№49 რატომ არ უნდა დავიფერთხოთ სველი ხელები და რატომ არ უნდა აალაგოს დიასახლისმა სუფრა სტუმრების წასვლამდე
დღეს განვიხილავთ რამდენიმე ისეთ ხალხურ გადმოცემას თუ ერთგვარ ცრურწმენას, რომელთან დაკავშირებული ფრაზებიც ისე გვაქვს ჩაბეჭდილი გონებაში, თითქოს მასთან ერთად დავიბადეთ და მექანიკურად, ვემორჩილებით კიდეც შესაბამის აკრძალვებსა თუ გაფრთხილებებს. თუმცა, არასდროს დავფიქრებულვართ იმაზე, ლოგიკური ახსნა თუ აქვს ამ მოვლენებს და მართლაც სასარგებლოა თუ არა პრაქტიკულად, ყოველდღიურ ყოფაში. მხოლოდ ის ვიცით, რომ: „კითხვის დროს ჭამა არ შეიძლება;” „ორ სეხნიას შორის თუ აღმოჩნდი, რაიმე უნდა ჩაიფიქრო და აგისრულდება” და ასე შემდეგ. ახლა კი, ეზოთერიკოს-პარაფსიქოლოგის, ქალბატონი ნატოს დახმარებით, შეგვიძლია, გავერკვეთ, ეს ცნობილი ფრაზები რას გვიწინასწარმეტყველებს და გარდა იმისა, რომ შეუცნობლის შეცნობაში გვეხმარება, რა პრაქტიკული სარგებელი მოაქვს ჩვენთვის ცხოვრებაში.
– დავიწყოთ იმით, რომ თითქმის ყოველთვის, ყველას ყველგან ეჩქარება და ვცდილობთ, რამდენიმე საქმე ერთად გავაკეთოთ. მაგალითად, ჭამასთან ერთად კითხვაც მოვასწროთ...
– ...და გაგიგიათ: ჭამის დროს თუ კითხულობ, კერძს ჭკუაც ზედ მიატანაო. რატომ? – ამას სრულიად ლოგიკური ახსნა აქვს. კითხვის ან ფიქრისას, სისხლი ტვინს მიეწოდება და მას ჟანგბადით უზრუნველყოფს. ჭამის დროს კი, სისხლი კუჭის ნორმალურ ფუნქციონირებაზე ზრუნავს. ამიტომ, ჭამის პროცესში ტვინი წაკითხულს მთელი დატვირთვით ვერ აღიქვამს და ჩვენც ინფორმაციას კი არ ვიმახსოვრებთ, არამედ „ვჭამთ”. ასე რომ, დაუჯერეთ მინიშნებას და კუჭსაც თავისი მიაგეთ და გონებასაც. ჭამის შემდეგ ხომ ხელი უნდა დაიბანოთ და ალბათ, ისიც გექნებათ გაგონილი, რომ სველი ხელები უნდა შეიმშრალოთ და არა – დაიფერთხოთ, თორემ ეშმაკს გაამრავლებთ. აკრძალვას უძველესი ლეგენდა უდევს საფუძვლად. ციდან განდევნილმა და მარტოდ დარჩენილმა ეშმაკმა ღმერთს ამალა შესთხოვა. მან კი ურჩია, ხელები წყალში ჩაეყო და მერე დაეფერთხა – იმდენი ეშმაკი გეყოლება, რამდენი შხეფიც დაგცვივაო. დავანებოთ თავი ეშმაკებს და საყოფაცხოვრებო თვალსაზრისით შევაფასოთ სიტუაცია: ძირითადად, ბავშვებს ეზარებათ გამშრალება და თან, უხარიათ, სველი ხელებით რომ დარბიან და შხეფებით სხვებს წუწავენ. შედეგი კი, ისაა, რომ სიცივეში სველი კანი უსკდებათ და ექერცლებათ.
– მე ისიც გამიგია, თუ სადილის შემდეგ სტუმრები იმაზე ადრე წავლენ, სანამ დიასახლისი სუფრას აალაგებს, ამ ოჯახიდან ქალი ვერ გათხოვდებაო...
– განვიხილოთ ეს შემთხვევაც. რა გამოდის, მხოლოდ საჭმელად მივიდნენ სტუმრები ოჯახში და ყველაფერი რომ მოასუფთავეს, ადგნენ და წავიდნენ? ელემენტარული ეტიკეტი მოითხოვს, ჯერ მადლობა გადაუხადო დიასახლისს გამასპინძლებისთვის და მერე, ცოტა ხანს მაინც ემასლაათო ამ მთისა თუ იმ ბარისა. ნათქვამია: სუფრა სალაფავის გობი კი არ არის, რომ შეთქვლიფო და უკანმოუხედავად გაიქცეო. მაგრამ, კიდევ უფრო ღრმა აზრი უნდა იდოს მასში დიასახლისთან დაკავშირებით, რითაც აიხსნება ამ გამონათქვამის არსიც. თუ მხოლოდ სტუმრების დაპურება ძალუძს და სხვას მისგან არაფერს მოელიან, ანდა, თუ სადილიდან ორი საათის შემდეგ, არ შეუძლია დიასახლისს დატრიალდეს და სუფრა აალაგოს, ლოგიკას არაა მოკლებული, საქმროები სათოფეზე არ გაეკარონ ასეთ ოჯახს: როგორიც დედაა, ქალიშვილიც ისეთი იქნებაო.
– სეხნიებშორის მოხვედრასა და ნაცნობის ვერცნობას, რაც შეეხება...
– თუ ორ სეხნიას შორის აღმოჩნდი, მაშინვე რაღაც ჩაიფიქრე და აგიხდებაო. ეს ასე შეიძლება, ავხსნათ: ნათქვამია, რომ სახელი ხასიათის გამოხატულებაა და სწორედ მისი მეშვეობით უკავშირდება ადამიანი თავის მფარველ ანგელოზს. ამიტომაც მიიჩნევენ მას ბედისწერად და ცდილობენ, წმიდანთა სახელის შერჩევას. გამომდინარე აქედან, ორ მოსახელეს შორის მჯდარი ადამიანი, ასე ვთქვათ, მათ საერთო მფარველ ანგელზოთა მიერ შექმნილ, დადებით ველშია მოქცეული. ამიტომ, რა გასაკვირია, რომ სურვილი აგისრულდეთ. თუ ნაცნობი ვერ იცანი, გამდიდრდებიო, – ეს ფრაზა, ეგრეთ წოდებულ, „მატყუარა” მინიშნებათა რიგს მიეკუთვნება და აი, რაშია საქმე: თურმე ადრე, კარგი მოსავლის მისაღებად, ეშმაკურ ხერხს მიმართავდნენ – უზმოზე, ფეხშიშველი თესავდნენ, რომ იმ მარცვლეულს, ხორბალი იქნებოდა ეს თუ სიმინდი, შესცოდებოდა მშიერ-ტიტველი გლეხი და უხვი ნაყოფი გამოეღო. იგივე პრინციპზეა აგებული ზემოხსენებული ფრაზაც. მოტყუვდი ნაცნობთან შეხვედრისას? ესე იგი, სიმბოლურად შეხვდი არა ერთ, არამედ ორ პიროვნებას – ნაცნობსაც და უცნობსაც. ამიტომ, ქონებაც გაგიორმაგდებათ და შესაბამისად, გამდიდრდებით.
– ეს გასაგებია, მაგრამ რატომაა ცუდი, თუ ვინმე გაქებს, ან რა უნდა დამიშაოს ჩამოცვენილმა თმამ და ვინმეს გამოშვერილ ფეხებზე გადაბიჯებამ?
– თუ თქვენი სხეულის რომელიმე ღირსებას ხაზგასმით აქებენ (სილამაზეს, ახოვანებას, ჯანმრთელობას და ასე შემდეგ), ამ დროს, მარცხენა მხარს უკან სამჯერ უნდა გადააფურთხოთ, რომ არ გაითვალოთ. მე მგონი, აღარავინ დაობს, რომ მზერა, რაღაც ხარისხში, მატერიალურია, ანუ გარკვეულ ენერგიას ატარებს. გათვალვა კი, სხვა არაფერია, თუ არა „შავი მაგნიტიზმი”. ამ მხრივ, ყველაზე ავი მზერით შავ თვალებს გამოარჩევენ. შექების სანაცვლოდ (რა თქმა უნდა, სიმბოლურად) კი, მარცხენა მხარეს გადაფურთხება, ნიშნავს, რომ შემქებს უნდობლობას უცხადებ და ავ თვალს გულის კარს არ უღებ. დღეს ასეთი გათვალვის ობიექტი, ძირითადად, საჯარო პროფესიის ადამიანები არიან. მაგალითად, მომღერლები, მსახიობები... ყურადღება მიგიქცევიათ, ალბათ, რომ ასეთი ხალხი გამომწვევ, მყვირალა ფერის ტანსაცმელსა და მბრწყინავ, ბრჭყვიალა მორთულობას ატარებს. ამით ისინი ქვეცნობიერად ცდილობენ, ავ თვალს გაექცნენ. ამ დროს ხალხს ყურადღება მათ ტანსაცმელსა და მორთულობაზე გადააქვს, რის წყალობითაც, აღარ იბღალება მათი შინაგანი სამყარო, აღარ ირღვევა მათი ენერგეტიკა. ზოგჯერ თავის დაცვას ისინი მუქი სათვალითაც ცდილობენ, მაგრამ ეს არ არის თავდაცვის საუკეთესო საშუალება. მუქი სათვალე პლაჟისა და მზიანი ქუჩის გარდა, ხალხში გაღიზიანებას იწვევს და ამით სამიზნე ობიექტი, თავადვე გამოდის გათვალვის მაპროვოცირებელი. რაც შეეხება იატაკზე ჩამოცვენილ თმას, მას ნურც იქვე დატოვებთ და ნურც ეზოში გადაყრით, თორემ თავი აგტკივდებათ. ეს გამონათქვამი თმის კულტს უკავშირდება, რომელიც ჯანმრთელობისა და სიმდიდრის სიმბოლოდ მიიჩნევა. თანაც, თმა ხომ შენივე სხეულის ნაწილია, ამიტომ არ შეიძლება, დაუდევრად მოისროლო. საყოფაცხოვრებო თვალსაზრისითაც არ არის გამართლებული თმის აქეთ-იქით მიმოფანტვა, ეს ხომ ფეთხუმობაა. ასევე, არც ფეხებგაშვერილი ჯდომაა მაინცდამაინც ლამაზი, მით უმეტეს, თუ სივიწროვეა. ამასთან დაკავშირებული გადმოცემა კი გვაფრთხილებს: გაშვერილ ფეხს თუ გადააბიჯებ – გაზრდას შეწყვეტ და ამიტომ, სასწრაფოდ, უკანვე უნდა გადმოაბიჯოო. მართალია, ზრდასრულებისთვის ეს გაფრთხილება აზრსმოკლებული ჩანს, მაგრამ მინიშნების არსს თუ დავუკვირდებით, ის სიმბოლურ „გადაკვეთას” გვიკრძალავს, რაც ერთიანობის დარღვევას ნიშნავს. საყოფაცხოვრებო თვალსაზრისი კი, მჯდომარეს ამუნათებს: სივიწროვეში ფეხებს ნუ გაჭიმავ, ეს სხვებს უშლის ხელსო.