კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№48 რა იცვლება 2018 წელს ეროვნულ გამოცდებზე და რატომ იღებდნენ აბიტურიენტები გამოცდებზე ფოტოს საათითა და სათვალით

თათია ფარესაშვილი თამუნა ნიჟარაძე

 ერთიან ეროვნულ გამოცდებში ცვლილებებია. ცვლილებები, ძირითადად, ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე, ზოგადი უნარების გამოცდების სტრუქტურულ მხარეს ეხება. თუმცა, როგორც ცნობილი გახდა, მარტივდება მათემატიკის გამოცდა. კონკრეტულად რა ცვლილებებზეა საუბარი და რატომ გახდა საჭირო მათი გატარება, ამის შესახებ,  შეფასებისა  და გამოცდების ეროვნული ცენტრის ზოგადი უნარების ჯგუფის ხელმძღვანელს, სოფო დოლიძეს გავესაუბრეთ: ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 2018 წელს გარკვეული ცვლილებები შედის. ცვლილება ეხება ზოგადი უნარების,  ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე, მათემატიკის გამოცდას.   შეკითხვაზე, რატომ გახდა ამ გამოცდებზე  ცვლილებების შეტანა საჭირო,  გიპასუხებთ, რომ ჩვენ, 2005 წლიდან ყოველწლიურად ვცდილობთ, უფრო დახვეწილი  და სრულყოფილი გავხადოთ საგამოცდო სისტემა, როგორც  ტექნიკურად, ასევე  შინაარსობრივად.  ამჯერად, ორივე გამოცდაში  ცვლილებები შეეხება შინაარსობრივ ნაწილს.  ვცდილობთ, რაც შეიძლება, მეტი აქცენტი გაკეთდეს არგუმენტებულ, კრიტიკულ მსჯელობაზე, გააზრებაზე, დასკვნის გამოტანის უნარზე.   
– კონკრეტულად, რა ცვლილებები იქნება ამ გამოცდებზე?  
– ზოგადი უნარების ტესტის შემთხვევაში, ცვლილება უფრო სტრუქტურულ მხარეს ეხება,  ტესტი, მოგეხსენებათ,  შედგება ვერბალური და მათემატიკური ნაწილისგან. ეს კვლავ რჩება უცვლელი, მაგრამ  ვერბალურ ნაწილში, ერთ-ერთი ბლოკი, რომელიც ანალოგიების სახით იყო წარმოდგენილი, დამოუკიდებლად შეუერთდება წაკითხული ტექსტის გააზრების ნაწილს. ანალოგიები  რაოდენობრივადაც იქნება უფრო მცირე, ვიდრე იყო აქამდე. თორმეტის ნაცვლად, იქნება ათი ანალოგია, რაც დაუკავშირდება წაკითხვების ბლოკში გააზრებულ ტექსტებს. თითოეულ ტექსტს ოთხი ან ხუთი ანალოგია დაუკავშირდება.   რაც შეეხება  ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას,  შეიძლება ითქვას, ამ გამოცდაზეც სტრუქტურული ცვლილებაა. ქულათა რაოდენობა იცვლება ორ დავალებაში –  არგუმენტებული ესე, 20-ის ნაცვლად, 24 ქულით შეფასდება. პირველ დავალებას, ტექსტის რედაქტირებას, რომლის მიზანიც შეცდომების გასწორებაა, მოაკლდა 4 ქულა - 20-ის ნაცვლად, უმაღლესი ქულა 16 იქნება. არგუმენტებულ ესეს დაემატება 4 ქულა და 20-ის ნაცვლად, 24 ქულით შეფასდება. ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის უმაღლესი ქულა არ შეიცვლება და ისევ 80 იქნება.  
– შეიძლება ითქვას,  ამ ცვლილებებით ეს ორი  გამოცდა  უფრო გამარტივებულ ფორმას იღებს?
– ჩვენი მიზანი არ არის გამოცდის გამარტივება, ჩვენ ვცდილობთ, აბიტურიენტებს  ყოველ წელს   შევთავაზოთ საშუალო სირთულის ტექსტი.  ამ ცვლილებების მიზანი არის არა გამოცდის გამარტივება, არამედ კიდევ უფრო მეტი  აქცენტის  გაკეთება უნარებზე.  უფრო კარგად გამოჩნდება ანალიტიკური აზროვნებით  დაჯილდოებული ადამიანები. ამ ფორმატში  შეფასების კრიტერიუმებს დეტალურად ვერ განვიხილავთ, მაგრამ გეტყვით, რომ აქცენტი გაკეთდება მსჯელობის ორიგინალურობაზე, არგუმენტირებაზე, დამაჯერებლობაზე. ვინც უფრო კრიტიკულად მოახერხებს ამა თუ იმ აზრის წარმოჩენას და გაანალიზებას, ის მოიპოვებს უფრო მეტ ქულას.   ბოლო პერიოდის სტატისტიკას თუ გადავხედავთ, წელს, მაგალითად, თვალში მოსახვედრი იყო მათემატიკის გამოცდაზე ჩაჭრილი აბიტურიენტების რაოდენობა.
– როგორც ცნობილია,  გამარტივდება გამოცდა მათემატიკაში. რით არის ეს განპირობებული? იმის გამო, რომ ბოლო წლებში უფრო და უფრო ნაკლები აბიტურიენტი  ირჩევს და აბარებს მათემატიკის გამოცდას?
– ეს გადაწყვეტილება ბევრმა ფაქტორმა განაპირობა.  უპირველესად, კი იმ ფაქტმა, რომ უფრო და უფრო  მცირდება იმ აბიტურიენტთა რაოდენობა, ვინც მათემატიკას ირჩევს,   საერთაშორისო კვლევების მიხედვით, რომელიც ტარდება მეოთხე და მერვე კლასებში,  საკმაოდ მძიმე სურათი გვაქვს მათემატიკაში და ასევე, საბუნებისმეტყველო საგნებში. მძიმეა სახელმწიფო შეფასების შედეგი.  უნარების გამოცდის მათემატიკის ნაწილის ჩაბარება უფრო მეტად უჭირთ აბიტურიენტებს, იმის მიუხედავად, რომ ვცდილობთ, მათ  საშუალო სირთულის ტესტი შევთავაზოთ.   სასელექციო  გამოცდებით, როგორიც არის  მათემატიკა, უნარები, ქართული,    ერთიანი ეროვნული გამოცდების პირობებში, ჩვენ უნდა შევარჩიოთ აბიტურიენტები იმ კონტიგენტიდან, ვინც გამოცდაზე მოდის. უნდა მოვერგოთ იმ პოპულაციას, ვინც გვყავს.   იმის მიუხედავად, რომ არ მოგვწონს მათი ცოდნა მათემატიკაში,  ჩვენ გვაქვს ასეთი მოცემულობა, რომელსაც უნდა მოვერგოთ. გამოცდის  გამარტივება  არ ნიშნავს, რომ მათემატიკა იმდენად მარტივი იქნება, ვეღარ მოვახერხოთ იმის შეფასება, რისი შეფასებაც გვინდა.  როგორც მაქვს ინფორმაცია, მათემატიკის  გამოცდაზე   გაიზრდება  ტესტში  ადვილი დავალებების წილი.   ჩემი აზრით,    საჭიროა, უფრო მეტი სტიმულაცია, რომ, რაც   შეიძლება, მეტმა ახალგაზრდამ აირჩიოს მათემატიკა. ჩვენ გვყავს საკმაოდ ძლიერი მოსწავლეები მათემატიკაში, რომლებიც იმარჯვებენ ოლიმპიადებში და წარმატებით აბარებენ გამოცდებსაც. საქმე არაა ამ ვარსკვლავებში. განათლების სისტემამ ყველაფერი   უნდა გააკეთოს, რომ მოსწავლეებს უყვარდეთ, უნდოდეთ მათემატიკის სწავლა და შეეძლოთ რიცხვებთან ურთიერთობა.  ყველა ადამიანს, ვისაც  ურთიერთობა აქვს გარემოსთან, უხდება ურთიერთობა რიცხვებთანაც. ეს არის ჩვენი პასუხი, როდესაც ისმება შეკითხვა, ჟურნალისტიკაზე ვაბარებ და მათემატიკა რატომ უნდა ჩავაბაროო? ჟურნალისტს ხომ უხდება არჩევნების გაშუქება, შედეგების გაანალიზება, შესაბამისად, უნდა შეძლოს დიაგრამის წაკითხვა და პროცენტული მაჩვენებლის ანალიზის გაკეთება.   
– ეს ცვლილებები გამოიწვევს თუ არა  ბარიერის შეცვლას გამოცდებზე?
–  ბარიერი დადგენილია,  ჩვენ წელს არ ვაპირებთ ბარიერის შეცვლას. ერთდროულად ორი სიახლის შეთავაზება აბიტურიენტებისთვის მაინცდამაინც მიზანშეწონილი არაა.  ის რისკი, რომ უფრო მეტმა აბიტურიენტმა ვერ შეძლოს ბარიერის გადალახვა, არ არსებობს.  ეს დავალებები, როგორც ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ასევე ზოგად უნარებში,  იმდენად მნიშვნელოვანია სტრუქტურულად, რომ თუ ჩვენი აბიტურიენტები აქამდე ახერხებდნენ   ბარიერის  გადალახვას, ეს ზედმეტ დაბრკოლებად არ იქცევა მათთვის.  პირიქით, ზოგადი უნარების შემთხვევაში, უფრო მეტ შანსს ვაძლევთ აბიტურიენტებს, გამოაჩინონ საკუთარი შესაძლებლოებები.    ბოლო პერიოდის სტატისტიკას თუ გადავხედავთ, წელს, მაგალითად, თვალში მოსახვედრი იყო მათემატიკის გამოცდაზე ჩაჭრილი აბიტურიენტების რაოდენობა, რაც შედარებით მეტი იყო, ვიდრე წინა წლებში. ქართული ენისა და ლიტერატურის და ზოგადი უნარების გამოცდებზე ოდნავ ნაკლები აბიტურიენტი ჩაიჭრა წელს, ვიდრე გასულ წელს. ამ გამოცდებზე სტაბილურად, ერთი მაჩვენებელი გვაქვს – 2 პროცენტამდე აბიტურიენტი იჭრება. საერთო ჯამში, არჩევით საგნებში – მათემატიკაში, ფიზიკაში, ბიოლოგიაში, ქიმიაში,  რომლებიც ცოტა  უფრო რთულია, ვიდრე, სავალდებულო გამოცდები, უფრო მეტი აბიტურიენტი იჭრება.  წელს აღმოჩნდა, რომ 36 ათასი აბიტურიენტიდან ბარიერის გადალახვა 28 ათასმა  შეძლო. ჩაჭრილების უმეტესობა სწორედ არჩევით საგნებზე მოდის. მათემატიკის გამოცდის გამარტივება შეამცირებს აბიტურიენტთა ჩაჭრის  შესაძლებლობას. ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე, ზოგად უნარებში გატარებული ცვლილებები ამ სურათზე დიდ გავლენას ვერ მოახდენს. ასეთია ჩვენი მოლოდინი.      
– იგეგმება  თუ არა ცვლილებები გამოცდების ტექნიკურ ნაწილში?
–  უცვლელი რჩება გამოცდებისთვის განკუთვნილი დრო. არ იცვლება მაქსიმალური ქულები არც ქართული ენისა და ლიტერატურის, არც ზოგადი უნარების გამოცდაზე.   კვლავ რჩება ნახევრად ელექტრონული ფორმატი. წელს გაგრძელდება გამოცდების უმაღლესი სასწავლებლებიდან სკოლებში გადატანის ტენდენცია, სადაც გამოცდის ორგანიზება უფრო მარტივია.  სიახლე გვაქვს იმ მიმართულებით, რომ  აბიტურიენტებს  შეუძლიათ, გამოცდაზე შეიტანონ თავიანთი კალმები, რაც პრობლემად იქცა ბოლო დროს.  წინასწარ იქნება მითითებული და დეტალურად აღწერილი  კალმები, რომელთა შემოტანაც მათ შეეძლებათ. ეს კალმები იყიდება საკანცელარიო მაღაზიებში და არც ისე ძვირი ღირს.  დღეს ეროვნული გამოცდები ბარდება უკვე უსაფრთხოების ზომების სრული დაცვით და    ჩვენ გვაქვს საშუალება, აბიტურიენტებს საკუთარი კალმებით გამოცდაზე დაშვების უფლება მივცეთ. არსებობს წინა წლების პრაქტიკა, როცა აბიტურიენტი  გამოცდაზე მოვიდა საათით, რომელიც ფოტოს იღებს, ან სათვალით, რომელიც იგივე ფუნქციას ასრულებს.  ეს ნივთები მათ აძლევდათ საშუალებას,  გამოცდიდან ტესტის  ფოტოს გადაღებისა და გატანის.  ეს უკვე გამორიცხულია.  ჩვენმა აბიტურიენტებმა რამდენჯერმე სცადეს თანამედროვე, ეგრეთ წოდებული „შპარგალკებით”  სარგებლობა, თუმცა ამ ნივთების აღმოჩენას უფრო და უფრო  დახვეწილი მეთოდებით ვახერხებთ (იცინის).    
– იყო საუბარი, რომ მომავალი წლიდან შესაძლოა, გამოცდები ჩატარდეს სრულად ელექტრონული სისტემით.
– ჩვენ ვმუშაობთ ამ ფორმატის შექმნაზე, რაც არ არის იოლი.  სრულად ელექტრონული სისტემით, ერთიანი ეროვნული გამოცდები 2018 წელს  ჩატარდება. ზოგადად,  ეს რეკომენდაცია არ მოდის უცხოელი ექსპერტებისგან. ვფიქრობთ, ეს ფორმატი   უფრო კომფორტული და მისაღებია ჩვენი აბიტურიენტებისთვის, მაგალითად, ზოგადი უნარების ტესტისთვის. ჩვენთვის გასაგებია შენიშვნები, რომელსაც ვიღებთ, რომ  რთულია აბიტურიენტისთვის ეკრანზე წაკითხვა და ფურცელზე პასუხების მონიშვნა. ამას  ურჩევნიათ, როგორც საატესტატო გამოცდების პირობებში,  პასუხი იქვე მონიშნონ. რაც შეეხება სხვა საგნებს, აქ ცოტა რთულადაა საქმე. სრულად ელექტრონული ფორმატის პირობებში აბიტურიენტები ვალდებულები  იქნებიან, დაბეჭდონ ესე, რისთვისაც არ არიან  მზად არც მასწავლებელი, არც აბიტურიენტი,  განსაკუთრებით რეგიონებში, სადაც ყველას არ აქვს სახლში კომპიუტერი. ამას გარდა,  ქართულის გამოცდაზე ჩვენ  ხომ აბიტურიენტებს  ბეჭდვაში არ ვცდით. შესაბამისად, ამ ფორმატმა უნდა გაართულოს მათი მდგომარეობა, რაც  ჩვენი ინტერესი არ არის. სანამ ზუსტად არ ვიქნებით დარწმუნებული იმაში,  რომ სრულად ელექტრონული სისტემით  გამოცდის ჩატარება შესაძლებელია, მანამ  ამ ფორმატს აბიტურიენტებს არ შევთავაზებთ.   2018 წელს გვაქვს კიდევ ერთი ცვლილება –  აბიტურიენტები არჩევით გამოცდებზე ტესტირებას რუსულ ენაზე ვეღარ გაივლიან. ცვლილების თანახმად, გამონაკლისი მხოლოდ იმ აბიტურიენტებს შეეხებათ, რომელთაც ზოგადი განათლება მიღებული აქვთ ოკუპირებულ ტერიტორიაზე. მათ კვლავ შეეძლებათ, გამოცდა მათემატიკაში, ისტორიაში, გეოგრაფიაში, ფიზიკაში, ქიმიაში, ბიოლოგიაში, სახვით და გამოყენებით ხელოვნებასა და სამოქალაქო განათლებაში ჩააბარონ რუსულ ენაზე.   სპეციფიკიდან გამომდინარე, ცვლილება არ შეეხება ზოგადი უნარების გამოცდას. ეს გამოცდა ჩატარდება ქართულ, სომხურ, აზერბაიჯანულ, აფხაზურ, ოსურ და რუსულ ენებზე.

скачать dle 11.3