კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№49 ვის მიანიჭა ანრი ბიბინეიშვილმა-ჯაყელმა თავისი დაკავებით სიამოვნება და რატომ ვერ უყიდა მან დედას 9-ლარიანი წამალი

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბათუმში, მსახიობი ანრი ბიბინეიშვილი-ჯაყელი, ნასვამ მდგომარეობაში დააკავეს და საქმე, პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევისა  და წვრილმანი ხულიგნობის მუხლით აღიძრა. სასამართლოც გაიმართა და მსახიობს დაეკისრა, ადმინისტრაციული წესით, ჯარიმის გადახდა 250 ლარის ოდენობით, თუმცა მის გადახდას ბრალდებული არ აპირებს.  ასევე, საუბრობენ თითქოს ანრი თეატრიდან წავიდა, მიატოვა საყვარელი პროფესია და ამის ობიექტური მიზეზიც ჰქონდა. რასაკვირველია, ჩვენ ამ ამბის გადამოწმება თავად ანრისთან ვარჩიეთ და იმაზეც ვესაუბრეთ, რამდენად რთულია მისთვის იმ რეალობაში ყოფნა, რაზეც ის ხშირად საუბრობს.
ანრი ბიბინეიშვილი-ჯაყელი:
ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე, მეგობართან ხმამაღალი საუბარი გამომივიდა. ნასვამები ვიყავით და იმასაც ვაღიარებ, რომ უცენზურო სიტყვებსაც ჰქონდა ადგილი. თუმცა, ჩვენს ხმამაღალ საუბარს, რომ ვინმე შეეწუხებინა, პატრულს გამოიძახებდა და არა დაცვის თანამშრომლებს. ახსნა-განმარტება რომ მოვთხოვე, რატომ ხართ გამოძახებული-მეთქი, მათგან უხეშ სიტყვიერ მოპყრობას ჰქონდა ადგილი და არც მე დავუთმე. ხელბორკილები დამადეს და მანქანაში ძალის გამოყენებით ჩამსვეს. არ მომწონს, როცა ვინმე კანონს არღვევს, აშავებს, მაგრამ ნამდვილად არაფერი დამიშავებია და არც ვინმე შემიწუხებია. ნასვამი ვიყავი და შეიძლება, ზედმეტად ხმამაღლა ვლაპარაკობდი,  მაგრამ არა საზოგადოების თავშეყრის ადგილას. კი, ბატონი, მოსულიყო პატრულის თანამშრომლები, დაცვის პოლიცია რა შუაში იყო? მოკლედ, მომაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და არც მე დავაკელი.  დამადეს ხელბორკილები, მაფორთხიალეს და ჩამტენეს მანქანაში. მეექვსე განყოფილების წარმომადგენლები რომ მოვიდნენ, ვუთხარი, გადამიყვანეთ განყოფილებაში-მეთქი.
– ამბობ, მართალი ვარო, მაგრამ საქმე აღიძრა პოლიციელიებისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და წვრილმანი ხულიგნობის მუხლით.  მოსამართლემ 250-ლარიანი ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდა დაგაკისრა.
– დიახ, ასეა, მაგრამ, მე ამ თანხას არ გადავიხდი, იმიტომ რომ, მართალი ვარ! ბევრს მივანიჭე სიამოვნება, როცა გაიგეს, ანრი დაიჭირეს და ხელბორკილი დაადესო.  მაგრამ, თქვენს ჯინაზე, კარგად ვარ, ბატონო!  რომ მკითხეს სასამართლოზე, ბათუმის ბინის მისამართზე გამოგიგზავნოთ წერილი თუ თბილისში, ჯარიმის გადახდის თაობაზეო, ვუპასუხე: პირდაპირ ყოფილ შინაგან  საქმეთა მინისტრს, ბატომ მღებრიშვილს გაუგზავნეთ-მეთქი. აბა, მე ცამდე მართალი ვარ და რატომ გადავიხადო?
– თუ არ გადაიხდი, იცი, რომ სამართლებრივი უფლება აქვთ, ისევ დაგაკავონ?
– ხოდა, ახლა თუ დამაკავებენ, მეცოდინება მაინც, რაზე მაკავებენ!  ცხოვრებაში, არაერთი შეცდომა დამიშვია. თუმცა, ისეთი არა, სხვისთვის მიმეყენებინა ზიანი. საკუთარ შეცდომებზე მისწავლია და სულ იმას ვამბობ, კაცი სხვის შეცდომეზე ვერ ისწავლის-მეთქი. მთავარია, უპატიებელი შეცდომა არ დაუშვა. ასეთი კი, არ დამიშვია.
– ყველაზე მეტად რას ნანობ?
– არაფერს ვნანობ ცხოვრებაში, გარდა ქორწინებისა. გამოდის, რომ პირად ცხოვრებაში დავუშვი შეცდომა, რასაც მთელი ცხოვრება ვინანებ. გული არასდროს მქონია ბინძური. თუკი რამე დამიშავებია, განზრახ არ ჩამიდენია და არც სიბოროტით გამიკეთებია. არ ვგავარ ბევრს, მე ერთი ცალი ვარ და აქვე გეტყვით, დიდ მომავალს ვუწინასწარმეტყველებ ჩემს თავს. აუცილებლად მივაღწევ წარმატებას.
– ბოლო პერიოდში, გავრცელდა ინფორმაცია და ეს შენც დაადასტურე სოციალური ქსელით, რომ თუმანიშვილის თეატრი დატოვე. მსახიობობას – საქმეს, რომელიც ძალიან გიყვარს, ჩამოშორდი. ეს სიმართლეა?
– ოფიციალურად მე თეატრი არ დამიტოვებია. დიახ, დავწერე სოციალურ ქსელში, თეატრი დავტოვე და წამოვედი-მეთქი, მაგრამ, ასახსნელი არავისთან არაფერი მაქვს. მათხოვრულ ხელფასზე ვმუშაობ და ამაზე რომ გამოვთქვი პრეტენზია, ბევრმა სხვანაირად მიიღო. ნურავის ეგონება, რომ თეატრის საწინააღმდეგო მაქვს რამე. ჩემი პრეტენზია ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს ეხებოდა – იმას, რომ კულტურის სამინისტრო სათანადოდ არ მუშაობს თეატრების კუთხით. საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმაც, სასაცილო თემად გახადა ჩვენი გაჭირვება და ათასი სისულელე დაგვაბრალეს. არავის ჯიბეში არ ვიქექები. მე ჩემზე ვლაპარაკობ – დიახ, დაბალი ხელფასი მაქვს; დიახ – მშია, დიახ – არ მაქვს გზის და წამლის ფული, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ყიდვას რომ თავი დავანებოთ, მაგრამ სცენაზე რომ ვდგავარ, ეს არ მახსოვს.
მაპატიე, მაგრამ ცოტა უხერხული კითხვა მინდა, დაგისვა. შენი ნებაა, მიპასუხებ თუ არა... რამდენი გაქვს ხელფასი და დანამატის სახით თუ იღებ ბიძინა ივანიშვილისგან დახმარებას, რომელიც მსახიობებისთვისაა განკუთვნილი?
– ჩემი ხელფასი 376 ლარია. სამწუხაროდ, არ უნდა იყოს დასახმარებელი მსახიობი, იმდენი ხელფასი უნდა ჰქონდეს, მაგრამ რადგან ასეა ჩვენს ქვეყანაში, დანამატის სახით, „ქართუ“ ფონდიდან, თვეში 320 ლარს ვიღებდი. ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ, მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის. რომ არა მისი დახმარება, ალბათ, მართლა შიმშილით გაგვძვრებოდა სული.  ჩვენ ხელისუფლებას კი არ ვებრძვით, უბრალოდ, ვითხოვთ, გადახედოს ბიუჯეტს და მოემატოს მსახიობებს ხელფასები. ეს რომ ხმამაღლა ვთქვით, მტრებად გამოგვაცხადეს. რომ დავწერე სოციალურ ქსელში, მივდივარ თეატრიდან-მეთქი, იცით, ასე რატომ ვთქვი? მატყუარას რომ დაგიძახებენ და არ სჯერათ შენი, იქ რამის თქმას აზრი აღარ აქვს. კარი უნდა გამოიხურო და წამოხვიდე. როგორც ღირსეულად შევდგი ფეხი, ისე ღირსეულად გადმოვდგამ!
– თქვი, მტრებად გამოგვაცხადეს და ახლა იაფფასიანი საშუალებებით გვებრძვიანო. ვინ იგულისხმე მტრებად და ვის რაში სჭირდება შენთან ბრძოლა?
– პიროვნული დაპირისპირება არავისთან მქონია და ჯვარი მწერია. როცა ჩემთან არ გინდა შეხვედრა და კულტურის მინისტრი ან ამ სამინისტროს წარმომადგენელი, მხოლოდ ტელევიზიიდან მესაუბრები რაღაც ფურცლებით, რომელიც არ ვიცი და არც უნდა ვიცოდე, ხომ არ ჯობია, ჯერ გაერკვე, რაზე ლაპარაკობ და იცოდე თეატრში რა ხდება. ნორმალურ სახელმწიფოში მსახიობი არ უნდა ფიქრობდეს, სად იშოვოს გზის ფული, გაზისა და შუქის გადასახადი... სულ ესაა. ფულზე უფრო მეტი აქცენტი გაკეთდა, ვიდრე იმაზე რაც რეალურად ხდება თეატრში და არა მარტო სამინისტროს, არამედ, საზოგადოების მხრიდანაც და ესაა ცუდი. მე ვთხოვ მინისტრს, გადაამოწმოს ჩემი საბანკო ანგარიშები, ვალები, ოჯახის მდგომარეობა და  მერე დაფიქრდეს, როგორ მოვედი დღევანდელ დღემდე. შეიძლება, არგუმენტად ვინმემ თქვას, თუ ასე უჭირს, ყოველ საღამოს, როგორ ზის ბარში და წრუპავსო... ღმერთმა მეგობრები მიმყოფოს კარგად. არ უნდათ გამომცადონ? მომცენ ბევრი ფული და ნახონ, აბა, თუ გავგიჟდები. ფული ადამიანს ვერ გააგიჟებს, უბრალოდ, მის სახეს აჩენს. როცა ხმა ამოვიღე, მტრად გამომაცხადეს და ახლა ვინმეს ის უკვირს, რომ ვთქვი, თეატრიდან მივდივარ-მეთქი? აპოლიტიკური ვარ და არ ვერევი პოლიტიკაში, მე დაუფასებელი ხალხი მაფიქრებს და მტკივა.
– მართალია, იმის გამო, რომ დედას 9-ლარიანი წამალი ვერ უყიდე, ინსულტამდე მივიდა?
– მართალია. ამაზე რომ ვლაპარაკობ, ვერ წარმოიდგენთ, როგორ განვიცდი და რა გრძნობაა, როცა დედა გირეკავს და არ გეუბნება, რომ უჭირს. იცის, რომ არ გაქვს ფული და ამას შენც გრძნობ, მაგრამ ვერ ეხმარები. წარმოიდგინეთ, 9-ლარიან წამალს რომ ვერ უყიდი დედას, ინსულტამდე მივა და ვერ დაეხმარები... არადა, სახალხოდ ცნობილი მსახიობი შვილი ჰყავს, ყოველ საღამოს ბარებში ზის და მეგობრებში ერთობა. თურმე, რომ მცივა, მშია და მიჭირს, ხმა არ უნდა ამოვიღო და იმით დავკმაყოფილდე, რაც მაქვს. ჩემმა მეგობარმა უყიდა წამალი დედას და კიდევ ვამბობ, რომ არა მეგობრები, მართლა არ ვიცი, რა მეშველებოდა.
– გავრცელდა ჭორი, იმის გამო გადაწყვიტე თეატრიდან წასვლა, რომ ერთ-ერთმა ბიზნესმენმა სარფიანი წინადადება შემოგთავაზა. ეს სიმართლეს შეესაბამება?
– რა სისულელეა! რა ბიზნესი, რა საქმე? არ ვიცი, რატომ მივრცელებენ ასეთ ჭორებს. მსგავსი არაფერი ყოფილა. ვინც იმას იტყვის, რომ მე ვინმე ბიზნესმენმა რამე საქმე შემომთავაზა, მოვთხოვ ფსიქიატრიულიდან ჯანმრთელობის ცნობას! ჭორებს არ ვაქცევ ყურადღებას, მაგრამ ამ ჭორზე ძალიან გავბრაზდი. მე, არცერთი საქმის არ მრცხვენია, დამსუფთავებლადაც წავალ და შუშის მწმენდავადაც. მაგრამ, მე ჩემს პროფესიას არ ჩამოვშორდები, სულ მილიონები რომ შემომთავაზონ. ბიზნესისა რა გითხრათ, მაგრამ, თუ საკუთარ თეატრს გამიხსნიან, ამ შემოთავაზებას დავთანხმდები (იცინის).  
– როცა ძალიან გტკივა და განიცდი, ამ დროს რა გამშვიდებს?
– მიცვალებულებთან საუბარი. როცა ძალიან მტკივა და ეს ხშირად ხდება, ავდივარ სასაფლაოზე, ვჯდები და ვესაუბრები მიცვალებულებს. ისინი ყველაზე კარგად მიგებენ და ესმით ჩემი ტკივილი. სასაფლაო არის ადგილი, სადაც მიგებენ, მისმენენ და მამშვიდებენ. სასაფლაოზე მიცვალებულების სიჩუმე ყველაზე დიდი პასუხია ჩემთვის.
скачать dle 11.3