№47 როგორ აწონებდა თავს დათო ევგენიძეს სიძე პარიზში და რა სიგიჟეებს სჩადიოდნენ ის და ლევან აბაშიძე გოგონებისთვის
დათო ევგენიძეს პარიზთან, გარდა ახალგაზრდული წლებისა, ყველაზე მნიშვნელოვანი – შვილი და შვილიშვილები აკავშირებს. ის ახლახან დედასთან ერთად, პარიზში იმყოფებოდა და ჩვენთან პარიზული ამბების გარდა, ბევრი ახალგაზრდობისდროინდელი საინტერესო ისტორია გაიხსენა – როგორ უყვარდათ ერთი გოგონა მას და ირაკლი ჩარკვიანს, რა სიგიჟეს სჩადიოდნენ ის და ლევან აბაშიძე გოგონების გამო. ამ ყველაფერს დათო ჩვეული გულახდილობით გვიამბობს
დათო ევგენიძე: პარიზში ვცხოვრობდი და ვმუშაობდი დიდი ხანი. ყველამ იცის, რომ საფრანგეთში შვილი და ოთხი შვილიშვილი მყავს, ყოველი იქ ჩასვლა დიდი ბედნიერებაა, რადგან იმ დოზით არ ვარ მათთან, როგორც უნდა ვიყო. ბოლოს, ერთი წლის წინ ვიყავი. ამჯერად დედაჩემთან ერთად ჩავედი. ჩემი შვილი, მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთში ცხოვრობს, ქართველი ქალია და ამ ბავშვებს ქართველი დედა ზრდის. ანჟელიკა პარიზიდან საქარველოში რომ ჩამოვიდა, 12 წლის იყო. წელიწად-ნახევარი იცხოვრა თბილისში და თვითონაც ამბობს, რომ მთელი ცხოვრება შეუცვალა თბილისში, ბებიასთან ურთიერთობამ, საქართველოში ყოფნამ. სწორედ აქ იყო, რომ ამბობდა – ბევრი შვილი უნდა გავაჩინო და ოჯახი არის მთავარიო. 33 წლისაა, ოთხი შვილი ჰყავს და მეხუთის გაჩენა უნდა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დაკავებულია, საკმაოდ სერიოზული ბიზნესით – მას და მის ქმარს საოჯახო ბიზნესი აქვთ, 16 მაღაზია და ტანსაცმლის 8 ფაბრიკა: მათგან ბითუმად ყიდულობენ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა: ინდოეთი, ჩინეთი. მაღაზიაში მოდიან წარმომადგენლები და ირჩევენ მოდელებს. ხელშეკრულებები აქვთ, ისეთ ბრენდებთან, როგორიცაა: „ვერსაჩე“, „ჟან პოლ გოტიე.“
– როგორი ბაბუა და სიმამრი ხართ?
– შვილიშვილები ძალიან სასაცილოები არიან. პატარები იყვნენ და იმდენად არ იცოდნენ, ბაბუა მუსიკოსია თუ ვინ არის. ახლა უკვე იმ ასაკში არიან, დედამისმა „იუთუბზე“ ანახვა ჩემი კონცერტები, კლიპები და რომ მივედი, გაგიჟებულები იყვნენ. მეუბნებოდნენ – შენ ვარსკვლავი ხარო? სიძე ძალიან გახსნილი და კარგი ბიჭია. იმის გარდა, რომ ბიზნესმენია, თავისუფალი ტიპია, არ არის ტაბუირებული მხოლოდ ფულით – ოჯახი, ცოლი, შვილები აინტერესებს და ოჯახური ფასეულობებიც ერთნაირი აქვთ. იმდენ პოლემიკას ვკითხულობ „ფეისბუქზე“ ამ საკითხზე, მსგავსად იმისა, რომ აწი უნდა შემეშინდეს, ქალი თუ მომეწონა და შევხედე, შეიძლება, დავისაჯო. რა თქმა უნდა, ჩემი სიძე თავს მაწონებს – წინა ჩასვლაზე „იაგუარით“ დამხვდა, ახლა „ლამბორჯინი“ მომიყვანა, მითხრა: დაჯექი, დაგიტოვებო. ცოტა ნასვამი ვიყავი, არც მართვის მოწმობა მქონდა და ვიფიქრე, აქვე, წრეს დავარტყამ-მეთქი, პარიზი ძალიან კარგად ვიცი. აღმოჩნდა, რომ იქ სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა და ნახევარი პარიზის შემოვლა მომიწია. მე იმდენად არ ვანიჭებ მანქანებს ყურადღებას, არასდროს ყოფილა ფუფუნების საგანი. ბრენდებს ვერც კი ვცნობ. აქამდე მქონდა ფანრიანი „ნოკია“ და ჯოხთაბერიძემ მაჩუქა ტელეფონი, მას კი „ჰუავეის“ პრეზიდენტმა აჩუქა. ახლა რაღაც ახალი სამყარო შემოვიდა ჩემში, რაც ამ ტელეფონმა შემომიტანა – ვაიბერით ვკონტაქტობ, მიჭირს ხმარება, ხან ვისთან ვრეკავ შემთხვევით, ხან ვისთან. ისეთ ადამიანებთან მოვხვდი, ვისაც ოცი წელია, არ დავკონტაქტებივარ. კანარის კუნძულებზე რომ ვცხოვრობდი, მაშინ მაჩუქეს „მერსედესის“ „ჯიპი“, რომელიც 1992 წელს ჩამოვიყვანე და ახლაც გარეთ დგას. ვერ მივიყვანე, რომ გავაკეთო. მართლაც ანტიკვარია, იმის მიხედვით, რა ცხოვრებაც ამ მანქანას აქვს გატარებული. მთელი ჩემი მეგობრები, ვინც ცოცხლები არიან და აღარ არიან – ირაკლი ჩარკვიანიდან დაწყებული, ამ მანქანით „ვტუსაობდით“. მე და ირაკლი სკოლის პერიოდიდან ვმეგობრობდით. ზოგჯერ მიკვირს, ტელევიზორიდან რომ გავიგებ, მე ირაკლის ბავშვობის მეგობარი ვარო. ირაკლის მეგობარი თუ იყო, მეც უნდა მცოდნოდა. ჩვენ ოცდაოთხი საათი ერთად ვიყავით – ან ირაკლი რჩებოდა ჩემთან, ან მე ვრჩებოდი ირაკლისთან. პლუს, ბაკურიანი იყო, თუ ბიჭვინთა, სულ ერთად დავდიოდით და ერთად ვისვენებდით.
– იმ თაობაში თქვენ იყავით ახალგაზრდები, ვისზეც გოგონები გიჟდებოდნენ. უამრავი თაყვანისმცემელი გყავდათ, რა იყო თქვენი მთავარი ხიბლი?
– იმ პერიოდში „მოდაში ვიყავით“. ჩვენ დროს თავს ვაწონებდით გოგონებს ინტელექტით, ხელოვნებით, მუსიკით. ვმეგობრობდით მე, ირაკლი, გეგა კობახიძე, ლევან აბაშიძე, ლევან კერესელიძე. დათო გომართელი პატარა იყო მაშინ. გოგონების წრეში ჩვენი „ტუსოვკა“ იყო პოპულარული და იმ გოგონებისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, ვისთან ექნებოდათ რომანი, ოღონდ ერთ-ერთი ჩვენგანი ყოფილიყო. ჩვენც ძალიან ცუდად ვერთობოდით ხოლმე, რომელიმე გოგოს დავურეკავდი – რაღაც მაქვს სათქმელი, უნდა შეგხვდე-მეთქი. ის ფიქრობდა, ალბათ, სიყვარული უნდა ამიხსნასო. ან დავურეკავდი – იცი, რა, ირაკლის უნდა შენთან შეხვედრა, რაღაცას ვერ გეუბნება. ის გოგო მივიდოდა და ირაკლი ეტყოდა: იცი, რა, ლევანი რაღაცას ვერ გეუბნება. ეს ბავშვური იყო, უაზროდ ვერთობოდით. ცოტათი ვსჯიდით გოგონებს, რადგან სულერთი იყო, ვის ეყვარებოდა და რადგან ამ მომენტს მნიშვნელობა არ ჰქონდა, ამ ფორმით ვეთამაშებოდით. ამ დროს ხომ იყვნენ ძველი ბიჭები. ჩვენ – მუსიკოსები, ვუკრავდით, ვმღეროდით, ვერთობოდით, გოგონებს უფრო მოვწონდით და ეს იყო კონფლიქტის მიზეზი. იქაც არ ვთმობდით, თუ საჩხუბარი იყო, ვჩხუბობდით კიდეც. ერთ წელს კინდღში ვისვენებდით მე და ირაკლი ჩარკვიანი. მე და ირაკლის ერთი გოგონა გვიყვარდა ხოლმე. ერთნაირი გემოვნება გვქონდა და ერთნაირი გოგონები მოგვწონდა, მაგრამ ეს არასდროს ყოფილა კონფლიქტის მიზეზი, იმიტომ რომ, გრძელვადიანი შეყვარებები არ გვქონდა. უცებ ან ერთი გადაინაცვლებდა, ან – მეორე. მე და ირაკლის გვაქვს დღიური, რომელშიც ერთ გოგოზე ფურცლის ერთ გვერდზე ირაკლი წერდა, მეორეზე – მე. ის რვეული შენახული მაქვს.
– გოგონების სიყვარულის გამო, სიგიჟე თუ ჩაგიდენიათ?
– მაგალითად, მოსკოვში იყო ერთი გოგო, ჩემი შეყვარებული და ერთხელ, როდესაც თბილისში მოფრინავდა (მაშინ რეისები ყოველ ორმოც წუთში იყო), ეს გოგო მოფრინავდა მეორე რეისით. მე ვაცილებდი, რესტორანში ვიყავით, დავემშვიდობე და პირველი რეისით გამოვფრინდი თბილისში და მისი მეზობლის კართან დავხვდი ყვავილებით ხელში. ასევე, მიყვარდა, ინკოგნიტოდ, კარზე ყვავილების დახვედრება. ლევან აბაშიძეს უყვარდა ერთი გოგო და ისეთი შეყვარებული იყო, თვითონ ვერ ბედავდა ყვავილების მირთმევას და ორი წელიწადი, სულ მე ამქონდა ამ გოგოსთან ყვავილები, ვეუბნებოდი: „ეს – ლევანისგან“. ამ გოგოს დაბადების დღეზე მოვიფიქრეთ ასეთი რამ. ის ბიჭვინთაში იყო, ჩვენ – თბილისში. საბჭოთა კავშირის პერიოდში სად იყო მობილურები. ავტომატები იდგა და ორკაპიკიანებით რეკავდი. დაბადების დღე რომ მიგველოცა, უნდა შეგეკვეთა, თან ისეთ დროს უნდა დაგვერეკა, რომ სასტუმროში ყოფილიყო. სასტუმროს ნომერში კი ვერ დარეკავდი, ადმინისტრაციაში რეკავდი და უნდა დაეძახათ, ჩამოსულიყო. კლარა ცეტკინზე იყო ეს ტელეგრაფი, სწორედ ის მომენტია, როცა ზღვიდან სახლში ბრუნდებიან. შევარჩიეთ დრო, მაგრამ არ გამოგვივიდა, ძალიან გვიან, ღამით მივედით კლარა ცეტკინზე. უკვე იმ ასაკში ვართ, რომ ლევანსაც და მეც მიცნობენ ტელევიზიიდან. ფანჯარას კენჭები ვესროლეთ, დავუძახეთ ქვემოდან: ლევან აბაშიძე და დათო ევგენიძე ვართ, დაგვარეკინეთ-მეთქი და იქიდან გვეკითხებიან – ორკაპიკიანი გაქვთო? ამა და ამ ნომერზე ორკაპიკიანით დარეკეთო. ავტომატიდან დავრეკეთ თვითონ მათთან და იმათმა შეგვაერთეს ბიჭვინთას. დაუძახეს იმ გოგოს და რომ ვულოცავდით, ლევანი ეუბნება: იცი, საიდან გილოცავთ, ქუჩაში ვდგავართ და ავტომატიდანო, გამორიცხულიაო – უკვირდა იმ გოგოს. მე ვაჩერებდი მანქანებს, ვეხვეწებოდი, დაასიგნალეთ-მეთქი. ალბათ, ბოლომდე არ სჯეროდა, რომ ქუჩიდან ვრეკავდით და ეს დადგმული არ იყო.
– რით განსხვავდება მაშინდელი ურთიერთობები დღევანდელი ურთიერთობებისგან?
– მე ვიყავი შეყვარებული ერთ გოგოზე და ლევანი – მეორეზე, ისინი მიდიოდნენ აფხაზეთში. ლევანმა გადაღებაზე მოიტეხა ფეხი, თაბაშირში ჰქონდა ჩასმული და ყავარჯნებით იყო. ამ გოგონებს ვუთხარით, მატარებელში კუპეს აგიღებთ, მარტო რომ იყოთო და თბილისში ჩავსვით მატარებელში. დავემშვიდობეთ. ჩვენ მცხეთაში მანქანით ჩაგვიყვანეს, დავხვდით ყვავილებით, ვისკებით და წაგვიყვანეს გაგრამდე. ეს გზა იყო ფანტასტიკური. დავტოვეთ ბიჭვინთაში და მოწყენილები ვიყავით – მე და ლევანი უკან უნდა წამოვსულიყავით. უცებ მატარებელზე მოგვისწრეს და უკან გამოგვაცილეს ბიჭვინთიდან გაგრაში. ეს იყო სუფთა ურთიერთობა, რომანიც არ გვქნოდა. მე შიგნიდან ვიყავი შეყვარებული, ასევე, ლევანიც ამ გოგოზე.
– მეუღლეს თუ ანებივრებთ სიურპრიზებით?
– მე ყოველთვის ვცდილობდი, რომ ქალისთვის სიურპრიზები გამეკეთებინა და ახლაც, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანია, ცოლ-ქმარი ვართ, დღე თუ არა, კვირა არ გავა ისე, რომ სიურპრიზი ან ლექსი არ დავახვედრო. დრომ არ უნდა გაცვითოს ურთიერთობა, დრო შენ უნდა გაცვითო. ურთიერთობები დროსთან ერთდ ხშირად ხუნდება და რომ არ გახუნდეს, ამისთვის, უპირველესად, უნდა გიყვარდეს. თუ დროზე ვსაუბრობთ, მაშინ სიცოცხლეც უნდა გაიცვითოს და ალბათ, სწორედ მაგიტომაც ბერდება ადამიანი, რომ ეცვითება ის შეგრძნებები. დრო შენ უნდა გაადიდო იმით, რომ ყველა წამი იყოს უსასრულობის ტოლი – ყოველი წამი უნდა იცოცხლო, იწვოდე და წამში უნდა ჩაატიო ძალიან ბევრი რამ.