№48 რა მცენარეები უნდა მივიღოთ სიმსივნის საწინააღმდეგო ფონის შესაქმნელად და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს
სამკურნალო მცენარეების მრავალი სახეობა არსებობს. ამ მცენარეებს, უამრავ სხვა დაავადებას შორის, გულის დაავადებებისა და კიბოსგან განკურნების ძალაც შესწევს. რა მცენარეები უნდა მოვიხმაროთ კიბოს პრევენციისა და მკურნალობისთვის, რომელი მათგანი დაგვეხმარება გულ-სისხლარღვთა და სხვა დაავადებებისგან განკურნებაში, გვესაუბრა თბილისის ბოტანიკური ბაღის სამკურნალო მცენარეების სექტორის ხელმძღვანელი, ბიოლოგიის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი როზა ბიძინაშვილი.
როზა ბიძინაშვილი: სამკურნალო მცენარეების უამრავი სახეობა არსებობს. ბოტანიკურ ბაღში გვაქვს სამკურნალო მცენარეების საკოლექციო ნაკვეთი, სადაც 460-ზე მეტი სახეობაა. გვაქვს კაქტუსისებრთა ოჯახის ძალიან საინტერესო სახეობა – ოპუნცია, რომელიც მეოცე საუკუნის დასაწყისში ჩამოიტანეს და აქ დარგეს. ამ მცენარის წარმოშობა სამხრეთ ამერიკასთანაა დაკავშირებული. იქ მისგან აწარმოებენ პრეპარატს, რომელიც კიბოს საწინააღმდეგოდ გამოიყენება. ონკოლოგიური დაავადებები მძიმე პათოლოგიათა რიცხვს განეკუთვნება და მსოფლიოს მოსახლეობის ავადობისა და სიკვდილიანობის სტრუქტურაში, ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უკავია. ძლიერი იმუნიტეტის ორგანიზმს შეუძლია, შეებრძოლოს ამ მზაკვარი დაავადების წარმომქნელ ავთვისებიან უჯრედებს, დათრგუნოს ისინი და სრულიად გამოდევნოს ორგანიზმიდან. ამისთვის კი, უპირველეს ყოვლისა, სულის სიმშვიდე, კარგი განწყობა და კვების რაციონში იმ კულტურების აქტიური გამოყენებაა საჭირო, რომელიც, იმავდროულად, სამკურნალო მნიშვნელობით გამოირჩევა. მათი ეფექტურობა კი შემოწმებულია ათასწლოვანი ხალხური გამოცდილებით და სამედიცინო პრაქტიკით.
– როგორ ხდება ონკოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკა სამკურნალო მცენარეების საშუალებით?
– ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანას ამ ავადმყოფების მკურნალობისას, რომელიც მიდრეკილია ავთვისებიანი გადაგვარებისკენ, წარმოადგენს სიმსივნის საწინააღმდეგო ფონის შექმნა. ამ დროს უნდა გამოიყენებოდეს ისეთი მცენარეები, მნიშვნელოვან ფუნქციურ გადახრებს რომ არ იწვევს და ხშირად ხალხში უწოდებენ „საერთო გამაძლიერებლებს“. ასეთია ალოეს წვენი, ჭინჭრის, იორდასალამის ნაყენი. შავი მოცხარის, ძახველის, ქაცვის წვენები; სტაფილო, პირშუშხა, ნიორი, მათგან დამზადებული სალათები. პრევენციული მიზნეით რეკომენდებულია კიბოს საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ჩაი – ტყის ჩაი, ქრისტესისხლას, სამფერა იის, მრავალძარღვას, ასევე გულყვითელას ნაყოფები. ინდური, ტიბეტური, ჩინური ხალხური მედიცინის მიერ, პროფილაქტიკისა და ავთვისებიანი წარმონაქმნების სამკურნალოდ რეკომენდებულია: სტაფილო, ხახვი, ნიორი, ბოლოკი, პირშუშხა, წითელი წიწაკა, კომბოსტო, ოხრახუში, ჭარხალი, სალათის ფოთლები, ნიახური, მჟაუნა. რამდენიმე წლის წინ მეც დამიდგინდა სიმსივნე. ქიმიო და სხივური თერაპია კი ჩამიტარდა, მაგრამ მას შემდეგ ქრისტესისხლას ნაყენს ვსვამ და ახლა მშვენივრად ვარ. ქრისტესისხლა ძლიერ შხამიანი მცენარეა, მაგრამ ოდითგანვე ცნობილია, როგორც სიმსივნური დაავადების საწინააღმდეგო საშუალება. ადრე კიბო სწორედ მცენარეების წყალობით იკურნებოდა. ქრისტესისხლასგან დამზადებული პრეპარატები აბრკოლებს ავთვისებიანი სიმსივნეების ზრდას, აქვს ბაქტერიოსტატიკური მოქმედება კოხის ჩხირის მიმართ. ცოტამ თუ იცის, რომ 35 წლის წინ, გარგარის თესლს, რომლის შემადგენლობაში ვიტამინი B17 (იგივე ამაგდალინი) აღმოაჩინეს, ყველა სახის ონკოლოგიური დაავადების წამალი უწოდეს. თუ ადამიანი ყოველდღიურად გამოიყენებს მას, კიბოს უჯრედები საერთოდ არ განუვითარდება. თუ დღეში 5-დან 30-მდე გარგარის ნედლ კურკას მიირთმევთ, ეს საუკეთესო დოზაა და ორგანიზმისთვის აუცილებელიც. ვიტამინ B17-ს შეიცავს შემდეგ მცენარეთა თესლები: ვაშლის, ატმის, ალუბლის, მაყვლის, მოცხარის, ჟოლოს, ხურტკმელის, კომშის, ქერის, ჭარხლის წვეროები, ევკალიპტის ფოთლები; ასევე: სიმინდის, ცერცვის, ოსპის მარცვლები, სელისა და ფეტვის თესლები, კაკალი, ისპანახი, ჭვავი, წიწმატი. მწვანე ჩაი ხელს უწყობს ძვლების გამაგრებას, სისხლის წარმოქმნას, შარდის გამყოფას, გამოაქვს შხამები, ხსნის ალკოჰოლით ინტოქსიკაციას, ამაგრებს გულს, აახლებს სისხლძარღვთა კედლების უჯრედებს, ხელს უშლის ადრეული სტადიის სიმსივნეების ზრდის პროცესს. ყოველდღიურად ორი ჭიქა მწვანე ჩაი ღვიძლისა და კუჭის კიბოს განვითრებისგან იცავს ადამიანს. კარგად მოქმედებს გულსისხლძარღვთა დაავადებებისას, ამაგრებს სისხლძარღვთა კედლებს, აძლიერებს იმუნურ სისტემას, არეგულირებს სისხლის წნევას. ისპანახი ხელს უშლის სიმსივნური წარმონაქმნების განვითრებას.
– კიდევ რა მცენარეები არსებობს კიბოსთან საბრძოლველად?
– ქართულ ხალხურ მედიცინაში სიმსივნურ დაავადებებს სხვადასხვა მცენარით კურნავდნენ. მაგალითად, ბირკავას იყენებდნენ საზარდულის სიმსივნის დროს, შრეშს – სასქესო ორგანოების გასიებისას. ჩალის ნახარშის ორთქლის აბაზანები ქალურ დაავადებებს კურნავს. ბუერას ფესურებისა და ფოთლების ნახარში ითვლებოდა ავთვისებიანი სიმსივნის სამკურნალოდ. გარდა ამისა, სამკურნალო მცენარეებს შეუძლია კიბოსწინა და კიბოს დაავადებების განვითარების არიდება; სიმსივნით დაავადებულ ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზება; ვიტამინების, მინერალების, მარილებისა და სხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების შემადგენლობის ნორმაში მოყვანა.
– რით იკვებება კიბოს უჯრედები?
– შაქარი კიბოს მთავარი საკვებია. გადავუჭრათ შაქარი – ეს ნიშნავს შევუწყვიტოთ კიბოს უჯრედს ყველაზე მთავარის მიწოდება. შაქრის შემცველებიც მავნეა ორგანიზმისთვის. რძე იწვევს ორგანიზმში ლორწოს წარმოშობას. ლორწო კვებავს კიბოს. რძისა და მისი შემცვლელების შეზღუდვის შემთხვევაში, კიბოს უჯრედები განიცდის შიმშილს. კიბოს უჯრედები ჰყვავის მჟავიან გარემოში. სწორედ ამიტომ, ღორისა და საქონლის ხორცი კატეგორიულად მიუღებელია. სასურველია, მიიღოთ თევზი და ცოტაოდენი ქათმის ხორცი. კატეგორიულად მოერიდეთ ყავას, ჩაისა და შოკოლადს – ყველაფერს იმას, რაც მაღალი დოზით კოფეინს შეიცავს. მწვანე ჩაი საუკეთესო ალტერნატივაა, რომელსაც აქვს სოლიდური თვისებები კიბოს წინააღმდეგ საბრძოლველად. წყალი სასურველია, ვსვათ გამოხდილი ან გაფილტრული. კიბოს უჯრედები ვერ აყვავდება ჟანგბადიან გარემოში. ჟანგბადის თერაპია კიდევ ერთი საშუალებაა კიბოსგან განსაკურნებლად. წიწიბურას ფქვილი მალამოს სახით გამოიყენება კანის დაავადებებისა და ავთვისებიანი სიმსივნის დროს.
– რეკომენდებულია თუ არა გულსისხლძარღვთა დაავადებებისთვის მცენარეებით მკურნალობა?
– ყაბაყისგან დამზადებული კერძები სასრგებლოა ქოლეცისტიტის, ჰეპატიტის დროს. დიდი რაოდენობით კალიუმისა და მაგნიუმის შემცველობის წყალობით, ის კვებავს გულის კუნთს, ხოლო მასში შემავალი რკინა ეხმარება ორგანიზმს სიმსივნურ დაავადებებთან ბრძოლაში. ნესვი გამოიყენება ათეროსკლეროზის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის, ნაწლავების, ღვიძლის დაავადების, შეკრულობის, ბუასილის, სიმსივნის დროს. ზაფრანა სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, სასუნთქი და ნერვული სისტემის, თირკმელების, ხველებისა და ყივანახველის დროს. აუმჯობესებს კანის ფერსა და მდგომარეობას, აძლიერებს მადას და ხელს უწყობს საკვებმომნელებელი სისტემის მუშაობის გაუმჯობესებას, ასუფთავებს თირკმელებსა და შარდის ბუშტს. ნაყენი: 1 ჩაის კოვზ ყვავილის დინგს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი. გააჩერეთ 15-20 წუთი, გააცივეთ და გადაწურეთ. მიიღება 1 სუფრის კოვზი სამჯერ დღეში ჭამის წინ. ვაშლი კარგად მოქმედებს გულზე, ხელს უწყობს სისხლძარღვთა კედლების გამაგრებას, ამცირებს სისხლძარღვების ქოლესტერინის ბალთებით დაცობას. თუთის ნაყოფი გამოიყენება თირკმლისმიერი და გულისმიერი შეშუპების, ანთებითი პროცესების დროს. სასარგებლოა გულის მანკისა და მიოკარდიოდისტროფიისას. ამცირებს ტკივილებს გულის არეში, ხსნის ქოშინს, აუმჯობესებს არითმიას. ფორთოხალი კარგია ათეროსკლეროზის, გულის იშემიური დაავადებების, ჰიპერტონიის, ჰიპო და ავიტამინოზების, დიაბეტის, ღვიძლის დაავადებების პროფილაქტიკისთვის. ლურჯი მოცვის ფოთლების ნახარში კი საუკეთესოა ჰიპერტონიის, გულის დაავადებებისა და სისხლნაკლებობის დროს.