№48 რა ნივთები გაუგზავნა სტალინმა ერთ-ერთი ამერიკული გამოცემის რედაქციას
მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ, საბჭოთა კავშირი და ანტიჰიტლერული კოალიციის წევრები – ამერიკის შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი, ერთხანს კიდევ რჩებოდნენ მეგობრებად. თუმცა, მას მერე, რაც დასავლეთმა „ცივი ომი“ გამოაცხადა, მთელი მათი პრესა ანტისაბჭოური პუბლიკაციებით აივსო. ძირითადი და ფაქტობრივად, ერთადერთი იერიში სტალინზე მიჰქონდათ და საბჭოთა ბელადზე მრავალ ინსინუაციას ბეჭდავდნენ. ზოგზე სტალინი მკვეთრად რეაგირებდა, ზოგს ზომიერად პასუხობდა, ზოგზეც კი საერთოდ არ ჰქონდა რეაქცია, მხოლოდ ულვაშებში ეღიმებოდა.
ერთხელ, ამერიკის შეერთებული შტატების ერთ ფერად, ილუსტრირებულ გამოცემაში სტალინზე ცილისმწამებლური პუბლიკაცია დაბეჭდეს და ზედ კარიკატურაც დაურთეს. საბჭოთა ბელადი ქართულ ჩოხაში იყო გამოწყობილი. ხელში ხანჯალი ეჭირა და კბილები ჰქონდა დაკრეჭილი. კარიკატურას კი ეწერა – სტალინი ველური ქართველიო. მოლოტოვი იმ პერიოდში საგარეო საქმეთა მინისტრი გახლდათ და მის უწყებას ევალებოდა მსგავსი პუბლიკაციების სტალინთან მიტანა. მოლოტოვი იხსენებდა: „კარგა ხანს ვერ ვბედავდი ამ საზიზღრობის სტალინთან შეტანას. თუმცა, მევალებოდა და ამ ილუსტრირებული ჟურნალით მას კაბინეტში ვეწვიე. ჟურნალი შეფუთული მქონდა.
– აბა, რით გამახარებ, ვიაჩესლავ მიხაილოვიჩ, – მითხრა სტალინმა, როდესაც ხვეული დაინახა, – გეტყობა, აქ მოსვლისას ფეხები უკან გრჩებოდა. ისევ რაიმე სისულელე დაბეჭდეს ჩემზე?
– მეტიც – საზიზღრობა, – მივუგე სტალინს.
– მომეცი, ერთი, ეგ საზიზღრობა, – გაეცინა სტალინს. ხვეული გამომართვა, გახსნა და ჟურნალის ყდაზე კარიკატურას მოჰკრა თვალი მსხვილშრიფტიანი წარწერით.
– სისულელეა, – ამოვილუღლუღე და ჩამოვჯექი.
სტალინი ყურადღებით, უხმოდ შეუდგა პუბლიკაციის კითხვას, რომელიც ოთხგვერდიანი იყო. მე ის ზეპირად ვიცოდი. მასში სტალინის შესახებ ეწერა, რომ წარმოშობით ველური ქვეყნიდან იყო, სადაც ადამიანებს დღემდე აჭრიდნენ თავებს ხანჯლით და რომ საბჭოთა ბელადის სისასტიკე მისი ერის წიაღიდან მომდინარეობდა. ეს პუბლიკაცია სტალინამდე ბერიას გავაცანი და ლავრენტი პავლოვიჩი ისე აღშფოთდა, რომ კბილებში გამოსცრა: ამ ცილისწამების ავტორს და მთელ რედაქციას მიწასთან გავასწორებინებ ჩემს „გალავარეზებს“ და სისასტიკეს ვუჩვენებო.
სტალინმა რომ კითხვა დაასრულა, ჩიბუხი გააბოლა და მითხრა:
– სამწუხაროა, რომ ამ ინდიელების მკვლელ კოლონიზატორებს ასეთი ცუდი წარმოდგენა აქვთ უძველესი ცივილიზაციის ქვეყანაზე და უნდა გავანათლოთ.
– რას აპირებ, კობა?
– ამ ველურების განათლებას, – მოკლედ მომიჭრა სტალინმა. მეტი არაფერი მიკითხავს და წამოვედი.
სტალინი, მართალია, თავშეკავებული იყო, მაგრამ შევატყვე, რომ ეწყინა და ვფიქროდი, – ალბათ, ბერიას დაავალებს. „ველური ამერიკელების განათლებას-მეთქი“. ეს კი შურისძიებას ნიშნავდა და გაბრაზებული ბერია მართლაც უსასტიკესად აამოქმედებდა თავის „გალავარეზებს“. თუმცა, მოვლენები სხვაგვარად განვითარდა“.
სტალინს ბერიასთვის არაფერი დაუვალებია ამ პუბლიკაციის თაობაზე. ბელადმა საქართველოს „ცეკას“ პირველ მდივანს, კანდიდ ჩარკვიანს თბილისში დაურეკა და უთხრა:
– ათი დღის ვადაში თქვენს საუკეთესო ფოტოგრაფებს ორასამდე ფერადი სურათი უნდა გადააღებინოთ საქართველოს ულამაზეს ადგილებსა და ისტორიულ ძეგლებზე. ისტორიკოსებს კი ორმოცდაათგვერდიანი ნაშრომი უნდა შეადგენინოთ პოპულარულ ენაზე, საქართველოს დიდებულ ისტორიასა და გამოჩენილ ადამიანებზე. ამ ყველაფერს პირადად ჩამომიტანთ კრემლში. თორმეტი დღის შემდეგ გელოდებით.
კანდიდ ჩარკვიანმა ბრწყინვალედ შეასრულა ბელადის დავალება და დანიშნულ დროს სურათები და ნაშრომი ჩაუტანა. თან, მუზეუმიდან წამოღებული 300 წლის წინანდელი ღვინის ფიალა და ხმალიც. მოლოტოვი იხსენებდა: „კანდიდ ნესტოროვიჩი რომ სტალინთან მოვიდა, კაბინეტში მეც ვიმყოფებოდი, რადგან მან (სტალინმა) სპეციალურად გამომიძახა. ხელის ჩამორთმევისა და მისალმება-მოკითხვის შემდეგ, სტალინმა გულდასმით დაათვალიერა ჩამოტანილი ნივთები. შემდეგ მორიგე ოფიცერს „ხვანჭკარა” და ჭიქები მოატანინა. თავადვე ჩამოასხა. ჭიქა ასწია და თქვა:
– საქართველოს გაუმარჯოს! ქვეყანას, სადაც მტერს მტრულად ხვდებიან, მოყვარეს კი – მოყვრულად.
– თქვენ გაგიმარჯოთ, ამხანაგო სტალინ! – თქვა ჭიქააწეულმა ჩარკვიანმა.
სტალინმა კანდიდ ნესტოროვიჩი შეაჩერა და უთხრა:
– მე კი არა, საქართველოს.
– საქართველოს გაუმარჯოს! – თქვა ჩარკვიანმა და დალია.
იგივე გავიმეორე მეც. სტალინი დაახლოებით ერთი საათი ესაუბრა თბილისელ სტუმარს და დაემშვიდობა. ამ საუბრის დროს სტალინი საქართველოზე ელაპარაკებოდა ჩარკვიანს და სიტყვაც არ დაუძრავს მის მიერ ჩამოტანილ ნივთებზე. ასე რომ, ჩარკვიანი ვერ მიხვდა, თუ რაში იყო საქმე. მე კი დაახლოებით ვხვდებოდი სტალინის ჩანაფიქრს“.
ბელადის ჩანაფიქრი კი შემდეგში მდგომარეობდა, – სტალინმა პირადად შეარჩია ასი ფერადი ფოტოსურათი და ისტორიული ნარკვევი საქართველოზე. ინგლისურად ათარგმნინა. შემდეგ გამომცემლობა „დრუჟბა ნაროდოვის“ დირექტორი, პროფესორი არკადი ზიმინი კრემლში დაიბარა. ზიმინი იხსენებდა: „სტალინმა რომ დამირეკა და თავისთან დამიბარა, ცოტა არ იყოს, შევშინდი. რომ მივედი, გულთბილად მიმიღო და მითხრა:
– არკადი მოისეევიჩ, მე თქვენ ახლა გამზადებულ მასალებს გადმოგცემთ და ერთ კვირაში უმაღლეს პოლიგრაფიულ დონეზე გამოცემული ფერადი წიგნი უნდა დამიბეჭდოთ ორ ეგზემპლარად. შეძლებთ?
– შევძლებ, – მივუგე სტალინს.
წიგნი შეპირებულ დროს დავბეჭდეთ ორ ცალად და სტალინს პირადად მივუტანე კრემლში“.
სამბჭოთა ბელადმა, წიგნის ერთი ეგზემპლარი თავის ბიბლიოთეკაში მოათავსა, სადაც ის დღემდე ინახება. მეორე კი, ღვინის ფიალასა და ხმალთან ერთად, ამერიკულ გამოცემას გაუგზავნა, თან ბარათი დაურთო, რომელშიც ეწერა: „ეს წიგნი საქართველოზეა, რომელსაც ველური უწოდეთ. ეს ნივთები კი საქართველოდანაა, რომლებიც თქვენს სახელმწიფოზე ორჯერ ხანდაზმულია. საქართველო კი ის ქვეყანაა, სადაც მოყვარეს ღვინით, ხელგაშლილად ხვდებიან, მტერს კი ასეთი ხმლებით აჭრიან თავსო“.
საგულისხმოა, რომ სტალინის ბარათიც, ნივთების ფოტოსურათებიც და წიგნის შინაარსიც გამოაქვეყნა ამ ჟურნალმა, რომლის ტირაჟმაც ამის შემდეგ მნიშვნელოვნად მოიმატა.