№49 ექინაცეა – უამრავი დაავადების მკურნალი
ექინაცეას აქვს ანთების საწინააღმდეგო, ანტივირუსული, ანტიალერგიული, ანტირევმატული, სოკოს საწინააღმდეგო და იმუნომოდულაციური მოქმედება. ექინაცეა, გარდა იმისა, რომ აძლიერებს იმუნიტეტს, ანადგურებს მრავალ ბაქტერიასა და ვირუსს. მისი ექსტრაქტი აფერხებს სტრეპტოკოკების, სტაფილოკოკების, ნაწლავის ჩხირის, ჰერპესვირუსისა და გრიპის გამომწვევი ვირუსების გამრავლებას.
ექინაცეას იყენებენ უმეტესად ინფექციების საწინააღმდეგოდ: გაციებისას, სასუნთქი გზების ინფექციების დროს, გაციებისა და გრიპის სიმპტომების მოსახსნელად, საშარდე და სოკოვანი ინფექციების, გენიტალიური ჰერპესის, სისხლის ინფექციების, ტონზილიტის, სიფილისის, დიფტერიისა და მალარიის დროს.
ექინაცეის პოლისაქარიდები აჩქარებს ქსოვილთა რეგენერაციას, აცხრობს ანთებით პროცესებს, ამცირებს ტკივილს. კოფეინის მჟავას გლიკოზიდების წყალობით, ექინაცეა ხელს უწყობს ორგანიზმის გამოჯანმრთელებას. კოფეინის მჟავა და მისი წარმოებულები, საზოგადოდ, მაღალი ბიოლოგიური აქტიურობით გამოირჩევა – მათ ანტიოქსიდანტურ მოქმედებასთან ერთად, ანტიკანცეროგენული ეფექტიც აქვს. აფერხებს მეტასტაზების განვითარებას, ანადგურებენ სოკოებს, ამცირებენ ორგანიზმში ტოქსინების დონეს. ექინაცეაში შემავალი ინულინი ანადგურებს ვირუსებს და ააქტიურებს ლეიკოციტებს.
ექინაცეის ფესვებში შედის: გლუკოზა, ინულინი, ცხიმები და ეთერზეთები, ფისი, ნივთიერება ბეტაინი, რომელიც აფერხებს ინფარქტისა და ინსულტის განვითარებას, ფენოლკარბონის მჟავა, რომელიც აძლიერებს იმუნიტეტს და აქვს შარდმდენი მოქმედების უნარი. მცენარის ყველა ნაწილში უხვად არის მინერალური ნივთიერებები, მათ შორის, იშვიათი მინერალებიც, რომელთა ნორმას საკვებიდან ვერ ვიღებთ და ამიტომ ხშირად აკლია ორგანიზმს. ესენია: კალციუმი, კალიუმი, სელენი, მანგანუმი, თუთია, მოლიბდენი, ვერცხლი, ქლორი, რკინა, მაგნიუმი, ბერილიუმი და სხვა.
კარგი საშუალებაა ვაგინალური სოკოვანი ინფექციების დროს. ამცირებს ინფექციების ხელახლა აღმოცენებას და ხელს უწყობს სოკოვანი დაავადების გაქრობას.
ყველაზე მეტად ცნობილია მასში შემავალი პოლისაქარიდების – სახამებლის, ცელულოზას, ჰემიცელულოზას, ინულინისა და პექტინის მოქმედება, რაც ასტიმულირებს ლიმფოციტების გამომუშავებას და ზრდის ლეიკოციტების აქტივობას. ამით კი ეხმარება ორგანიზმს ვირუსებთან ბრძოლაში და ქსოვილებს დაზიანებული უჯრედებისგან წმენდს. ამ ნივთიერებათა წყალობით ჩვენი ორგანიზმი დაცულია ინფექციისგან. სწორედ ამით ვლინდება ექინაცეის იმუნომოდულაციური მოქმედება.
ექინაცეა ეფექტურია გრიპის, გაციებისა და სხვადასხვა ანთებითი დაავადების დროს, ასევე, ანტიბიოტიკებით მკურნალობის, ოპერაციისა და მძიმე დაავადებათა გადატანის შემდგომ პერიოდში – გაციების პირველივე სიმპტომების გამოვლენიდან 7-10 დღის განმავლობაში. ის ამცირებს გაციების ხანგრძლივობას. სეზონური გაციებისა და გრიპის პერიოდში, ერთ ჭიქა წყალში გახსნილი 20-30 წვეთი ექინაცეის დღეში 3-ჯერ მიღება ამცირებს, როგორც გაციების სიმპტომებს, ისე მისი გართულების რისკს. ეფექტურია კანისა და ღვიძლის დაავადებების პროფილაქტიკისთვის. ანტიბიოტიკურ და იმუნოდეპრესიული თერაპიის შემდგომ პერიოდში, რეკომენდებულია იმუნიტეტის სტიმულირებისთვის, ორგანიზმის საერთო გადაღლის დროს.
ჰიპერტონიის, დიაბეტისა და ანემიის სამკურნლო ბუნებრივი საშუალება
კომში ერთ-ერთი ბუნებრივი პოლივიტამინია. ამ მხრივ, ის არ ჩამოუვარდება ვაშლსა და მსხალს. კომში მდიდარია A, C, B, P ვიტამინებით, აზოტოვანი ნივთიერებებით, ორგანული მჟავებით, შაქრით. გარდა ამისა, კომშში უხვად არის მიკროელემენტები, არომატული, პექტინური და მთრიმლავი ნივთიერებები, რაც ბაქტერიების საწინააღმდეგო თვისებებით გამოირჩევა.
კომშის ნაყოფი, კანი და ფოთლები მნიშვნელოვანი და აუცილებელია ორგანიზმისთვის. მისი არომატი კი დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, აუმჯობესებს გუნება-განწყობას, აძლიერებს იმუნურ სისტემას. ის არ არის სასარგებლო მათთვის, ვისაც ენტერიტი, ენტეროკოლიტი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული აწუხებთ.
პექტინისა და მთრიმლავი ნივთიერებების არსებობამ კომში კუჭ-ნაწლავის აშლილობის დროს შეუცვლელი გახადა. ნაყოფის ნახარში და მურაბა გამოიყენება საჭმლის მომნელებელი სისტემის მოქმედების გასაუმჯობესებლად, ღვიძლის დაავადების, აგრეთვე პირღებინების საწინააღმდეგოდ და შარდმდენ საშუალებად. კომში შეიცავს პროვიტამინებს, B, C, E, PP ვიტამინებს.
გამოიყენება ნაწლავის ანთებითი დაავადებების დროს. კომშის წვენს აქვს მატონიზებელი, ანტისეპტიკური, შარდმდენი თვისებები. კომშის წვენი რეკომენდებულია ანემიის, სისხლძარღვთა და რესპირატორული დაავადებების, ასთმის დროს. მხედველობის გასაძლიერებლად და ხველების სამკურნალოდ კომში შეუცვლელია.
ჰიპერტონიისა და დიაბეტის დროს გამოიყენეთ შემდეგი ნაყენი: 2 სადილის კოვზ კომშის გამხმარ ფოთოლს დაასხით 1 ჩაის ჭიქა წყალი და ნელ ცეცხლზე ადუღეთ 20 წუთი. ნაყენი მიიღეთ დღეში 4-ჯერ, 1 სადილის კოვზი, ჭამამდე.
ღრძილებიდან სისხლდენის დროს – 1 ჩაის კოვზი კომშის ხის დაქუცმაცებულ ქერქს დაასხით 1,5 ჭიქა მდუღარე წყალი და დუღილიდან 30 წუთის განმავლობაში, ხარშეთ ნელ ცეცხლზე. გაწურეთ და გამოიყენეთ, როგორც გამოსავლები საშუალება.
წნევის დასაწევად: ოთხ ცალ კომშის ფოთოლს დაასხით ერთი ლიტრი წყალი. ადუღეთ ათი წუთის განმავლობაში. დალიეთ ნაყენი დღეში ორჯერ, ჭამის წინ ან შემდეგ. ეს ნაყენი ასევე კარგია მომატებული პროთრომბინის დროსაც, რადგან მის დონეს არეგულირებს.
სამკურნალოდ გამოიყენება როგორც კომშის ნაყოფი, ასევე მისი ფოთლები და ხის ქერქი. ის დამამშვიდებლად მოქმედებს ფსიქიკაზე, აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას, აამებს თავის ტკივილს, რეკომენდებულია ნაბახუსევზე, ანემიისა და დაბალი ჰემოგლობინის დროს. კომშის ფოთლებს აქვს სისხლძარღვების შევიწროების უნარი და დაბლა სწევს არტერიულ წნევას.
ჰიპერტონიის დროს ერთი ჩაის ჭიქა წყალი დაასხით ორ სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ კომშის ფოთოლს. ადუღეთ ნელ ცეცხლზე ნახევარი საათით, შემდეგ გააცივეთ, გადაწურეთ და მიიღეთ ერთი სადილის კოვზი დღეში სამჯერ.
ხველების დროს ერთ სადილის კოვზ კომშის თესლს დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ წყლის ორთქლზე ოცი წუთის განმავლობაში, შემდეგ გაწურეთ და მიიღეთ ნახევარი ჩაის ჭიქა ნაყენი დღეში სამჯერ, ჭამის წინ.
კომშის თესლების ნახარში იხმარება თვალის დაავადებების დროს, საფენების სახით. ანგინის დროს – გამოსავლებად. კომში შეგიძლიათ გამოიყენოთ, როგორც კოსმეტიკური საშუალება კანის დასარბილებლად. კომშისგან შეგიძლიათ, ნიღაბი მოამზადოთ ცხიმიანი და ფორებიანი კანისთვის: ათქვეფილ ცილას წვეთ-წვეთობით უნდა დაუმატეთ თანაბარი რაოდენობით ოდეკოლონი, ქაფურის სპირტი და კომშის წვენი. ეს ნიღაბი კანს ხავერდოვნებასა და სიგლუვეს მიანიჭებს.
მაყვლის საოცარი თვისებები თქვენი ჯანმრთელობის სამსახურში
საქართველოში 27 სახეობის მაყვალია გავრცელებული. სამკურნალოდ გამოიყენება როგორც მისი ფესვი, ასევე ფოთოლი და ნაყოფიც. ნაყოფს ხმარობენ როგორც ნედლი, ასევე გადამუშავებული სახით. გამოირჩევა პექტინოვანი, მთრიმლავი და არომატული ნივთიერებების შემცველობით. გარდა ამისა, ის შეიცავს ორგანულ მჟავებს, ნახშირწყლებს, მინერალურ მარილებს, ასკორბინის მჟავას, ფლავონოიდებს, ცილებს, ცხიმოვან ზეთებს, სიტოსტერინს. მას აქვს ანთებისა და დაჩირქების საწინააღმდეგო, შემახორცებელი, ბაქტერიოციდული, ოფლმდენი, შარდმდენი და ნივთიერებათა ცვლის დამარეგულირებელი თვისებები. გარდა ამისა, გამოირჩევა დამამშვიდებელი მოქმედებით. ამ დანიშნულებით გამოიყენება ნერვული აშლილობის – ნევროზისა და ნევრასთენიის დროს. მისი ნედლი ნაყოფი განსაკუთრებით სასარგებლოა შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ: ანემია, ათეროსკლეროზი, შაქრიანი დიაბეტი, ჰიპოერტონიული დაავადებები.
ხალხურ მედიცინაში მისი ფოთლებისა და ძირების ნახარშს იყენებენ მუცლის ტკივილისა და კუჭ-ნაწლავის აშლილობისას. მაყვლის კოჟრები კარგია ღვიძლის დაავადებების დროს. ამისთვის საჭიროა შავ ღვინოში მოხარშული მაყვლის კოჟრები. მაყვლის ფოთლები გამოიყენება ჩირქოვანი ჭრილობებიდან ჩირქის ასალაგებლად. მცენარის დანაყილი ძირები კი გამოგადგებათ კოლიტის სამკურნალოდ. ზოგადად, ეს მცენარე მედიცინაში გამოიყენება კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის, ფაღარათის, მოწამვლის, ზემო სასუნთქი გზების დაავადების, ხველის, გახანგრძლივებული და ჭარბი მენსტრუაციის დროს. მშრალი ნაყოფი შედის ოფლმდენი ჩაის ნაკრების შემადგენლობაში. ჰიპერტონული დაავადებების, ათეროსკლეროზის, ნერვული სისტემების დარღვევის დროს იყენებენ ფოთლების შემდეგ ნაყენს: 2 გრამ ნედლეულს დაუმატეთ 400 მილილიტრი მდუღარე წყალი. გააჩერეთ 4 საათი. შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ 100 მილილიტრი დღეში 4-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
მაყვლის ფოთლებისგან მზადდება ძალზე სასარგებლო და სასიამოვნო ჩაი. ნედლი ნაყოფისგან დამზადებული ჩაი ხალხურ მედიცინაში მიიჩნევა გამაგრილებელ და დამამშვიდებელ საშუალებად კლიმაქსური ნევროზების დროს. მაყვლის ფოთლების თვისებების გამო მის ნახარშს (1/10) იყენებენ კუჭიდან სისხლისდენისა და კუჭის აშლილობის დროს. ამ ნახარშს სვამენ 4-ჯერ დღეში, 2 სადილის კოვზის ოდენობით.
მშრალი კენკრის ნაყოფი, ნაყენი და ნახარში ავადმყოფებს უკლავს წყურვილს, ხასიათდება სიცხის დამწევი თვისებებით. ამიტომ, მას იყენებენ მწვავე რესპირატორული დაავადებების სამკურნალოდ, პნევმონიის დროს. მაყვალი აქტიური შარდმდენი და ოფლმდენი საშუალებაა. გადამწიფებული ნაყოფი იწვევს სუსტ საფაღარათო მოქმედებას. უმწიფარი კენკრა შეიძლება, მიიღოთ ზოგადი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
მაყვალი განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც ჭარბი წონა აწუხებს. ის ხელს უშლის ცხიმების შეწოვას, ხელს უწყობს ენერგიის წვას, აღადგენს ნაწლავების პერისტალტიკას, დაბლა სწევს გლუკოზისა და ქოლესტერინის დონეს სისხლში.
ხალხურ მედიცინაში მაყვლის ფოთლების ნაყენს იყენებენ ზედა სასუნთქი გზების დაავადებების დროს. ასევე, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთების, ანგინის, ფარინგიტის შემთხვევაში – გამოსავლებად. ნაყენი მზადდება შემდეგნაირად: 2 სადილის კოვზ დაქუცმაცებულ ფოთოლს დაასხით 200 მილილიტრი წყალი, დააყოვნეთ 2 საათი და მიიღეთ სამჯერ დღეში ჭამამდე.
მაყვლის ნაყოფი უნდა მოაგროვოთ მისი სიმწიფის პერიოდში მშრალ ამინდში, შემდეგ გააშრეთ 30 გრადუს ტემპერატურაზე. მისი ფოთლები კი შეაგროვეთ ზაფხულში, სრული განვითარების პერიოდში. გააშრეთ ჩრდილში ნორმალურ ტემპერატურაზე. მთავარია, იყოს კარგი ვენტილაცია. ფესვები უნდა შეინახოთ გვიან შემოდგომაზე. ჯერ კარგად გაასუფთავეთ, შემდეგ დაჭერით და კარგად გააშრეთ.
მაყვლის ანთების საწინააღმდეგო მოქმედების გამო, მის ექსტრაქტზე ხშირად, პრობლემური და მგრძნობიარე კანისთვის, ამზადებენ სახის საცხებს. ამ მცენარეს აქვს თვისება, კანი გაწმინდოს და მას ნათელი ფერი დაუბრუნოს.
თუ მაყვალს ხშირად მიირთმევთ დიდი რაოდენობით, თავისუფალი რადიკალების გამოდევნის გარდა, შეგიძლიათ, ათეროსკლეროზის გაჩენის რისკი შეამციროთ და სისხლის შემადგენლობა გაიუმჯობესოთ. მისი ჩაი კი გაგიძლიერებთ იმუნურ სისტემას.
გაითვალისწინეთ მისი უკუჩვენებები: არ არის სასურველი მისი გამოყენება ნეფრიტისა და თირკმელ-კენჭოვანი დაავადებების დროს. ასევე, ნუ შეჭამთ მას გამწვავებული გასტრიტის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, ნეკრესის ქარის, პოლიართრიტისა და ოსტეოქონდროზის დროს. დიაბეტით დაავადებულებმა მაყვალი ერთ ჭიქაზე მეტი არ უნდა მიიღონ.