კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№48 რის გამო გაწირა მამაკაცმა ბავშვობის მეგობარი სასიკვდილოდ და როგორ დააპატიმრეს ავსტრიაში ბრალდებული

თათია ფარესაშვილი ქეთი კაპანაძე

ცოტა ხნის წინ ავსტრიაში 43 წლის ქართველი – გიორგი ჯავახიშვილი დააპატიმრეს. თბილისში 18 წლის წინათ მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილი ჯავახიშვილი წლების განმავლობაში უცხოეთში შეცვლილი გარეგნობითა და ვინაობით იმალებოდა. ის ავსტრიაში ვასილ ბაქაქურის სახელით და გვარით ცხოვრობდა. მკვლელობა 1999 წელს, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე (ყოფილი ბოგდან ხმელნიცკი) მოხდა. საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ცეცხლსასროლი იარაღით ახალგაზრდა მამაკაცს, დავით მეტრეველს რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს. მკვლელმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა  მოახერხა.
 მოკლული დავით მეტრეველის დედის, ნანა მეტრეველის თქმით, მისი შვილი გიორგი ჯავახიშვილმა მოკლა. „მითხრეს, როცა საქართველოში ჩამოიყვანენ, დაგიკავშირდებიანო და ველოდები. მეტი არაფერი ვიცი. მაპატიეთ, მაგრამ ისე ცუდად ვარ, ამაზე საუბარი არ შემიძლია”.
 მეზობელმა, რომელიც მეტრეველების ოჯახს კარგად იცნობს, წლების წინ მომხდარი ფაქტი და შემდგომი პროცესები დეტალურად გაიხსენა.
„გასაკვირია, აქამდე როგორ ვერ იპოვეს ეს ადამიანი ან საერთოდ, როგორ გაიქცა?! იმ დღეს, სანამ მკვლელობა მოხდებოდა, ეზოში გამოვიარე რამდენიმე მეზობელთან ერთად. იქ ახალგაზრდები ისხდნენ, დაახლოებით ორმოცი ბიჭი იქნებოდა. დათოც მათთან ერთად იყო. თებერვლის ბოლო დღეები იყო, საღამოს საათები და ბნელოდა, მაგრამ ცეცხლი ენთოთ და ყველაფერი ჩანდა. სახლში ამოვედი და საშინელი ხმა გავიგონე, რასაც უცებ გრუხუნის ხმა მოჰყვა. მთელი სადარბაზო ეზოში ჩარბოდა. გარეთ გავედი, რა ხდება-მეთქი და დათოს მამა შემხვდა. მითხრა: მგონი, შვილი მომიკლესო. მეზობელს მიუკაკუნებია, ქვემოთ რაღაც ხდება და ჩადითო. მერე ამბობდა ის მეზობელი, პირდაპირ ვერ ვეტყოდი, რომ შვილი მოუკლესო. როცა ეს მკლელობა მოხდა, როგორც გითხარით, მთელი უბნის ბიჭები იქ იყვნენ და კარგად დაინახეს, ვინ გაიყვანა დათო და ვინ ესროლა. მერე პირველი სართულის მცხოვრებლები ამბობდნენ, როგორც კი სროლა გაისმა, ეს ამდენი ბიჭი ვირთხებივით გაიფანტა, პოლიციისთვის რომ არ მოეყოლათ, რა მოხდა. მერე თქვეს, ჩვენ არაფერი დაგვინახავსო. პირველი უსამართლობა ეს იყო. როცა „არავის არაფერი დაუნახავს“, ერთი მკვლელია და მეორე – მოკლული. იქ უკვე ძალიან ძნელია გამოძიება. ეზოში რომ ჩავედით, მე დედამისს, დათოს ცოლს კი, თვითონ ჯავახიშვილის (მკვლელობაში ეჭვმიტანილი) ცოლი იჭერდა. რძალ-დედამთილი გიჟებივით იყვნენ. წარმოიდგინეთ, ქმარი და შვილი მოუკლეს. მანამდე, ჯავახიშვილის ცოლი და დათოს ცოლი მეგობრები იყვნენ. თვითონ დათო და ჯავახიშვილი ბაღში ერთად დადიოდნენ, სკოლაში ერთ მერხზე ისხდნენ. მერე მეჯვარეები გახდნენ და ნათელ-მირონით დანათესავდნენ. ლენინგრადში ერთად იყვნენ წასულები სამუშაოდ. მოკლედ, ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ. იმ საღამოს, ჯავახიშვილის ცოლი რომ მოკლული დათოს ცოლს იჭერდა, ცოტა ხანში გაქრა. თურმე, ყველამ ყველაფერი იცოდა, მაგრამ მალავდნენ. თუმცა, უბნის ბიჭებიც რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ორივესთან მეგობრობდნენ და ამიტომ დუმილი არჩიეს. მკვლელობამდე კამათიც მოსვლიათ დათოს და ჯავახიშვილს მტკვრის ნაპირზე. დედამ ამ შელაპარაკების შესახებ არ იცოდა და არც ის იცოდა, ჩხუბის შემდეგ დათო თავგახეთქილი რომ იყო. ქუდი ეხურა და ისე მალავდა ჭრილობას. თან, არც ამ კონფლიქტის მიზეზზე საუბრობდა. დათოს მოკვლიდან რამდენიმე დღე რომ გავიდა, დედამისმა თქვა: „კი, მაგრამ სად არის შენი ძმაკაცი და მისი ცოლიო“. მან არ იცოდა, რომ სწორედ ის იყო მისი შვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი, მაგრამ უბრალოდ, გაუკვირდა, ასეთი უბედურების დროს, რომ შვილის საუკეთესო მეგობარი მათთან არ მისულა. დიდხანს ვერ დაიმალება ასეთი ამბავი და მერე უკვე გაიგო, რაც მოხდა. გიჟებივით ვიყავით, სადარბაზოს წინ 23 წლის ბიჭი მოგვიკლეს და ახლა წარმოიდგინეთ, დედისთვის რა იქნებოდა ეს. ქალს ჯერ კიდევ ვერ გადაუტანია ამხელა ტრაგედია. მატერიალურადაც ძალიან უჭირდათ. ამდენი ნერვიულობისგან ძალიან ცუდად იყო, მერე ქმარიც მოუკვდა და რამდენიმე წლის წინ, სიმსივნით რძალიც (მოკლულის მეუღლე) გარდაეცვალა. არ ვიცი, თავად სად იპოვა ძალა სიცოცხლისთვის. შვილიშვილისთვის ცოცხლობს. სამგან მუშაობდა, რომ მისთვის მიეხედა. დედა-შვილს განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდათ. ნანა ორი დღით რომ მიდიოდა სადმე, მთელ სადარბაზოს გვიბარებდა, დათოს მიმიქციეთ ყურადღებაო. ერთხელ რაჭაში წავიდა, მართლა ორი დღით და მაინცდამაინც მაშინ დაიწვა ბავშვი. ყველა ამბობდა, ეტყობა, გული უგრძნობდა დედასო. სულ ზემოდან იყურებოდა, დათო სად არისო. ალბათ, მართლა გული უგრძნობდა, რომ მის შვილს საფრთხე ემუქრებოდა.
– მკვლელობაში ეჭვმიტანილი ჯავახიშვილი როგორ გაქრა?
– იცით, რატომ გაქრა ჯავახიშვილი? პოლიციამ მკვლელობის ადგილას ძაღლი მოიყვანა. ეს ძაღლი ჯერ მიცვალებულთან მივიდა, სუნი აიღო და შემდეგ ჯავახიშვილების სახლში აიყვანა პოლიციელები. სამართალდამცველებმა სახლის პატრონი იკითხეს და გაიგეს, რომ ბინა ჯავახიშვილებს ეკუთვნოდათ. ამის შემდეგ ჯავახიშვილი გაქრა. ასე, ხელაღებით ვერ ვიტყვი, რომ ჯავახიშვილმა ესროლა, მაგრამ ფაქტია, რომ ამ მკვლელობის შემდეგ ის გაქრა და მერე ცოლ-შვილიც წაიყვანა. ბინა, რომელშიც ცხოვრობდნენ, დაკეტეს. დათოს გამწარებული დედა მივარდებოდა, კარზე უბრახუნებდა, უნდოდა, ვინმესგან პასუხი მოეთხოვა. ენით აუწერელი დღეები გამოიარა ქალმა. გზაზე, რომელზეც მისი შვილი მოკლეს, დღემდე ფეხს არ დგამს. გასაკვირია, იმ ღამესვე როგორ გააღწია ჯავახიშვილმა საქართველოდან. მაშინვე დაუწყეს ძებნა, რომ საზღვარი არ გადაეკვეთა, მაგრამ უშედეგოდ. თუმცა ისიც ითქვა – როცა დათოს ესროლეს, ჯავახიშვილმა თქვა: ბიჭო, ეს რა ქენიო. ეს ერთადერთი ადამიანის ვერსიაა. შეიძლება, სხვისი დანაშაული აიღო თავზე და შემდეგ იმ ადამიანმა გააპარა ქვეყნიდან, თუმცა ზუსტად არავინ არაფერი იცის.
როცა დათოს ოჯახს ეჭვი გაუჩნდა, რომ ბიჭი ჯავახიშვილის მოკლული იყო, დათოს ცოლი ჯავახიშვილის ცოლს მიუვარდა. ის მანიკიურს იკეთებდა, დახატული იყო, ეს კი – გამწარებული და ძაძებით შემოსილი. მაშინ ჯავახიშვილის ცოლს უთქვამს: ამათში ისეთი სიტუაცია იყო, ერთ-ერთს მეორე უნდა მოეკლა და ჩემს ქმარს რომ არ მოეკლა შენი, აბა, შენსას უნდა, მოეკლა ჩემი ქმარიო?! ეს სიტყვები თქვა დათოს ცოლმა. იმ ქალმა კი თქვა ასე, მაგრამ დათო სხვანაირი ბიჭი იყო. რაც არ უნდა მომხდარიყო, არავის მოკლავდა და მით უმეტეს, ძმაკაცს. მოკვლა რომ სდომოდა, თავი რომ გაუტეხეს, მაშინვე მოკლავდა. გამკეთებელი ვინც იყო, იმან გააკეთა კიდეც.
მოკლულის სხვა მეზობლები მეტრეველსა და ჯავახიშვილს შორის მომხდარი უთანხმოების სავარაუდო მიზეზებსაც იხსენებენ.
– დაახლოებით, საღამოს ცხრა საათი იქნებოდა. დათო ეზოში იყო. ავტომობილით მოვიდნენ ბიჭები და ეზოშივე ესროლეს. არ ვიცი, უშუალოდ მკვლელობამდე ორი კვირით ადრე რა ხდებოდა მათ შორის, მაგრამ მანამდე ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ დათოსა და მის მკვლელობაში ეჭვმიტანილ ჯავახიშვილს. სხვანაირად, მეჯვარეები ხომ არ გახდებოდნენ და ალბათ, არ ელოდა, რომ მეგობარი ასე გაწირავდა. თქვეს, რომ დათოს თავი თითქმის იარაღთან ჰქონდა მიტანილი. ძალიან ახლოს იდგა. მე ვფიქრობ, არ ელოდა, რომ მეგობარი სასიკვდილოდ გაიმეტებდა, თორემ თავს დაიცავდა.
– რას ამბობდნენ, რა გახდა ასეთ მეგობრებს შორის კონფლიქტის მიზეზიო?
– ზუსტად არ ვიცით, მაგრამ როგორც ამბობდნენ, ჯავახიშვილი დათოს რაღაცას შეჰპირდა და დანაპირები არ შეასრულა, რასაც კონფლიქტი მოჰყვა. დათოს ევროპაში უნდოდა წასვლა. ის საბუთების მოწესრიგებას დაჰპირდა, მაგრამ როგორც თქვეს, ყალბი პასპორტი გაუკეთა.
– დათო წავიდა, მაგრამ იქ აღმოაჩინეს, რომ მისი პასპორტი ყალბი იყო და უკან მოაბრუნეს. ოჯახი, ცოლ-შვილი ჰყავდა და მათთვის მიდიოდა, მაშინ ძალიან დიდი გაჭირვება იყო. დათო ისეთი არ იყო, ვინმესთვის თავი მოეტყუებინა. ამის გამო მოხდა შელაპარაკება მათ შორის. რის შემდეგაც, ჯერ თავს დაესხნენ, მაგრამ იმდენად ძლიერი იყო, ათმა კაცმა ვერაფრი დააკლო. დაესივნენ და სცემეს, თავში რაღაც ჩაარტყეს. ეგონათ, რომ მოკლეს და დატოვეს. მაგრამ ფიზიკურად მართლა ძალიან ძლიერი ბიჭი იყო. გადარჩა და თავისი ფეხით მივიდა პოლიკლინიკაში, სადაც დედამისი მუშაობდა. მაგრამ, თანამშრომლებს სთხოვა, მისთვის არაფერი ეთქვათ, ინერვიულებდა. ჭრილობა სხვას დაამუშავებინა და სახლში წამოვიდა.
– გავიგეთ, რომ ის ბიჭი დააპატიმრეს. იმედია, სამართალი აღსრულდება. საწყალი დედამისი სულ იმას ამბობდა: ღმერთო, ისე ნუ მომკლავ, ჩემი შვილის მკვლელი ცეხეში ვერ ვნახოო.
ინტერპოლის მიერ გიორგი ჯავახიშვილის დაკავების ამბავი ფართოდ გაშუქდა ავსტრიულ პრესაში. ადგილობრივი მედია წერს, რომ 43 წლის მამაკაცი სპეციალური დანაყოფის, „კობრას“ მებრძოლებმა ქალაქ ლინცში აიყვანეს. გიორგი ჯავახიშვილს ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 105-ე მუხლითა (ძველი რედაქციით) და 238-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენაში, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაგზავნა ან გასაღებას.
скачать dle 11.3