№48 რატომ აგინა და გაექცა რეზო ჩხეიძეს რუსი პილოტი „ჯარისკაცის მამის“ გადაღებებზე და როგორ ჩაიშალა ეპიზოდები ფილმიდან
„ფილმის გადაღება მთელი ეპოპეაა“ – წერს თავის მოგონებებში რეზო ჩხეიძე. ხშირად გვსმენია, ალბათ, ასეთი ფრაზა: ბატონ რეზოს სხვა რომ არაფერი გადაეღო, მისი გენიალურობის ხაზგასასმელად, მხოლოდ „ჯარისკაცის მამაც“ საკმარისი იქებოდაო. რეზო ჩხეიძის 1964 წელს გადაღებული ფილმი 2012 წელს ამერიკულ-ბელგიურმა კომპანიამ გააფერადა, რომლის იდეასაც, თურმე რეჟისორი უნდობლად უყურებდა. არ მჯეროდა, რომ გაფერადებით რამეს მოვიგებდით. პირიქით, დარწმუნებული ვიყავი, რომ წააგებდაო. ამიტომ, ის ფილმის გაფერადების პროცესს თავად ხელმძღვანელობდა. მოითხოვდა, რომ მშვიდი, ტონალური ფერები გამოეყენებინათ. მხატვრებიც თითოეულ კადრს ხატავდნენ და მოსკოვში უგზავნიდნენ მას. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ მასში მოთხრობილია ამ ფილმის სცენარისტის, სულიკო ჟღენტის ცხოვრების ერთი ამბავი. როგორ იძერწებოდა კახელი კაცის სახე, რომელმაც მთელი საბჭოთა კავშირი ერთნაირად აატირა, რეზო ჩხეიძის დღიურებიდან შეიტყობთ. მეც გადაგიშლით ფურცლებს ამ ერთი ფილმის კადრებისა, რადგან ის ბევრი ძალიან საინტერესო და საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი, პატარა საიდუმლოებებითაა მოცული.
შეხვედრა მეგობართან და ტრამვაიში წაკითხული რვაგვერდიანი სცენარი
„მე და სულიკო დიდი ხნის მეგობრები ვიყავით. აქ, ერთ პერიოდში დავამთავრეთ სწავლა. მოსკოვშიც ერთად ვსწავლობდით – ის სასცენარო ფაკულტეტზე, მე სარეჟისოროზე. ინსტიტუტის დასრულების შემდეგ თბილისში დავბრუნდით... დიდი სამამულო ომი ჰქონდა გამოვლილი და ყოველთვის საინტერესო ამბებს გვიყვებოდა. დიდად უცნაური კაცი იყო სულიკო. ჩვენ რომ მოსკოვში ჩემოდნებით
დატვირთული მივდიოდით, იმას გაზეთში ჰქონდა გახვეული ერთი პერანგი, ამოიჩრიდა იღლიაში და ისე მიდიოდა... იმ დღესაც ასე იყო, უცნაურად ჰქონდა ამოჩრილი იღლიაში დახვეული ქაღალდები, ასე 7-8 გვერდი იქნებოდა. ბათუმში მიდიოდა... ვისაუბრეთ, მერე მითხრა, უნდა წავიდე, მატარებელზე მაგვიანდება და შენ, თუ ძმა ხარ, ეს წაიკითხე, სანამ ჩამოვალო. იღლიიდან დახვეული ქაღალდი გამოიღო და მომაწოდა. ვკითხე რა არის-მეთქი. რაღაც პატარა სცენარია და მინდა, ნახოო. გამოვართვი. ლიბრეტო იყო. ის წავიდა. მეც. მაშინ „ზღვის ბილიკზე“ ვმუშაობდი. დილით ადრე მეწყებოდა გადაღებები და ვიფიქრე, ამას გზაში წავიკითხავ და სახლში გამოვიძინებ, რომ დილით გადაღებებზე არ დავიგვიანო-მეთქი. მახსოვს, ტრამვაის ველოდებოდი. მოვიდა, მეც ჩავჯექი და დავიწყე კითხვა. პირველი გვერდი ჩავამთავრე. ვხედავ, რაღაც ძალიან საინტერესოა, სწრაფადვე ჩავიკითხე მეორეც, მესამეც... ბოლომდე ჩავედი და ძალიან კმაყოფილი დავრჩი. მაშინვე წარმოვიდგინე, რა არაჩვეულებრივი სურათის გაკეთება შეიძლებოდა ამისგან, მიუხედავად იმისა, რომ შვიდი, თუ რვა გვერდი იყო... ერთი გადაკითხვითვე წარმოვიდგინე ფილმის მთავარი გმირი. აუცილებლად სერგო ზაქარიაძეს უნდა ეთამაშა. სხვა ვარიანტი თითქმის შეუძლებელი იყო. ვიფიქრე, ხვალ დილას როგორც კი სტუდიაში მივალ, სერგოს მოვუყვები-მეთქი. ასეც მოვიქეცი, ის „ზღვის ბილიკში“ ასრულებდა მთავარ როლს. ამ დროს საგრიმიოროში მეგულებოდა და მეც იქითკენ გავეშურე. სარკესთან იჯდა. გრიმს უკეთებდნენ… ბატონო სერგო, გამარჯობა. იმან ერთი გამომხედა, გამარჯობაო, მითხრა და გრიმიორთან საუბარი გააგრძელა. ბატონო სერგო, მინდა, ერთი კაი ამბავი გითხრათ, ვეუბნები და თვალს არ ვაცილებ – ჰოო? ისევ ისე გამომხედა სასხვათაშორისოდ. გრიმს ისწორებდა თვალებზე, შემდეგ ყურებზე... მე გავაგრძელე მოყოლა, ბატონო სერგო, გუშინ საღამოს სულიკო ჟღენტმა პატარა სცენარი გადმომცა, ძალიან საინტერესოა. ხოო? არც გამოუხედავს, ისე მითხრა. დავჯექი და ნელ-ნელა ვუყვები სიუჟეტს. იქამდე მივედი, გიორგი რომ ჰოსპიტალში მიაკითხავს შვილს. მერე, ნახა შვილი? – მეკითხება უინტერესოდ. ვერა, ვერ ნახა შვილი, ბატონო სერგო-მეთქი. გამომხედა, მერე ესაა მთელი სცენარიო? არა, სცენარი ახლა იწყება, ფაქტობრივად, ვუთხარი და გავაგრძელე... მთელი ემოციებით ვუყვები... ისიც ნელ-ნელა ერთვება, მაგრამ ვხედავ, ჯერ კიდევ არაა როლში შესული. ვცდილობ, უკეთ დავუხატო, რაც ხდება... ბოლოს მიადგა ბერლინს და იქ, ერთ დანგრეულ შენობაში სროლების შუალედში, უცებ ქართული სიმღერა შემოესმა-მეთქი... ვინ იყო, ბოშო, ვინ მღეროდა? – მეკითხება, ათრთოლებული ხმით. თურმე მისი შვილი, გოდერძი მღეროდა. მისი ხმა ამოიცნო. ახლა გრიმიორსაც დაანება თავი და მომიტრიალდა: მერე? მერე რა ხდება? მერე გერმანელები არღვევენ პირობას, სროლა და სასტიკი ომი იწყება. შვილო! – ეძახის მამა ყოველი შეტევის შემდეგ, შვილი იქიდან პასუხობს... ბოლო დაძახებაზე, ხმა არავის ამოუღია, სიჩუმეა და მხოლოდ ყუმბარებს ისვრიან. მამა გრძნობს, რომ რაღაც ხდება... მერეე? – მოემზადა ტირილისთვის სერგო, ადვილად ტიროდა ძალიან... მერე ზემოთ გავარდება, სხვა ჯარისკაცებიც მისდევენ. მაღლა ადის, იქ სადაც თავისი შვილი ეგულება. ე, ბოშო, მითხარი, ნახა შვილი თუ არა? – მეკითხება სერგო და უკვე ღაპაღუპით ჩამოსდის ცრემლები. მითხარი, რა ქნა მერე? – რა ქნა და შვილი დაჭრილი იპოვა, ბატონო სერგო, ხელში შემოაკვდა მამას. იქვე დაიტირა-მეთქი. ტირის სერგოც - ოჰ, ამოიოხრა და მკითხა: ეს ამბავი მე
რატომ მომიყევიო. იმიტომ, რომ თქვენ უნდა ითამაშოთ ეს როლი-მეთქი. ისევ ატირდა, – ნუთუ ასეთი ბედნიერი ვიქნებიო. შემდეგ მკითხა, სცენარი როდის იქნებოდა მზად. ვუთხარი, სულიკო ჩამოდის ერთ კვირაში ბათუმიდან და შევუდგებით მუშაობას-მეთქი. ღმერთო, ნეტაი, ეს აღსრულდებოდესო, – ჩაილაპარაკა თავისთვის. (წყარო:For,ge) მე და სულიკო სცენარის დამუშავებას შევუდექით. ყველაფერი ნორმალურად მიდიოდა, მაგრამ ბევრი მოწინააღმდეგე გვყავდა. მათ ეტყობა, არ ესმოდათ, რის გადაღებას ვაპირებდით. მაშინდელი, სამამულო ომზე შექმნილი რუსული ფილმები ჰქონდათ წარმოდგენილი, სადაც საბჭოთა გმირები იყვნენ მთავარ როლებში... მთავარ როლზე სპარტაკ ბაღაშვილი შემომთავაზეს, ალბათ, იფიქრეს, რომ გმირს ჰგავდა. ჩვენ გაგვეცინა. სპარტაკი ძალიან მიყვარს, გენიალური მსახიობია და „არსენაში“ შეუდარებელი იყო, მაგრამ ამ როლთან საერთო არაფერი ჰქონდა. თუ, მაინცდამაინც გამიჭირდებოდა, ამ როლზე კაკო კვანტალიანს დავუძახებდი. მისგან შვეიკის გაკეთება მაინც შეიძლებოდა... (იაროსლავ ჰაშეკის ნაწარმოების პერსონაჟი „ყოჩაღი ჯარისკაცი შვეიკი“ – ავტორი) ბოლოს, როგორც იტყვიან, სამართალმა პური ჭამა და როლზე სერგო ზაქარიაძე დაამტკიცეს. სცენარის დამტკიცებას ძალიან რთული ისტორიები, კონფლიქტები მოჰყვა.“
პატარა საიდუმლოებები – გამოწეული ყურები და დაკერებული ფეხსაცმელები
ფილმის მთავარ გმირს, გიორგი მახარაშვილს თუ დააკვირდებით, ყურები ცოტა გამოწეული აქვს. ეს ფილმში დიდი დოზით ჩადებული საიდუმლოებებიდან ერთ-ერთია. როგორც რეჟისორმა გვითხრა: „იმისთვის, რომ გიორგი დამეხატა, როგორც ხანშიშესული კახელი გლეხი, რომელსაც ყველაფერი აინტერესებს, ყურებს უკან სპეციალუად ვუკეთებდით „გუბკას”, რომ გამოწეული ჰქონოდა. ამით ხაზს ვუსვამდით, რომ ის ძალიან ინტერესიანი კაცია“. ქალამნებზე კი, მისი ნაბიჯები უფრო მყარი რომ ყოფილიყო, მეწაღეს ფეხსაცმლის ფორმის სქელ ძირს აკერებინებდნენ. სერგო ისედაც მაგრად დადიოდა ცხოვრებაშიც, ამით კიდევ უფრო იგრძნობა, რომ ეს კაცი კი არ დაღოღავს, არამედ მყარად დადის დედამიწაზე.
ფილმში არშესული ეპიზოდის ყველაზე გავრცელებული კადრი
ალბათ, ყველას გაქვთ ნანახი, ფილმის მთავარი აფიშა. პლაკატი, სადაც წითელ ფონზეა გამოსახული მთავარი გმირი, რომელიც იარაღით ხელში გამორბის. ძალიან შთამბეჭდავი და გავრცელებული კადრია. თუ კარგად დააკვირდებით, დაინახავთ, რომ ეს კადრი ფილმში საერთოდ არ არის. ის სპეციალურად, რეკლამისთვისაც არ გადაუღიათ. ეს კადრი, ერთ-ერთი, ჩაშლილი ეპიზოდიდანაა. გაინტერესებთ, როგორი იყო ეპიზოდი და რატომ ჩაიშალა? „ასეთი სცენა უნდა გადაგვეღო. ტრიალ მინდორზე ტანკი მოდის, მინდვრის ბოლოში ტყეა, მინდვრის თავში კი მახარაშვილი, რომელიც შეამჩნევს ამ ტანკს და მისკენ გარბის. მისთვის ტანკი შვილთან ასოცირდება, ფიქრობს, რომ შეიძლება, იქ იჯდეს გოდერძი. ამ დროს გამოჩნდება გერმანული თვითმფრინავი, რომელიც ამ ტანკის თავზე დაფრინავს და ისვრის. გიორგი მახარაშილი ამას რომ დაინახავს, გაეკიდება, თან ყვირის: გოდერძი, შვილო, გოდერძი!.. უძახის, ამხნევებს: აბა, შენ იცი, შვილო, თვითმფრინავია, ტყეში შეასწარი. ტყვიებს ესვრის თვითმფრინავს და მირბის. ამ დროს ტანკი ტყეში შედის. ეს მიწაზე დაღლილი დაეგდება და უხარია, გადარჩაო. ამ სცენის გადასაღებად საჭირო იყო სამამულო ომის პერიოდის გერმანული თვითმფრინავის შოვნა.“ დიდხანს ეძებდნენ, მთელი ევროპის მუზეუმები შემოიარეს, გერმანიაშიც არ იყო. მხატვრები ჰყავდათ გაგზავნილი ყველგან და როგორც იქნა, ჩეხოსლოვაკიაში მიაგნეს ერთს, რომელიც მუზეუმში ინახებოდა. ძალიან ჰგავდა იმას, რასაც ეძებდნენ. მხატვრებმა სურათები გამოაგზავნეს, რეჟისორს მოეწონა და თვითმფრინავიც
ჩამოიყვანეს. შემდეგ, რა თქმა უნდა, პილოტი მოითხოვეს. ჩამოვიდა კიდევაც, ვიღაც ახალგაზრდა ომგამოვლილი კაცი – გულზე „გეროი სავეცკოვო საიუზას“ მედალი ეკეთა. აუხსენეს, რა და როგორ უნდა გადაეღოთ და დაიწყეს. კადრში აუცილებლად უნდა ყოფილიყო აფეთქებების ხმა. გზაზე ჰქონდათ ამოთხრილი ორომოები, სადაც ასაფეთქებელი ნივთიერება იდო. იქიდან ხაზი ჰქონდათ გამოყვანილი და პიროტექნიკოსი ნიშანის მიცემისთანავე, აფეთქებდა. „აფრინდა პილოტი, გვითხრა, ჰაერში ვარ და დაიწყეთო, ძალიან მაღლა არ ყოფილა, მაგრამ, რადგან გვითხრა, მეც ვანიშნე პიროტექნიკოსს და მანაც ააფეთქა ნივთიერება, რომელიც ჰაერში აიჭრა და თვითმფრინავს ფრთა გაუხვრიტა. ამაზე გადაგვერია ეს „გეროი“. ვეუბნები: „შას დავაიტე ეშიო რაზ-მეთქი“. შემომხედა და გაბრაზებული მპასუხობს „და პაშლიტე ვი ნა ...“ – მე ამას ვერ გავაკეთებ სახელმწიფო საკუთრებას ვერ გავაჩანაგებო. ადგა და წავიდა. დავრჩით ამ ეპიზოდის გარეშე. გადაღებების უკანასკნელი დღე იყო. ჩვენ წამოვედით, ეს კადრი კი კარგ რეკლამად იქცა და დღემდე შემოგვრჩა“, – იხსენებს რეჟისორი.
ჩაბარება
ფილმის გადაღება 1965 წელს დასრულდა. მაშინ ამას სურათის ჩაბარება ერქვა... თუ ფილმს დეკემბერში არ ჩაიტანდნენ, მაშინ მთელი საბჭოთა კავშირის კინოგეგმა ვარდებოდა... მოემზადნენ და 31-ში დანიშნულების ადგილას იყვნენ. არასამუშაო დღე იყო და სამინისტროში ფილმის ჩაბარებაზე მხოლოდ კინემატოგრაფიის მინისტრი, რომანოვი და მისი მეუღლე მივიდნენ... დამთავრდა სურათი და რომანოვი წამოვიდა ჩემკენ. მეუბნება: „ზნაიტე ჩტო, ია ვამ სკაჟუ, ეტუ კარტინუ სავეცკი ნაროდ ნე ბუდეტ სმატრეტ“, – „პაჩემუ, ტავარიშ რომანოვ, ჩტო ვი ნაშლი ტაკოვა?“ – ვეკითხები და მპასუხობს:
რომ მახარაშვილი არის ჯარისკაცი, რომელიც კლავს საბჭოთა არმიის ოფიცერს. ამის უფლება კი საბჭოთა არმიაში არ აქვთ. ამიტომ, მე ვერ გავუწევ აგიტაციას იმას, რაც საბჭოთა კავშირისთვის მიუღებელია. თქვენზე პასუხს ვერ ვაგებო... რა უნდა მეთქვა, - მინისტრია. ვატყობდი, რომ სისულელეს მეუბნებოდა, მაგრამ დავა არ დამიწყია. ძალიან მოულოდნელი იყო ჩემთვის. სახლში წავედი, დავწექი, არ ვიცოდი, რა მექნა. თბილისში რომ დამერეკა და მეთქვა, არ მიიღეს სურათი-მეთქი, სტუდიაშიც გადაირეოდნენ და ოჯახშიც. გადავწყვიტე, დროებით თავი შემეკავებინა. ერთი კვირა გავიდა, დაახლოებით და დამირეკეს. დამიბარეს ფილმის ჩვენებაზე, რომლისთვისაც „პოლიტიჩესკაია პრავიტელსტვა სავეცკოი არმიის“ უნდა ეყურებინა. ეს ძალიან საშიში ორგანიზმი იყო, დაახლოებით „კაგებე.” სხვა რა გზა გვქონდა, მივედით მე და ჩემი ხმის ოპერატორი... დასხდნენ და დავიწყეთ ჩვენება. ყველა ინტერესით ადევნებდა თვალს, სასაცილო მომენტებში იცინოდნენ. მერე ერთი მოტრიალდა და ჟესტებით გვანიშნებდა, რომ მოსწონდა... ბოლოს ძალიან ჩაერთვნენ და გამხიარულდნენ. ფილმი რომ დასრულდა, უფროსი გვეკითხება: რატომ არ მიიღო თქვენმა მინისტრმა ეს ფილმი? რა უნდოდა მას თქვენგანო? ვუპასუხეთ: „მას მიაჩნია, რომ ეს ფილმი კანონს არღვევს და არ შეიძლება, ჯარისკაცი საბჭოთა არმიის ოფიცერს კლავდეს“. ჩაიცინა, როგორც ჩანს, თქვენმა მინისტრმა ვერაფერი გაიგოო. „ეტა ნე სალდატ, ეტა ატეც სოლდატა, ი კარტინა ტაკ ი ნაზივაეტსია – „ატეც სალდატა“. პირიქით, ჩვენ ძალიან მოგვეწონა ეს ფილმი და გპირდებით, მას მთელი საბჭოთა კავშირი ნახავს. გილოცავთ გამარჯვებას და წარმატებებს გისურვებთო.“