№47 როგორ გახდა მარიამ გერლიანი ნოდიკო ტატიშვილის მეუღლე და ვის გამო მოუწია ნოდიკოს მისი საწოლში მიტოვება
ცოტა ხნის წინ ნოდიკო ტატიშვილმა და სალომე ბაკურაძემ სიმღერაზე „ერთხელ წვიმიან ქალაქში“, რომელიც გაჟღერებისთანავე ძალიან წარმატებული და პოპულარული გახდა, ვიდეორგოლი გადაიღეს. კლიპი იმდენად ლამაზია, სალომე და ნოდიკო ისე ნიჭიერად, ბუნებრივად ასრულებენ შეყვარებულების როლებს, რომ ერთდროულად ბევრი თბილი, სასიამოვნო ემოცია მოგდის და ვიდეორგოლის არაერთხელ ნახვის სურვილი გიჩნდება. კლიპში ნოდიკოს ახალი შეყვარებულის როლს მარიამ გერლიანი ასრულებს. ცოტა ხნის წინ ჭორიც გავრცელდა: ნოდიკო და მარიამი შეყვარებულები არიანო.
ნოდიკო ტატიშვილი: ჩვენი ურთიერთობა, ნაცნობობა დაიწყო მაშინ, როცა ჩემი და სალომე ბაკურაძის კლიპის გადაღებისთვის ვემზადებოდი. ვეძებდით კიდევ 4 პერსონაჟს კლიპისთვის. მოკლედ, ვეძებეთ, ვეძებეთ და ბოლოს ორივემ ვიპოვეთ ძალიან კარგი გოგონები. ფოტოები ვნახეთ, გადავირიეთ, რეჟისორსაც მოეწონა და შევხვდით ერთმანეთს, როდესაც გადასაღები მოედნისკენ დავიძარით. „როიალ ბატონში“ გვქონდა გადაღებები და ყვარელში რომ გადავუხვიეთ, გავაჩერეთ მანქანები. დრონით უნდა გადაგვეღო კადრები და იქ გადაწყდა, რომ მარიამი იქნებოდა ჩემი პარტნიორი, ანუ კლიპში ჩემი შეყვარებული.
– რა მოგეწონა ყველაზე მეტად მარიამში?
– ასეთ დროს, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პიროვნულ თვისებებს. შეიძლება, ძალიან ლამაზი გოგო იყოს, მაგრამ უხასიათო. მარიამი აღმოჩნდა უპრობლემო, უკომპლექსო, ძალიან კარგი ადამიანი. მასთან მუშაობამ, პირადად მე, ძალიან დიდი სიამოვნება მომანიჭა.
– მარიამ, შენზე როგორი შთაბეჭდილება დატოვა ნოდიკომ?
მარიამ გერლიანი: ნოდიკოს შორიდან ვიცნობდი, საერთო მეგობრები გვყავს. მერე უკვე გადასაღებ მოედანზე გავიცანი. თან, მოვიდა თუ არა, მოითხოვა: ჩემი მეუღლე გადმომისვით მანქანაშიო.
ნოდიკო: ეგრევე გადმომისვეს. კლიპის სიუჟეტი ასეთია: იქ, სადაც მე და მარიამი მივდივართ, ეს იყო ჩემი და სალომეს საყვარელი ადგილი. მეც ახალ შეყვარებულთან ერთად გადავწყვიტე იქ წასვლა, სადაც ძველ შეყვარებულთან მიყვარდა ყოფნა. იქ რომ ჩავედი, სალომე თავის შეყვარებულთან ერთად დამხვდა. ორივემ დავაფიქსირეთ ეს და იქიდან დაიწყო ყველაფერი. ბოლოს მარიამი საწოლში დაძინებული დავტოვე, სალომესაც თავისი ქმარი ეჩხუბა, იმიტომ რომ, მე მიყურებდა. საბოლოოდ, ყველაფერი გაირკვა და მე და სალომე დავრჩით ერთად.
– როდესმე ასე მოქცევიხარ ქალს ან ფიქრობ, რომ მოექცევი?
– ვფიქრობ, სიუჟეტი, რაზეც კლიპი გადავიღეთ, ბევრის ცხოვრებაში მომხდარა. ზოგჯერ საყვარელ ადამიანებს ვკარგავთ და მხოლოდ ამ დაკარგვის შემდეგ ვხდებით მის ფასს. ასევეა, ისიც. ჩემს შემთხვევაში, არ ვიცი როგორ მოვიქცეოდი ასეთ დროს. მსგავს სიტუაციაში ჯერჯერობით არ აღმოვჩენილვარ, თუმცა ასეთი რაღაცები გამიგია. საბოლოო ჯამში, ჩემი და სალომეს მესიჯია ის, რომ, როცა ადამიანი შეგიყვარდება, არ უნდა გაუშვა, რადგან ერთ დღეს გაიღვიძებ და მიხვდები, რომ დაკარგე. შეიძლება, სხვა იპოვო, მაგრამ მიხვდე: ახალი კი დაიწყო, მაგრამ იმ ერთადერთს არავინ ჯობსო. დაძინებული ქალის დატოვება როგორ შეიძლება, პრინციპში, ეს ჩემი პერსონაჟის ძალიან ცუდი საქციელია.
მარიამი: ადამიანი ტყუილში რომ აცხოვრო, ჯობია, ადგე და წახვიდე იმასთან, ვინც გიყვარს.
ნოდიკო: მართალია, ტყუილი ურთიერთობა ყოველთვის დამღუპველია. ხომ ამბობენ, კეთილი ტყუილი და ბოროტი ტყუილიო – ტყუილი ტყუილია. სხვა რომ მიყვარს და შენთან ვცხოვრობ, ეს კეთილი ტყუილია? ტყუილს მწარე სიმართლე სჯობია, არა მხოლოდ პირად ურთიერთობაში, ზოგადად. თან, წავედი, რომ მეფიქრა და რას წარმოვიდგენდი, თუ სალომე ჩამოვიდოდა და ერთად დავრჩებოდით. მას შემდეგ, რაც ეს სიმღერა დატრიალდა რადიოში, ბევრი გვწერდა: მე და ჩემს შეყვარებულს ძალიან გვიყვარს ეს სიმღერა; ამ სიმღერამ შემარიგა შეყვარებულთან და ასე შემდეგ. მიყვარს ისეთი კლიპები, რომელიც უფრო მეტად გასაგები ხდება მაყურებლისთვის, მსმენელისთვის.
მარიამი: კლიპი ძალიან ლამაზია, რაღაც მომენტში, საკუთარი თავიც დავინახე.
– რა მომენტში?
– ასე, არავის მივუტოვებივარ...
ნოდიკო: მაგრამ შენ მიგიტოვებია, ააა...
მარიამი: სალომეს პერსონაჟში უფრო დავინახე საკუთარი თავი. ნოდიკოსთან მუშაობა მარტივი იყო, რეჟისორმაც ძალიან გაგვიმარტივა გადაღებები. სულ ხუმრობდა. ნოდიკოსთანაც თავისუფლად ვიყავი, არანაირი შეზღუდვები არ მქონია მარტივად საურთიერთობოა, არ გაკომპლექსებს, გახსნილია.
– თქვენს ურთიერთობასთან დაკავშირებითაც გაჩნდა კითხვები. რა ხდება თქვენ შორის, რა გაკავშირებთ ერთმანეთთან?
ნოდიკო: როდესაც ერთ-ერთი გადაცემის ანონსი გამოქვეყნდა, იმ ღამესვე საოცრებები ხდებოდა ჩემს ტელეფონზე. ასევე, მარისთანაც. მიხარია, რომ ყველას ახარებს ჩემი პირადი ცხოვრება. არ ვიცი, ამას ინტრიგა ჰქვია თუ რა, მაგრამ სცენა გავაცოცხლეთ, ერთმანეთს ვაკოცეთ.
მარიამი: ვაჩვენეთ, რომ პროფესიონალები ვართ.
ნოდიკო: კოცნა რომ გერიდება, „გიტყდება“, ცოტა ისეთია. რა თქმა უნდა, მარიამთან გავიარე ეს თემა და არანაირი პრობლემა არ ყოფილა.
მარიამი: არ მქონია არანაირი პრობლემა, როლში შევედი. ნოდიკო ძალიან დამეხმარა. რომ არა ნოდიკო და ვინმე სხვა, კომპლექსიანი ტიპი ყოფილიყო, ძალიან გამიჭირდებოდა. მეც მწერდნენ და ძირითადად, მილოცავდნენ. ამის გამო, ცოტა, ჩემი ბიჭი გამიბრაზდა.
ნოდიკო: გაბრაზდა ჩიქო, ხომ არ იჩხუბეთ? მე, იცი, როდის გავიგე ეს ამბავი, კლიპის პრეზენტაცია რომ გვქონდა და დავსხედით სასადილოდ. მაშინ გავარკვიე, რომ თურმე, მარი გიორგი ჩიქოვანის შეყვარებული ყოფილა. ვუთხარი: ახლა უნდა მეუბნებოდე ამას, როგორ შევხედო გიოს თვალებში-მეთქი. გიოც მომღერალია, არტისტი და მისთვის ასეთი რაღაცები არ არის გასაკვირი. მაგრამ ცოტა გაუნაწყენებია.
– მარიამ, რა გითხრა გიორგიმ?
მარიამი: გადასაღებ მოედანზე – კი, ბატონო, მაგრამ გადაცემაში რა საჭირო იყოო. ვერ მიხვდა, თან, არ იცოდა, რომ კოცნის კადრი იყო გადაცემაშიც. ცოტა გამიბრაზდა: გეთქვა მაინცო.
– რა ეტაპზეა თქვენი ურთიერთობა?
– ამ ეტაპზე ძალიან კარგად ვგრძნობთ ერთად თავს.
ნოდიკო: მარიამი არა მხოლოდ გარეგნულად არის ლამაზი, შინაგანი სილამაზეც აქვს, სასიამოვნო პიროვნული შტრიხები. გიო, ძალიან კარგი გოგოა, აღარ გაუბრაზდე, თორემ კიდევ გადავიღებ კლიპში.
მარიამი: ამბობდა, ჩვენ რომ მოგვიწიოს ერთად გადაცემაში მისვლა, როგორ დავამტკიცო, რომ ჩემი შეყვარებული ხარ, კოცნაზე მეტი რა გავაკეთო გადაცემაშიო.
ნოდიკო: მე წამოვალ და დავამტკიცებ.
– აგრძელებთ ურთიერთობას?
– თუ ჩიქო აღარ გაბრაზდება, გავაგრძელებთ. რა თქმა უნდა, მეგობრობის გაგრძელებას ვაპირებთ. იმდენად წარმატებული აღმოჩნდა ის ღამე, გადაღებები, რომ ყოველთვის კარგად გავიხსენებთ.
– კოცნის გადაღებისას ბევრი დუბლი დაგჭირდათ?
– ცოტა, ორ დუბლში გადავიღეთ.
მარიამი: ერთ დუბლში ჩავწერეთ.
ნოდიკო: კარგი, ერთხელ გაკოცე მხოლოდ. მეორედ – გადაცემაში.
– შენმა გოგომ არ იეჭვიანა?
– ვიღაცებმა იეჭვიანეს, მაგრამ ყველაფერი უკვე გაიშიფრა, რომ ურთიერთშეთახმებით, კლიპისთვის გადავიღეთ.