№49 როგორ სიზმარსაც ხედავს ადამიანი, სწორედ ისეთი აურა აქვს
ადამიანი ფიქრისა და სიტყვების საშუალებით იზიდავს დადებით ენერგიას და თავად გამოიმუშავებს ბედში სწორ და წარმატების მომტან ფაქტორებს. ყველა ჩვენგანი გარკვეული ვარსკვლავის წყალობისა და მფარველობის ქვეშ იბადება და სწორედ ის გვიწერს ბედს. თუმცა, მასში გარკვეული კორექტივების შეტანა შეგვიძლია და ეს ჩვენზეა დამოკიდებული, როგორ ენერგიებს ვუშვებთ კოსმოსში. მოკლედ, არსებობს გარკვეული ენერგია, რომლის დახმარებით და ასევე, ფიქრისა და სიტყვებისა თუ კოსმიური ძალების დახმარებით, ადამიანი იზიდავს ბედნიერებასაც თუ უბედობასაც.
ქაოსური და უმისამართო ფიქრი, ისევე არ იძლევა შედეგს, როგორც ქაოსური და არამიზნობრივი შრომა. შესაძლოა, ბევრი იმასაც ფიქრობს, რომ მიზანმიმართული ფიქრი, თუნდაც მატერიალურ ფორმირებაზე, არასწორია. ძალიანაც ცდებიან, რადგან, უბრალოდ, საჭიროა, გამოიმუშაოთ მიზანმიმართული, პერმანენტული ფიქრის უნარი და შედეგიც არ დააყოვნებს. კერძოდ, ამ დროს ჩამოყალიბდება აზრი-ფორმა, რომელსაც შეუძლია სამყაროში გადაადგილება და გარკვეული ინფორმაციული ენერგიის გამოწვევა კონკრეტული ადამიანისთვის.
მიიღეთ მოვლენები, სიტუაცია და ადამიანები ისეთი, როგორიც სინამდვილეში არიან და მიხვდებით, სად უშვებთ შეცდომას, სად ბლოკავთ საკუთარ ბედნიერებას.
ნებისმიერი მოვლენა და თვით მთელი სამყარო ისეთია, როგორიც უნდა იყოს. ამიტომ, ნუ შეებრძოლებით და ნუ აღუდგებით წინ სხვადასხვა აზრით, სიტყვითა და სიტუაციით. გირჩევთ, ყველაფერი ისე მიიღეთ, როგორიც არის და არა ისე, როგორც თქვენ გინდათ. არ ეცადოთ, საკუთარი აზრის დაცვას და ვინმეს დარწმუნებას. მიიღეთ ყველას აზრი წინააღმდეგობის გარეშე და არ მიეჯაჭვოთ არცერთ მათგანს. როგორც იტყვიან, ყველას აზრი გაითვალისწინეთ, მაგრამ არ დაიჯეროთ.
ასევე, არსებობს განზრახვისა და სურვილის კანონი. კერძოდ, ყველამ უნდა ჩამოწეროს ფურცელზე საკუთარი სურვილების სია. ამ სურვილების ასრულება მიანდეთ ზეციურ ძალებს და იყავით დარწმუნებული, რომ აუცილებლად აგისრულდებათ. ეს სია ყოველთვის თან ატარეთ, გნებავთ – ჩანთით, გნებავთ – ჯიბით. მთავარია, ის თქვენთან ახლოს იყოს და დროდადრო გადაიკითხოთ. თან, იფიქრეთ, რომ შეუძლებელი სამყაროში არაფერია და ეს სურვილები აუცილებლად აგისრულდებათ. არ დაემორჩილოთ ნებას და არ გაფანტოთ ყურადღება, მიიღეთ აწმყო რეალურად და სურვილების ასრულების იმედი არასდროს დაკარგოთ. ბუნების კანონები და კოსმიური ძალები, ამ სურვილების ახდენაში აუცილებლად დაგეხმარებათ. მათი ფურცელზე დაწერითა და თან ტარებით, თქვენს სურვილს სწორ გეზს მისცემთ სამყაროში.
ბევრს აინტერესებს, არის თუ არა სიზმარი სინამდვილის ანარეკლი, დათრგუნული სურვილების კოდირებული ხილვა, აქვს თუ არა სიზმარს წინასწარმეტყველების უნარი, არის თუ არა ის ჩვენი განწყობის სტიმულატორი, შთაგონების წყარო და ასე შემდეგ. გეტყვით, რომ დაპროგრამებული სიზმრები ძალიან საშიში და სახიფათოა, ამიტომ, ყველას უნდა შეეძლოს მისი სწორად მართვა და ახსნა. კერძოდ, ცუდი სიზმარი გაღვიძებისთანავე უნდა გაანეიტრალოთ, რათა მისი შედეგები უარყოფითად არ აისახოს თქვენს ცხოვრებაზე. სიზმარს, როგორც სხვა ყველაფერს სამყაროში, ორი ძალა მართავს: დადებითი და უარყოფითი. როგორ სიზმარსაც ხედავს ადამიანი, სწორედ ისეთი აურა აქვს მას, ანუ ისეთი – დადებითი ან უარყოფითი ძალის ზეწოლის ქვეშ იმყოფება რეალურ ცხოვრებაში. ხშირად ადამიანებს წინასწარმეტყველური სიზმრები ახალმთვარეობის დღეებში ესიზმრებათ. ამიტომ, ამ სიზმრებს უნდა მიაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება და შეძლებისდაგვარად, გაითვალისწინოთ. ამ დღეებში, ასევე, დიდი შანსია, თქვენი სურვილები, რომელსაც სამყაროში სწორი გეზი მიეცით, რეალურად ახდეს.
ყველანი სამყაროზე ვართ დამოკიდებული, სამყაროში კი არაფერი იკარგება უმიზნოდ, მით უმეტეს, ადამიანის საქციელი, სიტყვა თუ აზრი. შესაბამისად, არც არაფერი ხდება შემთხვევით. ამიტომ ყველას ვურჩევ, იყვნენ მეტად დაკვირვებულები, ნუ ისვრიან სიტყვებს უმიზნოდ და დაუფიქრებლად. ყურადღება მიაქციონ ყოველ წვრილმანს. თავად დაიცვან საკუთარი ბედ-იღბალი წარუმატებლობისა და შესაძლო საფრთხისგან.