№48 როგორ დაეხმარა პაოლო იაშვილი მოწყალების მთხოვნელ მოხუცს
პაოლო იაშვილი ყოველთვის რუსთაველის გამზირის გავლით ბრუნდებოდა სახლში მწერალთა კავშირიდან. პიონერთა სასახლეს რომ გაუსწორდებოდა, გვერდს არასდროს უქცევდა ერთ გრძელთმიან მოხუცს, რომელიც ტროტუარზე იჯდა, წინ უზარმაზარი ქუდი ედო და მოწყალებას ითხოვდა.
– როგორ გიკითხოთ, დიდო პოეტო, რით გაგვახარებთ, ახალი შედევრი ხომ არ შეგიქმნიათ? – ჰკითხავდა მოხუცი პაოლოს და გაუღიმებდა.
პაოლო, მოხუცს ყოველთვის ვერცხლის მონეტას უგდებდა ქუდში, შემდეგ ახალ ან რომელიმე ძველ ლექსს წაუკითხავდა და ასე აგრძელებდა გზას. ერთ დღეს მოხუცთან მისულ პოეტს მოწყალების მთხოვნელმა მორიგი ფრაზა უთხრა. პაოლომ ჯიბეები მოიჩხრიკა, მაგრამ ფული არ აღმოაჩნდა. დიდი პოეტი შეწუხდა. წამით ჩაფიქრდა. შემდეგ მოხუცს გვერდით მიუჯდა. წინ მისი უზარმაზარი ქუდი დაიდო და ასეთ ფრაზას ამბობდა: მოწყალება გაიღეთ ღარიბი პოეტისთვისო... გამვლელ-გამომვლელებმა, რომლებმაც იცნეს პოეტი, ათ წუთში ვერცხლის მონეტებით აავსეს უზარმაზარი ქუდი. პაოლომ ეს ქუდი პატრონს დაუბრუნა. თავად კი პიონერთა სასახლის კიბეებზე დადგა და ერთი საათის განმავლობაში, საკუთარ ლექსებს უკითხავდა მოწყალების გამღებ მოქალაქეებს. ეს იმპროვიზებული პოეზიის საღამო იმით დასრულდა, რომ თბილისელებმა სახელოვანი ქართველი პოეტი მქუხარე ტაშით გააცილეს შინ.