№48 რატომ თქვა უარი კანონიერ ქურდობაზე ცნობილმა ჯიბგირმა, მეტსახელად „ხავსმა“
ჯუმბერ ნინუა, მეტსახელად „ხავსი“, საბჭოთა კრიმინალური სამყაროს ერთ-ერთი, ყველაზე გამორჩეული ფიგურა იყო. მას ჯიბგირობის უნიკალური ნიჭი ჰქონდა და საოცრებებს სჩადიოდა. გთავაზობთ რამდენიმე ეპიზოდს ამ სუპერჯიბგირის ბიოგრაფიიდან.
ორიგინალური ტრიუკი
ჯუმბერ ნინუა 1930 წელს თბილისში დაიბადა. მისი მშობლები, მავნებლობის ბრალდებით, 1937 წელს დააპატიმრეს, დახვრიტეს და 7 წლის ბავშვი დაობლდა. „ხალხის მტრების“ ვაჟი ნათესავებმაც კი არ გაიკარეს და პატარა ჯუმბერი „პრიუტში“ (უდედმამო ბავშვთა სახლი) გაამწესეს. ბუნებით საზრიანმა, ცქვიტმა და თავმოყვარე ბავშვმა, სწრაფად აუღო ალღო ცხოვრებას და თვითდამკვიდრებას შეეცადა. კარგად სწავლობდა. არავის ჩაგრავდა და არც არავის აჩაგვრინებდა თავს. ხშირად ჩხუბობდა თავისზე უფროსებთან და არც უსამართლო პედაგოგებს უთმობდა რამეს. ჯუმბერს ხშირი კონფლიქტი მოსდიოდა კარლო მელაძესთან, რომელიც დისციპლინას კურირებდა „პრიუტში“ და თავმოყვარე ჯუმბერის დაჩაგვრას ცდილობდა. 1941 წლის 21 ივნისს, 11 წლის ჯუმბერმა 36 წლის მელაძე მისსავე კაბინეტში, ჯერ ტრუსებისამარა დატოვა მთვრალი, შემდეგ კი მაგრად მიაბა რკინის მილზე. მისი საფულე და ტანისამოსი ტყავის ჩანთაში ჩაალაგა და „პრიუტიდან“ გაიქცა. ბავშვი მატარებლით შავი ზღვისპირეთში გაემგზავრა. რამდენიმე საათში კი, ომი დაიწყო და ჯუმბერისთვის აღარავის ეცალა. ის ჯერ სოხუმში ჩავიდა, შემდეგ სოჭში, ბოლოს კი ოდესაში ამოჰყო თავი, რომელიც სულ მალე ფაშისტებმა დაიპყრეს. „დედა ოდესაში“ (ასე უწოდებდნენ ამ ქალაქს საბჭოთა კრიმინალები) ჯუმბერი მიხეილ შიფმანმა შეიფარა, რომელიც რეციდივისტი ქურდი იყო და კოლეგები მეტსახელად „ტუზს“ ეძახდნენ. 56 წლის „ტუზმა“ ბავშვში კრიმინალური ტალანტი აღმოაჩინა და ქურდობა ასწავლა. მომავალი სუპერჯიბგირი, თავდაპირველად, „ფორტოჩნიკი“ იყო. ანუ, ბავშვი ფანჯრიდან შედიოდა ბინაში საქურდავად და შემდეგ კარს უღებდა „პაძელნიკს“. ერთხელ, ბინაში ჯუმბერს პატრონი დახვდა, დაიჭირა და მილიციაში წაყვანას უპირებდა. ბავშვმა ხელზე უკბინა, გაექცა და ისე მოხერხებულად გაძვრა ვიწრო ფანჯარაში, რომ ბინის პატრონმა ძლივს შეავლო თვალი. ამის შემდეგ, ჯუმბერის იდეით, ქურდები განცხადებას აკრავდნენ სადარბაზოებში, სანეპიდემსადგურის სახელით. განცხადებაში ეწერა: „წყლის ხარისხის შემოწმების მიზნით, მოქალაქეები, ვინც დილით სამსახურში მიდიან და ბინა ცარიელი რჩება, ვალდებულები არიან, თავიანთი ონკანიდან აღებული წყლიანი ქილები კართან დააწყონ. მას ჩვენი სანიტრები წაიღებენ შესამოწმებლად“. ამგვარად, ქურდები მხოლოდ იმ ბინებში შედიოდნენ, რომლის კართანაც წყლით სავსე ქილა იდგა. ამ ტრიუკით „ტუზის” ბანდამ დიდი ფული იშოვა. შიფმანი კმაყოფილი იყო უმცროსი კოლეგის მოღვაწეობით.
მეტსახელად „ხავსი“
ომის დასრულების შემდეგ, ჯუმბერ ნინუას კრიმინალურ კარიერაში მნიშვნელოვანი და მთავარი ეტაპი დაიწყო. 1946 წელს, 16 წლის ჯუმბერი საბჭოთა კავშირის ქურდულ დედაქალაქში, როსტოვში გადასახლდა. „ტუზი“ იმ დროს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში იხდიდა სასჯელს და მან მიავლინა უმცროსი კოლეგა როსტოვში. თან, უბადლო ქურდული რეკომენდაციაც გაატანა. სწორედ როსტოვში შეიძინა ჯუმბერ ნინუამ ახალი, ქურდული პროფესია და ჯიბგირობა დაიწყო. ახალგაზრდა ყმაწვილი ჯერ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ქურდობდა, შემდეგ „ფრანტულად“ გამოწყობილი, მდიდრულ რესტორნებში დადიოდა და სქელსაფულეებიან „პიჟონებს“ წარმატებულად „პარსავდა“. ამასობაში ოთხი წელი გავიდა, ჯუმბერი გაიზარდა და დავაჟკაცდა. წარმატებით აგრძელებდა საქმიანობას და ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ ერთხელაც არ ჩავარდნილა.
– ხავსი ხარ, ძმაო, ნამდვილი ხავსი. ისე მოქნილად უძვრები ხელიდან ძაღლებს, რომ ხელს ვერავინ გავლებს, – აღტაცებით უთხრა ჯუმბერს ცნობილმა როსტოველმა ქურდმა ივან კრავცოვმა, რომელსაც მთელი ქვეყანა „კრავეცის“ მეტსახელით იცნობდა. იმ დღის შემდეგ, ჯუმბერ ნინუას „ხავსი“ შეარქვეს და ეს მეტსახელი სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვა.
სანქცირებული დანაშაული
„ხავსი“ საბჭოთა „შავ სამყაროში“, ალბათ, ერთადერთი იყო, ვინც ფაქტზე არასდროს დაუჭერიათ და კანონიერად არ მჯდარა საპყრობილეში. ჯუმბერი თავის კვალიფიკაციას მუდმივად ხვეწდა და ისეთ სარისკო საქმეების სჩადიოდა, რაზეც ბევრი მაღალი კლასის ჯიბგირი ვერ და არ მოაწერდა ხელს. მაგალითად, ჯუმბერს შეეძლო, ქუჩაში გაეჩერებინა ადამიანი, გადახვეოდა, მოეკითხა, ბოლოს კი ეთქვა: შემეშალა, ბოდიშიო და წასულიყო. ამ ხვევნა-კოცნისას კი ჯუმბერი პირწმინდად „პარსავდა“ „კლიენტს“ და დიდ „კუშს“ იდებდა ჯიბეში. ბოლოს „ხავსი” ისე დახელოვნდა ჯიბგირობაში, რომ კაცებს ხელიდან საათსა და სამაჯურს ხსნიდა, ქალებს კი – საყურეებსა და ძეწკვებს. ნიშანდობლივია, რომ მილიციამ კარგად უწყოდა ყველაფერი. მას არაერთხელ დაასხდნენ კუდზე, აგენტებიც კი მიუგზავნეს პროვოცირებისთვის, თუმცა, „ხავსი” ინტუიციით გრძნობდა მახეს და არასდროს ებმებოდა მასში. აღსანიშნავია ისიც, რომ ხავსი წმინდა ქურდულ ტრადიციებს იცავდა. მას არაერთხელ შესთავაზეს კანონიერი ქურდობა, „ხავსი” კი პასუხობდა – 33 წლამდე არც კი მაქვს უფლება, რომ ქურდი გავხდე და ამ კანონს ვერ დავარღვევ. თანაც, ციხეში უნდა მოვინათლო და არა – „სვაბოდაზეო“.
1964 წლის მაისში ქურდული „მალინიდან“ გამოსული, 34 წლის „ხავსი“ ქუჩაში აიყვანეს და შავი „ვოლგით“ როსტოვის „კაგებეს“ სამმართველოში მიიყვანეს. ცალკე ოთახში მას შუახნის მამაკაცი დახვდა და უთხრა:
– მე „კაგებეს“ პოლკოვნიკი იური ზორკინი ვარ. თუ მართალია, რასაც თქვენზე ამბობენ, მაშინ უნდა დაგვეხმაროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჯერ იარაღის უკანონო ტარებისთვის ჩაგსვამენ, შემდეგ კი მოიძებნება საბაბი, ციხეში „სროკის“ დასამატებლად და მთელ ცხოვრებას საპყრობილეში გაატარებთ.
– მაინც, რა უნდა გავაკეთო? – იკითხა „ხავსმა.”
– შეგიძლიათ, ნორმალურ ადამიანს ხელიდან საათი სახალხოდ მოხსნათ და იქვე, სხვა საათი გაუკეთოთ?
– შემიძლია, – მტკიცედ მიუგო ზორკინს ჯუმბერ ნინუამ.
იმავე დღეს „ხავსი” მოსკოვში გადააფრინეს და კონსპირაციულ ბინაში მოათავსეს. 1964 წლის 4 ივლისს, ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღეს, „დიდი თეატრის“ ბუფეტში, ფრაკში გამოწყობილმა „ხავსმა” ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს თანამშრომელს, კლემენტ გარტონს, „ორიენტის“ საათი მოხსნა მაჯიდან და იქვე, მსგავსი საათი გაუკეთა. მასში კი მიკრომოსასმენი მოწყობილობა იყო ჩამონტაჟებული.
ეს „კაგებეს“ მიერ სანქცირებული დანაშაული საბჭოთა უშიშროებას გარტონის მოსასმენად სჭირდებოდა.
„ხავსი“ გაუშვეს და ის კიდევ მრავალი წელი აგრძელებდა ჯიბგირობას და კვლავ ვერ იჭერდნენ. 1990 წელს კი, ინფარქტით გარდაიცვალა 60 წლის ასაკში.
ნიშანდობლივია, რომ ხავსმა კანონიერ ქურდობაზე უარი თქვა იმ მოტივით, რომ „კაგებესთან“ ითანამშრომლა.