კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№49 ჯენტლმენი-ყაჩაღი

თათია ფარესაშვილი ნინო წულუკიძე

ედგარ ულუსი
მარკ ლონგი საერთოდ არ ჰგავდა მძარცველს, თანაც ისეთ მძარცველს, რომლის ანგარიშზეც არაერთი შეიარაღებული თავდასხმა, დანაშაულის დაფარვა და ნაქურდალი ნივთების გასაღება მოდიოდა.  გარეგნობაც ხელს უწყობდა – მაღალი იყო, სანდომიანი სახის ნაკვთებით, ქედმაღლური გამოხედვითა და დახვეწილი მანერებით. ყოველთვის უზადოდ, ძვირფასად და გემოვნებით ეცვა. არ ჰგავდა კრიმინალური სამყაროს იმ წარმომადგენლებს, რომელთაც საკუთარ თავზე ფულის დახარჯვა ენანებათ. ისინი ფულს სიამოვნებისთვის კი არ იპარავენ, არამედ იმიტომ, რომ ცხოვრების წესი აქვთ ასეთი, სხვანაირად ვერც წარმოუდგენიათ. მარკი მხოლოდ ძვირფას რესტორნებში საუზმობდა, სადილობდა და ვახშმობდა. ცხოვრობდა მდიდრულ ვილაში, ქალაქგარეთ, ტბასთან. ბოლო დროის ნაძარცვი ძვირფასეულობის, ბრილიანტების გასაღებაში სპეციალიზდა. ამას ყველა სხვა დანარჩენზე უკეთესად აკეთებდა. მხოლოდ მას შეეძლო, ძვირფასეულობა საზღვარზე ისე გადაეტანა, სამართალდამცველების მხრიდან პრობლემა არ შეჰქმნოდა. თანაც, განსაკუთრებულ ფასად ყიდდა ანტვერპენსა და შვეიცარიაში. ბოლო დროს ძარცვაში მონაწილეობას აღარც იღებდა. თუმცა, ოპერაციას თავიდან ბოლომდე თვითონ გეგმავდა.
იმ დილით თავისი ფეშენებელური სახლის აივანზე ჩაის მიირთმევდა და დაძაბულ მზერას არ აშორებდა ტბაზე მოქანავე ნავს, რომელშიც უკვე რამდენიმე საათის განმავლობაში, გაუნძრევლად იჯდა ინგლისის დამნაშავეთა სამყაროს ყველა წარმომადგენლისთვის კარგად ნაცნობი, პოლიციის ინსპექტორი მარლოუ. სკოტლანდ იარდში მარლოუ რამდენიმე განყოფილებას მართავდა. ერთი შეხედვით კი, უწყინარი ადამიანის შეხედულებას ტოვებდა. მარკ ლონგს არ  სჯეროდა, რომ გამთენიისას მარლოუ ტბაზე სათევზაოდ გავიდოდა. აშკარა იყო, მას რაღაც ამოძრავებდა. ლონგის აივანი პირდაპირ გადაჰყურებდა ტბასაც და მასზე მოტივტივე ნავსაც. სიმშვიდეს ინარჩუნებდა, მაგრამ შინაგან აფორიაქებას მაინც გრძნობდა, თან იმ დღეს სტუმარსაც ელოდა. მარკ ლონგს თავისი ქსელი ჰქონდა, ჰყავდა „წვრილფეხობა“, რომლებიც ინფორმაციის მიწოდებაზე მუშაობდნენ. ასევე, დადიოდნენ „საქმეზეც“, რადგან ლონგი აღარ კადრულობდა, პირადად მიეღო მონაწილეობა დანაშაულებრივ საქმიანობაში. იმის გარდა, რომ თავად გეგმავდა ყაჩაღობას და ძარცვას, სერიოზულ პროცენტებს იღებდა სხვისი ნაქურდალის გასაღებაშიც. ჰქონდა დიდი ცოდნა ძვირფასი ქვებისა და სამკაულის ადგილმდებარეობის შესახებ. ყველა ცნობილი ბრილიანტის მფლობელიც იცოდა. ორი კვირის წინ საეჭვო ვითარებაში გაქრა მილდტონების საგვარეულო სამკაული – მსხვილი ბრილიანტების საკიდი – საგვარეულო ლენტზე მისამაგრებელი სამკაული. გრაფი მილდტონი ნერვული აშლილობის ზღვარზე იყო. მთელი სკოტლანდ იარდი ფეხზე დადგა, მაგრამ უძვირფასესი სამკაულის კვალს ვერსად მიაგნეს. მარკ ლონგმა ზუსტად იცოდა, რომ მის გარეშე ბრილიანტებს ვერაფერს მოუხერხებდნენ და ის, ვინც სამკაული მოიპარა, აუცილებლად მიაკითხავდა. ამიტომ, სოლიდურ შემოსავალს ელოდა, მაგრამ მოთევზავე ინსპექტორს ყველაფრის გაფუჭება შეეძლო.
მამაკაცი, რომელიც ლონგს ესტუმრა, დაბალი და საკმაოდ უსიამოვნო შესახედავი გახლდათ. წვრილ თვალებს მოუსვენრად აცეცებდა. ლონგმა აღნიშნა, მაგიდასთან დაჯექიო და ჩაიდნიდან ჩაი დაუსხა.
– მიირთვით, ცივი დილაა, გესიამოვნებათ...
– მე ჩაის არ ვსვამ, თუმცა ახლა დავლევ. სახლში რომ შევიდეთ?
– რატომ? აქ სუფთა ჰაერია. თანაც, მაინტერესებს, ის კაცი თევზს დაიჭერს თუ არა.
– რომელი კაცი?
– იპსექტორი მარლოუ. შენ წინ ნავში ზის ანკესით და თევზაობს, მაგრამ საკითხავი ის არის, რომელ თევზზე „ნადირობს“.
– რომელ თევზზე? ვერაფერი გავიგე. თევზზე „ნადირობა“ რა შუაშია? – ვერ მიხვდა სტუმარი.
ლონგმა გაიცინა.
– მოდი, საქმეზე ვილაპარაკოთ. გინდათ, ბრილიანტების გასაღებაში დაგეხმაროთ? სხვათა შორის, არ ვკითხულობ, ვინ მოიპარა „საკიდები“, მთავარი პროცენტია, რომელსაც მივიღებ. რამდენს მთავაზობენ?
– 40 პროცენტს.
– სასაცილოა. სამოცი და ხელს ვკიდებ ამ საქმეს, თუ არა, ანკესები მეც მაქვს და ცოტას გავერთობი.
– პასუხი უნდა შევათანხმო. აქ ტელეფონი არის?
– დიახ. ოთახშია. მე აქ დავრჩები. საუბარში ხელს არ შეგიშლით. უთხარით, თუ არ დათანხმდნენ, პროცენტი ხვალ სამოცდაათამდე გაიზრდება.
სტუმარი ათი წუთის შემდეგ დაბრუნდა.
– ყველა რისკს თუ საკუთარ თავზე აიღებთ, თანახმანი არიან.
– რა თქმა უნდა, სამკაული როდის ჩამბარდება?
– ახლავე და სტუმარმა უბიდან ხავერდის ქსოვილში შეხვეული ნივთი ამოიღო, – აი, ეს არის. როგორ აპირებთ მის საზღვარზე გადატანას? მილდტონმა ნახევარი ევროპის პოლიცია ფეხზე დააყენა.
– ეს ჩემი საქმეა. დავემშვიდობოთ ერთმანეთს...
სამი დღის შემდეგ მარკ ლონგი თვალისმომჭრელ ქალთან ერთად, სასამართლო დარბაზში იჯდა და იმ კაცის სასამართლო პროცესს ადევნებდა თვალს, რომელიც მას სახლში ესტუმრა. დაკავებულს ძვირფასეულობის ძარცვაში მონაწილეობისთვის ედებოდა ბრალი. მაგრამ, ისე მიუსაჯეს რამდენიმეწლიანი პატიმრობა, ვერც თანამონაწილეების ვინაობა ათქმევინეს, ვერც ნაძარცვი ბრილიანტების ადგილმდებარეობა. მარკს, როგორც ყოველთვის, იშვიათი გემოვნებით ეცვა. სასამართლო დარბაზიდან გამოსულმა ქალიშვილი მოდურ კაფეში დაპატიჟა. შემდეგ იმ სასტუმრომდე მიაცილა, სადაც ცხოვრობდა...
ტბაზე გრილი ნიავი ქროდა. თბილ, საწვიმარ ქურთუკსა და მაღალყელიან რეზინის ჩექმებში გამოწყობილი ინსპექტორი მარლოუ ნაპირთან იჯდა. მარკ ლონგი გვერდით მიუჯდა.
– ტბაში ბევრი თევზია? –ჰკითხა ღიმილით.
– საკმარისი, რომ ჩვენი „კენჭების“ გადასატანად გეყოს. რაო გოგონამ?
– მამამისს ისევ ძალიან მოსწონს ჩვენი ტბის თევზი, ამიტომ სათანადოდ მომზადებულს, ხვალ ანტვერპენში გავუგზავნი. ალბათ, ხვდები, რომ „კენჭები“, ცალ-ცალკე უნდა „გადაყლაპონ“ თევზებმა. მათ ამით ბრწყინვალება არ დააკლდებათ.
– ვიცი. ამჯერადაც ვენდობი შენს ოსტატობას, – ინსპექტორს მარკისთვის სახეზე არ შეუხედავს, მხოლოდ თითები გაატკაცუნა და წამოდგა, საქმე გახსნილია, მძარცველები დავაკავეთ. პოლიციისთვის დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს, რა მოუვა მიდლოტონების საგვარეულო სამკაულს. მე კი ფული ძალიან მჭირდება. მალე პენსიაში მომიწევს გასვლა. ამ ქვეყანაში ყოფილ პოლიციელებს საერთოდ არ აფასებენ – ძალიან მინდა, თბილ ქვეყანაში გავემგზავრო. ამბობენ, იქ იშვიათი თევზების დაჭერაც შეიძლებაო.
скачать dle 11.3