№49 რატომ გააკეთა არჩევანი მარიამ კუბლაშვილმა დავით ასათიანზე და რა ხდება ადვოკატთა ასოციაციის კულუარებში
მარიამ კუბლაშვილი ახალგაზრდა წარმატებული ადვოკატი ქალია. თუმცა, მარიამს, როგორც ნიჭიერ ადამიანს, სხვა გატაცებებიც ჰქონდა, მაგრამ ადვოკატობა მისი ცხოვრებისეული კრედოა. ჩვენთან საუბრისას ის სამომავლო გეგმებს განიხილავს და ადვოკატურის „დიდ ავიაციაში“ უფრო აქტიურად ჩაბმის სურვილს გამოთქვამს.
– მარიამ, მართალია, „დიდი ავიაციის“ ადვოკატურიდან არასდროს წასულხარ, მაგრამ ჩვენამდე მოვიდა ინფორმაცია, რომ ისევ აქტიურად უბრუნდები ადვოკატურის მშობლიურ წიაღს და აქ აპირებ უფრო ინტენსიურ მუშაობას.
– კი, ზუსტი ინფორმაცია გაქვთ. არავის გაუკვირდება, ალბათ, რომ როგორც ყველას, მეც ჩემი კოლეგების გვერდით, ბევრად უფრო კომფორტულად, მით უმეტეს, დაცულად ვგრძნობ თავს (იცინის). მართალია, პროფესიიდან არც არასდროს წავსულვარ და ყველა ჩემი საქმიანობა პირდაპირ კავშირში იყო მასთან, მაგრამ ამჯერად, ვგეგმავ, მთელი ენერგია და გამოცდილება უფრო მეტად მოვახმარო ჩემს კოლეგებსა და ასოციაციას. უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე, ჩამოყალიბებულად ავირჩიე ადვოკატის პროფესია და მიმაჩნია, ეს ჩემი ცხოვრებისეული კრედოცაა. მართალია, სირთულეებმა და გამოწვევებმა განაპირობა, რომ ხშირად სხვა მიმართულებითაც მომიწია მუშაობა, მაგრამ, როგორც გითხარით, პროფესია-ადვოკატი ჩემი ცხოვრების ნაწილია და მას არასდროს ვუღალატებ.
– მარიამ, მე მახსოვს, თქვენი ინტერვიუდან, თუ რატომ აირჩიეთ პროფესია ადვოკატი.
– კი, ეს „თბილისელებთან“ ინტერვიუს დროს მოვყევი და მას შემდეგ, აღარც ვიხსენებ... ასეთი საუბრები თითქოს მანიპულაციას ჰგავს... არ მიყვარს. რადგან კიდევ ერთხელ მკითხეთ, გიპასუხებთ, რომ ჯერ კიდევ ბავშვობაში, სწორედ კანონებისა და უფლებების უცოდინრობის გამო, ოჯახმა დავკარგეთ მამის დანატოვარი ქონება და სტუდენტობის ბოლომდე, სანამ მუშაობა არ დავიწყე და არ შევიძინე ბინა, უსახლკაროდ ვიყავით. წარუშლელია ბავშვობის მოგონებები, რთულმა ცხოვრებამ ბევრ რამეზე დამაფიქრა და ადრეულ ასაკში ჩამომიყალიბდა არჩევანი, რომ ადვოკატი გამოვსულიყავი. მიმაჩნია, რომ აუცილებელია, ყოველ ოჯახში იყოს იურიდიული განათლების მქონე, ჰყავდეს მრჩეველი. დანამდვილებით ვიცი, მეტი იურიდიული განათლება რომ გვქონოდა, ასეთი რამ არ მოხდებოდა.
– მარიამ, ადვოკატთა პროფესიული გაერთიანების საქმიანობაში აქტიურად ჩაერთე. აღმასრულებელ საბჭოშიც იყრი კენჭს... რატომ გადაწყვიტე?
– ყოველთვის აქტიურად ვიყავი ჩართული ამ პროცესში. 8 წლის წინ ადვოკატთა ასოციაციის სარევიზიო კომისიაში ამირჩიეს, შემდგომ კი მისი თავმჯდომარე გავხდი. ახლა ბევრად საპასუხისმგებლო პოზიციაზე – ადვოკატთა ასოციაციაში, აღმასრულებელ საბჭოში ვიყრი კენჭს. მე მიმაჩნია, რომ დავით ასათიანმა წარმოადგინა ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე, ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც, არჩევანი მის კანდიდატურაზე შევაჩერე. ახალი სისტემით, მხოლოდ აღმასრულებელი საბჭოს, სარევიზიო კომისიისა და ეთიკის კომისიის გარშემო კი არ იტრიალებს ასოციაცია, არამედ შეიქმნება დამატებით 20 კომიტეტი, სადაც 10-12 ადვოკატი იქნება თავმოყრილი. ფაქტობრივად, 240 ადვოკატის ჩართვა ასოციაციის მმართველობით გუნდში უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა, რაც გულისხმობს, რომ, არა მხოლოდ ერთი, გარკვეული ჯგუფის მიერ მოხდება მართვითი პროცესის კონტროლი, არამედ მრავალი ხმის, მრავალი აზრის გათვალისწინებით, მათი შეჯამებით კი, აუცილებლად გამოიკვეთება ყველაზე სწორი გადაწყვეტილება. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, მონოპოლისტი და პრივილეგირებული ადვოკატები არ იქნებიან!
– მარიამ, თავმჯდომარის პოზიციაზე რამდენიმე კადიდატი იყრის კენჭს – დავით ასათიანი რა კრიტერიუმით გამოარჩიე?
– უპირველესად, ყველა კანდიტატის მიმართ, ჩემს გარკვეულ პატივისცემას გამოვხატავ, მათთან პროფესიული და მეგობრული ურთიერთობის გათვალისწინებით. რაც შეეხება კრიტერიუმებს და ჩემს გადაწყვეტილებას, გეტყვით, რომ დავით ასათიანის იდეები და ასოციაციის განვითარებისთვის გადადგმული ნაბიჯები, ჩემთვის საინტერესოა. ის ხელს უწყობს ადვოკატთა ასოციაციაში ჯანსაღი გარემოს ჩამოყალიბებას, პროფესიული განვითარების ხელშეწყობას, თანასწორობას, რომ ყველა ადვოკატის ხმა იქნება ქმედითუნარიანი. მე მიმაჩნია, რომ ასოციაციის განვითარებისთვის ასეთი ხედვაა საჭირო, მას არ სურს, მხოლოდ რამდენიმე პრივილეგირებული ადვოკატის ხელში იყოს მთლიანი ასოციაციის მართვა. თითოეული ადვოკატის ხმა უნდა იყოს გადამწყვეტი მართვის პროცესში. მომხიბვლელი სიტყვები და საინტერესო კამპანია არაა ჩემთვის მნიშვნელოვანი. მთავარია, რეალურად რა იქმნება! მომწონს, რაც გაკეთდა ამ წლებში ასოციაციაში. ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერი შესაცვლელია. მიმაჩნია, ასოციაციამ განვითარების მაღალ საფეხურს მიაღწია და ამის დანგრევა უნდა გამოვრიცხოთ. ამ კუთხით დავით ასათიანს აქვს შესაბამისი გამოცდილება და მჯერა, დაწყებულს წარმატებით გააგრძელებს.
– სამართლიანად მიგაჩნიათ თუ არა ზოგიერთი თქვენი კოლეგის მხრიდან, ხმაურიანი განცხადებები მისი მისამართით.
– რა განცხადებებს გულისხმობთ?
– რაც ვრცელდება ხოლმე...
– ჩვენ, ადვოკატებს, ადვოკატთა ეთიკის კოდექსის დაცვა აუცილებლად გვმართებს. მორალურ მხარეს რომ თავი დავანებოთ, ჩვენი კოლეგიალობა უმთავრესი ნიშაა და ეს, ოჯახური ერთიანობა არ უნდა დაირღვეს, არანაირი არჩევნების, ან თუნდაც, მიმდინარე საქმეების გამო. მინდა, უფრო მოთხოვნადი იყოს ეს პროფესია და უფრო მეტს გაუჩნდეს სურვილი, გახდეს ადვოკატი. მოწინააღმდეგე გუნდებშიც ჩემი უახლოესი მეგობრები არიან – კარგი პროფესიონალები, მაგრამ კონკურენციის დროს, ჯანსაღი პრინციპებით უნდა ვმოქმედებდეთ, ამ დროს მორალური საზღვრები არ უნდა ირღვეოდეს. მერე რა, რომ განსხვავებული შეხედულებები გვაქვს. მე და ბატონი დავითი წარსულში მხოლოდ საერთო პროფესიულ „ტრენინგებზე” შევხვედრივართ. ვაფასებ, რომ მისი მხრიდან, არასდროს მომისმენია მოწინააღმდეგის შეურაცხმყოფელი განცხადებები. მომწონს, რომ ის იცავს ეთიკის ნორმებს. როგორც აღვნიშნე, მეგობრები არასდროს ვყოფილვართ და მისი გუნდი ვარჩიე მხოლოდ მისი საქმიანობის შეფასების, პროგრამის ზედმიწევნით შესწავლისა და პიროვნული, დადებითი თვისებების გამო. ყველას ვუსურვებ წარმატებას! მადლობა, რომ დაინტერესდით ჩვენი პროფესიით და არა მხოლოდ პირადით.