№48 რა რეაქცია ჰქონდა საბა უგრეხელიძეს, როცა მამაკაცმა ინტიმური ურთიერთობა შესთავაზა პირველად და როგორ მიაღწია მან საკუთარი ფეხითა და სისხლმდენი ჭრილობებით საავადმყოფომდე
რამდენიმე დღის წინ, სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობი საბა უგრეხელიძე სცემეს. შემთხვევა ყაზბეგის გამზირზე მოხდა. მსახიობს თავს თხუთმეტამდე მამაკაცი დაესხა. თავდაპირველი ინფორმაციით, მისი ცემა სერიალში მის მიერ შესრულებულ როლს უკავშირდება. საინტერესოა, რამდენად შეეფერება ეს სიმართლეს, არის თუ არა მის ცხოვრებაში ხშირად მსგავსი შემთხვევები და როგორ გრძნობს თავს მომხდარის შემდეგ.
საბა უგრეხელიძე: ამ დროისთვის ჩემი მდგომარეობა სტაბილურია. საშიშროება აღარ არსებობს. ოპერაციას გადავრჩი. ჭრილობას ფილტვებამდე არ მიუღწევია და დანარჩენი, დროის ამბავია. თავზე სამი ნაკერი დამადეს. სავარაუდოდ, ქვა მაქვს მოხვედრილი. გულ-მკერდის არეში კი, ალბათ, დანით დამჭრეს. სერიალი საერთოდ არაფერ კავშირში არაა. უბრალოდ, მათი რეპლიკა იყო „შაგუ“. ის ადამიანები უცხოები იყვნენ. ქუჩაში სერიალთან დაკავშირებით რეპლიკები ხშირად მესმის. ესეც ერთ-ერთი მსგავსი იყო და უბრალოდ, უკან გავიხედე. ბიჭები მოდიოდნენ, ერთმანეთთან შელაპარაკება მოგვივიდა. შიგნით შევედით უბნისკენ და ჩხუბი იქ ატყდა. წამოდითო, რომ თქვა, უკან არ დავიხიე. პირიქით, უფრო დავძაბე, წამო-მეთქი. მე და ჩემი ძმაკაცი ვსპორტსმენობთ და უკან, მით უმეტეს, არ დავიხევდით. ვიფიქრეთ, მაქსიმუმ, ჩხუბი შეიძლებოდა მოჰყოლოდა ამას. თავიდან 6-7 კაცი იყო. მერე 15-მდე შეგროვდნენ. მათგან არცერთს არ ვიცნობდი, ჩემთან ერთად ჩემი ძმაკაცი იყო. აქ სერიალი არაფერ შუაშია, მაგრამ მსახიობებისგან გამიგია, რომ ასეთი შემთხვევები ჰქონიათ. კონკრეტული როლის შესრულების შემდეგ პერსონაჟის თვისებები მსახიობზე გადააქვს მაყურებელთა ნაწილს. თუმცა, ამ შემთხვევაში, ასე არ იყო. საკმაოდ რთული მდგომარეობა შეიქმნა. თავში რაღაც რომ ჩამარტყეს, კარგად მახსოვს, გახეთქვის ხმა. ეგრევე სისხლი წამსკდა. გავიქეცი და ყაზბეგზე რომ გამოვედი, თავზე დავიდე ხელი, ასეთი რა მჭირს სისხლი რომ მასხამს-მეთქი. ხელი რომ მოვიკიდე და ვნახე, რაც მჭირდა, მაშინვე რესპუბლიკური საავადმყოფოსკენ წავედი. მერე მუცელზე ვიგრძენი სისველე. დავიხედე და დავინახე, რომ დაჭრილი ვიყავი, არადა დაჭრის მომენტი საერთოდ არ მიგრძნია. აი, მერე უკვე გავიქეცი რესპუბლიკურისკენ. მგონი, ერთ წუთში იქ ვიყავი.
– ეს სიტუაცია ახლოსაა შენს პერსონაჟთან. პირველად გქონდა ასეთი შემთხვევა?
– შაგუსა და მისი ძმაკაცებისთვის გარჩევები, კლანები და მსგავსი თემები, უცხო არაა. ასეთი შემთხვევა სხვა დროსაც მქონია. დაჭრამდე საქმე არ მისულა, მაგრამ ჩხუბით, ბევრჯერ მიჩხუბია. თუმცა, ბოლო წლებში, არა. საერთოდ, კონფლიქტური არ ვარ, თუმცა მახსენდება რამდენიმე ჩხუბი – ძირითადად, სულ უაზრო მიზეზების გამო (იცინის). ისე გამოვიდა, თითქოს ძალიან მოჩხუბარი და ქუჩური გარჩევების მონაწილე ვიყო. სინამდვილეში, ასე არაა, მაგრამ თუ საჭირო გახდა, უკან არ დავიხევ.
– არ ჰგავხარ შენს პერსონაჟს?
– რეალურად, რადიკალურად სხვა ტიპი ვარ – ცხოვრებაში ძალიან თბილი და მეგობრული. მიყვარს სპორტი და დიდ დროს ვუთმობ ჩოგბურთსა და ფეხბურთს.
– სპორტი მხოლოდ მოყვარულის დონეზე არაა შენს ცხოვრებაში?
– წლების წინ ფეხბურთს ვთამაშობდი. თუმცა, ტრავმების გამო, იძულებული გავხდი, თავი დამენებებინა. მარცხენა ფეხზე გაუსაძლისი მდგომარეობა მქონდა. ბევრი მოტეხილობის გამო, ვარჯიშს ვეღარ ვუძლებდი. მერე პირად აგენტთანაც ამერია ურთიერთობა და ევროპიდან სახლში დავბრუნდი. ახლა ფეხბურთში ინდივიდუალურად ვწვრთნი ბავშვებს. სერიოზული ფეხბურთი უნდა მეთამაშა, ეს თავის შექება არაა. თუმცა, ტრავმებმა და ხასიათმა ხელი შემიშალა. არასპორტული ხასიათი მქონდა. ფეხბურთს სხვანაირი მიდგომა სჭირდება და მერე თვითონ შეგიწყობს ხელს. სულ მესმოდა, რომ ნიჭიერი ვიყავი და მეგონა, ვარჯიშის გარეშეც ყველაფერი გამომივიდოდა. მარტო თამაშზე მისვლა სწორი არაა. ის წლები რომ დამაბრუნებინა, ახლა ფეხბურთელთან გექნებოდათ ინტერვიუ და არა მსახიობთან. ამ შეცდომას ძალიან ვნანობ. ისეთ წარმატებულ ფეხბურთელებთან ერთად ვიყავი, როგორიცაა „მანჩესტერის“ მეკარე დევიდ დე ხეა და სხვა. მაშინ არაფერს წარმოადგენდნენ, მაგრამ ახლა ტელევიზორს რომ ვრთავ, ვხედავ, ჩემი გუნდელები ჩემპიონთა ლიგაში თამაშობენ. ამ დროს კი, მე სახლში ვზივარ, ტელევიზორთან. გსიამოვნებს, რომ ოდესღაც გუნდში ერთად იცინოდით, მაგრამ ახლა რომ მნახონ, ვერც მიხვდებიან, ვინ ვარ. ძალიან მძიმე იყო ის პერიოდი, როცა ფეხბურთზე უარის თქმა მომიწია. დეპრესიაში ვიყავი, მაგრამ ამას თავის მიზეზები ჰქონდა – ჰოლანდიაში მარტო აღმოვჩნდი, მიჩვეული არ ვიყავი ამ ყველაფერს და სხვა რაღაცებისკენ გამირბოდა თვალი. იქ ჭკუის დამრიგებელი არავინ მყავდა.
– სხვა რაღაცებში „წამალს“ გულისხმობ?
– არა „წამალი“ ჩემგან შორსაა. მაგრამ, კლუბური ნარკოტიკები – კი. ვფიქრობ, არაა დანაშაული, ადამიანი კლუბში რომ მიდის და ექსტაზს იღებს. მაგრამ, როცა სპორტსმენი ხარ, მსგავსი რაღაცისგან თავი უნდა შეიკავო. თუმცა, მარტო ვიყავი, ვარჯიშზე მისვლაც არ მიმაჩნდა აუცილებლად და როცა ასე ხარ, ევროპელები არ გადაგყვებიან. ამიტომ, ბილეთი ამიღეს და გამომიშვეს. ტრავმის ნიადაგზე, მაგრამ გარკვეული ჩხუბებიც უძღოდა წინ.
– აქ ჩამოსული რას აკეთებდი?
– კარგა ხანი არაფერს ვაკეთებდი. ორი წელი „აჭრილი“ ვიყავი. პირად ურთიერთობებზე გადავერთე. ასე ვცდილობდი, ყველაფერი დამევიწყებინა.
– მსახიობობა როგორ დაიწყე?
– სკოლიდან დაწყებული, სულ პაროდიებს ვაკეთებდი და ყველა ძალიან ვხალისობდით. მსახიობობა ძალიან მინდოდა. შემთხვევით აღმოვჩნდი ამ სერიალში. ქასთინგზე მივედი, მითხრეს, დაგიკავშირდებით, თუ რამეო და ხუთი თვის შემდეგ, რომ აღარც მახსოვდა ამის შესახებ, დამირეკეს. ახლა გადაღებების გარეშე ვეღარ ვძლებ. ეს არის ჩემი „ლომკა,“ კარგი გაგებით. გაჩერებას არ ვაპირებ.
– რაც შეეხება ოჯახს?
– ოჯახში ბევრი ვართ: რვა დედმამიშვილი – შვიდი ძმა და ერთი და. ხალხმრავლობაში გავიზარდეთ. როგორც მეუბნებიან, ძნელად აღსაზრდელი ვიყავი. თავი ახლა ხომ მაქვს გატეხილი, მაგრამ მეუბნებიან, ბავშვობაში სულ გატეხილი გქონდაო. ჩემი ტვინი შერყევას აღარ იღებს (იცინის), მამა მხატვარია. კედლებს ხატავს, ხეზე და რკინაზეც მუშაობს და არაერთი ეკლესია აქვს მოხატული.
– რაც შეეხება პირად ურთიერთობებს, დაქორწინებული არ ხარ?
– არა. შეყვარებულიც არ ვყოფილვარ ბევრჯერ. სერიოზულად მხოლოდ ორჯერ მიყვარდა. ახლაც არ ხდება რამე განსაკუთრებული. სიმართლე რომ ვთქვა, არც მინდა.
– ეკრანზე გამოჩენას თაყვანისმცემლები მოჰყვება. მათ შორის, ბევრი გოგოა.
– მინდა გითხრა, რომ არა მარტო გოგო (იცინის). ახლა ისეთი ცხოვრებაა, რომ ბიჭებიც ჩვეულებრივად გამოხატავენ სიმპათიებს ბიჭის მიმართ. ამაზე ადრე ვღიზიანდებოდი, ახლა ვიღიმი. პირველად დავიძაბე, მაგრამ მერე მივხვდი, რომ თუ მე ვიღაცას ვესიმპათიურები, ამის გამო არ უნდა გავღიზიანდე. შენ თუ კაცთან სექსუალური ურთიერთობა არ მოგწონს, კარგად იყოს, ვერაფერს დაგაძალებს. კონკრეტული შემოთავაზებები აქვთ. დასაწერად ცოტა ისე ჟღერს, მაგრამ ხომ გასაგებია, ბიჭს რომ ბიჭი მოეწონება მისგან რა უნდა?!
– ინტიმურ ურთიერთობას გთავაზობენ?
– კი (იცინის). ქალებმა შემომთავაზეს ერთი-ორჯერ, რომ ჩემგან შვილი გაეჩინათ. შემდეგ ერთმანეთს დავემშვიდობოთო. სხვათა შორის, ამაზე ვფიქრობ. ამ ეტაპზე მგონია, რომ შეიძლება ცოლი არ მოვიყვანო, მაგრამ შვილი ხომ მინდა?! ამიტომ ამ ვარიანტს ჯერ განვიხილავ. იმ ქალებს უარი ვუთხარი, მაგრამ იდეას განვიხილავ (იცინის).