კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№48 რაში გაუცვალეს სომხებს ქართველებმა სომეხი მეფისწული, რომელიც დარიალის ციხეში ჰყავდათ გამომწყვდეული

თათია ფარესაშვილი გიორგი მახობეშვილი


ყველა მეფე, რომელსაც ტახტზე ასვლისას დახვდებოდა საქართველოს რომელიმე კუთხე მტრების მიერ ოკუპირებული, უმთავრეს მიზნად დაისახავდა ხოლმე, ტერიტორიების დაბრუნებას და ყველანაირად ცდილობდა ამას. მთელ თავის ცხოვრებას დედასამშობლოს მიწების დაბრუნებას უძღვნიდა. მათ შეეძლოთ, ცხოვრება განცხრომაში გაეტარებინათ, ესვათ, ეჭამათ, ენადირათ და დაეგროვებინათ თანხები, როგორც დღეს ბევრი აგროვებს ხელფასებისა და დანამატების სახით. მათ შეეძლოთ, არ დაეხარჯათ ფული ჯარის შეკრებაზე, შეიარაღებასა და კვებაზე და გადაენახათ ოჯახისთვის, მაგრამ, არა, ამას როგორ იკადრებდნენ, როცა ქართული მიწები მტერს ჰქონდა მიტაცებული. მათ მამულიშვილური ვალდებულების შესრულება არჩიეს. ასეთი მაგალითი ბევრია საქართველოს ისტორიაში და იმედია, მომავალშიც იქნება.
ორი მეფე იჯდა ქართლში, მტკვრის მარჯვენა მხარეს არმაზის მეფე, სახელად არმაზელი (არმაზაელი), მტკვრის მარცხენა მხარეს კი მცხეთის მეფე – აზორკი (არზოკი) („მოქცევაè ქართლისაèს“ მიხედვით - ამაზაერ და არსოკი). იმ დროს სომხებს ოკუპირებული ჰქონდათ სამხრეთ საქართველოს ზოგიერთი მხარე. ვერ ურიგდებოდნენ ქართველი მეფეები სომხურ ოკუპაციას და უტევდნენ სომხების მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე მდგომ ჯარებს, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ბრძოლაში დამარცხდნენ და დიდი ზარალიც ნახეს.
ქალაქ ოძრხეში იჯდა არმაზელ მეფის ერისთავი. ის ერთგულებდა მეფეს და წინაპართა სარწმუნოებას. მას, სომხებთან ბრძოლაში მეგრელები ეხმარებოდნენ. წუნდელები და დემოთელები კი იყვნენ სომეხთა მხარეს გადასული სუმბატ ბივრიტიანის მოკავშირეები. ალბათ, ისინიც იძულებულები იყვნენ, რადგან მათი მთავრები, აზნაურები, იყვნენ დამპყრობელ სომეხთა მხარეს გადასულნი. ასე ებრძოდნენ ერთმანეთს.
კლარჯეთში იყო ერისთავი აზორკ მეფისა, რომელიც უტევდა არმენების მიერ ოკუპირებულ ქართულ ტერიტორიებზე მდგარ სომხურ გარნიზონებს პარხალში, ტაოში. სომხები შიშით ვერ ბედავდნენ კლარჯეთში შესვლას, რადგან მიუვალი, მთიანი, კლდიანი და ტყიანი მხარეა, კლარჯები კი კარგი მეომრები იყვნენ.
მაშინ წამოვიდნენ ქართლის წინააღმდეგ სომხეთის მეფე არტაშანი (არტაშესი) და სომეხთა სპასპეტი, სავარაუდოდ, ქართული წარმოშობის სუმბატ ბივრიტიანი დიდი ჯარით. ქართლელებმა გაამაგრეს ციხეები და ქალაქები. მიიმხრეს ოსეთიდან დამხმარე ძალა და ჩააყენეს ისინი ციხეებში. მოვიდნენ სომხები და დადგნენ მცხეთასთან. ხუთი თვე უტევდნენ მცხეთას. ყოველდღე მიმდინარეობდა ფალავანთა ბრძოლა ერთი-ერთზე. გაუჭირდათ ქართველებს და ოსებს და ითხოვეს მშვიდობა. აღუთქვეს სომხებს მორჩილება და ტერიტორიების დაბრუნებისთვის ბრძოლაზე უარი თქვეს. შეისმინა სომეხთა მეფემ მათი თხოვნა. დადეს ფიცი, დაიმორჩილა ქართველები და ოსები სომეხთა მეფემ და წავიდა.
გავიდა რამდენიმე წელი. დამშვიდდა და მოშენდა სომხებისგან მოოხრებული ქართლი. სომხები დაკავებულები იყვნენ, რადგან სპარსელები (პართელები) და ბერძნები ებრძოდნენ ერთმანეთს. ისარგებლეს ქართველებმა და ოსებმა და შეუტიეს სომხებს.
სომეხთა ჯარი, სომეხთა მეფის ორი ვაჟისა და სუმბატ სპასპეტის მეთაურობით, სპარსელებთან საბრძოლველად იყვნენ წასული. რადგან არბევდნენ ქართველები და ოსები სომხეთს, არტაშან სომეხთა მეფემ შეკრიბა ჯარი, რაც იყო დარჩენილი სომხეთში. უსარდლა მას თავისი ძე ზარენი (ხორენაცის მიხედვით ზარეჰი) და გააგზავნა ქართველთა და ოსთა წინააღმდეგ საბრძოლველად.
ქართველები და ოსები მიეგებნენ ზარენს ჯავახეთში და შეებრძოლნენ, დაამარცხეს, გააქციეს მისი ჯარი და სდიეს სომხეთამდე. წამოეწივნენ ზარენს და შეიპყრეს ის ტბის პირას, რომელსაც ჰქვია ცელი (ვარაუდობენ, რომ ეს შეიძლება, იყოს ვანის ტბა) და თან წაიყვანეს ტყვედ.
სომეხი ისტორიკოსი უდიერად მოიხსენიებს უფლისწულ ზარენს, ალბათ, რადგან ქართველებთან დამარცხდა: „ზარეჰი იყო პატივმოყვარე კაცი, მხეცებზე ნადირობაში მარჯვე, ხოლო ომში მხდალი, უვარგისი...“
ოსებს უნდოდათ ზარენის მოკვლა შურისძიების მიზნით, თავისი მეფეების, ბაზუკისა და აბაზუკის სიკვდილის გამო, რომლებიც სომეხთა ჯარმა დახოცა. მაგრამ, ქართველებმა არ მოაკვლევინეს უფლისწული და გამოკეტეს დარიალის ციხეში. ვერ მოძებნეს სომხებმა ზარენი და ვერ გაათავისუფლეს, რადგან არ ეცალათ სპარსელებთან (პართელებთან) ომის გამო.
მესამე წელს, სუმბატ ბივრიტიანი და სომეხთა მეფის ორი ძე – არტავაზი და ტიგრანი (მოსე ხორენაცის მიხედვით არტავაზდი და ტირანი), სომეხთა დიდი ჯარით შემოიჭრნენ ქართლში. ქართლის მეფეებმა გახიზნეს მოსახლეობა მთებში ან ციხეებსა და ქალაქებში შეიყვანეს თავდასაცავად. გაამაგრეს მთიულეთის ციხეები და ქალაქებიც.
არმენები მოვიდნენ თრიალეთში. სომეხთა და ქართველთა შორის ელჩებმა დაიწყეს მიმოსვლა. როგორც ჩანს, სომხებისთვის მთავარი იყო თავიანთი უფლისწულის სიცოცხლე და მისი გათავისუფლება ტყვეობიდან. ალბათ, ქართველებიც კარგად იყვნენ მომზადებული ომისთვის. სომხები კი ძალაგამოცლილები იქნებოდნენ, ახალი გადატანილი ჰქონდათ ომი. ამიტომ, მოლაპარაკება ამჯობინეს არმენებმა და დაზავება გადაწყვიტეს ქართველ მეფეებთან. ქართველთა მეფეებიც არ იქნებოდნენ წინააღმდეგი, თუ დიპლომატიური მეთოდებით, სისხლისღვრისა და ადამიანური მსხვერპლის გარეშე მიაღწევდენ მიზანს. სწორედ ამიტომ ჰყავდათ დატყვევებული და გამოკეტილი უფლისწული ზარენი კავკასიის მთებში. დათანხმდნენ ქართველი მეფეები ზავის პირობებს.
 „შექმნეს საფიცარი და აღთქმა“ – ზოგიერთი მოსაზრებით, იმ დროს შეთანხმების ტექსტი იწერებოდა ფიცარზე, რომელიც შეიძლებოდა, ყოფილიყო ხის, ქვის, თიხის, ან ლითონის. აქედან უნდა მომდინარეობდესო სიტყვა ფიცი, საფიცარი (სიტყვის მიცემა). თუმცა, ჩვენ „ქართლის ცხოვრებაში“ გვაქვს ფრაზა: „მას ჟამსა (ქართველებმა) დაივიწყეს ღმერთი, დამბადებელი მათი, და იქმნეს მსახურ მზისა და მთოვარისა და ვარსკულავთა ხუთთა, და მტკიცე და უფროსი საფიცარი მათი იყო საფლავი ქართლოსისი“. აქ საფიცარი სალოცავს ნიშნავს, ესე იგი, ქართველების ყველაზე დიდი სალოცავი იყო ქართლოსის საფლავიო. ანუ ფიცი ლოცვას (შესაძლოა, ასევე აღთქმასაც, სიტყვის მიცემას) ნიშნავდა, რომელიც შეიძლება მართლა იწერებოდა რაიმე საწერელზე, ფიცრისმაგვარზე.
გადასცეს ქართველებმა სომხებს თავიანთი უფლისწული და აღუთქვეს: თუ მტერი დაგესხმებათ თავს, ჩვენ, ქართლის ორივე მეფე, ჩვენი ჯარით შეგეწევით. ხოლო, თუ თქვენ ვინმეს ქვეყანაში შეიჭრებით, ათას-ათასი მძიმედ შეჭურვილი მხედრით დაგეხმარებითო. ისიც შეჰპირდნენ: „ჩვენს ქალაქში, მცხეთაში, დრამას (ფულის ერთეული) არტაშან მეფის გამოსახულებით გამოვუშვებთო. ასეთი რამ არ მტკიცდება ნუმიზმატიკური მასალით და მართალი არ უნდა იყოს. მსგავსი მონეტა ბუნებაში არ არსებობს. ზოგიერთი მოსაზრებით, ლეონტი მროველს ეს ცნობა, როგორც ჩანს, აღებული აქვს სომხური გაყალბებული გადმოცემიდან.
სომეხი უფლისწულის გათავისუფლების სანაცვლოდ, სომხებმა უკან დაუბრუნეს ქართველებს მიტაცებული მიწების დიდი ნაწილი, ქალაქი წუნდა, დემოთის ციხე (სამცხე), ჯავახეთი და არტაანი. იმ დროიდან, სომხები, ქართველები და ოსები მშვიდობიანად და მეგობრულად ცხოვრობდნენ, კარგა ხანი. ერთიანად ებრძოდნენ გარე მტერს.
ქართველთა მეფეებმა – აზორკმა და არმაზელმა სომხეთის მეფე, მისი ჯარის დამარცხებითა და უფლისწულის დატყვევებით აიძულეს, დაებრუნებინა მიტაცებული მიწები.
ფრაზა, რომელიც ქართველთა ამ ორი მეფის ცხოვრების აღსასრულზე უწერია ავტორს, მშვენივრად გამოხატავს ქართველი მეფეების, არა მარტო აზორკისა და არმაზელის, არამედ უმრავლესობის ცხოვრების კრედოს და უმთავრეს მიზანს: „აღესრულნეს აზორკ და არმაზაელი, ნუგეშინის-ცემულნი დიდად. რამეთუ სიმხნითა მათითა უკუ-მოისუნეს საზღვარნი ქართლისანი“, მაშასადამე, გარდაიცვალნენ ქართლის მეფენი აზორკი და არმაზელი, დამშვიდებულნი, რადგან უკან დაიბრუნეს ქართული ტერიტორიებიო.
ეს იყო მათი ცხოვრების მთავარი მიზანი.
скачать dle 11.3