№49 რატომ იქმნება დღეს ოჯახები არასწორი აზროვნებით და როგორ უგდებენ ადამიანები თავს ეშმაკს საკუთარი ნებით
დღეს ბევრი ვერ აღწევს ოჯახურ კეთილდღეობას. ოჯახები, თითქოსდა, სიყვარულით იქმნება, მაგრამ რამდენიმე თვეში წყვილს შორის სერიოზული პრობლემები და უთანხომება იჩენს თავს, რაც, საბოლოოდ, განქორწინებით სრულდება. რა არის ამ ყველაფრის მიზეზი, რას არ ითვალისწინებენ წყვილები ოჯახის შექმნისას, ამის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი):
– რა შეცდომა დაუშვეს ადამმა და ევამ – მათ შექმნეს ოჯახი და დაუჯერეს არა ღმერთს, არამედ ეშმაკს. მათივე ბედნიერება მათ ხელში იყო, მაგრამ ვერ გამოიყენეს. ღმერთი აძლევს წყალობას, მაგრამ ზურგს აქცევენ ღმერთს, უჯერებენ ეშმაკს და გამოძევებულები გახდნენ სამოთხიდან. ახალი აღთქმა სხვა არაფერია თუ არა ახალი ოჯახის შექმნა, რომელიც იქმნება ღმერთსა და ქალწულ მარიამს შორის, რომელსაც ღმერთი ეცხადება და ეუბნება: სულიწმიდა გადმოვა შენზე და ძალი მადლისა გფარავს. მარიამს რომ ეთქვა: მე ეს არ მინდაო, ჩვენი ცხოვრება სხვაგვარად წარიმართებოდა. განსაკუთრებით გოგონებს მინდა, ვუთხრა, რომ მათ გულში ყოველთვის იმეორონ დედა ღვთისას სიტყვები: აჰა, მხევალი უფლისა. უფალო, მე მინდა ოჯახი, მე მინდა პატიოსანი ცხოვრება, ქმარი და შვილები. არ არსებობს, ღმერთმა თქვენი თხოვნა არ შეასრულოს, არ გაითვალისწინოს თქვენი მდგომარეობა. უბრალოდ, ჩვენ ხშირად არასწორი შეხედულებები გვაქვს.
– რას გულისხმობთ?
– პავლე მოციქული ეფესელთა მიმართ ეპისტოლეში ამბობს: დღევანდელი გაჭირვების ჟამს, მამაკაცი ჯობია, არ გაეკაროს ქალს. მაგრამ, სიძვის თავიდან ასაცილებლად, საჭიროა, მამაკაცს ჰყავდეს თავისი ცოლი, ცოლს კი – ქმარი. პირველი, ეს არის ოჯახი, მეორე – ადამიანთან კავშირში შესვლა სიყვარულით. სამწუხაროდ, დღეს ისე ქმნიან ოჯახებს, რომ ერთმანეთის მიმართ სიყვარული არ აქვთ. ვქმნი ოჯახს, რომ მე და იმ ადამიანმა ერთად, საპირისპირო სქესმა და არა ერთნაირმა სქესმა, ერთად მივაღწიოთ სულის ცხონებას. ქმარი და ცოლი ერთმანეთს ეხმარებიან სულის ცხონებაში, სასუფევლის დამკვიდრებაში. ოჯახი პატარა სამეფოა, ხოლო გვირგვინი ნიშნავს ვნებაზე გამარჯვებას. დედა, მამა, ძმა, ყველა ხდება მეორეხარისხოვანი. უპირველეს ყოვლისა, მთავარია, ცოლი, ქმარი, რადგან თქვენ ერთნი ხართ ქრისტეში. თუმცა, როდესაც გამოკითხვა ჩაატარეს, ჰკითხეს: რატომ გინდათ, რომ დაოჯახდეთო, მინდა, ბედნიერი ვიყოო, – პასუხობენ. იმას კი არ ფიქრობენ, სხვა გააბედნიერონ, მასთან ერთად მოიმუშაკონ ბედნიერება. ჰგონიათ, ვიღაცას რომ გაჰყვებიან, იქნებიან ბედნიერები. არადა, მალევე ხვდებიან, რომ არ არიან ბედნიერები, რადგან მანამდეც – არ ყოფილან. არც მანამდე იცოდნენ, რა იყო ბედნიერება და ვერც მიაღწიეს მას. შემდეგ იწყება ნერვიულობა, წყევლა-კრულვა, გინება და ოჯახის დანგრევა. ოჯახი რომ ინგრევა, ბზარი გადის შვილების გულზე. თუ თქვენ არ ხართ ჯერ დაწინდული იესო ქრისტეზე, რამდენი ოჯახიც უნდა შექმნათ, ის ოჯახი არ იქნება ნამდვილი. ჯერ კარგად მიხვდი, დაოჯახებული, დაწინდული თუ ხარ ქრისტესთან. იმიტომ ეძებ ბედნიერებას შენს მსგავს ეგოისტ ადამიანთან, რადგან არ ხარ ქრისტესთან.
– როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ადამიანი არ არის ქრისტესთან?
– ზოგი იფიქრებს: ხომ დავდივარ ეკლესიაში, ვეზიარები და რა გინდა ჩემგან, მამაო. შენ თუ თავს უბედურად მიიჩნევ, გგონია, რომ ვიღაცასთან გახდები ბედნიერი, ესე იგი, არ ხარ ქრისტესთან. ოჯახისა და ოჯახის გარეშეც უნდა იყო ქრისტესთან, ანუ სიწმიდესთან, უბრალოებასთან, სიყვარულთან, სიხარულთან, სათნოებასთან. თუ ეს ყველაფერი ოჯახის შექმნამდე არ გაქვს, ის, შენნაირი ეგოისტი ადამიანი მოგცემს ამ ყველაფერს? პირველივე კვირის შემდეგ მიხვდები, ისიც ჩემნაირი უბედური ყოფილაო. თუ ოჯახის უფროსი ემორჩილება ქრისტეს, ისე უყვარს თავისი ცოლი, როგორც ქრისტემ შეიყვარა ეკლესია და თავი გასწირა მისთვის. ხორციელი ურთიერთობა მალე რომ არ დამთავრდეს, მალევე უნდა მოხდეს სულიერი შეუღლება. თუ სულიერი შეუღლება არ მოხდება, ხორციელი ოჯახი იქნება უბედურება, რუტინა, ღალატი, დაპირისპირება, რომელიც ძალიან მძიმე იქნება. რა თქმა უნდა, არსებობს კარგი ოჯახები, შეყვარებული ცოლ-ქმარი. თუ არ გვეყოლება შეყვარებული ცოლ-ქმარი, თავზე დაგვექცევა ოჯახი. თუმცა, ბოლო პერიოდში პირდაპირ უტევენ ერთადერთ ბასტიონს, ქრისტიანულ ოჯახს, რომელიც ხელშეუხებელი იყო. პირდაპირ შემოესივნენ ფერად-ფერადი ხალხი ოჯახს გაუკუღმართებული იდეოლოგიით და გვეუბნებიან, რომ ჩვენ ნორმალურები ვართ, თქვენ – არანორმალურებიო. ჯერ კიდევ მეოთხე საუკუნეში ანტონი დიდი ამბობდა: ისე გადაგვარდება ხალხი, ნორმალური თუ ვინმე დარჩა, გეტყვიან: თქვენ არანორმალურები ხართო. როგორ შეიძლება, ერთი ქმარი, ერთი ცოლი გყავდეს; როგორ შეიძლება, ახალგაზრდა გოგონა ქალიშვილი იყოს და მეგობარი არ ჰყავდეს. სასაცილოდ არ ჰყოფნით, როცა ვინმე, გარკვეულ ასაკში ქალიშვილია, რომელი საუკუნეაო... ამას ქადაგებენ ზოგიერითი ფსიქოლოგები, ექიმები: აუცილებლად უნდა ჰყავდეს პარტნიორიო. რა მოჰყვება ამას მერე, ჩემთან მოვიდნენ და ავუხსნი. მინახავს, როგორ მოდიან ასეთი ადამიანები ჩემთან დამძიმებულები და გაუბედურებულები. ხშირად წყვილი უღლდება. შემდეგ გადის დრო და აღარ მოდიან ეკლესიაში, მადლობას არ წირავენ ღმერთს. ჰგონიათ, რომ გაინაღდეს ქმარი, გაინაღდეს ცოლი, შვილებიც ჰყავთ და აღარ სჭირდებათ ღმერთი. იმას უფრო მეტად სჭირდება ლოცვა ოჯახური კეთილდღეობისთვის, ვინც ოჯახი შექმნა. მაგრამ, ის ხალხი აღარ დადის ეკლესიაში, რომელიც პირველივე წირვაზე დაქორწინდა, ოჯახი შექმნა. ახლა „ფეისბუქში“ არიან, ვიღაცას ეჭორავებიან ან სახლს ალაგებენ, საჭმელს აკეთებენ. შემდეგ ისევ მოვლენ და ძალიან ცუდად. რატომ ხდება ერთი და იგივე, იმიტომ რომ, ეშმაკს უგდებენ საკუთარ თავს. ღმერთი არ არის ბოროტი, რამე არ მოგცეს, მაგრამ თქვენ უნდა იყოთ მზად ამისთვის. ხშირად გოგონები ისეთი სახით დადიან, შეგეშინდება. ბიჭებს შეხედავ და ისეთი სახე აქვთ, იფიქრებ, ბანკში ძალიან ბევრი ვალი აქვსო.
– რა აზროვნებით ქმნიან დღეს ადამიანები ოჯახს?
– ოჯახები ხშირად მატერიალური გარიგებით იქმნება: ვაჟი ან გოგონა კითხულობს, როგორი შემოსავალი აქვს მის მომავალ მეუღლეს, ვინ არიან მისი მშობლები, რამდენსართულიან სახლში ცხოვრობს და ასე შემდეგ. ვინც ასეთი აზროვნებით იწყებს ოჯახის შექმნას, მათი იდილია ძალიან მალე მთავრდება. ისინი სულიერებით კი არ არჩევენ მეორე ნახევარს, არამედ, ჯიბის სისქით, რომელიც მალე პატარავდება, მცირდება და საბოლოოდ, მეუღლეებს შორის უთანხმოება ისადგურებს. მათ არასწორი აზროვნებითა და შეხედულებებით შექმნეს ოჯახი და ფაქტი სახეზეა. თუ ოჯახი შეიქმნება მტკიცე კლდეზე, იესო ქრისტეს სარწმუნოებაზე, ურთიერთსიყვარულზე, ურთიერთთავგანწირვაზე, ურთიერთმიმტევებლობაზე, ბუნებრივია, მაშინ ყველაფერი ძალიან კარგად იქნება.