კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№48 სახიფათო თამაში

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹46-47(882)



უშიშროების მინისტრი უნდა მოვიტაცოთ. დავამუშავოთ. ყველაფერი დავაფქვევინოთ. ჩავიწეროთ და მედიით ინკოგნიტოდ გავავრცელოთ.
– რა თქვი? – იკითხა გურამმა, რომელსაც გოჩა ძნელაძის სიტყვები ხუმრობა ეგონა და დაამატა, – ხუმრობ?
– სულაც არა! – სერიოზული სახით მიუგო ძნელაძემ.
გურამი ყურადღებით დააკვირდა დაუპატიჟებელ სტუმარს. კარგა ხანს უყურა და ბოლოს უთხრა:
– შენ, ძმაო, მოგზავნილი ხომ არ ხარ?
– არა! – მტკიცედ თქვა ძნელაძემ.
– აბა, შეშლილი ხარ?
– არა, გურამ, არც მოგზავნილი ვარ და არც შეშლილი. რაც გითხარი, ყველაფერი საღ გონებაზე მაქვს ნაფიქრი. უბრალოდ, სხვა გზა არაა და სწორედ ამიტომ მოგმართე შენ. ვიცი, თუ რა ურთულესია ამის შესრულება, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს. სხვაგვარად ვერც შენი ძმის მკვლელობას გამოვააშკარავებთ, ვერც თავს გადავრიჩენ. რაც ყველაზე მთავარია, ვერც ჩვენს სამშობლოში აღვკვეთთ ნარკოტიკების თარეშს.
გურამს ჩაეცინა და ძნელაძეს უთხრა:
 – და, შენ ფიქრობ, რომ უშიშროების მინისტრის მხილებით ამ პრობლემებს მოვაგვარებთ?
– ყოველ შემთხვევაში, ჩემო კარგო, მე სიცოცხლეს შევინარჩუნებ, ხოლო შენ კი სიმართლეს შეიტყობ შენს ძმაზე და ამით შენს ძმურ ვალს აღასრულებ. ახლა მთელმა ქვეყანამ იცის, რომ ზურაბი კაიფში გაიპარა, მერე კი სიმართლეს გაიგებენ. თანაც, შესაძლებლობა მოგეცემა, შენი ძმის მკვლელობის უშუალო შემსრულებლებზე იძიო შური. რა ცუდი წინადადებაა?
გურამმა პაუზა გააკეთა. დაფიქრდა და მიუგო:
– სიმართლე გითხრა, შურისძიების სურვილი მკლავს და მზად ვარ, საკუთარი ხელით ამოვხადო სული ზურიკოს მკვლელებს, მაგრამ უშიშროების მინისტრის მოტაცება რუსთაველზე ფეხით გასეირნება ხომ არაა?!
– გეთანხმები, რომ ურთულესი საქმეა და შენ სწორედ ამიტომ მოგმართე ამ წინადადებით. ვიცი, რომ ამ დარგში, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ხარ. თანაც, არც მე ვარ ამ საქმეში მთლად დილეტანტი. თუმცა, შენ ვერ შეგედრები. ორივე კი დიდი ძალა ვიქნებით და მერწმუნე, ყველაფერი გამოგვივა.
გურამმა მწველი მზერა ესროლა გოჩა ძნელაძეს და უთხრა:
– რატომ უნდა გენდო?
– იმიტომ უნდა მენდო, რომ სიმართლეს გეუბნები, და საერთოდ, რა ინტერესი უნდა მქონდეს შენ მიმართ, რომ ასეთ საქმეზე გიბიძგო?!
– არ ვიცი, – მხრები აიჩეჩა გურამმა.
– გარწმუნებ, რომ არანაირი, – დამაჯერებლად თქვა ძნელაძემ და გურამს თვალი თვალში გაუყარა.
– არ ვიცი, არ ვიცი, – თავი გააქნია გურამმა, – მე შენ არ გიცნობ და რატომ უნდა გენდო?
ძნელაძეს ირონიულად გაეცინა და გურამს უთხრა:
– ხომ არ გეშინია და ასე იმიტომ ხომ არ ლაპარაკობ?
– შიშის მეტყობა რამე? – ირონიითვე მიუგო გურამმა.
– იქნებ ოსტატურად ნიღბავ ამ შიშს?
– იქნებ პირიქითაა. შენ ინიღბები და სულ სხვა რამეშია საქმე, სულ სხვა მიზნისთვის გინდა, გამომიყენო და მაბოლებ?
– მაინც, რაზე გაქვს ეჭვი?
– არ ვიცი.
– კეთილი. ვატყობ, რომ ჩემს სიმართლეში ვერ დაგარწმუნე. საუბარი დასრულებულია და წავედი, – ძნელაძე წამოდგა, – იმედია, რაც აქ ითქვა, ჩვენ ორ შორის დარჩება. მე თვითონ შევეცდები ამ საქმის გაკეთებას და რა გამოვა, ვნახოთ.
– არც არაფერი, – თქვა გურამმა, – უარეს შემთხვევაში,  მინისტრის დაცვა მოგკლავს, უკეთესში კი – შეგიპყრობენ. ჩემი რჩევაა, თავი დაანებო ამ ავანტიურას.
– და, – ძნელაძემ სიტყვა გააწყვეტინა გურამს, – მორჩილად ველოდო, როდის მომიღებენ ბოლოს, უშიშროების მინისტრის ბრძანებით, ისევე, როგორც შენს ძმას, ზურაბს?
– ერთი წუთით მოიცადე, რომ გარბიხარ, იმუქრები და ბოლომდე არ ხარ დარწმუნებული საკუთარ სიტყვებში.  დაუბრუნდი შენს ადგილს და მიპასუხე.
გოჩა ძნელაძე კვლავ სავარძელში ჩაეშვა და გურამს უთხრა:
– მაინც, რაში არ ვარ დარწმუნებული?
– იმაში, რასაც შენ უშიშროების მინისტრზე ამბობ და მისი მოტაცებაც იმიტომ გინდა, რომ მან ან უარყოს შენი ვარაუდი, ან დაადასტუროს. ეს კი სიგიჟეა. დავუშვათ, გაირკვა, რომ ცდები და მინისტრი უდანაშაულოა. მაშინ? გატაცებულ კაცს ბოდიშს მოუხდი და გაუშვებ?
– არა! სწორედ უშიშროების მინისტრია დამნაშავე ამ ყველაფერში და ამაში დარწმუნებული ვარ.
– თუ დარწმუნებული ხარ, მაშინ მოტაცება რაღად გინდა? პირდაპირ ლიკვიდაციაზე იჩალიჩე, მით უმეტეს, რომ ეს ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე მოტაცება.
– მოტაცებაა საჭირო, – ჯიუტად გაიმეორა ძნელაძემ.
– მაინც, რატომ?
– იმიტომ, რომ ამ დამპალმა ყველაფერი დაფქვას, სხვებზეც გაგვიყვანოს და მთელი ნარკოსქემა ხელთ გვქონდეს, რომ მედიას გავაბაზრებინოთ.
– მედია ასეთ რამეებს არ აბაზრებს, თუ შეკვეთა არ აქვს. ასე რომ, ტყუილად ფიქრობ, რომ აქ მართლა სიტყვის თავისუფლებაა და დამოუკიდებელი, პატიოსანი მედიაა.
– უცხოეთში? იქ მაინც ვერ გავაბაზრებთ?
– რა ეფექტი იქნება, თორემ კი, – მხრები აიჩეჩა გურამმა, – გაბაზრება ინტერნეტითაც შეიძლება, მაგრამ რა შეიცვლება ამით რეალურად? არც არაფერი. ერთი ნარკობარონის ადგილს მეორე დაიკავებს. ნარკოტიკების შემოტანა-გასაღება კი, არ შეწყდება. პირიქით, შეიძლება, მოიმატოს კიდეც.
– შენ რომ გისმენ, ნიჰილიზმს ქადაგებ, მგონი. ასე გამოდის, რომ საშველი არ არსებობს.
– არც არაფერს ვქადაგებ და ადრე თუ გვიან, საშველიც ჩნდება ხოლმე. მთავარია, უბრალოდ, სწორი მოქმედება და ზუსტად იმის ცოდნა, თუ რა, რატომ და როგორ გააკეთო. შენ კი ეს არ იცი. ემოციას ხარ აყოლილი და უშიშროების მინისტრის მოტაცება და დაკაჩავება გინდა. აბა, დაფიქრდი, სწორია, რასაც აპირებ?
– მაშინ, შენ მითხარი, როგორ მოვიქცე. უკეთესს მთავაზობ რამეს?
– უნდა ვიფიქრო. ასე უცებ ვერ გაგცემ პასუხს. ერთი ის ვიცი, რომ უშიშროების მინისტრის მოტაცება ნამდვილად ცუდი იდეაა.
– დრო რომ არ ითმენს?
– სად გეჩქარება, რო?
– ხომ გითხარი, ჩემზე ნადირობენ. ჩემი პასიურობა მათ შანსს ზრდის და ჩემსას ამცირებს. სწრაფად იფიქრე და უკეთესს თუ ვერაფერს შემომთავაზებ, მაშინ უშიშროების მინისტრის მოტაცებაზე ვიჩალიჩებ ისევ.
– სად გიპოვო?
გოჩა ძნელაძემ გურამს მობილურის ნომერი უკარნახა და უთხრა:
– ეს ჩემი საიდუმლო ნომერია და მხოლოდ შენ იცი. დამირეკე, შეხვედრის ადგილი  დამინიშნე და მოვალ. ხომ ხედავ, როგორ გენდობი და არც შენ მიღალატო.
– ნახვამდის, – გურამ ფიფია გოჩა ძნელაძეს გამოემშვიდობა და სახლიდან გაისტუმრა.
***
დაუპატიჟებელი სტუმარი რომ გაისტუმრა, გურამ ფიფია საწოლზე წამოწვა და ჩაფიქრდა. თავისი პროფესიიდან გამომდინარე, მოულოდნელი სიურპრიზები გურამისთვის „ახალი ხილი“ არ იყო და ასეთი რამისთვის ის ყოველთვის მზად იყო. მაგრამ, ის ამბავი, რომ მისი უმცროსი ძმა საიდუმლო ჯგუფის შემადგენლობაში, მთავრობაზე მუშაობდა, თანაც ლიკვიდაციითაც იყო დაკავებული, არანაკლებ მოულდონელი და თავზარდამცემი აღმოჩნდა, ვიდრე ზურიკოს გარდაცვალების ამბავი.
„საიდან, როგორ, გივი ხავთასს ვინ დააკისრა ასეთი მისია“? – იმეორებდა გუნებაში გურამი და ვერაფერი გაეგო. გივი ხავთასი გურამზე შვიდი წლით უფროსი იყო და სკოლაში ფიზკულტურას ასწავლიდა ორივე ძმას. მანამდე კი, 17 წლის ხავთასი ჩუმად გაიპარა აფხაზეთის ომში. იქ იბრძოდა და ამით გაითქვა სახელი. ყველაზე მცირეწლოვანი მებრძოლი იყო და ათასგზის მუქარის მიუხედავად, რომ თბილისში დაბრუნებულიყო, მშობლებთან, მაინც თავისი გაიტანა და ფრონტი არ დაუტოვებია. ომის შემდეგ, თბილისში რომ ჩამოვიდა, ფიზკულტურის ინსტიტუტში მოაწყვეს, როგორც ომის მონაწილე. შემდეგ კი, ფიზკულტურის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა იმ სკოლაში, სადაც გურამი და ზურიკო სწავლობდნენ. მასწავლებლობის პარალელურად, გივი ხავთასი სკოლაში ჭიდაობისა და ხელჩართული ბრძოლების სექციასაც ხელმძღვანელობდა, რომელშიც ზურიკო დადიოდა. მოგვიანებით, გივი ხავთასი სკოლიდან წავიდა და ვეტერანთა კავშირში დაიწყო მუშაობა, სადაც გარდაცვალებამდე მუშაობდა. გურამს გივი ხავთასზე ჩვეულებრივი წარმოდგენა ჰქონდა. გარდა ადრეულ ასაკში ომში მონაწილეობისა, გურამი ფიქრობდა, რომ გივი მაინცდამაინც არაფრით გამოირჩეოდა და ვერც ინტელექტით დაიკვეხნიდა. ამიტომ, მაიორ ფიფიას გაუკვირდა, თუ ვინ და რატომ დააკისრა გივი ხავთასს ასეთი საპასუხისმგებლო, საიდუმლო მისია და საერთოდ, რა ძალები იდგა ყოველივე ამის უკან. გურამი უაღრესად გაოცებული იყო იმით, რომ ზურიკომ მას თავისი საიდუმლო საქმიანობის შესახებ დაუმალა და როგორც გოჩა ძნელაძე ამბობდა, სამი წლის განმავლობაში ახერხებდა ამას. ძმებს განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდათ, ერთმანეთს არაფერს უმალავდნენ. წესით, არც ზურიკოს უნდა დაემალა თავისი უფროსი ძმისთვის ეს ამბავი. „როგორც ეტყობა, ვიღაცამ ძალიან დიდი ზემოქმედება მოახდინა ზურიკოზე“, – ფიქრობდა გურამი და ძალიან ნანობდა, რომ თავის დროზე თავადვე ვერ შეამჩნია ცვლილებები ზურიკოში. ვერ ამოიცნო მისი ფარული საქმიანობის შესახებ და ვერ ააცილა თავიდან უბედურება.
„გოჩა ძნელაძე არც მოგზავნილს ჰგავს და არც პროვოკატორს. ვფიქრობ, რასაც ამბობს, მართალია. ან მას ჰგონია, რომ მართალია და ერთი ხელის მოსმით აპირებს ყველაფრის მოწესრიგებას. თანაც, უშიშროების მინისტრის მოტაცების შემდეგ. არა, იდიოტს არ ჰგავს ეს ბიჭი. უფრო იდეალისტი პატრიოტია. ასეთებს კი წარმატებით იყენებენ ბინძური საქმეებისთვის. ამისთვის ჰიტლერის მაგალითიც კმარა“, – ფიქრობდა გურამი. ამასობაში ინათა კიდეც. ძილს აზრი აღარ ჰქონდა, რადგან სამსახურში წასვლის დრო იყო. გურამი წამოდგა და სააბაზანოსკენ გაემართა.
***
გურამისგან რომ წამოვიდა, გოჩა ძნელაძე ფრთხილად გავიდა ქუჩაში. მიიხედ-მოიხედა და ფეხით გაუყვა გზას. ჯერ რამდენიმე ცრუ მანევრი გააკეთა და რომ დარწმუნდა, არავინ უთვალთვალებდა, კონსპირაციული ბინისკენ აიღო გეზი, სადაც იმალებოდა. ეს ბინა საბურთალოზე, ერთ-ერთი მრავალსართულიანი კორპუსის მეექვსე სართულზე მდებარეობდა და ოროთახიანი იყო. გოჩამ ბინა თავის შეყვარებულს, ლანას უქირავა ჯერ კიდევ მაშინ, სანამ „პაბეგში“ წავიდოდა და გამოადგა კიდეც. პროვინციელი ლანა იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდა, თან, ერთ-ერთ სუპერმარკეტში კონსულტანტად მუშაობდა და სწორედ იქ გაიცნო გოჩამ გოგონა. მოეწონა. დაუახლოვდა. შემდეგ უფრო ახლო ურთიერთობაც დაამყარა და ბოლოს ბინაც უქირავა, თან გააფრთხილა, იქ არავინ მოეყვანა, რომ მხოლოდ მათ სცოდნოდათ მის შესახებ.
– კი ბატონო. არავის მივიყვან. არც ვაპირებდი, – უთხრა ლანამ შეყვარებულს. გასაღები გამოართვა და გაუღიმა.
– 22 წლის ლანა საკმაოდ მშვიდი, გაწონასწორებული და დაკვირვებული გოგონა იყო. ბევრი და ზედმეტი ლაპარაკი არ უყვარდა. თუმცა, ძალიან ყურადღებით იცოდა მოსმენა და მის ყურებსა და გონებას არაფერი ეპარებოდა. გოჩა ადრე მას ყოველ მესამე დღეს აკითხავდა, მთელი ღამე რჩებოდა და შემდეგ თავ-თავიანთ საქმეებზე მიდიოდნენ. ამჟამად კი „პაბეგში“ მყოფი გოჩა თავის შეყვარებულთან ცხოვრობდა და იშვიათად გადიოდა სახლიდან. ლანას კი ასე აუხსნა თავისი მდგომარეობა:
– დროებითი სირთულე მაქვს და იძულებული ვარ, დავიმალო. ჩემი ადგილსამყოფელი არავინ არ უნდა იცოდეს, კრინტი არავისთან დაძრაო.
ლანას არაფერი უკითხავს გოჩასთვის. უხმოდ, თავის დაქნევით დაეთანხმა, რაც იმას ნიშნავდა – ყველაფერი გასაგებიაო და გოჩასთვის ეს სრულიად საკმარისი იყო. ლანას ის ენდობოდა. მართალია, თავის საქმეებზე არ ელაპარაკებოდა და არც ლანა ეკითხებოდა რამეს, მაგრამ გოჩა ძნელაძეს დიდი ნდობა ჰქონდა ლანასი და მოსწონდა მისი ასეთი უსიტყვობა, სისადავე. გადაწყვეტილი ჰქონდა, როგორც კი, თავის პრობლემებს მოაგვარებდა და „პაბეგში“ აღარ იქნებოდა, ლანაზე დაქორწინებულიყო.
გოჩამ კონსპირაციული კორპუსის წინ კიდევ ერთი ცრუ მანევრი გააკეთა და რომ დარწმუნდა, „სუფთა“ იყო, სადარბაზოში შევიდა, მეექვსე სართულზე ფეხით ავიდა და კონსპირაციულ ბინაში გაუჩინარდა. ლანა სახლში იყო და გოჩას შეეგება. მოეხვია და ჰკითხა:
– როგორ ხარ, საყვარელო. იცი, როგორ მომენატრე?
გოჩას, ცოტა არ იყოს, გაუკვირდა ლანასგან ასეთი საქციელი. უსიტყვო გოგონასგან ერთბაშად ამდენი სიტყვა არ გაეგონა და უთხრა:
– ხომ მშვიდობაა, ლანა?
– კი.
– მაინც, რა ხდება?
– რა უნდა ხდებოდეს?! ალბათ, გიკვირს, ამდენს რატომ ლაპარაკობსო? – გაეცინა ლანას, – ძვირფასო, შენ მე მუნჯი და ჩლუნგი ხომ არ გგონივარ? უბრალოდ, მიყვარხარ და ამიტომ არ გაწყენ თავს.
– მეც მიყვარხარ, ლანა. მაინც, რა ხდება, ხომ მშვიდობაა, ძვირფასო?
– კი. მშვიდობაა. უბრალოდ, ძალიან კარგ ხასიათზე ვარ და მინდა, შენც გაიზიარო ჩემი სიხარული.
– მითხარი და გავიზიარებ.
– მართლა?
– მართლა. – მხრები აიჩეჩა გოჩამ, – რატომ არ უნდა გავიზიარო. მითხარი.
– ჯერ პირობა მომეცი, რომ არ გამიბრაზდები და ჩხუბს არ დამიწყებ.
– რატომ უნდა გეჩხუბო? მითხარი.
– პირობა?
– გპირდები.
ლანამ გაიღიმა და გოჩა ძნელაძეს უთხრა:
გაგრძელება შემდეგ ნომერშიскачать dle 11.3