№48 რა ასაკშია აუცილებელი ბიჭებზე უფრო მეტი დაკვირვება, ვიდრე გოგონებზე და რა შეიძლება, დაემართოს ბავშვს, რომელიც ხშირად ყვირის ხმამაღლა
ირინა ქაცარავა პროფესიონალი ფონიატრია. მისი დახმარებით მედიცინის ეს დარგი, რომელიც ხმასთან დაკავშირებულ დაავადებებს შეისწავლის – იკვლევს ხორხის პრობლემებს, ახდენს დიაგნოსტიკას, სახავს მკურნალობის, რეაბილიტაციისა და პრევენციის გზებს, საქართველოში ცნობილი და წარმატებული გახდა. მის პაციენტებში ძალიან ბევრი ცნობილი, წარმატებული ადამიანია, მათ შორის, ოპერისა და ესტრადის მომღერლები, ჟურნალისტები, პედაგოგები.
ირინა ქაცარავა: ცოტა ხნის წინ შევუერთდით აუდიოლოგიის ცენტრს, უფრო მეტად გავფართოვდით და ახლა, გარდა ვიდეოსტრობოსკოპიული კვლევისა, ვაკეთებთ ხმის აკუსტიკურ ანალიზს. ვიდეოსტრობოსკოპიის საშუალებით, ხორხს დეტალურად ვათვალიერებთ, ხოლო აკუსტიკური ანალიზის დახმარებით, ვახდენთ ხმის დიაგნოსტიკას, ვადგენთ მის პარამეტრებს. ასევე, განვსაზღვრავთ დისფონიის, ანუ ხმის ჩახლეჩის ხარისხს, ხმის დიაპაზონს, ტემბრს, რომელ რეგისტრში გრძნობს ადამიანი თავს კომფორტულად. ეს ეხებათ არა მხოლოდ მომღერლებს, არამედ ხმის პროფესიონალებს. ძალიან ბევრი პაციენტი გვყავს, არა მხოლოდ მომღერლები, არამედ ონკოლოგიური პაციენტები, ასევე: მწეველები, ჟურნალისტები, პედაგოგები, მშენებლები.
– ანუ თქვენ შეგიძლიათ, დაადგინოთ, მაგალითად, მომღერლის შემთხვევაში, როგორი ხმის დიაპაზონი აქვს, რა რეგისტრში ჯობია, რომ იმღეროს?
– კი და ჩვენ, ფონიატრებს, გვაქვს ამის უფლება. ანატომიისა და აკუსტიკური ანალიზის საფუძველზე, ვეუბნებით, რომელ რეგისტრში გრძნობ თავს კარგად. ანუ, შეგვიძლია, მივცეთ დასკვნა: ეს ხმა გაქვს შენ. რეპერტუარის შერჩევა პედაგოგის მიერ ხდება, ფონიატრები არ ვასწავლით სიმღერას, უბრალოდ, ვქმნით საძირკველს.
– რა ასაკში შეიძლება, ბავშვის მოყვანა, რომ გავიგოთ, როგორი დიაპაზონის ხმა აქვს?
– 20-25 წლამდე სახმო აპარატი ჯერ კიდევ ყალიბდება. ამიტომ, ჩვენ არანაირი უფლება არ გვაქვს, ამ ასაკში პირდაპირ ვუთხრათ: შენ ეს ხმა გაქვსო. სავარაუდოდ, შეგვიძლია, ვურჩიოთ: ამ რეგისტრში შეგიძლია იმღეროო. მე კატეგორიული წინააღმდეგი ვარ ბავშვებში სიმღერის. კი უნდა იმღეროს, ოღონდ საბავშვო სიმღერები, ისეთი, რომ სახმო აპარატი არ გადაძაბოს. მკაცრად ვეწინააღმდეგები ყველანაირ კონკურსს, მანამ, სანამ ბოლომდე არ ჩამოყალიბდება სახმო აპარატი. თუმცა, შეუძლია, მიიღოს მუსიკალური განათლება. დღესდღეობით ბავშვებში მუტაციის პერიოდი გაახალგაზრდავდა. ბავშვები სწრაფად იზრდებიან, სქესობრივი ჰორმონები ნაადრევ ასაკში გამოეყოფათ, ამიტომ ფონიატრმა და პედაგოგმა ერთობლივად უნდა გადაწყვიტონ, როდის შეაჩერონ ბავშვი, როგორი რეპერტუარი, რა ტიპის დატვირთვა შეურჩიონ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს მამაკაცებში, რადგან ბიჭებში მკვეთრად იცვლება ხმა – 3-4 ტონით დაბლდება, ხორხის ანატომია იცვლება. ამ პერიოდში მნიშვნელოვანია უფრო მეტად ბიჭებზე დაკვირვება, ვიდრე გოგონებზე.
– დღეს კონკურსებზე მომღერლები თუ ორგანიზატორები უფრო მეტ ყურადღებას იმას აქცევენ, რამდენად მაღლა ასწევს ხმას მომღერალი.
– ამას ყვირილი ჰქვია და ეს არასწორია. დიდი ბოდიში ყველას, მაგრამ მე ამას უარყოფითად ვაფასებ. არასწორად ხდება მომღერლის დატვირთვა, რეპერტუარის შერჩევა. ისეთი ტენდენცია წამოვიდა, მთავარია, გაიმარჯვოს კონკურსში და რის ხარჯზე, რა მოჰყვება ამას, არ აანალიზებენ. ამით აზიანებენ სახმო აპარატს და ხშირად ისეთი დაზიანებებია, რომ ოპერაციული ჩარევაც ხდება საჭირო.
– რა იგულისხმება ხმის ჯანმრთელობაში?
– ელემენტარული ჰიგიენა, სწორი კვების რეჟიმი, ხშირ-ხშირად და პატარა ულუფებად. თუ ადამიანს კუჭი აწუხებს, რეფლუქსი აქვს, რეკომენდებულია დიეტა – ისეთი საკვების მიღება, რაც არ გააღიზიანებს კუჭის ლორწოვან გარსს, თორემ როგორიცაა შეფუთული სიარული, ცივის არმიღება – ასეთ რამეებს არ ვკრძალავ. პირიქით, ლორწოვანი გარსი უნდა მიეჩვიოს ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, თუ ამისთვის მზად არის და იტანს. ჯანმრთელი ხმის გარანტი მაინც ხმის სწორად დატვირთვაა. ეს ეხება არა მხოლოდ მომღერლებს, არამედ ყველა იმ ადამიანს, ვინც ყოველდღიურად იყენებს ხმას. სწორად საუბარი, სიმღერა, სწორი სუნთქვა – ეს ყველაფერი საჭიროა და რაც მთავარია, ისწავლება.
– დისფონია, ანუ ხმის დაკარგვა ქალებში უფრო ხშირია თუ მამაკაცებში?
– ქალებში ხშირია, როდესაც არის მენოპაუზა ან ფარისებრი ჯირკვალთან დაკავშირებული პრობლემები, ჰორმონული დისბალანსი. ქალებში 40 წლის ზემოთ უფრო ხშირია ხმის დაკარგვა, ვიდრე მამაკაცებში. ეს დაკავშირებულია ბევრ საკითხთან, განსაკუთრებით ემოციებთან, რადგან სტატისტიკურად ქალები უფრო ემოციურები არიან, უფრო მეტს ყვირიან. დისფონია ორ ჯგუფად იყოფა: პირველი – ორგანული, როდესაც თვითონ ორგანოა დაზიანებული დაწყებული ხორხის ანთებითი დაავადებიდან, დამთავრებული წარმონაქმნით, არ აქვს მნიშვნელობა კეთილთვისებიანი იქნება თუ ავთვისებიანი, თუ მომღერლის კვანძი იქნება. ფუნქციური დისფონიაა, როდესაც ორგანო ჯანმრთელია, მაგრამ ფუნქცია არ აქვს, ისეთი როგორიც საჭიროა. ასეთ დროს გვეხმარება ხმის აკუსტიკური ანალიზი, ხმის პარამეტრების განსაზღვრა. ზოგჯერ ადამიანს არ აქვს არანაირი პრობლემა – დისფონია არის ფსიქოემოციურ ფონზე. ამ დროს საჭიროა ფსიქოლოგის ჩარევა. სახმო აპარატი ძალიან მგრძნობიარე ორგანოა და დაკავშირებულია ცენტრალურ ნერვულ სისტემასთან. ამიტომ პატარა ნერვიულობა, სტრესი, უმნიშვნელო პრობლემაც კი, შეიძლება, გახდეს ხმის დაკარგვის მიზეზი.
– ხმის დაკარგვას ადამიანები ხშირად დიდ ყურადღებას არ აქცევენ. რამდენი დღის შემდეგ უნდა ავტეხოთ განგაში და აუცილებლად მივაკითხოთ ექიმს?
– თუ დისფონიას წინ უსრებდა ზედა სასუნთქი გზების ანთება, გაციება, ყელის ტკივილი, ხველა, ტემპერატურა, ხმის დაკარგვა ერთი ან ორი კვირაც დასაშვებია. მაგრამ, თუ ეს ორ კვირაზე მეტხანს გაგრძელდა, სიპტომები ალაგდა და არ მოგვივიდა ხმა, აუცილებლად უნდა მივმართოთ ექიმს. ასევე, თუ ვიძინებთ ჯანმრთელები და დილით არ გვაქვს ხმა, აუცილებლად უნდა მივმართოთ ექიმს – ეს უკვე საგანგაშო ნიშანია, განსაკუთრებით თუ მწეველი ხართ.
– მომღერლის კვანძი ახსენეთ. ეს რას ნიშნავს და ვის ემართება?
– მომღერლის კვანძი ჰქვია, თუმცა ნებისმიერ ადამიანს შეიძლება დაემართოს, ვინც არასწორად ტვირთავს თავის ხმას – ყვირის, ბევრს საუბრობს. ეს შეიძლება, დაემართოს ჟურნალისტს, პედაგოგს, ასევე ბავშვს, რომელიც ყვირის, ვერ აკონტროლებს საკუთარ ხმას. ამ დროს ვითარდება ხმოვანი იოგების კიდეებზე ორი შეშუპება. ეს არ არის სიმსივნური წარმონაქმნი. ასეთ დროს აუცილებელია მკურნალობა, თერაპია და განკურნებადია. მაგრამ, დიდი რისკია, ისევ განვითარდეს კვანძი, თუ არ ვისწავლით, რომ ხმოვანი აპარატი არ უნდა დავაზიანოთ.
– ალბათ, აღარ დარჩა საქართველოში მომღერალი, რომელსაც აქტიური სასიმღერო კარიერა აქვს და თქვენი პაციენტი არ არის.
– მე კონსერვატორიის ექიმი და ასევე, ოპერის თეატრის კონსულტანტიც ვარ. შესაბამისად, როგორც საოპერო, ასევე საესტრადო ჟანრის მომღერლების უმრავლესობას ჩემთან უწევს მოსვლა, რადგან ფონიატრიის სხვა ცენტრიც არ არსებობს. ჩემმა პაციენტებმა ზუსტად იციან, როდის უნდა მომმართთონ. მე სულ ხაზზე ვარ, სადაც არ უნდა ვიყო. ხშირად არის გამოუვალი მდგომარეობა. ამიტომ, კულისებშიც ვარ, დარბაზშიც, ტელეფონზეც, ონლაინ, ყველგან. ბევრ საოპერო მომღერალს უთქვამს, ამდენი წელია, ვმღერი და სახმო აპარატის შესახებ ამდენი რამ არ ვიცოდიო.
– როდის გქონდათ ყელზე გამოუვალი სიტუაცია მომღერლების შემთხვევაში?
– ძალიან ბევრი შემთხვევა ყოფილა, სპექტაკლის წინ ნახევარი საათით ადრე მომღერალს დაუკარგავს ხმა. შევვარდნილვარ კულისებში და აღმომიჩენია დამხარება. ამ დროს ფსიქოლოგიურად ვმუშაობ და არსებობს პრეპარატები, რომელსაც ლოკალურად ვიყენებთ უშუალოდ იოგებზე, სახმო აპარატზე, დაზიანებულ უბნებზე.
– პრეტენზიულები არ არიან?
– მთავარია, ნდობა მოიპოვო. ეს თავიდან არ არის ადვილი, ეჭვის თვალით გიყურებენ. ისინი აბსოლუტურად სხვანაირი ნერვული სისტემისა და ფსიქიკის ადამიანები არიან. უნდა იმეგობრო მათთან. ზოგჯერ ღამის 3 საათზე ისეთი რამისთვის დაურეკავთ... უბრალოდ, ჩემთან უნდოდათ გასაუბრება და მერე ყველაფერი დალაგებულა.
– რას უკრძალავთ მათ კატეგორულად?
– სიგარეტს, ალკოჰოლს და ვურჩევ, ჯასანღად კვებას. თუ კუჭზე პრობლემა აქვთ, იმ საკვების აკრძალვას, რაც აღიზიანებს კუჭის ლორწოვან გარსს. ასევე, არ არის კარგი ღამით ჭამა, რადგან იმ დროს გამოიყოფა დიდი რაოდენობით კუჭის წვენი და წვავს ხორხის ლორწოვან გარსს. სპექტაკლის წინ სასურველია, მომღერალმა 24 საათით დაასვენოს ხმა – არ იმღეროს, არ ისაუბროს. თუმცა, სამწუხაროდ, ამას ვერ ახერხებენ.