კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№48 რატომ უფასურდება ლარი საფუძვლიანი ობიექტური მიზეზების არარსებობის შემთხვევაშიც და რა უნდა გაითვალისწინონ მოქალაქეებმა ვალუტის კურსის მკვეთრი რყევისას

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

ეკონომისტები თანხმდებიან, რომ ლარის ასე უღმერთოდ გაუფასურების არანაირი ობიექტური საფუძველი არ არსებობს: ტურისტების რაოდენობაც გაზრდილია და ფულადი გადმორიცხვებისაც (რაც ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოდინების წყაროა და, წესითა და რიგით, სწორედ ეროვნული ვალუტის გამყარებას თუ უწყობს ხელს), ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებიც დამაკმაყოფილებელია, ყოველ შემთხვევაში, საერთაშორისო სავალუტო ინსტიტუტები გვაგულიანებენ მიღწევებით, მაგრამ ლარი კვლავ ქვემოთ მიექანება, რაც იმას ნიშნავს, რომ სუბიექტური ფაქტორებია წამყვანი. უფრო ზუსტად, სუბიექტები, რომლებმაც ხელის მოთბობა გადაწყვიტეს. მეორე მხრივ, ისიც ფაქტია, რომ თითოეული არჩევნების შემდეგ, მსგავსი პროცესის მოწმენი ვხდებით, რაც იმ ეჭვსაც ბადებს, რომ მავანთ არჩევნებზე დახარჯული ფულის ამოღებაც სურთ, იმას გარდა, რომ ბანკები კვლავაც თვითნებობენ. ეკონომისტ იოსებ არჩვაძესთან ერთად ვიმსჯელებთ ლარის იავარქმნით დაინტერესებულთა მოტივებზე და შევეცდებით მათ მიგნებას, რომელთა მადაც ასე არყევს ჩვენს კეთილდღეობას.
– გამოცდილებით ვიცით, რომ ფულის ერთბაშად შოვნის ალბათობა მეტია, როდესაც კურსი ნახტომისებურად იცვლება და ჩვენ გვახსოვს ეგრეთ წოდებული შავი პარასკევები. რაც ახლა ხდება, ამ ტიპის მოვლენაა თუ სხვა მეთოდია გამოყენებული?
– მყისიერი ვარდნები ყოფილა არა მარტო ლარის დოლართან მიმართებაში, სხვა ქვეყნებშიც მომხდარა მსგავსი და კვირის ყველა დღე არ ეყოფა მსოფლიო ისტორიას, რომ ზოგი შავად და ზოგი მწვანედ მონათლოს. საქართველოს მოსახლეობას განსაკუთრებულად მგრძნობიარე დამოკიდებულება აქვს ლარის კურსისადმი.
– მაინც განსაკუთრებულია? სხვაგან არ არის ასეთი რეაქცია?
– ოღონდ ეს არ არის ჩვენი სამხრეთული ტემპერამენტისა და ემოციურობის გამოხატულება. ეს სუფთა პრაგმატული რეაქციაა. საქმე ის არის, რომ ჩვენი შიდა სამომხმარებლო ბაზარი გაცილებითაა დამოკიდებული იმპორტის სიდიდეზე, ვიდრე ნებისმიერი ჩვენი სახმელეთო მეზობლის: სომხეთის, აზერბაიჯანის, თურქეთის თუ რუსეთის, უფრო შორეულ ქვეყნებს აღარ დაგისახელებთ. კონკრეტულ ციფრებში ეს ასე ვლინდება: მთლიან შიგა პროდუქტთან მიმართებაში, რომელიც ქვეყნის ძირითადი ეკონომიკური ინდიკატორია, იმპორტის თანაფარდობა ჩვენთან არის 50 პროცენტი, მაშინ, როდესაც აზერბაიჯანში ეს 26,5 პროცენტია, სომხეთში –  24,5, თურქეთში –  23, ჩინეთში –  თითქმის 15 პროცენტი, ისრაელში –  22, რუსეთში –  12,3, ამერიკის შეერთებულ შტატებში –  11,6 პროცენტი და ამ სიის გაგრძელება შეიძლება. იმის თქმა მინდა, რომ ისინი ნაკლებად არიან დამოკიდებულები ვალუტის რყევაზე და კორელაცია ქვეყნის შიდა ბაზრის ფასებისა, ეროვნული ვალუტის კურსთან შედარებით სუსტია. ჩვენთან კი, რადგან ჩვენი სამომხმარებლო ბაზრის 70 პროცენტი მიბმულია იმპორტზე, ვალუტის კურსის ცვლილება პირდაპირ ურტყამს შიდა სამომხმარებლო ბაზარს. თუმცა მხოლოდ ბაზარი რომ იყოს, ერთი უბედურება იქნებოდა ასეთი მეტისმეტი კავშირი; მეორე მიზეზი ის არის, რომ ჩვენი მოსახლეობისა და ბიზნესის დეპოზიტებისა და სესხების ორი მესამედი არის უცხოურ ვალუტაში, უპირველესად, ამერიკულ დოლარებში, შესაბამისად, როდესაც ეროვნული ვალუტის კურსი ეცემა, ეს ზრდის არა მარტო ქვეყნის შიდა ბაზრის ფასებს, არამედ კრედიტის მომსახურების მასშტაბებსაც. ესე იგი, ჩვენს მოსახლეობას აღებულ სესხებზე უფრო მეტი თანხის გადახდა უწევთ ლარის განზომილებაში. ეს კიდევ უფრო ამძიმებს და ჰმატებს ემოციურ ფონს ამ პროცესს. ის, რომ ჩვენი მოსახლეობა სულ უფრო და უფრო კრედიტდამოკიდებული ხდება, ახალი არ არის.
– უკვე პირველ ადგილზე ვართ მსოფლიოში, მოსახლეობის ერთ სულზე სესხების ოდენობით.
– და შემიძლია, გითხრათ, რომ წელს მოსახლეობას მხოლოდ საბანკო მომსახურების პროცენტის სახით გადასახდელი ექნება უფრო მეტი, ვიდრე აგვისტოს ომის დროისთვის აღებული კრედიტების მოცულობა იყო. მეტი თანხის გადახდა პროცენტებში იმას ნიშნავს, რომ მან სულ უფრო და უფრო მეტი უნდა გამოიმუშაოს და სულ უფრო და უფრო მეტი თანხის მობილიზაცია მოახდინოს, მეტი თანხა უნდა წარმართოს სესხების მომსახურებისთვის. შინამეურნეობათა 50 დღის შემოსავალია საჭირო წელიწადის 365 დღიდან იმისთვის, რომ ბანკების პროცენტის მომსახურების თანხა დაიფაროს. ანუ მოსახლეობასა და ბიზნესს სულ უფრო და უფრო კაბალური დამოკიდებულება აქვთ საბანკო სექტორისადმი. მოსახლეობა ამას არ ეგუება, მაგრამ, როდესაც ეს პროცესი კიდევ უფრო ჩქარდება და ტურბულენტურ მდგომარეობაში გადაჰყავს ჩვენი მოლოდინები და გეგმები, გამოსავლის მოძებნა რთულდება, საკმარისზე მეტ აჟიოტაჟს იწვევს მოსახლეობასა და მმართველ ძალაშიც, რადგან თამამად შემიძლია, ვთქვა, რომ საბანკო სექტორი ბოლო წლებში სულ უფრო ყალიბდება, როგორც თვითკმარი სისტემა.
– სახელმწიფო სახელმწიფოში?
– მხოლოდ საკუთარ თავზე მუშაობს და ერთ-ერთი ბანკის წარმომადგენელს ეყო თავხედობა, ეთქვა, რომ კურსის რყევა კლიმატური პირობების ბრალია. მაშინ, თუ ათვლის წერტილად ავიღებთ 1995 წელს, როდესაც კურსი 1,3 იყო, საჰარის უდაბნოს ტემპერატურა უნდა ყოფილიყო წლევანდელთან შედარებით, როდესაც კურსი 2,72-ა, ესე იგი, ყოველ წელს ეცემა ტემპერატურა საქართველოში და გამყინვარებისკენ მივდივართ თუ რა ხდება?! საზოგადოება უფრო არგუმენტებულ დასკვნას საჭიროებს საბანკო წარმომადგენლის მხრიდან.
– ვალუტის რყევას არ აქვს ობიექტური საფუძველი, პირიქით. ესე იგი, რჩება მხოლოდ სუბიექტური ფაქტორები; გამოვრიცხოთ აციება. ანუ პროცესი ხელოვნურია და მაშინ ვის აქვს ეს ხელოვნური ზემოქმედების საშუალება და ვინ იღებს არაადეკვატურ შემოსავალს?
– როდესაც პროცესები ობიექტურად მიდის, ამ ობიექტურ პირობებს ან აჩქარებენ, ან ხელოვნურად ანელებენ. ამ სიტუაციაში დანამდვილებით შემიძლია, გითხრათ, რომ ხელი შეეწყო იმას, სწრაფად მომხდარიყო ლარის გაუფასურება. მსოფლიო ბაზარზე მიდის ძალიან საინტერესო პროცესები, რაც საქართველოსთვის ორმხრივად უარყოფითია. ჯერ ერთი, ნავთობპროდუქტების ფასი გაიზარდა და ჩვენ ყოველი ერთი ტონა ნავთობპროდუქტების შესაძენად 75 დოლარით მეტის გადახდა გვიწევს. ერთ თვეში ეს არის 10 მილიონი დოლარი. გვიჭირდება 120-130 ტონა ნავთობპროდუქტი ყოველთვიურად და ათი მილიონით მეტი დოლარი უნდა გავიდეს ქვეყნიდან, რომ იმავე რაოდენობის ნავთობპროდუქტები შევიძინოთ. ასევე, გარკვეული დატვირთვა აქვს წინასაახალწლო პერიოდში დამატებითი მარაგის შექმნას, მაგრამ ეს ის პროცესი არ არის, რომლის გამოც, ასე მკვეთრად უნდა დაცემულიყო ლარის კურსი.
– მაგრამ ახალი წელი ხომ ყოველ წელსაა? ანუ საახალწლო მარაგს ყოველწლიურად იმზადებს მოსახლეობა.
– ეს ყოველთვის ხდება და, თანაც, ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობა არ უნდა აკეთებდეს მხოლოდ პოსტფაქტუმ და დაგვიანებით რაღაც კომენტარებს. ამდენად, ვიზიარებ მმართველი ძალის შეშფოთებას და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიწვევას პარლამენტში, რომ განმარტოს, თუ რა პროცესები მიდის ქვეყანაში. ეს ზემოქმედებს არა მარტო საზოგადოების მოლოდინებზე, არამედ ბიზნესის ინტერესებსა და საინვესტიციო გარემოზე. ფაქტობრივად, ის ძალისხმევა, რაც აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ ტარდება, რომ როგორმე საქართველოში შეიქმნას ხელსაყრელი ბიზენსგარემო, ამაოა და პროცესები საპირისპირო მიმართულებით მიჰყავს ეროვნულ ბანკს.
– ქადაგიძის წასვლას ელოდნენ, როგორც ლამის მზის ამოსვლას, რომ დასრულებულიყო სპეკულაცია ვალუტის კურსით, მაგრამ ზუსტად იგივე გრძელდება. რამე ხდებოდა ამაზე უარესი ქადაგიძის პრეზიდენტობისას?
– ერთ პერიოდში ეროვნული ბანკი რეაგირებას ახდენდა, ახლა კი მომხდარზე არა მხოლოდ რეაგირება არ ჩანს, განცხადებებიც კი იგვიანებს. შეჯანჯღარებაა საჭირო ეროვნული ბანკის, რომ მათ დროზე ირეაგირონ.
– და ვინ უნდა შეაჯანჯღაროს და რატომ არ აკეთებს ამას?
– მთავრობას პირდაპირ ამის უფლება არ აქვს, მაგრამ პარლამენტს ნამდვილად აქვს. შეუძლია, მიიწვიოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და მოსთხოვოს განმარტება და პასუხი. თუმცა მეტისმეტი შიდა ჩარევის უფლება არც პარლამენტს აქვს, მაგრამ მათ აქვთ უფლება, მიიღონ ინფორმაცია და თავიანთი დამოკიდებულება გამოხატონ ეროვნული ბანკის პასიურობისადმი.
– ეტყობა უხილავი ხელი ამ პროცესს? ვისი ინტერესია, ვინ ხეირობს ლარის კურსის საკუთარი სურვილისამებრ რყევით?
– როდესაც საომარი მოქმედებებია და მღვრიე წყალში თევზის ჭერის საშუალება ჩნდება, ბევრი ქვეყნის ლექსიკონშია ასეთი ხატოვანი გამონათქვამი: ვისთვის ომია და ვისთვის ალალი დედა. დაახლოებით, ასეთი სიტუაციაა დღეს. თუკი არსებობს ენერგიის შენახვისა და გარდაქმნის კანონი და არაფერი იკარგება ბუნებაში, როდესაც ზარალდება მოსახლეობა, შეუძლებელია, ვინმემ არ იხეიროს და ხეირის მიმღებთა კონტინგენტის მოძებნა იოლია. აქ უპირველესად, საბანკო სექტორია მოგებული. მისი მოგება დინამიკაში, კვარტალურადაც და უფრო გრძელვადიან პერიოდშიც, აშკარად შეუსაბამოა ქვეყნის ეკონომიკის ზრდასთან. ჯერადად აღემატება ეკონომიკის ზრდას და ეს არ არის ნორმალური მოვლენა. თუ გადავხედავთ დეტალურად, ვნახავთ, რომ ეს ზრდა, საბანკო მოგების, ეკონომიკის დანარჩენი სექტორების რესურსების მითვისებითაა განპირობებული. თუმცა თვითონ საბანკო სექტორისთვის არ არის მომგებიანი ასეთი მდგომარეობა. ნებისმიერი მონოპოლია და იზოლირებული სისტემა კარგავს დინამიკაში განვითარების შესაძლებლობას. ჰიპოთეტურად რომ ავიღოთ: საქართველოში 16 ბანკია და თუ ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ აღარ დარჩა ბიზნესი და ფიზიკური პირი, რომელსაც შეეძლება სესხის გადახდა ან ახალი სესხის აღება, რომ განავითარონ თავიანთი საქმე, მაშინ საიდან უნდა ნახოს მოგება ბანკებმა?! ამიტომ, ბანკი უნდა ზრუნავდეს არა მარტო საკუთარი მოგების მიღებაზე, არამედ იმაზეც, რომ ქვეყანაში, რაც შეიძლება, მეტი გადახდისუნარიანი მეწარმე და ფიზიკური პირი იყოს. ის სტრატეგია კი, რაც დღეს არის არჩეული ვალუტის კურსის სწრაფი რყევისკენ, ასეთი განწყობისა და პერსპექტივის შექმნის საფუძველს არ იძლევა.
– გასაგებია, რომ ბანკებს აქვთ კარტბლანში ვალუტის კურსის დადგენისას და ვერავინ ჩაერევა ამ პროცესში. მაგრამ მხოლოდ ბანკებია დამნაშავე კურსის ასეთ მკვეთრ შერყევაში? არჩევნების როლი როგორია თუ რაკი არჩევნები შემოდგომით ტარდება, ეს დამთხვევა შემთხვევითია?
– საქართველოს ეკონომიკა იმდენად მცირე ზომისაა, რომ სეზონური ფაქტორი, მართლაც, ართულებს თავის როლს და, როგორც წესი, მაისიდან სექტემბრამდე პერიოდს თუ გამოვრიცხავთ, დანარჩენი თვეები ინფლაციურია. ამდენად, სიტუაცია ძველ ქართულ ხალხურ ზღაპარს მაგონებს, მზეთუნახავს წონა რომ მოემატა, როდესაც აკოცეს. აი, დაახლოებით, ასეთ სიტუაციაშია ჩვენი ეკონომიკა.  საკმარისია, ერთი რომელიმე საწარმოს ამუშავება ან გაჩერება ან საბანკო ტრანზაქციის განხორციელება, რომ ეს მაშინვე ახდენს გავლენას მაკროეკონომიკურ მაჩვენებელზეც და ვალუტის კურსზეც.
– არჩევნები ჰგავს მზეთუნახავისთვის კოცნას?
– შეიძლება, დაჟინებულ მზერაში გავიყვანოთ. არჩევნების დროს, რა თქმა უნდა, არის ხარჯი და შემდეგ ხდება იმ ხარჯის ამოღება, მაგრამ ეს შედარებით, დროში გაწელილი პროცესია და არ მინდა, ზედმეტად დავაბრალო კურსის ცვლილება და დავამძიმო სიტუაცია. სხვა ინფლაციური პროცესებია და ბანკებს აქვთ საშუალება, მოახდინონ კურსზე ზემოქმედება, მიუხედავად იმისა, იქნება თუ არა არჩევნები.
– ვის აქვს ბანკებზე რეალური ზემოქმედების საშუალება? თუ ბანკები უკვე იქცნენ ამ ქვეყანაში მთავარ და უძლეველ ფიგურებად, რომელთა მოქმედების პრინციპია: მე ვარ და ჩემი ნაბადიო და აწი ჩვენი ყოფა მხოლოდ მათ მადაზეა დამოკიდებული, სანამ, ხატოვნად რომ ვთქვათ, მუცელი არ გაუსკდებათ?
– აქ მარტო ბანკები არ არის ბოლო ინსტანცია. საჭიროა ისეთი სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც მათ თამაშის გარკვეული წესისკენ უბიძგებს და ჩარჩოში მოაქცევს მათ მადასაც, ამბიციებსაც და სურვილებსაც. თუ ბანკები ასე თავისუფლად და ლაღად ახერხებენ თავიანთი მიზნების რეალიზაციას და ანგარიშს არ უწევენ საზოგადოების გრძელვადიან ინტერესებს, უფრო მჭიდროდაა მოსაქსოვი საკანონმდებლო ბადე, რომელიც მოერგება მათ სხეულს და აიძულებს დიეტაზე გადასვლას. საკანონმდებლო ორგანომ უნდა იმუშაოს. მხოლოდ შეგონება სასურველ შედეგს არ მოიტანს.
– მოსახლეობას რას ურჩევთ?
–  მოსახლეობამ უნდა გააცნობიეროს, რომ როგორც სიყვარულთან, ისე ბანკებთან თამაში სასტიკად აკრძალულია და აღებული სესხი უნდა გამოიყენოს მიზნობრივად და რაიციონალურად და არავითარ შემთხვევაში, სათამაშო ბიზნესში. სამწუხაროდ, საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი აღებულ სესხებს იყენებს სათამაშო ბიზნესში და მესამე –  სესხი აუცილებლად უნდა აიღო იმ ვალუტაში, რომელშიც გაქვს სტაბილური და რეგულარული შემოსავალი. ამ სამი ფაქტორის გათვალისწინება მოსახლეობას დაუზოგავს შემოსავლის მნიშვნელოვან ნაწილს.
скачать dle 11.3