კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№49 შეეძლება თუ არა პენსიონერს თავისი დაგროვილი პენსიის დროზე ადრე მოთხოვნა და როგორ უნდა უზრუნველყონ თავიანთი სიბერე ჩრდილოვან სექტორში დასაქმებულებმა

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

საპენსიო რეფორმაზე მთავრობა რამდენიმე წელია, მუშაობს, მოდელი თითქმის შეირჩა და მისი ამოქმედება 2018 წლის მეორე ნახევრიდან იგეგმება, უფრო ზუსტად, ამოქმედდება ნაწილობრივ სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო რეფორმა. მოქალაქეების მიერ დაგროვილი თანხა საპენსიო ფონდმა უნდა განკარგოს, რის შედეგადაც მას საპროცენტო განაკვეთი დაერიცხება და მოქალაქეები თავიანთ თანხას პენსიაზე გასვლის შემდეგ დაიბრუნებენ: წლების მიხედვით გაწერილს. კანონპროექტის მიხედვით, საპენსიო სქემაში ავტომატურად ჩაერთვება ყველა დაქირავებით დასაქმებული, ანუ ისინი, ვისაც აქვს შრომითი ხელშეკრულებები. სისტემა ნაწილობრივ სავალდებულო იქნება, იმ თვალსაზრისით, რომ 40 წელს გადაცილებულები თავად გადაწყვეტენ, მიიღონ თუ არა მონაწილეობა დაგროვებითი პენსიის სისტემაში, 40 წლამდე კი დაზოგვის ვალდებულება ავტომატურია. პროექტის მიხედვით, ყოველთვიურად დასაქმებული და დამსაქმებელი საპენსიო ფონდში დასაქმებულის ხელფასის 2-2 პროცენტს ჩარიცხავენ, ხოლო სახელმწიფო კი დასაქმებულს მისი საშემოსავლო გადასახადიდან აღებულ 2 პროცენტს ჩაურიცხავს საპენსიო ფონდში. შესაბამისად, დასაქმებულის დაუბეგრავი ხელფასის 6 პროცენტი დაიზოგება ყოველთვიურად.
რეფორმის ამოქმედებიდან პირველი ხუთი წლის განმავლობაში დაგროვილი თანხა მხოლოდ ნაკლებად რისკიან სფეროში დაბანდდება, კერძოდ, მთავრობის მიერ გამოშვებულ ფასიან ქაღალდებში. ხუთი წლის შემდეგ კი, დაზოგილი თანხის ნახევარი ისევ ფასიან ქაღალდებში წავა, დანარჩენი ფულადი რესურსი კი –  კერძო სფეროებში.
მოქალაქეები თავიანთ დაზოგილ თანხას საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ მიიღებენ, საბაზისო პენსიასთან ერთად. საპენსიო ფონდი შეადგენს კალენდარს, მაგალითად, 10 ან 15-წლიანს და ამის მიხედვით დაითვლის და გადაანაწილებს ყოველ თვეს მისაღებ სარგებელს. პენსიონერის გარდაცვალების შემთხვევაში, დარჩენილ თანხას მიიღებს მისი მემკვიდრე. თანხის ნაადრევად მოთხოვნა ერთადერთ შემთხვევაშია მოსალოდნელი –  თუ პირი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გახდება. ორგანიზაცია „საზოგადოებამ და ბანკებმა“ დაითვალეს, ინფლაციისა და სავარაუდო სარგებლის გათვალისწინებით, თუ რამდენ პენსიას მიიღებთ, არსებული ხელფასის ფონზე, პენსიაზე გასვლის შემდეგ. პენსიის რეფორმაზეც სწორედ ამ ორგანიზაციის ეკონომიკურ ანალიტიკოსს, გივი ადეიშვილს გავესაუბრეთ.

– ეს სქემა ოპტიმალურია? იქნება ეფექტიანი?
– დღეს პენსიები, რეალურად, არის სოციალური დახმარება, რომელიც გაიცემა ბიუჯეტის ხარჯზე და ჩვენი ბიუჯეტი არ არის ისეთ მდგომარეობაში, ნორმალური ცხოვრებისთვის საკამარისი პენსიით უზრუნველყოს მოქალაქეები. შესაბამისად, თუ ამ მიმართულებით რაღაც ნაბიჯები არ გადავდგით, საკმაოდ რთული ვითარება შეიქმნება მომავალში. ბიუჯეტს ტვირთი უფრო გაეზრდება და მასთან გამკლავება უფრო და უფრო გაუჭირდება. მით უფრო, არ მგონია, რომ სახელმწიფომ უახლოესი 20-30 წლის განმავლობაში შეძლოს, ნორმალური პენსია გადაუხადოს მოქალაქეებს, თუ რეფორმა არ განხორციელდა. იმის თქმა მინდა, რომ სადავო არ არის, რომ დღეს არსებულ ვითარებას სჭირდება ცვლილება. რაც შეეხება რეფორმას: ის, ჩემი აზრით, აუცილებელია, უბრალოდ, დგას განხორციელების საკითხი. შეიძლება, ვიკამათოთ, რა უფრო სწორია, როგორ ჯობია, მაგრამ ერთი ცხადია, რეფორმა აუცილებლად უნდა განხორციელდეს.
– ერთია, თანხის მართვა და მეორე სანდოობის მომენტი. ჩვენ ერთადერთი ქვეყანა ვართ, მგონი, პოსტაბჭოთა სივრცეშიც კი, რომელშიც დეპოზიტები არ არის დაზღვეული. ანუ ბანკებშიც კი დაუცველია ჩვენი დანაზოგები. საპენსიო რეფორმის ამუშავების მნიშვნელოვანი კომპონენტია სანდოობა, ანუ სტაბილური განვითარება თუ არა, სტაბილური ყოფა მაინც. თუ მაინც უნდა ვცადოთ, იმიტომ რომ, სხვა გზა არ გვაქვს?
– 5 000 ლარამდე დეპოზიტები უკვე დაზღვეულია ჩვენთან, თუმცა არის მეორე მომენტიც, რაც რეფორმისადმი ეჭვს იწვევს. ეს უკავშირდება საბჭოურ მემკვიდრეობას, როდესაც დაიკარგა მოქალაქეების მიერ დაზოგილი თანხები. ამის შემდეგ გვახსოვს გასული საუკუნის 90-ანი წლებიც, როდესაც ეგრეთ წოდებულმა ბანკებმა, რეალურად კი თაღლითურმა ორგანიზაციებმა, მიითვისეს ადამიანების ფული და ეს ნეგატიური გამოცდილება, ბუნებრივია, ბადებს შეკითხვებს. მე მესმის ჩვენი თანამემამულეების, მაგრამ, თუ არაფერი გავაკეთეთ, ისევ 90-იან წლებში ხომ არ დავრჩებით?! ამდენად, რეფორმა აუცილებელია. ამიტომ ვერ მივიღებ არგუმენტს, რომ რეფორმა არ უნდა განხორციელდეს, თუ ავტორიზებული სააგენტოს ან ფონდის მფლობელობაში იქნება საპენსიო დანაზოგი და მათ საზოგადოების მიერ ნდობით აღჭურვილი ადამიანები განკარგავენ. ფონდის მიზანი უნდა იყოს არა დაბალრისკიანი ქაღალდების შეძენა და თანხის დაბალრისკიან საქმიანობაში დაბანდება, არამედ მთავარია მაღალი სანდოობა საზოგადოების მხრიდან და თანხები უნდა იყოს დაცული. მაგალითად, ეროვნული ბანკი მართავს სავალუტო რეზერვებს და ამდენი წელია, არანაირი კითხვები არ გაჩენილა. მე არც იმის თქმა მინდა, რომ საპენსიო თანხაც იმავე პრინციპით უნდა იმართოს, როგორც ეროვნული ბანკი მართავს სავალუტო რესურსებს.
– მაგრამ ეს აშკარად პოზიტიური გამოცდილებაა.
– დიახ, ნამდვილად გვაქვს პოზიტიური გამოცდილებაც და ეს შეიძლება, გამოვიყენოთ ახალი ინსტიტუტის შესაქმნელად. თუმცა, ჩემი აზრით, ეს საპენსიო თანხები არ უნდა გავიდეს ქვეყნიდან, რადგან ჩვენ ისედაც მხარჯველი ქვეყანა ვართ. ჩვენი მთავარი პრობლემაა ფინანსური რესურსის ნაკლებობა, რასაც იწვევს ლარში იაფიანი რესურსის ნაკლებობა. ამიტომაც ვერ ვახორციელებთ ძვირად ღირებულ პროექტებს და ეს აისახება ეკონომიკურ ზრდაზე. თუ ჩვენთვის ხელმისაწვდომი იქნება დაბალხარჯიანი ფინანსური რესურსი, რა თქმა უნდა, ეს დადებითად იმოქმედებს ჩვენს ეკონომიკურ ზრდაზე. ჩემი აზრით, აღნიშნული საპენსიო დანაზოგები არ უნდა იყოს განკუთვნილი მხოლოდ სახელმწიფო ობლიგაციებისთვის, რომლებსაც შიდა ვალის სახით აიღებს სახელმწიფო. შესაძლოა, საწყის წლებში, როდესაც მცირე მოცულობის იქნება დანაზოგები, მიიმართოს სახელმწიფო ობლიგაციებში, მაგრამ უნდა დარჩეს საშუალება, რომ მაღალრეიტინგული კომპანიების მიერ გამოშვებულ ფასიან ქაღალდებშიც დაბანდდეს ეს თანხა. თუ თანხის მართვაში ჩარეთვებიან საზოგადოების ნდობით აღჭურვილი პირები და საპენსიო დანაზოგების მართვა იქნება გამჭვირვალე, არ მგონია, თანხა გაიფლანგოს ან ვინმემ მიითვისოს.
– 40 წელს გადაცილებულები ბევრს ვერაფერს დააგროვებენ, თუმცა ისიც კარგია, რომ ახალგაზრდა თაობებს ეძლევათ ღირსეული სიბერის შესაძლებლობა. მაგრამ რა გზას უნდა დაადგნენ ის ადამიანები, რომლებიც დასაქმებულები არიან, ოღონდ არ აქვთ შრომითი ხელშეკრულებები, ანუ არ არიან დაქირავებით დასაქმებულები?
– სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში კიდევ არის ჩრდილოვანი ეკონომიკა. და ვფიქრობ, უახლოეს წლებში რთული იქნება ჩრდილოვან ეკონომიკაში დასაქმებული პირების ასახვა ეკონომიკაში და მათი ანაზღაურების ფორმალურ ჭრილში გადმოტანა. დღეს ისინი არ იხდიან საშემოსავლოს გადასახადს და ამდენად, რთული იქნება მათი ჩართვა საპენსიო ფონდში. თუმცა, ვფიქრობ, სახელმწიფომ უნდა გამონახოს გზა, რომელიც მისცემს ჩრდილოვანი ეკონომიკის სექტორში დასაქმებულ ადამიანს, სიბერეში მიიღოს პენსია. მათთვის დაწესდეს შეღავათები, რომ რამენაირად აისახოს მათი შემოსავლები ისე, რომ არ დაერიცხოს გადასახადები.
– თავისი ნებით რომ შეიტანონ თანხა საპენსიო ფონდში?
– იყო მსგავსი პრეცედენტი, როდესაც სახელმწიფომ შემოიღო კანონი, რის მიხედვითაც, მოქალაქეს, რომელიც აქირავებს ბინას, აკისრებს არა 20-პროცენტიან საშემოსავლო გადასახადს, არამედ –  5 პროცენტს. თუ საპენსიო რეფორმის მიმართულებითაც დავუშვით ასეთივე ფორმა, შეიძლება, ცვლილება შევიდეს საგადასახადო კანონმდებლობაში, რომ საპენსიო რეფორმის ფარგლებში, იმ მოქალაქეებს, რომლებიც არაფორმალურად არიან დასაქმებულები, მიეცეთ სამომავლოდ საპენსიო დაზოგვის საშუალება. იმიტომ რომ, ჩვენი ქვეყნისთვის არსებითად მნიშვნელოვანია, მომავალი თაობები არ იყვნენ დამოკიდებული სახელმწიფოზე და ბიუჯეტმაც მოიხსნას საპენსიო საბიუჯეტო ტვირთი. ასევე, მნიშვნელოვანია, მათ ჰქონდეთ ცხოვრების ნორმალური პირობები მომავალში და მეტი მოტივაცია, რომ მეტი გამოიმუშაონ, ქვეყანამაც მეტი ისარგებლოს ამით და თვითონაც უკეთესად იცხოვრონ. დღევანდელი გადასახედიდან რთულია ამაზე საუბარი, მაგრამ სახელმწიფომ ყველანაირად უნდა შეუწყოს ხელი იმას, რომ არაფორმალური სექტორის შემოსავლები აისახოს და მათაც მიიღონ სარგებელი. ამის გაკეთება იმიტომაცაა აუცილებელი, რომ ჩვენს ქვეყანაში დანაზოგების სიმწირეა და თუ გავზრდით დანაზოგების მოცულობას და ხელს შევუწყობთ დაზოგვის კულტურას, ეს ძალიან წაგვადგება. არცერთი განვითარებული ქვეყანა არ არსებობს დანაზოგების გარეშე. თუ არ გახდი დამზოგავი და მუდმივად იყავი მხარჯველი, ვერ განვითარდები. აუცილებელია, დავნერგოთ დაზოგვის კულტურა და ჩვენს მოქალაქეებს შევუქმნათ უკეთესი ცხოვრების პირობები მომავალში.
– არის კიდევ ერთი პრობლემაც: დამქირავებლები არ აჩვენებენ რეალურ ხელფასს. შესაბამისად, დაქირავებული ვერ შეძლებს თავისი დღევანდელი ანაზღაურების ადეკვატური საპენსიო დანაზოგის მიღებას და ეს მას პრობლემას შეუქმნის მომავალში.
– მესმის, რასაც ამბობთ და ისიც მესმის, რომ შეიძლება, დამსაქმებელმა თავის თავზე არ აიღოს ის ტვირთი, რასაც მას აკისრებს რეფორმა. მაგრამ ვფიქრობ, ნებისმიერ ბიზნესს უნდა ჰქონდეს სოციალური პასუხისმგებლობა და უნდა შეეცადოს, კმაყოფილი დამსაქმებლები ჰყავდეს. ეს შემდგომში გაცილებით დადებითად აისახება მათ ბიზნესსაქმიანობაზე. დამსაქმებლებმა უნდა გააცნობიერონ თავიანთი სოციალური პასუხისმგებლობა და არ შეუმცირონ ხელფასი თანამშრომლებს. მოგეხსენებათ, განხორციელდა მოგების გადასახადის რეფორმა, რითაც ისარგებლა ბიზნესმა. ანუ ბიზნესისთვისაც გაკეთდა შეღავათი და, შესაბამისად, მათაც უნდა გააცნობიერონ თავიანთი სოციალური პასუხისმგებლობა და ის, რომ მათ ეს გამოადგებათ გრძელვადიან პერსპექტივაში, თუ რეფორმით არ ისარგებლებენ ბოროტად და არ შეუმცირებენ ხელფასს დასაქმებულებს,  თუმცა არც ამას გამოვრიცხავ. მეორე მხრივ, ორი პროცენტი არ არის ის თანხა, რომლის გადახდაც გაუჭირდებათ დამსაქმებლებს.
– თქვენ დაიანგარიშეთ სავარაუდო პენსია დაგროვების ამ სქემით. რომელ პარამეტრებს დაეყრდენით?
– ვებ-გრვედზე daitvale.ge განთავსებულია საპენსიო კალკულატორი. რა თქმა უნდა, სამომავლო პენსია დამოკიდებული იქნება მიმდინარე ხელფასზე, რომელსაც თქვენ იღებთ. შესაბამის ველში ჩაწერთ მიმდინარე ხელფასს, ასევე, საპენსიო ასაკს, ანუ რამდენი წლის შემდეგ გეგმავთ პენსიაზე გასვლას და რამდენი წლის განმავლობაში აპირებთ პენსიის მიღებას. ჩვენ ჩავწერეთ 15 წელი, ვიხელმძღვანელეთ ქვეყანაში არსებული სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობით. ინფლაციად გავითვალისწინეთ წლიური სამი პროცენტი და სარგებელი ავიღეთ წლიური ხუთი პროცენტი. გამოითქვა კრიტიკული მოსაზრებები, რომ, თუ ინფლაცია ხუთ პროცენტზე მაღალი იქნა, მაშინ რა მოხდება. თუ ინფლაცია იზრდება, წლიური სარგებელიც იზრდება. უნდა გავითვალისწინოთ, რომ თუ დღეს ანაბარზე ათი პროცენტია სარგებელი, იმიტომ რომ, ინფლაციაა 6 პროცენტი. რეალურად, საპენსიო სარგებელი იქნება ინფლაციას პლუს ორიდან ოთხ პროცენტამდე. გააჩნია, რა რისკიანობის მქონე ფასიან ქაღალდებში ჩაიდება და გააჩნია, სად მოხდება ინვესტირება.
– წინასწარ იქნება დადგენილი პროცენტი თუ ყოველწლიურად შეიცვლება, ფორმულით, ინფლაციას პლუს 2-4 პროცენტი?
– წინასწარ რთულია განსაზღვრა, რა დონის ინფლაცია იქნება ყოველ წელს. ჩვენი ვარაუდით, სარგებელი იქნება ცვალებადი და დამოკიდებული ინფლაციაზე, რომ, არა მხოლოდ შეუნარჩუნდეს მოსახლეობას დაგროვილი თანხის მყიდველუნარიანობა, არამედ გაეზარდოს. აი, ეს არის მთავარი პრინციპი. სარგებელი უნდა იყოს ინფლაციაზე მაღალი. მაგალითად, თუ ადამიანის ხელფასი 1 000 ლარია ხელზე (2 პროცენტი იანგარიშება დარიცხული ხელფასიდან) და წლიური საპროცენტო განაკვეთი იქნება ხუთი, ჯამში, დაგროვილი თანხა იქნება 62 000 ლარი, ყოველთვიური პენსია კი გამოვა ხუთასი ლარი თხუთმეტ წელზე. ხოლო თუ ამ პენსიას გადმოვიყვანთ დღევანდელი მსყიდველუნარიანობით, ის უხეშად 250 ლარის ეკვივალენტი იქნება. ეს არის საბაზო პენსიისგან განცალკევებული და ამას დაემატება საბაზო პენსიაც.
– სოციალურად დაუცველები, ფაქტია, ვერ დააგროვებენ ვერანაირ პენსიას.
– მათთვის, რომლებიც საპენსიო სისტემაში არ იქნებიან ჩართულები, უნდა არსებობდეს საარსებო მინიმუმის ოდენობის პენსია მაინც, მაგრამ ეს უკვე სოციალური პროექტია, საპენსიო რეფორმა იქნება მათთვის, ვინც ჩაებმება შრომით ურთიერთობებში და ექნება ყოველთვიური ანაზღაურება.
P. S.daitvale.ge-ს მიხედვით, თუ ხართ 30 წლის, გაქვთ 800-ლარიანი ყოველთვიური ხელფასი (საშემოსავლოს ჩათვლით 960 ლარი) და აგროვებთ 30 წლის განმავლობაში, პენსიაზე გასვლის შემდეგ 15 წლის განმავლობაში თქვენ მიერ დაგროვილი თანხა იქნებ 49 936 ლარი და ყოველთვიურად, 15 წლის განმავლობაში, მიიღებთ 395 ლარს, რაც დღევანდელი მსყიდველუნარიანობით არის 190 ლარი; თუ ხართ იმავე ასაკის და თქვენი ხელფასი 500 ლარია (ხელზე), 30 წლის შემდეგ თქვენი ყოველთვიური პენსია 247 ლარი გამოვა, დღევანდელი მსყიდველუნარიანობით –  119 ლარი. 1 500-ლარიანი ხელფასის პირობებში 30-წლიანი დაგროვება უზრუნველგყოფთ 740-ლარიანი პენსიით, დღევანდელი მსიდველუნარიანობით, ეს იქნება 357 ლარი.    
скачать dle 11.3