№48 როგორ დავიცვათ საკუთარი იღბალი სხვა ადამიანის ცუდი ზემოქმედებისგან
ადამიანმა ყველა წვრილმანს უნდა მიაქციოს ყურადღება და შეასრულოს ის ელემენტარული წესები, რაც შემდგომში წარმატებისა და იღბლიანობის გარანტი იქნება. აზრიც კი, გარკვეული ენერგიაა და ქმნის ენერგეტიკულ ფონს ჩვენ გარშემო, გარკვეული დროის შემდეგ, მატერიალურ სამყაროში რეალიზდება. ზოგი ამას ყურადღებას არ აქცევს და მხოლოდ მაშინ ხვდება, როცა შედეგს მოიმკის. ზოგადად, ადამიანისთვის აზრობრივი ენერგია, ხშირად ძალიან საშიში და დამანგრეველია. მაგალითად, როცა ერთ ადამიანს მეორის შურს, მასზე ცუდს ფიქრობს, ხშირად, ის ამით უდიდეს ზიანს აყენებს მის ენერგიას და საერთოდ, წარმატებას. ამ დროს იქმნება გარკვეული აზრობრივი ენერგეტიკა, რომელიც შურის ობიექტს პრობლემებს უქმნის.
თუ გსურთ, საკუთარმა აზრობრივმა ენერგეტიკამ წარმატება მოგიტანოთ და იღბალიც მოიზიდოთ, გაიხსენეთ, როდის იყავით ყველაზე წარმატებული, საქმე იოლად გამოგდიოდათ, ხელი გემართებოდათ. ორიენტაცია ხშირად ასეთ მომენტებზე გააკეთეთ. დახუჭეთ თვალები და დაფიქრდით, წარმოიდგინეთ, ყველაზე წარმატებული წუთები, განცდები. ასევე, ის თუ რა გეცვათ, გეკეთათ და ვინ იყო თქვენ გვერდით იმ მომენტში. ქვეცნობიერ დონეზე გამოიწვიეთ ეს შეგრძნებები ხელახლა და ამ დროს კოსმოსურ სამყაროში, თქვენი ცხოვრების წარმატების არხი გაიხსნება. ამ ემოციის ფონზე განვითარებული აზრი, აუცილებლად თქვენს სასიკეთოდ იმოქმედებს. ადამიანმა ბედნიერი დღეები უნდა გაიხსენოს და ამ ასოციაციის ფონზე გახსნას თავისი ბედნიერების არხი. რაც უფრო ხშირად გაიხსენებთ ასეთ წარმატებულ დღეებს თქვენს ცხოვრებაში, მით მეტად წარმატებული იქნებით მომავალში. აზრობრივი წარმატება, თავად ადამიანის ენერგიაზეა დამყარებული. ამ დროს ის საკუთარ ენერგიას გაიღებს და არა სხვისას. ამიტომ, სწორად დახარჯული ეს ენერგია იღბალს გწევთ და ცხოვრებაში მეტ წარმატებას მოგიტანთ.
ახალ მთვარეზე, მით უმეტეს, თუ ის შაბათს, კვირას ან ორშაბათს ემთხვევა, ვინმესთვის თუნდაც აზრის დონეზე, ცუდის სურვილი, ყველაზე სახიფათოა. ამ დროს ნებისმიერი აზრი კოლოსალურ ძალას იძენს და განსაკუთრებით ადვილია მისი ახდენა კონკრეტულ ადამიანზე. ამ დროს, კოსმოსში გააქტიურებულია როგორც კეთილი, ასევე ბოროტი ძალები და თუნდაც გაფიქრებულმა ცუდმა აზრმა, შესაძლოა, ადამიანის ცხოვრება რადიკალურად შეცვალოს. ეს ენერგეტიკულად ცუდი ფონი კი, სწორედ ახალ მთვარეზე, ორშაბათს, შაბათსა და კვირას აღწევს პიკს.
როცა ადამიანი გაღიზიანებულია, ამ მომენტში, მის ირგვლივ გაღიზიანების ენერგიით გაჯერებული ველი იქმნება და ხდება ნეგატიური ენერგიის დიდი დოზით გამოფრქვევა. ამიტომ, ასეთ ადამიანს უნდა გაეცალოთ, თუ გსურთ, რაიმე საფრთხე არ დაემუქროს თქვენს ენერგეტიკას, წარმატებასა და იღბალს. საერთოდ, ოპტიმისტი ადამიანები აზრის დონეზეც კი, ძალიან წარმატებულები არიან.
დეპრესიული ადამიანები კი, თვითონვე იქმნიან უარყოფითი ენერგიის ველს გარშემო და სხვის წარმატებასაც საფრთხეს უქმნიან. თუ დეპრესიული ადამიანის გარემოცვაში მოგიწიათ ყოფნა, მისი ასოციაციები და ემოციები თქვენ ირგვლივ შექმნის უარყოფით ენერგეტიკას. ეს კი, ცხადია, თქვენ დაგაზარალებთ.