№48 15 წლის ბექა ზამთარაძის ლექსები იტალიურ-ქართულ ანთოლოგიაში მოხვდა
15 წლის ბექა ზამთარაზე მრავალმხრივი ნიჭითა და ინტერესით გამოირჩევა და არაერთი საერთაშორისო ოლიმპიადის, კონკურსის, კონფერენციის, პროექტისა და ტურნირის გამარჯვებულია. ადრეული ასაკიდან დაიწყო ლექსების, ზღაპრებისა და ჩანახატების წერა და დღეს მის შემოქმედებაზე დადგმული პერფორმანსები მაყურებლის აღფრთოვანებას იწვევს.
ბექა ზამთარაძე: წერა ძალიან პატარა ასაკიდან დავიწყე. დაახლოებით, 4 წლის ვიქნებოდი, როცა სხვადასხვა დღესასწაულთან დაკავშირებით, დედაჩემს წერილებს ვუწერდი. ჩემი სათქმელის პოეტურად გადმოცემას ვცდილობდი. პირველი, ყველაზე დიდი აპლოდისმენტები 5 წლის ასაკში, თეატრალური სარდაფის სცენაზე დავიმსახურე, სადაც ვაჟა-ფშაველას „არწივი” ჩემებური ინტერპრეტაციით წავიკითხე. ბევრი ჰობი მაქვს, მათ შორისაა, კითხვა. როგორც დედაჩემი ამბობს, ყოველთვის ჩემი ასაკისთვის შეუფერებელ ლიტერატურას ვკითხულობდი. მაგალითად, 9 წლისამ, წავიკითხე აბო თბილელი. იშვიათად მაქვს თავისუფალი დრო, რომელსაც მეგობრებთან ერთად, სხვადასხვა თემაზე საუბარში ვატარებ.
– წერის გარდა, რა ინტერესები გაქვს?
– სასკოლო საგნებიდან განსაკუთრებით მაინტერესებს ფიზიკა, ისტორია და გეოგრაფია. ძალიან დამაინტერესა ფსიქოლოგიამ და დავდივარ ფსიქოლოგიის წრეზე. გარდა ამისა, ვარ მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ბავშვთა საერთაშორისო ურთიერთობათა კაბინეტის წევრი, სადაც შევისწავლი სხვადასხვა ქვეყნების კულტურასა და ისტორიას. კარგად ვფლობ ინგლისურსა და რუსულს. ჩემი რამდენიმე ლექსი უკვე ვთარგმნე ინგლისურ ენაზე. რუსულადაც მაქვს დაწერილი რამდენიმე ჩანახატი. ვაპირებ გერმანულისა და ფრანგულის შესწავლას. პარალელურად, დაკავებული ვარ სპორტით, სარაგბო გუნდ „თბილისში” ვთამაშობ.
– შენი ნაწარმოებების მიხედვით გაიმართა ლიტერატურული პერფორმანსი, რამაც უცხოელი დამსწრე საზოგადოების აღფრთოვანება გამოიწვია. ძირითადად, რა თემატიკაზეა შენი შემოქმედება?
– 17 ნოემბერს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში ჩემი შემოქმედების მიხედვით, ჩატარდა ლიტერატურული პერფორმანსი, რომლის ერთ-ერთი ორგანიზატორი და წამყვანი მე გახლდით. ბევრი უცხოელი სტუმარი გვესწრებოდა, მათ შორის, იყვნენ სხვადასხვა ქვეყნის საელჩოებიდან. საღამოს თემატიკა, ძირითადად, პატრიოტული იყო და ჩვენი ქვეყნის უკეთ წარმოჩენას ემსახურებოდა, საუბარი მიდიოდა როგორც ქართულ, ასევე ფრანგულ, იტალიურ და ინგლისურ ენებზე. სტუმრები ძალიან კმაყოფილები დარჩნენ და ბევრი კარგი შეფასება იყო მათი მხრიდან. ძირითადად, პატრიოტულ, ლირიკულ და სასიყვარულო თემატიკაზე ვწერ, გააჩნია ხასიათს. ძალიან მიყვარს ჩემი სამშობლო და პატრიოტული თემა მაინც ჭარბობს. ჩემი ლექსები ითარგმნა იტალიურად და შესულია იტალიურ-ქართულ ანთოლოგიაში, სადაც მე ვარ ერთადერთი პატარა ავტორი და მხოლოდ ჩემია პატრიოტული ლირიკა.
– სკოლაში ცოტა ხნის წინ შემთხვევით გაიგეს, რომ წერ. რატომ არ ასაჯაროებ შენს შემოქმედებას, თუნდაც სოციალური ქსელებით?
– არ მიყვარს საკუთარ თავზე ლაპარაკი და არასდროს ვტრაბახობ ჩემი შემოქმედებით. ბევრმა არ იცის, რომ ვწერ. შემთხვევით გაიგო ჩემმა დამრიგებელმა, შემდეგ დირექტორმა და ახლა 29 და 36-ე სკოლებიც აპირებენ ჩემი ლექსებისა და ზღაპრების მიხედვით, პერფორმანსის დადგმას. ჩემს ლექსზე მუსიკის მასწავლებელი სიმღერის დაწერასაც აპირებს. სოციალურ ქსელში, ძირითადად, დედაჩემი აზიარებს ჩემს ლექსებს. მე არ მიყვარს აფიშირება.
– შენი ზღაპრები თანამედროვე თემატიკაზეა. რით ცდილობ ბავშვების დაინტერესებას?
– პირველი ზღაპარი – „აპოკალიფსი” მეორედ მოსვლაზეა, როცა ყველაფერი თავდაყირა დგება და პატარა ბიჭები წავლენ ღმერთის საძებნელად, იმისთვის რომ, ადამიანებისთვის მეორე შანსი სთხოვონ. ჩემს ზღაპრებში ხშირად იმოგზაურებთ მაგალითად, კოსმოსში. ვფიქრობ, ზღაპრების გათანამედროვება ცუდი იდეა არ არის.