კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№48 ძარცვა ნავიგატორით

თათია ფარესაშვილი ნინო წულუკიძე

ჰარი ოტელში მოჟამული გამომეტყველებით დაბრუნდა და ხელი ჩაიქნია:
– დღეს არაფერი გამოვა, რალფ. ჩავიდეთ, სასტუმროს რესტორანში ვივახშმოთ. ბანკი დაკეტილია.
– რას ნიშნავს, დაკეტილია, დღეს სამშაბათია. ჩვენ ყველაფერი დავგეგმეთ და ყველა დეტალი გავითვალისწინეთ. სამი კვირა ვამზადებდი ამ ძარცვას.
– ჰო, მაგრამ ჩვენ ერთი დეტალი გამოგვრჩა – დღეს ამ ქალაქში ვინმე ასტრონავტის, გრიფინის დღეა. მისი მშობლიური ქალაქი ყოფილა. დღეს ჩამოდის და ქალაქში ისეთი ზეიმია, უქმედაც კი გამოაცხადეს. ასე ნუ ნერვიულობ. ერთი დღით გვიან გავაკეთებთ ჩვენს საქმეს, რა პრობლემაა?
რალფი მოიღუშა და შეჭმუხნულ შუბლზე ნაოჭები გაუჩნდა.
– არ მიყვარს, როცა რაღაც ჩემი გეგმის მიხედვით არ ხდება. ერთი შეხედვით, არაფერი დაშავდება, თუკი ბანკს ხვალ გავძარცვათ, მაგრამ...
– არაფერი დაშავდება, – ჰარი დივანზე გაიშხლართა და ფეხები საზურგეზე შემოაწყო, – შეგვიძლია, დავისვენოთ და ცოტათი მოვდუნდეთ.
– არავითარი მოდუნება. არსებობს ასეთი გამოთქმა, – უზარმაზარ ხომალდს ერთი პატარა ნახვრეტი ღუპავსო, – ჩაილაპარაკა რალფმა, – დაიმახსოვრე ეს ფრაზა, მაგრამ რა გაეწყობა. კარგი, ხვალისთვის გადავდოთ. იცოდე, უმნიშვნელო შეცდომასაც არ გაპატიებ არც შენ და არც საკუთარ თავს.
მეორე დღეს „ოპერაცია“ ზუსტად ორ საათსა და ოცდასამ წუთზე დაიწყეს. ეს დრო სპეციალურად შეარჩიეს, რადგან დაცვის წევრების უმეტესობა სასადილოდ გადიოდა. ბანკში არც ბევრი ხალხი იყო და დაცვის იმ ორ ტიპსაც ადვილად გაუმკლავდებოდნენ. ორივეს თავისი როლი ჰქონდა შესასრულებელი. ნიღბები ბანკის კართან გაიკეთეს და სამ თვლაზე ბანკში შეცვივდნენ. იარაღი ორივეს ჰქონდა, მაგრამ მძევალი რალფმა აიყვანა – რევოლვერის ლულა პირდაპირ შუბლზე მიაბჯინა და მთელი ხმით იყვირა: განძრევა არავინ გაბედოს!
– ამასობაში, ჰარიმ ჩანთა მოიმარჯვა და სალაროსთან მივარდა. ზედიზედ ხსნიდა უჯრებს და დოლარების შეკვრებს ჩანთაში ყრიდა. დრო ზუსტად ჰქონდათ განსაზღვრული. რალფმა საათზე ანიშნა და ისიც უკუსვლით წავიდა კარისკენ. ზღურბლზე ხელის აქნევით მოიგლიჯა ნიღაბი და იქვე გაჩერებულ მანქანაში ჩახტა. რალფსაც არ დაუწევია რევოლვერი. მანაც ზღურბლზე მოიხსნა ნიღაბი და ჰარის დასჭყივლა:
– მიდი, შეუბერე!
მანქანა ადგილს მოწყდა. ორი კვარტალი გაიარეს. იქ კიდევ ერთი ავტომობილი ელოდათ, რომელშიც სწრაფად გადასხდნენ. პატარა ჩიხში შეუხვიეს და ცოტა ხნით შეჩერდნენ. ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა. ტანსაცმლის გამოცვლას და პარიკების მორგებას სამი წუთი მოანდომეს. საგულდაგულოდ მიიწებეს ულვაშები, გაიკეთეს სათვალეები და დაიხურეს კეპები. გარეგნობა კარგად შეიცვალეს. ახლა ყურადღება ნაკლებად უნდა მიექციათ და აეროპორტისკენ მიმავალი გზა ეპოვათ. თვითმფრინავი, რომლითაც უნდა გაფრენილიყვნენ, ორმოცაათი წუთის შემდეგ აიღებდა სტარტს.
– ნავიგატორი ხომ ჩართული გაქვს? – ჰკითხა ჰარის რალფმა, – რუკა ხომ ჩატვირთე და ყველაფერი წინასწარ გაიარე?
– რა თქმა უნდა, რალფ. რატომ გგონია, რომ ასეთი არასერიოზული ვარ? ყველაფერი გავითვალისწინე. გუშინ სასტუმროდან რომ გავედი, აეროპორტში წავედი და უკან მოვბრუნდი. არ ინერვიულო. ყველაფერი კარგად იქნება. თხუთმეტ წუთში ადგილზე ვიქნებით და მერე უზრუნველი ცხოვრება გარანტირებული გვაქვს.
რალფს არც გაუღიმია. უცნაურ დისკომფორტს გრძნობდა. შინაგანად დაძაბული იჯდა და უსიამოვნების მოლოდინში გზას მიშტერებული ტუჩებს იკვნეტდა.
– ნუ ნერვიულობ, – ჰარიმ მინა ჩამოსწია და სიგარეტს მოუკიდა.
– ნუ ეწევი!
– რატომ? რა პრობლემაა?
– პატრულმა გინდა გაგვაჩეროს? თანაც, მგონი, ძალიან ნელა მიდიხარ.
– აბა, რას ამბობ? ზუსტად დაშვებული სიჩქარით ვმოძრაობ.
– ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ გაჩერებული ხარ.
ჰარიმ უკმაყოფილოდ გახედა:
– ვერ ვხვდები, რა გაბრაზებს, პოლიციამ გვერდით ისე ჩაგვიარა, არც კი შემოუხედავს.
– ჰო, მაგრამ თუ დროზე არ დავტოვებთ აქაურობას, აუცილებლად გამოგვიყვანენ სააშკარაოზე და ჩვენი დევნა დაიწყება. ნავიგატორს მიჰყვები?
– რა თქმა უნდა, აი, ახლა წრიულზე გავალთ და აეროპორტისკენ მიმავალ გზატკეცილზე გადავუხვევთ. ვულდფორდ-როული, იგლ-ავენიუ... კროუველ სტრიტი... გრიფინ-როუდი... მანქანამ სიჩქარეს მოუმატა. ჰარი უკვე ტუჩებს იკვნეტდა. რალფმა საათს დახედა.
– ჰარი, ჩვენი თვითმფრინავი უკვე აფრინდა. რა ჯანდაბას აკეთებ? უკვე მეოთხე წრეზე წახვედი. ნავიგატორმა აურია თუ შენ შეიშალე?
– მომეშვი, რალფ, ნერვებს ნუ მიშლი. რომელიმე თვითმფრინავით გავფრინდებით. მთავარია, ამ დაწყევლილი, მომჯადოებელი წრიდან გავიდე. ეს რა ჯანდაბაა?!
– ჰარი, პოლიციის მანქანა აგვედევნა. ცუდადაა საქმე. გაჩერებას გვთხოვენ...
– დავუძვრები როგორმე, – ჰარის ხმა აუკანკალდა. უკვე პოლიციის სამი ავტომობილი მოსდევდა.
როცა ხელებზე ბორკილებს ადებდნენ, ჰარიმ ერთ-ერთ სამართალდამცველს ჰკითხა:
– ხომ დაგვიჭირეთ და ალბათ, ციხეში გვიკრავთ თავს. ის მაინც მითხარით, აეროპორტისკენ მიმავალ გზატკეცილს რა უყავით, წრიულიდან რატომ გაქრა? აღარც მაჩვენებელი იყო და ვერც ნავიგატორმა მოძებნა. ეს რა, სპეციალურად გააკეთეთ? იცოდით, რომ ვიღაც ბანკს გაძარცვავდა?
პოლიციელმა განცვიფრებით შეხედა დაკავებულს, ხმამაღლა გაიცინა და მხრები აიჩეჩა.
– აეროპორტისკენ მიმავალი გზატკეცილი?! არსადაც არ გამქრალა. ის ისევ იქ არის. უბრალოდ, გუშინ, ჩვენი საპატიო მოქალაქის პატივსაცემად სახელი გადაერქვა და გრიფინ-როუდი ეწოდა. კენი გრიფინით ხომ ყველა აქაური ვამაყობთ. თქვენ კი, ალბათ, ისევ აეროპორტ-როუდს ეძებდით.
რალფმა მოახერხა და ბორკილებდადებული ხელებით ჰარის კისერზე მაგრად წასცხო.
скачать dle 11.3