№48 მოძღვარი გვირჩევს
კითხვა: მაფიქრებს ის გარემოება, რომ ბავშვობიდან, შესაძლოა, მაქვს ჩადენილი ისეთი ცოდვები, რაც არ მახსოვს და შესაბამისად, ვერ ვინანიებ. რა ვუყო ასეთ ცოდვებს?
პასუხი: ამისთვის საჭიროა, მოვიძიოთ საგანგებო საღვთისმეტყველო გამოცემები ცოდვების ზედმიწევნით, სრული ჩამონათვალით და გულისყურით გადავხედოთ. ასე შეგვიძლია, გავიხსენოთ ცოდვები. გარდა ამისა, უნდა ვთხოვოთ უფალს, აგვიხილოს თვალი ყველა ცოდვაზე, რომელსაც ჩვენი უძლური ბუნების გამო ვივიწყებთ.
კითხვა: გვესაუბრეთ შობის მარხვის შესახებ.
პასუხი: შობის მარხვა 40-დღიანია. ის უძრავია და ერთ-ერთია იმ ოთხ მარხვას შორის, რომლებიც დაწესებულია ყოველი წლის განმავლობაში. შობის მარხვა ყოველთვის იწყება 28 ნოემბერს (ან 27-ში, თუ ოთხშაბათი ან პარასკევი დაემთხვა) და ხსნილდება 7 იანვარს – შობის დღესასწაულზე. 25 დეკემბრამდე შობის მარხვა ხსნილია თევზით (ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა), ასევე, პატრიარქის კურთხევით, თევზით, ხსნილი არის ხოლმე 1 იანვარი (ახალი წელი).
კითხვა: ათი მცნებიდან მესამე მცნება გვმოძღვრავს: „არა მოიღო სახელი უფლისა ღვთისა შენისა ამაოსა ზედა“. თუ შეიძლება, განგვიმარტეთ, რას გულისხმობს ის?
პასუხი: მესამე მცნებას არღვევს ადამიანი, როდესაც გმობს უფალს, ან უკადრის გამონათქვამებს იყენებს უფლის მისამართით: წუწუნებს ღმერთის მიმართ, ეჭვი შეაქვს მის სამართლიანობაში; მკრეხელობს – საღვთო ქმედებებზე ხუმრობს და ლაზღანდარობის თემად აქცევს; უყურადღებოა ლოცვის დროს; არღვევს აღთქმას, რომელიც უფალს მისცა; უაზროდ ახსენებს ღმერთის სახელს ჩვეულებრივ ყოფით საუბრებსა და ურთიერთობებში.
კითხვა: ხშირად გვინახავს სამძიმარზე მისულებს, როგორ კითხულობენ გარდაცვლილის ახლობლები მისთვის „ფსალმუნებს“. ყოველთვის და ყველასთვის შეიძლება „ფსალმუნების“ წაკითხვა?
პასუხი: „ფსალმუნების“ კითხვა გარდაცვლილთათვის ძალზე კეთილი საქმეა. მაგრამ ყველასთვის მისი წაკითხვა არ შეიძლება. კერძოდ: თვითმკვლელებისთვის, ურწმუნოთათვის, მოუნათლავთათვის და სხვა სარწმუნოების პირებისთვის.
კითხვა: სახლში ვიპოვეთ ოჯახზე გაკეთებული ჯადო. გვირჩევენ, ნათელმხილველთან მისვლას, მაგრამ თავს ვიკავებთ. როგორ მოვიქცეთ?
პასუხი: „ნათელმხილველთან“ მისვლით თქვენს მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებთ. ყველა „ნათელმხილველი“ (თეთრი თუ შავი მაგიის მიმდევარი) ბნელი ძალების მსახურია. აქედან გამომდინარე, თუ თქვენი ოჯახის გადარჩენა გინდათ, მიმართეთ ეკლესიას, სადაც არის ხსნა და ადამიანის სულის ცხონება. მოძღვარი წაგიკითხავთ სპეციალურ ლოცვას. ეკლესიური ცხოვრება კი აგაცილებთ ჯადოთი გამოწვეული დამანგრეველი ძალის მოქმედებას.
კითხვა: როგორ მოვთოკო თავი, როდესაც სუფრასთან ვზივარ და იქ არსებული ნაირფერი საჭმელ-სასმელი გემოთმოყვარეობისკენ მიბიძგებს?
პასუხი: ასეთ დროს გაიხსენეთ თქვენი ცოდვები და გემოთმოყვარეობის ვნება დაგტოვებთ.