№49 ოკუპანტური ლოგიკა
ანუ ვის ტანკს დააჯდა სიკვდილის ბუზი
ფრიად გაგვახარა ჩვენი ოკეანისგაღმელი სტრატეგიული პარტნიორის გადაწყვეტილებამ ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექს Javelin-ის მიწოდების შესახებ. ან კი როგორ არ გაგვიხარდებოდა, როდესაც ხსენებული „ჯაველინები“ ამ ჩვენი ოკუპანტი ქვეყნის წარმოების ტანკების მკვლელებია.
მაგრამ, რაკი ეს ამბავი მათაც იციან, ცოტა გვიან, მაგრამ მაინც აღშფოთდნენ. კერძოდ, დაასკვნეს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოსთვის ამ შეიარაღების გადმოცემამ შესაძლოა, თბილისს რეგიონში ახალი სახიფათო ავანტიურისკენ უბიძგოს.
შესაბამისად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა: ჯერ ერთი, თბილისსა და „ნატოს“ წევრ ქვეყნებს შორის სამხედრო თანამშრომლობა დიდი საფრთხეაო (იმიტომ რომ, ჰარმონიული ოკუპანტებისა და სეპარატისტების თანამშრომლობაა) და, მეორეც, 2008 წლის ომის შემდეგ ეს (ანუ „ჯაველინების“ გადმოცემა) აშშ-ისა და საქართველოს შორის ასეთი მასშტაბის პირველი სამხედრო გარიგებააო.
მოსკოვს ყურადღების მიღმა არც საქართველოში სამხედრო-საწვრთნელი ცენტრის მშენებლობა დარჩენია (ეს სამხედრო მხარდაჭერააო, არისხებენ განგაშის ზარებს, რადგან აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსული სამხედრო ბაზები, სინამდვილეში, ღუღუნა მტრედებია).
დღესავით ნათელია, რომ ოკუპანტისთვის გაცილებით კომფორტულია, თუკი ჩვენ კვლავ გამოვასწორებთ საკუთარ ტანკებს, თუმცა ლოგიკა, უდავოდ, საინტერესოა: „ავანტიურად“ რომ ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლების სურვილი ინათლება. –