№49 რა ადგილი არ მოსწონდა ყველაზე მეტად „მამაო ჩვენოს“ წაკითხვისას ირაკლი უჩანეიშვილს და რა ტრაგედიამ დააჩქარა მისი სიკვდილი
თბილისს უხდებოდა ასეთი ადამიანები – წესიერი, ზრდილი, კარგი მანერებით, კარგი სამეგობრო და სანაცნობო წრით, კარგი თბილისურად მოუბარი. ერთ-ერთი ასეთი იყო ირაკლი უჩანეიშვილი. ვინც იცნობდა და გადმოცემით იცის მასზე ოჯახისგან, ახლობლისგან, დამეთანხმება, რომ ირაკლი უჩანეიშვილის გამოჩენა თბილისის ქუჩებში, სუფრასთან თუ სცენაზე, ყველას სიამაყის გრძნობას გვრიდა. იმ თაობამ კი, ვისაც წარმოდგენა არ აქვს ირაკლი უჩანეიშვილზე კი არა, საერთოდ, იმ დროის თბილისზე, რომელშიც ის ცხოვრობდა, შეუძლია, ჩართოს ვიდეომასალა და მოისმინოს მისი წაკითხული: იეთიმ გურჯი, ვაჟა-ფშაველა: მისი ნამღერი: „ასეთია ქურდი კაცის ბედი...“, „ფოსტალიონის სიმღერა“, „ავადა ვარ ავადა“ და ყველა ის ქალაქური სიმღერა, რომელსაც რაღაც, სხვანაირად ასრულებდა – ასე ძალიან რომ უხდებოდა მის ხმის ტემბრს. ის გამოგზაურებთ გრიშაშვილის, შემდგომში კი, ნიაზ დიასამიძისა და გიზო ნიშნიანიძის დროის თბილისში. ირაკლი უჩანეიშვილის ეს დღიურები სწორედ ძველ თბილისთან დაკავშირებული ეპიზოდებია, ცხოვრება კაცისა, რომელმაც ბოჰემურად, მაგრამ დიდი ტკივილით იცხოვრა. სანამ ამ დღიურებს გადაშლით, ირაკლი უჩანეიშვილის პორტრეტის რამდენიმე შტრიხს გაგაცნობთ. საავიაციო ტექნიკუმში ხაზვას რომ სწავლობდა, ტანსაცმლის თარგების დახაზვა და კერვაც ისწავლა. მერე კი ტანსაცმელს და ფეხსაცმელს უკერავდა როგორც თავისი ოჯახის წევრებს, ისე მეგობრებს. ასე შეუკერა შარვალი თავის მეგობარს, ოთარ მეღვინეთუხუცესს, რომლის მეჯვარეც ის იყო. მისი გატაცება მანქანებიც ყოფილა. შეეძლო ავტომანქანა დაეშალა და თავიდან აეწყო. უყვარდა მოდურად ჩაცმა, ისე, რომ სხვას მისნაირად არ უნდა სცმოდა. კინოზე მეტად თეატრს აფასებდა, თუმცა ძალიან მოსწონდა ფილმები: „ზღვის შვილები“ და „საიდუმლო კედელი“, სადაც მასთან ერთად, სანდრო ჟორჟოლიანი და ანდრეი მირონოვი თამაშობდნენ. გული კი იმაზე სწყდებოდა, რომ გიგა ლორთქიფანიძემ ფილმში „დათა თუთაშხია“ როლი არ მისცა. მოკლედ, წაიკითხეთ და გაიცანით არაჩვეულებრივი ირაკლი უჩანეიშვილი. სამწუხაროდ, ის 80-იან წლებში მძიმე სენით გარდაიცვალა.
ვილენ მარდალეიშვილი: „ერთხელ, თეატრალური საზოგადოების საგამომცემლო განყოფილებაში რომ ვმუშაობდი, სულგანათლებულმა ოთარ მამფორიამ შემოიხედა ოთახში (გამოსაცემად ვამზადებდით მისი პიესების კრებულს და ხშირად შემოივლიდა ხოლმე), მოგვესალმა და მერე თვალით მანიშნა, გამოდიო. გავედი დერეფანში - ჩავიდეთ, ცოტა ხანს, ქვემოთ (რესტორან „დურუჯში”), იქ ჩემი იეთიმ გურჯი გველოდებაო. მივხვდი, ირაკლი უჩანეიშვილზე მეუბნებოდა, იმხანად მარჯანიშვილის თეატრში ანშლაგით მიდიოდა ოთარ მამფორიას პიესა „იეთიმ გურჯი” და ირაკლი უჩანეიშვილი სპექტაკლში იეთიმის დაუვიწყარ სახეს ქმნიდა. ...იმ დღეს, „დურუჯიდან” რომ ამოვედით, უცებ მომხვდა თვალში მისი „ბუტილკა” შარვალი, ხოლო ფეხსაცმლად - „ტრაქტორები” - იმხანად თბილისში მოდური „ბათინკები”. ასე დადიოდა... არადა, შინაგანად, ძველი თბილისელების, სოლოლაკელების მოდგმისა იყო.
მახსოვს, როგორ ვიღიღინეთ იმ დღეს ცნობილი მელოდიები: „ასეთია ქურდი კაცის ბედი”, „ჩავაბარებ უკანასკნელ წერილს”... როგორ გავბედე და შევეცილე იეთიმ გურჯისა და საიათნოვას ლექსების კითხვაში... დაუვიწყარი დღე იყო...“
„თბილისში კი იყო დაბადებულ-გაზრდილი, მაგრამ ფესვი სამეგრელოში ედგა. უჩანეისკუაა მათი გვარი,” იგონებს ირაკლი უჩანეიშვილის მეუღლე ქალბატონი მერცია გელაშვილი, - „უჩა” მეგრულად შავს ნიშნავს, „სკუა” - შვილს. მეგობრები კი „კუჭას” ეძახდნენ. გაკუჭება, გაჯიუტება იცოდა. მაინცდამაინც „ნოტებზე” ლაპარაკი არ უყვარდა, თუმცა, მოალერსე, ყურადღებიანი მეუღლე, შვილებზე გადაყოლილი და შვილიშვილებზე გადარეული კაცი იყო... დილით, თეატრში რომ წავიდოდა, ჩქარა მობრუნდებოდა უკან, რომ ბავშვის ბანაობაში მომხმარებოდა. ბოჰემურად ცხოვრობდა, რაც, შეიძლება ითქვას, ხელს უშლიდა შემოქმედებაში... მისი სამსახიობო ნიჭი და უნარი ერთიანად გამოვლინდა რუსთავის თეატრში, სადაც ის ბატონმა გიგა ლორთქიფანიძემ სხვებთან ერთად წაიყვანა. თუმცა, მარჯანიშვილში ნათამაშევი იეთიმ გურჯი მისი პოპულარობის მწვერვალი გახდა... ამ როლმა ძველ თბილისთან საოცრად დააახლოვა. სომხური ენა იცოდა, ერევანში სომხურად საიათნოვას როლიც კი შეასრულა. შეიძლება, ბევრ რამაზე სწყდებოდა გული, თუმცა, რაც გააკეთა, მხოლოდ თავისი ნიჭითა და უნარით.“
გიგა ლორთქიფანიძე: „ირაკლი უჩანეიშვილს ჯერ კიდევ მოწაფეობისა და სტუდენტობის დროს
ვიცნობდი და ვმეგობრობდით. გაცნობის პირველი დღიდან შემიყვარდა ეს მომხიბლავი ვაჟკაცი და აღფრთოვანებული ვიყავი მისი გიტარაზე დაკვრით, სიმღერით… განუმეორებელი ხმის ტემბრი ჰქონდა... შეუძლებელია დაივიწყო მისი ფოსტალიონის სიმღერა (დავით თორაძე) ან „ასეთია ქურდი კაცის ბედი” (ბიძინა კვერნაძე). თვითონაც შესანიშნავ სიმღერებს თხზავდა და გიტარაზე ამღერებდა. ბავშვობიდანვე უყვარდა ლექსების კითხვა და თავიდანვე ნათელი იყო, რომ შესანიშნავი მსახიობი დადგებოდა. 1967 წელს ჩვენი თაობის მსახიობებისა და რეჟისორებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა - გაიხსნა რუსთავის თეატრი. ირაკლიმ უდიდესი როლი შეასრულა ამ თეატრის ფორმირებაში. პირველსავე სპექტაკლებში შესანიშნავი სახეები შექმნა...“
მალხაზ ბებურიშვილი: „გურამ ქავთარაძემ დამირეკა და მითხრა, ხვალ ირაკლის დაბადების დღე რომ არის, ხომ არ დაგავიწყდაო. ოთარი, ნოდარი და მე წავედით. ირაკლი ქალიშვილთან, თინიკოსთან იწვა სახლში, საოცრად გაუხარდა, ეტყობა, არ გველოდა. თინიკო და გოგი სუფრის გაშლას შეუდგნენ. ირაკლიც წამოდგა, სუფრას მივუსხედით. ბევრი რამ გავიხსენეთ, ვიცინეთ. ირაკლი გამხიარულდა. დიდხანს არ მჯდარა ჩვენთან: ბიჭებო, არ გეწყინოთ, ცოტა არ იყოს, დავიღალე, წავალ, წამოვწვები, თქვენ ფეხი არ მოიცვალოთო. ირაკლი გვერდით ოთახში იწვა, ჩვენ დროდადრო შევდიოდით მასთან და ვამბობდით სადღეგრძელოს. რომ არ გადაღლილიყო, მალე წამოვედით. გახარებული დავტოვეთ ირაკლი, თიკო და გოგი. თურმე, ეს იყო ჩვენი ბოლო შეხვედრა, ვინც პირველი კურსიდან მთელი გზა ერთად გავიარეთ.“
ანზორ ბაბუხადია: „ასეთი გულიანი კაცი იშვიათობაა. ჩვენი მეგობრული დამოკიდებულების მაქსიმალურ რანგში აყვანის მიზნით, წმიდა სამების ტაძარში, სათანადო რიტუალის სრული დაცვით, თავისი ნათლიის სტატუსიც მომანიჭა. მისი ჭირის, ლხინისა და საიდუმლოების ერთ-ერთი გამზიარებელი მეც გახლდით. ყველაზე მეტად აფხაზეთსა და სამეგრელოში დატრიალებულ ტრაგედიას განიცდიდა და სწორედ ამან დააჩქარა მისი ამ ქვეყნიდან წასვლა. ირაკლის გარდა, ვინ შეძლებდა, ერთი კვირის განმავლობაში, ყოველ საღამოს საავადმყოფოდან გაპარვას ნახევრად გაყინულ, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, რათა მისი ავადმყოფობის გამო, კონცერტი არ ჩაშლილიყო და უამრავი თაყვანისმცემელი არ გაეწბილებინა...“
მიხო მოსულიშვილი: „მახსოვს, ეროსი მანჯგალაძის სახელობის რადიოდადგმების ჩამწერი სტუდია. აქეთ – ხმისჩამწერ პულტთან რეჟისორი ბადრი მიქაშავიძე ჩემი პიესით ხელში, იქვე ტრიალებს ხმის რეჟისორი რომეო ტერ-გრიგორიანი და პიესის მეორე ეგზემპლარით კიდევ, მუსიკალურად გამფორმებელი, ლალი სეთურიძე დამდევს. ვეუბნები, არ მინდა, ეს ლოცვა ზეპირად ვიცი-მეთქი და – ვაითუ, დაგავიწყდეს მაინცო… იქით, გამჭვირვალე მინის მიღმა, სადაც რამდენიმე მიკროფონია დამონტაჟებული, სულ გაჭაღარავებული კაცი დგას, ისიც ამ პიესით ხელში.– ფუჰ, ჩორტ!.. – სამართავი
პულტიდან მოისმის იმ ხნიერი კაცის ხავერდოვანი და ოდნავ ჩახლეჩილი ხმა. – ეშმაკი მიზის ენაზე, ეშმაკი! თავიდან! – ოლიმპიურ სიმშვიდეს ინარჩუნებს რეჟისორი ბადრი მიქაშავიძე. – თავიდან და, იყოს თავიდან! მაგრამ ჯერ მიხოს უსმინე. – აბა, მიდი, მიხო! – მიბღვერს ბატონი ირაკლი. და მეც ზეპირად ვაბულბულებ... „მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი”... – ირაკლი, გასაგებია? – ეკითხება რეჟისორი. – იყავ-ნ, იყავ-ნ, იყავ-ნ… ეს „ნ” რაღად უნდა, არ შეიძლება, თანამედროვე წამაკითხოთ? – მე შემომჩივის. – ეს „მამაო ჩვენოა”, ბატონო ირაკლი, კანონიკური ტექსტი და მაშინდელ მონასტრებში ასე ამბობდნენ… – მორიდებულად კი ვპასუხობ, მაგრამ არ დავუთმობ, თანამედროვე ენით არ წავაკითხებ, არაფრით არ წავაკითხებ. – თანაც, ირაკლი, – ჩემს ერთხელ ახსნილს უმეორებს ბადრი მიქაშავიძე, – თანამედროვე ენაზე ეს ლოცვა არ არსებობს… წავიდა? – კარგი, დავიწყეთ! – ხელს დაიქნევს მსახიობი და იწყებს: „მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა”... – სტოპ! – ეს ბადრია, – თავიდან! – რატომ, თავიდან? – „იყავნ” – ერთად თქვით, ბატონო ირაკლი, – ვუხსნი მე, – ამ ბოლო „ნ”-ს ძალიან შორს ამბობთ… – ეშმაკი შემომაჯდა, კაცო, ენაზე! დამაცადე… – და „ქვეყანასა” კი არა, „ქუეყანასა”! – ვაიმე, ცოდო ვარ, ბადრი, ასაკში ვარ, ვეღარ ვამბობ… – შესჩივის რეჟისორს. უკვე კარგა ხანია, ამ გაწამაწიაში ვართ, რადიოსპექტაკლი უკვე ჩაწერილია, ყველაფერი მზად არის სამონტაჟოდ, მაგრამ აი, ამ „მამაო ჩვენოთი” უნდა დაიწყოს სპექტაკლი და ძველი ქართულით ვერ ჩაგვიწერია. ბატონ ირაკლის, მისივე სიტყვებით თუ ვიტყვით, „ეშმაკი აზის ენაზე”… კი, ასაკშია. რამდენი წლისა გამოდის? 1929 წელს არის დაბადებული, თოთხმეტ ივნისს. სამოცდაათი წლისა. საქართველოს დამსახურებული და სახალხო არტისტია და მისი ნათამაშები როლები კინოსა და თეატრში ხომ თითქმის ყველა ვიცი – განსაკუთრებით კი იეთიმ გურჯის... ,,ცივ ზამთარში უსახლკაროდ”, – ამას ხომ ისე მღერის, რომ მეტი აღარ იქნება. ,,ფულისათვის არ დაუკრა, ეშხისათვის დაუკარი”, – შეგირდს თავისი ხელოვნების დაფასებას ასწავლის. „ზედ კუბოზე დამაფარეთ ჩემი შავი ნაბადია”, – ანდერძსაც როგორ ყარაჩოხულს იბარებს. მოკლედ, მთელი ის სპექტაკლი ისე მღერის, მთელი ორთაჭალის ბულბულები სულ ენაზე უსხედან… და მაინცდამაინც აქ შემოაჯდა ის წყეული ეშმაკი – წაახდენს რადიოდადგმას, ნამდვილად წაახდენს… და რა ვქნა, რა ვიღონო, როგორღა ავუხსნა – აღარ ვიცი… – ირაკლი, დამშვიდდი და „იყავნ” – „ნ” სიტყვასთან ახლოს!.. აბა, თავიდან!.. – კარგი რა, ირაკლი, ვაჟა-ფშაველას კითხულობ და ეს ვეღარ უნდა წაიკითხო? – ისევ მშვიდად საყვედურობს რეჟისორი. ვაჟა მართლა სასწაული აქვს. მე ხომ მოსმენილი მაქვს მაგისი დიდებულად წაკითხული ვაჟა-ფშაველას „ჩემი ვედრება”... ზედიზედ მეორე ღერ სიგარეტს რომ ჩავათავებ, ისევ სამონტაჟოში ვბრუნდები. – მიხო, შენ ხმა აღარ ამოიღო! – თვალს მიკრავს ბადრი, – აბა, საბოლოო ვარიანტი! წავიდა! და ბატონი ირაკლი იწყებს, იწყებს და ჩადის ბოლოში, თითქოს არა უშავს, მაგრამ ეს „ნ” მაინც ცოტა შორს მოსდის სიტყვიდან. დანარჩენი კარგია. – ირაკლი, კარგია, დიდი მადლობა! – აგაშენოს! – პასუხობს მინის მიღმიდან და გამოდის. ცოტა გული კი მეთანაღრება ამ ბოლო ვარიანტზეც, მაგრამ მეც მადლობას ვუხდი. – რთულია, მიხო პაპავ, რთული, – ეცინება, რადგან თავად არის და აქეთ მეძახის პაპას, – აი, ცოტა დრო რომ მქონოდა… – კარგია, ბატონო ირაკლი, – მეც მეღიმება. – და თვითონ დადგმაში ნახე, როგორია! – ბადრის არც ამჯერად ეცინება. – ეგეთი როლი მე არ მითამაშია… და… ეჰ, დრო რომ მქონოდა, მიხო პაპავ, დრო… და რამდენიმე დღის შემდეგ, მონტაჟი რომ დამთავრდება, ერთად ვუსმენთ ამ რადიოსპექტაკლს, ვუსმენთ, ვუსმენთ და უკვე ვიცი, სულ ტყუილად უჩიოდა პიესაზე სამუშაო დროის ნაკლებობას… ასეთი როლი ბატონ ირაკლის მართლა არსად უთამაშია – სულ სხვა შუქი და სინათლე მოუფენია გურამ მამფალის სახისთვის... და რამდენსაც არ უნდა ჩიოდნენ ენაზე შემომჯდარ ეშმაკზე, იციან ხოლმე დიდმა მსახიობებმა ასეთი სასწაულების ჩადენა.“