კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№48 რა გავლენას ახდენს მეტყველების განვითარებაზე აღზრდა და ცხოვრების პირობები და როგორ უნდა დავადგინოთ, აქვს თუ არა მეტყველების დარღვევა ბავშვს

თათია ფარესაშვილი ხათუნა კორთხონჯია

მეტყველების დარღვევა ბავშვებში ერთ-ერთი გავრცელებული პრობლემაა. მეტყველების დარღვევის მიზეზი შეიძლება, იყოს სმენის დარღვევა ან ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანება, მაგრამ მეტყველების დარღვევა ხშირად გვხვდება სავსებით ჯანმრთელ ბავშვებთანაც, რომლებსაც არავითარი ორგანული დაზიანება არ უდასტურდებათ. რა სახის მეტყველების დარღვევა არსებობს, როდის უნდა მივმართოთ სპეციალისტს და როგორ დავეხმაროთ ბავშვს მეტყველების განვითარებაში, გვესაუბრა ფსიქოლოგ-ლოგოპედი ნანა მეურმიშვილი: ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს ორი ცნება: მეტყველების განუვითარებლობა ან ჩამორჩენა და მეტყველების დარღვევა. მეტყველების განუვითარებლობა, ჩამორჩენა, უპირველეს ყოვლისა, დაკავშირებულია აღზრდასა და ბავშვის ცხოვრების პირობებთან.  მეტყველების დარღვევა კი სერიოზული, თუმცა გამოსწორებადი დეფექტია, რომელიც ბავშვის ორგანიზმში მიმდინარე პათოლოგიური ცვლილებებითაა გამოწვეული. მეტყველების ჩამოყალიბება ინდივიდუალური პროცესია და მრავალ ფაქტორს უკავშირდება, მათ შორის, გარემომცველ გარემოს, სქესს, მშობლების ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებას, ბავშვის ფიზიოლოგიურ განვითარებას, ტვინის განვითარებას და ასე შემდეგ.
– როგორია ენისა და მეტყველების განვითარების ასაკობრივი თავისებურებები და რა ასაკში შეიძლება, იჩინოს თავი სირთულეებმა ბავშვის მეტყველების განვითარებაში?
– მართალია, თითოეული ბავშვი ინდივიდუალურად ვითარდება, მაგრამ არსებობს გარკვეული პარამეტრები, რომელთა საშუალებით დაადგენთ, აქვს თუ არა მეტყველების დარღვევა თქვენს შვილს. 2-4 თვის ბავშვი წარმოთქვამს პირველ ხმოვნებს (ა, ე, ო), 5-6 თვის ასაკში წარმოთქვამს თანხმოვნებს (ბ, პ, მ), 7-9 თვისა პირველ მარცვლებს (ბა, და, დე, მა). ზოგჯერ მათი გამეორების მცდელობაც აქვს, რის შედეგადაც პირველად გაიგონებთ სანატრელ „დედას“.  10 -12 თვის ასაკში პირველ გააზრებულ სიტყვას წარმოთქვამს.1,5-2 წლის ასაკში მარტივ წინადადებას უნდა ამბობდეს. 3 წლისას უკვე აზრის გამოთქმა უნდა შეეძლოს. თუ მისი მეტყველების განვითარების ტემპი ან წარმოთქმის მანერა ეჭვს ბადებს, ექიმთან ვიზიტს ნუ გადადებთ. 3 წლის ასაკში – ბავშვი გამართულად უნდა წარმოთქვამდეს: პ, მ, ბ, ვ, ფ, გ, ქ, კ-ს; 4 წლის ასაკში – სისინა ბგერებს: ს, ზ, ც. 5 წლის ასაკში – შიშინებს: შ, ჩ, ჟ, ჯ, წ. გამართულად უნდა ამბობდეს რ-სა და ლ-ს. ბგერათა დამახინჯებული წარმოთქმა შეიძლება, ფიზიოლოგიურ პრობლემად მივიჩნიოთ გარკვეულ ასაკამდე – 4-4,5 წელი. თუ პატარა ამ ბგერებს ასაკის გათვალისწინებით, უბრალოდ, ნაწილობრივ ამახინჯებს, ამ ეტაპზე მეტყველების თერაპევტს დასახმარებლად არ მიმართოთ, ბავშვი მათ თავადვე გამოასწორებს.
– რა ბგერების  დამახინჯებული წარმოთქმაა პატარა ასაკში ნორმალური?
– ბგერათა დამახინჯებული წარმოთქმა გარკვეულ ასაკამდე (სამ წლამდე) შეიძლება, ფიზიოლოგიურ დისლალიად მივიჩნიოთ და ამ ეტაპზე, დასახმარებლად არ მივმართოთ მეტყველების თერაპევტს. თუ პატარას ეს ბგერები ასაკის გათვალისწინებით აქვს, უბრალოდ, ნაწილობრივად ამახინჯებს მათ, ამას თავადვე გამოასწორებს. 3 წლის ასაკში მეტ-ნაკლებად უკვე გასაგები უნდა იყოს ბავშვის საუბრის დიდი ნაწილი. 5 წლამდე შესაძლოა, ბგერათა დამახინჯებული წარმოთქმა ასაკობრივად მივიჩნიოთ. თუმცა, თუ პატარას საჭირო ასაკში საერთოდ არ აქვს ესა თუ ის ბგერა, ან წარმოთქვამს მათ არტიკულაციის უხეში დარღვევით: ყელისმიერად, გვერდულად, ცხვირისმიერად, კბილთაშუა, მაშინ აუცილებელია, ბავშვი აჩვენოთ მეტყველების თერაპევტს, რათა გამოირიცხოს ენის, ყბის, სასის, ხახის თანდაყოლილი ანომალიები.
– საქართველოში მიღებულია  – ბიჭები გვიან იწყებენ ლაპარაკს... ნორმალურია ეს შეხედულება?
– მოსახლეობაში მცდარი შეხედულებაა გავრცელებული. ჩვენში ფიქრობენ, რომ თუ ბავშვი ლაპარაკს სამ წლამდე არ დაიწყებს, მშვიდად შეუძლიათ, დაელოდონ მის ამეტყველებას. თუ სამი წლისაც არ ამეტყველდა, მერე,  ოთხ წლამდე ელოდებიან. ნუ დაუგდებთ ყურს ასეთი ტიპის რჩევა-დარიგებებს: „ჩემიც ასე იყო, მაგრამ მერე თავისით ალაპარაკდა“, „მის მამასაც გვიან დაუწყია საუბარი და ესეც ასე დაიწყებს“, „ბიჭები, ზოგადად, გვიან იწყებენ ლაპარაკს“. გაითვალისწინეთ რომ ყველა ბავშვი ინდივიდუალურია, და თუ სხვა ბავშვი გვიან იწყებს ლაპარაკს, ეს დამშვიდების საშუალებას არ გაძლევთ. დამღუპველია 3 წლამდე ლოდინი, როგორი გენეტიკური მიზეზებიც არ უნდა იყოს ოჯახში. 2 წლის ასაკში უკვე უნდა დადგინდეს პრობლემის მიზეზი.
– როგორ უნდა დავარეგულიროთ, როდესაც ბავშვი სხვა ქვეყანაში იბადება და ფაქტობრივად, ორ ენაზე უწევს საუბარი?
– თუკი ადამიანი ორენოვან გარემოში იზრდება, აუცილებელია, ენების როლი გაყოფილი იყოს (ანუ, ერთი ენა რაღაც ერთ გარემოსთან ან ერთ აღმზრდელთან ჰქონდეს დაკავშირებული, და ამ ენებს ადრეულ ასაკში მისი აღმზრდელები არ ურევდნენ ერთმანეთში). კიდევ ერთი, ორენოვანი ბავშვები ერთ ენაზე საუბრისას ხშირად რთავენ მეორე ენის სიტყვებს, რაც სრულებით ნორმალურია. როგორც ერთენოვანს შეიძლება, საუბრისას დაავიწყდეს სიტყვა და შეყოვნდეს ან ჩასანაცვლებლად სხვა ფრაზა მოიშველიოს, ისე ჩაანაცვლებს ორენოვანი ბავშვი/მოზრდილი სიტყვას მეორე ენიდან.
– რა რჩევებს მისცემდით მშობლებს, როგორ დაეხმარონ ბავშვს მეტყველების განვითარებაში?
–  მეტყველების დარღვევათა ყველაზე გავრცელებული მიზეზი სიტყვიერი კომუნიკაციის დეფიციტია. სერიოზულად აფერხებს მეტყველებას რამდენიმე ენაზე გახმოვანებული ანიმაციური ფილმების ყურება, განსაკუთრებით მეტყველების განვითარების აქტიურ პერიოდში, რაც დაახლოებით 2-4 წელს ემთხვევა. ბავშვის მეტყველების განვითარებას მხოლოდ ცოცხალი, უშუალო, ხარისხიანი მეტყველებითი ურთიერთობა უზრუნველყოფს. მინიმუმ 3 წლამდე მოარიდეთ ბავშვები გაჯეტებს, ნუ ჩაანაცვლებთ ზღაპრის მოყოლას ტელეფონში ჩართული მულტფილმით. ბავშვის განვითარების საუკეთესო მეთოდია მულტისენსორული სწავლება, რაც იმას ნიშნავს, რომ ინფორმაციას ვაწვდით სხვადასხვა შეგრძნების საშუალებით. მაგალითად,  ბავშვმა აიღო ფანქარი და დედა უხსნის: ,,ეს ფანქარია, ამით ვხატავთ ფურცელზე, აი ასე“... თუ თქვენს ბავშვს შეფერხება აქვს, ადრეული ჩარევა (ინტერვენცია) უნდა დაიწყოთ, რაც შეიძლება, დროულად, რომ ბავშვმა შეძლოს მაქსიმალური პროგრესის მიღწევა. რამდენიმე რეკომენდაცია, რომელიც ყველა დედამ უნდა გაითვალისწინოს:  დაიწყეთ საკუთარი თავით – ხშირად ელაპარაკეთ ბავშვს ჩვილობიდანვე. ილაპარაკეთ მკაფიოდ, გამოკვეთეთ ყოველი სიტყვა და ფრაზა.  არაფრით არ ელაპარაკოთ ენის ჩლექით.  გაიმეორეთ ერთი და იგივე სიტყვა, რომელიც ბავშვისთვის ახალია. არ ესაუბროთ გრძელი ფრაზებით, ელაპარაკეთ მხიარულად – ასწავლეთ ყველა ნივთის სახელი, რასაც კი ხელში აიღებს. არასდროს დატოვოთ უსიტყვოდ ბავშვის ინიციატივა, როცა თქვენთან დალაპარაკებას ცდილობს. ასწავლეთ თამაშით, ისეთი სათამაშო სიტუაცია შექმენით, სადაც ხმოვანი ინტონაციები იქნება საჭირო. არ სცადოთ, უსიტყვოდ გამოიცნოთ მისი სურვილი. დაეხმარეთ, რომ განავითაროს ფონეტიკური ბგერები. გაამეორებინეთ სიტყვათა წყვილები, სადაც ერთი ასოა განსხვავებული (ქარი-კარი-დარი). უკითხეთ პატარ-პატარა ზღაპრები, უმეორეთ ლექსები – განუვითარეთ მცირე მოტორიკა. ბავშვი არ წარმოთქვამს სრულ სიტყვას და იყენებს მის ანალოგს, მაგალითად, ძაღლის დანახვისას ამბობს „ამ, ამ“ – ამ დროს თქვენ უნდა უთხრათ: „კი, ეს ნამდვილად ძაღლია“.  
скачать dle 11.3