვის ბრეკეტ-სისტემის ფიქსაციის დროს?
– ჩვენი პაციენტების უმრავლესობა პრეპუბერტატულ და პუბერტატულ ასაკში მყოფი მოზარდები არიან. ენდოკრინოლოგები ხშირად ამ პერიოდს ჰორმონულ ქარიშხალს ადარებენ და მიუთითებენ, რომ პირველი ტიპის დიაბეტი ხშირ შემთხვევაში, სწორედ ამ პერიოდში ვითარდება. არანაირი შეზღუდვა არ არსებობს ბრეკეტის ფიქსაციის დროს. უბრალოდ, ექიმი-ორთოდონტი უნდა იყოს ინფორმირებული აღნიშნულ დაავადებაზე, რათა ამ კონკრეტულ პაციენტთან არ გამოიყენოს ნიკელ-ქრომის შემცველი ბრეკეტ-სისტემა თუ რკალები. ინივიდუალურად უნდა შეირჩეს ორთოდონტული მასალა. ამასთან, განსაკუთრებული როლი ეკისრება ჰიგიენას: რეგულარული ვიზიტები წელიწადში 3-4 ჯერ, პირის ღრუს დათვალიერება, პროფესიული წმენდა.