№49 არის თუ არა კაცის ერთგულება გენეტიკური და რა უნდა ასწავლოს ცოლმა ქმარს
ძალიან ბევრი ადამიანი მიიჩნევს, რომ, როცა ბედს სხვა ადამიანს უკავშირებ, აუცილებელია, იცოდე, როგორ ოჯახში აღიზარდა, რა ფასეულობები ჰქონდა. რა იყო მისი გარემოცვის მთავარი პრიორიტეტები, როგორ ურთიერთობებს ხედავდა ყოველდღე, რადგან მაგალითებს ცხოვრებაში დიდი ზეგავლენა აქვს ჩვენზე. ქვეცნობიერში ილექება ინფორმაცია, რომელსაც ჩვენგან დამოუკიდებელი ფაქტორების ზეგავლენით ვიღებთ ისე, რომ ვერც კი ვხვდებით. დიდი მნიშვნელობა აქვს გენეტიკურ ფაქტორსაც. მეცნიერები სულ ახლახან მივიდნენ დასკვნამდე, რომ არა მხოლოდ დაავადებები, თვალისა და თმის ფერი, არამედ ხასიათი და ჩვევებიც კი, მემკვიდრეობითობის ნიშნებს ატარებს.
მარიამი (39 წლის): ამ თემაზე ადრე არასოდეს მიფიქრია. სანამ პრობლემა არშემექმნა, არ მეგონა, ეს თუ ასეთი მნიშვნელოვანი იყო. ახლა ვიცი, რომ ადამიანი, ნებისმიერი ჩვენგანი, ურთიერთობას, სიყვარულს ოჯახიდან, საკუთარი მშობლებისგან სწავლობს. დედისა და მამის ურთიერთობა „შპარგალკასავითაა“ შვილებისთვის. თურმე, განსაკუთრებით კაცებზე მოქმედებს.
– იმის თქმა გინდათ, რომ როგორი ქმარიც იყო მამა, შვილიც იგივე იქნება?
– სავარაუდოდ, ასეა. მე სხვებზე დარწმუნებით ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ის, რაც საკუთარ მაგალითზე გამოვცადე, ამას ადასტურებს. სამწუხაროდ, როცა შემიყვარდა და ცოლად გაყოლა გადავწყვიტე, ასეთ დეტალებზე არ მიფიქრია. გადავწყვიტე, რომ საერთოდ არ იყო მნიშვნელოვანი, როგორი ურთიერთობა ჰქონდათ ჩემი რჩეულის მშობლებს ერთმანეთთან. ცალ-ცალკე ორივე ნორმალური და კარგი ადამიანია. არც გაშორებულები არიან, მაგრამ, როგორც ისინი ცხოვრობენ, პრაქტიკულად, წარმოუდგენელი, მიუღებელი რამეა.
– ძალადობა იყო ოჯახში?
– გულისხმობთ, რომ ქმარი სცემდა ცოლს? არა, მსგავსი არაფერი ყოფილა. ჩემი ქმრის მამა მოძალადე არ არის, მაგრამ ეგოისტია. წარმოუდგენლად უყვარს საკუთარი პერსონა. შესაბამისად, ძირითადად, საკუთარ სიამოვნებაზე ფიქრობს.
– ეს ცუდია?
– გააჩნია, რა შემთხვევაში. გააჩნია, ვის რისი მიღება უნდა ურთიერთობისგან. მე, მაგალითად, სხვანაირ ოჯახში გავიზარდე და სანამ თავად არ გავთხოვდი, ვფიქრობდი, ყველა ასე ცხოვრობს-მეთქი. ბუნებრივად და ნორმად მიმაჩნდა ის ურთიერთობა, როგორიც ჩემს მშობლებს ჰქონდათ. ამით „დავპროგრამდი“ და ყურადღებიდან გამომრჩა, რომ ყველა ოჯახს, ყველა წყვილს, საკუთარი „შიდა განაწესი“ აქვს, რომელიც მათ აზროვნებაზე ახდენს გავლენას.
– თქვენს მშობლებს იდეალური ურთიერთობა ჰქონდათ?
– ახლაც კი იდეალური აქვთ. არ მახსოვს, მამას წყენა მიეყენებინოს დედასთვის. სულ თვალებში შესციცინებდა და ყველგან ხელჩაკიდებული დაჰყავდა. ჩემს ქმარს ვუყვარდი, ახლაც ვუყვარვარ. ვერ ვიტყვი, რომ პრობლემა სიყვარულშია. მაგრამ, მარტო სიყვარული საკმარისი არ ყოფილა. ქალებს გვინდა, ჩვენ მიმართ სიყვარულს გამოხატავდნენ – ზოგჯერ საჯარო სივრცეშიც, სახალხოდ. არიან მამაკაცები, რომელთათვისაც ეს პრობლემა არაა. სამწუხაროდ, ჩემი ქმარი ასეთი კაცების რიცხვს არ მიეკუთვნებოდა. მხარზე ვერ მიეყრდნობოდი და ხალხში ხელს ვერ მოჰკიდებდი, შეგიბღვერდა და გვერდზე გაიწეოდა უცხოსავით. ეს ისე მტკენდა გულს, მანადგურებდა.
– ჩხუბობდით ამის გამო?
– რა თქმა უნდა. იმიტომ რომ, საშინლად ვეჭვიანობდი. დღემდე არ ვიცი, მართლა მღალატობდა თუ არა, მაგრამ პრინციპული მნიშვნელობა ამას აღარც აქვს. ჩვენ შორის განხეთქილების მიზეზი სწორედ ჩემი ეჭვიანობა იყო, რასაც ისიც ამძაფრებდა, რომ ჩემი ქმრის მამას სულ ჰყავდა საყვარელი, ცოლმა კი ეს აპატია.
– ანუ, თქვენმა დედამთილმა ღალატი აპატია ქმარს? ამას რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს თქვენს მეუღლესთან?
– პირდაპირი. მას ნორმად მიაჩნდა ის, რომ ქმარი ცოლს ღალატობდა და უკვირდა, მე რომ აღშფოთებას გამოვხატავდი. ბუნებრივია, ვეუბნებოდი, ერთგულება შენთვის არავის უსწავლებია-მეთქი. ამის გამო ძალიან ვჩხუბობდით. ცდილობდა, დაემტკიცებინა, რომ ღალატს სიყვარულთან კავშირი არა აქვს, რომ მამამისს ძალიან უყვარს თავისი ცოლი... ისე გადავირიე, ვეუბნებოდი, ეგოისტად ჩამოგაყალიბა შენმა ოჯახმა-მეთქი. ამაზე ბრაზობდა, სწყინდა. რომელ კაცს სიამოვნებს ოჯახზე ცუდს რომ ეუბნებიან? ჩემს ქმარს, იმის მაგივრად, რომ დავემშვიდებინე, ეთქვა – მიყვარხარ და არასდროს გიღალატებო, მეჩიჩინებოდა: ღალატი რა პრობლემაა, სულელია ის ქალი, რომელიც ამის გამო ოჯახს დაანგრევსო. ლამის მართლა მივედით ოჯახის დანგრევის ზღვარზე.
– მართლა ფიქრობთ, რომ ერთგულება გენეტიკურია?
– ყველაფერი გენეტიკურია. ადამიანს რა აყალიბებს? – გენეტიკა და გარემო, რომელშიც ცხოვრობს. თუმცა, მე გვიან მივხვდი, რომ ჩხუბი არ იყო გამოსავალი და ამ გზით ვერაფერს შევცვლიდი უკეთესობისკენ.
– ანუ, ოჯახის დანგრევა არ გინდოდათ.
– არა. არც მინდოდა და არც ახლა მინდა. ჩემს ქმარს აქვს კარგი თვისებები. მიყვარს და იქნებ მოვახერხო, რომ სიყვარული მე ვასწავლო. ვიცი, ძნელი იქნება, მაგრამ უნდა ვცადო. დანგრევა ყოველთვის უფრო ადვილია. ყველა შანსი უნდა გამოვიყენო.
– ფიქრობთ, რომ უყვარხართ?
– დიახ. თავისებურად ვუყვარვარ, როგორც შეუძლია და როგორც იცის. ურთიერთობა ცოლ-ქმარს შორის იმასაც გულისხმობს, რომ შენ ისწავლო მისგან რაღაც და იმან ისწავლოს შენგან ის, რაც კარგია, რაც ღირებულია. თუმცა, მე მაინც იმ აზრს ვემხრობი, რომ ერთგულებაც გენეტიკურია.
– მაშინ, რას უშველით, გენეტიკას შეცვლით?
– მეორე ფაქტორს გავაძლიერებ – გარემოს, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. მას გარემოც ცუდი ჰქონდა. კი არ უნდა ვეჩხუბო, უნდა დავანახვო, როგორი ძლიერია სიყვარული. რა ჯადოსნური რამეა საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა, მასზე ზრუნვა, სიყვარულის გამოხატვა. ჯერ იმედი ბოლომდე არ დამიკარგავს.